პარიზი და ბერლინი ათენს 30 მილიარდ ევროს გამოუყოფენ
პროგნოზების საწინააღმდეგოდ, გერმანია და საფრანგეთი მაინც აღმოუჩენენ ფინანსურ დახმარებას ვალებში ჩაფლულ საბერძნეთს. ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებამ ფინანსური დახმარების 55-მილიარდევროიანი პროგრამა შეიმუშავა. ბერლინი პირდაპირი დახმარების სახით 20 მილიარდ ევროს გამოუყოფს ათენს, პარიზი კი – 10 მილიარდს. კანცლერ ანგელა მერკელისა და პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წარმომადგენლებმა უკვე განიხილეს დახმარების პროგრამა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობასთან. 25 მილიარდ ევრომდე ათენი ევროპელი პარტნიორებისგან საკრედიტო გარანტიების პაკეტებისა და საბერძნეთის სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვის გზით მიიღებს. როგორც ევროპული პრესა აცხადებს, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ მომზადებული დახმარების პროგრამა 2010 წლის ბოლომდე განხორციელდება. საინტერესოა, რომ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები წლის დასაწყისში აღნიშნავდნენ, რომ საბერძნეთის დახმარებას არ აპირებდნენ.