როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ხურიშვილი-ხურიევი
ხურიშვილი, ხურიევის გვარის ფუძეა უძველესი აღმოსავლური ეთნონიმი – ხური, ხურიტი.
რუსულ საბუთებში გვხვდება გადაკეთებული გვარი ხურიევი. მათი მამაპაპური გვარი ხურიშვილია.
საქართველოში 47 ხურიშვილი ცხოვრობს. გორში – 32, ახალგორში – 8, კასპში – 7.
ხურიევი – 131: გორში – 43, თბილისში – 34, ახალგორში – 24.
ალექსაია
ალექსაია გურიაში წარმოქმნილ გვარად ჩანს. პირვანდელ საცხოვრებლად დასახელებულია ლანჩხუთის რაიონის სოფელი ქვიანი.
ალექსაიები ცხოვრობენ ქობულეთში, ბათუმში, თბილისშიც.
გვარის დამწყებს რქმევია ალექსა, ალექსი. მოიხსენიება ძველ საბუთებში. ალექსი ნასესხებია ბერძნულიდან. ბერძნულში ალექსი იგივეა, რაც მცველი.
საქართველოში 63 ალექსაია ცხოვრობს: ლანჩხუთში – 45, თბილისში – 12, ბათუმში – 6.
ამბროსაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი ამბროსი. ეს სახელი ნიშნავს „უკვდავთა წილხვედრს“, „ღვთაებრივს“.
ამბროსაშვილი შერმაზანა მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში შედგენილ ამილღაბარ (გოსტაბაშვილის) ყმების ნუსხაში.
ამბროსაშვილთა განაყოფია გვარი ამირანაშვილი.
„გოსტაბაშვილის ამილღანბარისა ქალაქ მარიამს, მოიხსენიება 1721 წელს ამბროსაშვილი შერმაზანა“.
ასევე გვხვდება გვარი ამბროსიშვილი.
საქართველოში 44 ამბროსაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 13, კასპში – 10.
ამბროსიშვილი – 23: თბილისში – 12, რუსთავში – 8, თელავში – 3.
აკოფაშვილი
გვარის ფუძეა ძველი ებრაული სახელი იაკობი, რომელიც „მიმყოლს“, „მიმდევარს“ ნიშნავს. თავდაპირველად, ნიშნავდა ტყუპებთაგან მეორედ დაბადებულს, შემდეგ კი მიეცა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის, ანუ ღვთის კვალზე მავალის. სახელი აკოფა ერქვათ სომხებსაც და ქართველებსაც. ორი საუკუნის წინათ ტრადიციულ სახელს იაკობ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ხშირად ცვლის აკოფ, აკოფა.
აკოფა ქვემო ქართლში მოიხსენიება 1791 წლიდან ქალაქ განჯაში. როგორც ისტორიულ საბუთებში ჩანს, იქიდან ჭირის მიზეზით აყრილან და სხვადასხვა მხარეს გახიზნულან. ქვემო ქართლში, კერძოდ, წერაქვში მოსული აკოფა ერასტი გოსტაბიშვილის ყმა გახდა.
მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა გვარი აკოფაშვილი. სოფელ ვარხუნას, აზნაურიშვილ ფარემზა არეშაშვილის ყმად მოიხსენიება აკოფაშვილი.
1860 წელს ბორბალოსა და მანგლისში ჩნდებიან ზურაბა და დათუნა აკოფაშვილები – მოიხსენიებიან ვახუშტი ბატონიშვილის აღწერაშიც. 1721 წელს, ასურეთში ცხოვრობდა შავერდა აკოფაშვილი. 1721 წლის აღწერაში კი მოიხსენიება ყაფლანიშვილის ყმა გატეხილ საყდარში მადანა აკოფაშვილი.
აკოფაშვილი 1701-1711 და 1712 წლების აღწერაში ყაფლანიშვილების ყმად მოიხსენიება საკარისებში.
1886 წელს სოფელ ვაშლოვანში მოიხსენიება გრიგორ აკოფაშვილი, მართლმადიდებელი ქართველი, რომლის მშობლიური ენა ქართული იყო.
საქართველოში 1 171 აკოფაშვილი ცხოვრობს: გორში – 329, თბილისში – 186, ადიგენში – 155. ცხოვრობენ სხვაგანაც.
აივაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აივაზა.
ეს სახელი არაბული წარმოშობისაა და გასულ საუკუნეში გავრცელებული სახელი იყო. ბევრ აღმოსავლურ ენაში გვხვდება. აზერბაიჯანულ ეპოსში „ქოროღლის“ ერთ-ერთ პერსონაჟს აივაზ ხანი ჰქვია.
აივაზაშვილი სარქისა მოიხსენიება თონეთში 1873 წელს, აივაზაშვილი გაბრიელი, სოფელ მუხათაში – 1873 წელს, ასევე, აივაზაშვილი გლახა კოდაში – 1873 წელს.
თბილისის მაზრის სოფელ ელფიაში მცხოვრები აივაზ მალხაზის ძე აივაზაშვილი და სჯულიერი ცოლი მისი მარიამ იოსების ასული, ორივე არიან მართლმადიდებლური სარწმუნოების აღსარებისანი. მიხეილ აივაზაშვილი კი განათლა მღვდელმა ზაქარია ბარნოვმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში.
წინწყაროელი ლაზარე მოსიას ძე აივაზაშვილი რუსული გაფორმებით აივაზოვად ჩაეწერა 1874 წელს სოფელ ბოგვში.
წინწყაროში ქართველი აივაზაშვილები ბერძნებად ჩაწერეს და გვარი აივაზოვი მიაწერეს.
საქართველოში 387 აივაზაშვილი ცხოვრობს: თელავში – 164, თბილისში – 121, ახმეტაში – 102.
ამირბეგაშვილი
ამირბეგაშვილის გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამირბეგა. ეს სახელი შედგება ორი ნაწილისგან, კერძოდ, ამირა, რომელიც ისტორიულად მბრძანებელს, უფროსს ნიშნავს, ემირი კი იყო არაბთა ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოში არაბობის დროს, ხალიფის ნაცვალი. ბეგი ძველად ფეოდალს, ბატონს, მემამულეს ნიშნავდა. აქედან მომდინარეობს არაბულ-თურქული ამირბეგა და მისგან ნაწარმოები გვარი ამირბეგაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი ამირბეგისძე.
„ამირბეგაშვილ პაპუნას ჰყავს შვილები ბასილა, გიუნა, შალვა, ბერუკა, ქრისტესია. მან ბატა პიპიაშვილისგან იყიდა საღმრთოს ტყესთან უღალატო სახატო მიწა სვიმანიშვილის და ჯავახის მიწებამდე იმ პირობით, რომ როცა მოხნავდნენ, ერთი კოდი პური სასამღთოედ მიეცათ სოფლისთვის“ (1657 წელი).
გვარი ამირბეგოვი იგივე ამირბეგაშვილია.
საქართველოში 59 ამირბეგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 41, რუსთავში – 5, თელავში – 4. არიან სხვაგანაც.
კირთაძე
გვარის ფუძედ ჩანს საკუთარი სახელი კირა.
კირთი ირანულად იგივეა, რაც ირანში მძიმე სამუშაოზე, მშენებლობაზე გამოყენებული პირები.
კირთაძე მიოხსენიება 1569 წელს. მისი ერთი პარტახდი გიორგი მეფეს შეუწირავს გელათის წმიდა გიორგის ეკლესიისთვის.
საქართველოში 1 197 კირთაძე ცხოვრობს: ხონში – 532, თბილისში – 387, ქუთაისში – 248.
ჯოხაძე
ჯოხაძეთა რაჭული გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი ჯოხა. ეს სახელი დაფიქსირებული აქვს პავლე ინგოროყვას. ამავე ძირისაა გვარი ჯოხიძე.
1840-იანი წლების აღწერით, ჯოხაძეები ცხოვრობდნენ სოფლებში: ბოსტანა, გომი, ნიკორწმინდა, საკეცია, სომიწო, სხიერი, ფსორი, ღვიარა, შქმერი, ძირაგეული, ჯვარისუბანი.
ბოსტანაში ჯოხაძეები იყვნენ როგორც სახელმწიფო, ისე საბატონო გლეხები. ნიკორწმინდაში – შინამოსამსახურეები, საკეციაში – სახელმწიფო გლეხები; სომიწოში, სხიერში და შქმერში – საბატონო გლეხები... ცხოვრობენ როგორც ამბროლაურის, ისე ონის რაიონში.
ჯოხ ფუძითაა გაწყობილი ქართული გვარები: ჯოხარიძე, ჯოხთაბერიძე, ჯოხია, ჯოხიძე.
ჯოხაძეებიდანაა ნაწარმოები გვარი საძაგლიშვილი. გვარი საძაგლიშვილი ჯოხაძეთა შტო-გვარია. გადმოცემით, მათი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. ერთ-ერთ ყმას, ჯოხაძეს, ბატონის უნებართვოდ შეურთავს ცოლი. ბატონი გასჯავრებია და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია. ჩაწერილია სოფელ ავნევში 1948 წელს.
ჯოხაძე-საძაგლიშვილმა მისცა დედა-საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, ჯოხაძეებს 178-ე ადგილი უჭირავთ.
1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 1 793 ჯოხაძე. თბილისში – 1 281, გურჯაანში – 256, ამბროლაურში – 256.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით