შეიარაღების ექსპორტის მოცულობით გერმანია მესამეა
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიარაღების ექსპორტის მოცულობა გააორმაგა და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გავიდა. სტოკჰოლმში განლაგებული მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ეს დაკავშირებულია წყალქვეშა გემებისა და ჯავშანტექნიკის ექსპორტის მოცულობის ზრდასთან. 2005 წლიდან 2009 წლამდე შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე გერმანიის წილი 11 პროცენტამდე გაიზარდა. ამრიგად, ეს სახელმწიფო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი გახდა შეიარაღების მხრივ და ამ კუთხით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ჩამორჩება, რომელთა წილიც იარაღის მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, 30 და 23 პროცენტია. 2000-2004 წლებში გერმანიის წილი ბაზარზე მხოლოდ 6 პროცენტი იყო. გერმანული შეიარაღების მთავარი იმპორტიორები თურქეთი, საბერძნეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არიან. მთლიანად შეარაღების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 22 პროცენტით გაიზარდა. გერმანიის შეიარაღების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით, ქვეყნის მწვანეთა პარტია ამ სფეროს მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები ბუნდესტაგისთვის ვეტოს უფლების მინიჭებას მოითხოვენ შეიარაღების საკითხებში. გერმანიის პარლამენტში წარმოდგენილი კიდევ ერთი – მემარცხენეთა პარტიის წევრები კი, საერთოდ, შეიარაღების ექსპორტის შეჩერებას ითხოვენ.