კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დებენ სანაძლეოს პატრულები ცირიკო კობეშავიძის დანახვისას და როდის „აიწყვეტს“ ხოლმე ის საკუთარ „ქმარზე“ ქუსლიანი ფეხსაცმლით მომჯდარი


თბილისში ცირიკო კობეშავიძე ყველა თანატოლისგან იმით განსხვავდება, რომ ის ერთადერთი გოგოა, რომელიც ქუჩაში მოტოციკლით დადის. ბევრჯერ გოგონებს ბიჭიც ჰგონებიათ და გაპრანჭვიან კიდეც. ცირიკოს ყველა ბილის ეძახის და გამოცდილი ბაიკერებიც კი დიდ პატივს სცემენ. ის 18 წლის არის და ბავშვობიდან მართავს მოტოციკლს. ბევრჯერ ქუსლიანი ფეხსაცმლითა და კაბით შემომჯდარა ამ ტრანსპორტზე და საპატრულო თანამშრომლების გაოცებაც გამოუწვევია თავისი ექსტრემალური ტრიუკებით.


ცირიკო კობეშავიძე: მოტოციკლები ბავშვობიდან მხიბლავდა. დღეს ერთადერთი გოგონა ვარ, ვინც თბილისის ქუჩებში მოტოციკლით დაჰქრის და ამას ყოველთვის დიდი სიამაყით აღვნიშნავ ხოლმე. 3 წლის ასაკში მამამ პატარა, სამბორბლიანი, ხელით გადასართავი სიჩქარეებიანი მოტოციკლეტი მიყიდა. არ დამავიწყდება ის განცდა, რომ დავჯექი და გავატარე. მერე, სკოლა, სადაც შემიყვანეს, ამერიკის საელჩოს გვერდით იყო. იქ იდგა ხოლმე მაგარი მოტოციკლები – დავდგებოდი და საათობით ვაკვირდებოდი. საბურავის ხელაც კი არ ვიყავი (იცინის). გამვლელები რომ მხედავდნენ, იცინოდნენ, მგონი, ფიქრობდნენ – ნეტა ამას რა ესმის ამ ტრანსპორტის, მიწას არ ასცილებიაო. ერთ დღესაც, დედას ვუთხარი, რომ გავიზრდები, მოტოციკლისტი უნდა გამოვიდე-მეთქი. ეგონათ, ბავშვია, ხუმრობსო, მაგრამ ჩემი ნათქვამი შევასრულე. თან, ჩემს ეზოში ცხოვრობდა ძველი ბაიკერი – გელა, რომელთანაც ძმაკაცები „მოტოებით“ მოდიოდნენ. რომ დაქოქავდნენ, მე ფანჯარასთან სკამს მივიდგამდი, შევდგებოდი ზედ და შურის თვალით ვუყურებდი (იცინის). ისე სიგიჟემდე შემიყვარდა მოტოციკლი, რომ 10 წლის ასაკში უფროს მეგობარს მოვპარე და გავიჭერი ქუჩაში. ჩემით ვისწავლე ტარება და გული მწყდება, თბილისში რომ არ არის სპეციალური კურსები. ბევრი მოტოციკლით ისე დადის, ტარება ნორმალურად არც კი იცის, არადა, ეს ისეთი ტრანსპორტია, თუ კარგად არ იცი ტარება, ჩათვალე, ცალი ფეხი სამარეში გაქვს. მე ძალიან მიყვარს სწრაფი სიარული, მაგრამ ჩემი თავის იმედი მაქვს. ერთხელ წყნეთიდან მოვდიოდი და საბურავი გამიფუჭდა. ვიფიქრე, სადამდეც გაქაჩავს, არ გავჩერდები-მეთქი. არადა, დიდი შანსი იყო, მომძვრალიყო და, რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის. როგორც იქნა, სახლამდე მივედი. ბაიკერ მეგობარ ბიჭებს მოვუყევი ეს ამბავი და მეორე დღეს ყველამ საბურავი მომიტანა საჩუქრად – ოცდაათი ცალი საბურავი დღესაც ჩემს ოთახში კიდია. ერთადერთი გოგო ბაიკერი რომ ვარ, დიდ პატივს მცემენ.

– ახლა რომელი მოტოციკლი გყავს?

– „იამაჰას“ ტიპის მოტოციკლი მყავს, რომელიც ტყეშიც და თბილისის ქუჩებშიც თავისუფლად „უბერავს“. ვფიქრობდი, სპორტული მოტოციკლი მეყიდა, მაგრამ ისეთი სწრაფი სიარული ვიცი, მივხვდი, ეს არ უნდა გავაკეთო და თავი შევიკავე. მეგობრის სპორტულ „მოტოზე“ რომ ვჯდები, მთელი სამეგობრო უკან მომდევს – ეშინიათ, სადმე არ ავილეწო, მაგრამ ვერ მეწევიან. (იცინის) თუ ავიწყვიტე, სპიდომეტრს არ ვუყურებ. ახლა ჩემი „მოტო“ „ავად“ მყავს, „ცეპლენიის“ „ტროსი“ გაუწყდა. ძნელი საშოვნელია, მაგრამ, მთელი ბაიკერობა შევძარი და, იმედია, მალე „მოვარჩენ“. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

– ახლახან გახდი სრულწლოვანი. მართვის მოწმობა აიღე?

– ჯერ არა. მეზარება გამოცდების ჩაბარება. ისე, პატრულებიც აღარ მაჩერებენ. წვიმაში, თოვლში, ქარში, დავიხურავ შლემს, მოვქოქავ „მოტოს“ და დავდივარ. პატრულებიც უკვე მცნობენ და აღარ მაჩერებენ – ფიქრობენ, აზრი არ აქვს ამის გაჩერებასო და ხელი ჩაიქნიეს. ერთხელ, კაბა მეცვა და სადღაც მეჩქარებოდა. პატრულმა გამაჩერა – თურმე სანაძლეო დაუდიათ სახინკლეზე, ვერ გაურკვევიათ გოგო ვიყავი თუ ბიჭი. მოკლედ, გამაჩერეს, გაარკვიეს, რომ გოგო ვიყავი და ერთმა პატრულმა ამის გამო სახინკლე წააგო. მე კიდევ, ვთხოვდი, მალე გამიშვით რა, მეჩქარება-მეთქი (იცინის). ზაფხულში კი ჩუტყვავილა მქონდა, გამიმიზეზდა და სახლიდან არ მიშვებდნენ. ისე მომენატრა ჩემი „მოტოთი“ სეირნობა, რომ შოკი მივიღე. ვერ მოვითმინე, ავდექი სიცხიანი, პირზე ბენდენა ავიხვიე, რომ გამონაყარი დამეფარა, შლემი დავიხურე თავზე და ვაკეში გავვარდი. გამაჩერა პატრულმა. მითხრა, შლემი მოიხადეო. ვუთხარი, რომ მოვიხადო, გული გაგისკდება, ჩუტყვავილა მაქვს-მეთქი. ეგონა, ვხუმრობდი. მოკლედ, არ მომეშვა და, რომ მოვიხადე შლემი და ბენდენა მოვიხსენი, თვალები გადმოსცვივდა – წადი, შვილო, არც შენი „პრავა“ მინდა და არც შენი არაფერიო.

– საკმაოდ ნაზი და ქალური ხარ. როდესაც წვეულებაზე მიდიხარ გამოპრანჭული, ქუსლიანი ფეხსაცმლითა და მოკლე კაბით, მაშინ როგორ მგზავრობ „მოტოთი“?

– ხშირად მიწევს ასე ჩაცმა და პრობლემა არ მაქვს. მაინც გოგო ვარ და კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ველევი (იცინის). ერთხელ, ჩვიდმეტსანტიმეტრიანი „შპილკები“ მეცვა, მოვახტი „მოტოს“ და წავედი. არანაირი დისკომფორტი არ მიგრძნია. მარტო პატრულები გიჟდებიან – ასეთი ფეხსაცმლით როგორ დადიხარ, გოგოო. ამდენი წელია, ამ ტრანსპორტით დავდივარ და მივხვდი, თუ კომფორტულად გრძნობ თავს საჭესთან, ქუსლიანით კი არა, „კუპალნიკითაც“ რომ მოგიწიოს მგზავრობა, რა პრობლემაა. უნდა ნახოთ, მანქანებიდან როგორ მიყურებენ მძღოლი კაცები. გოგონებს კი ბიჭი ვგონივარ და მეპრანჭებიან. მეც ტრიუკებს ვაკეთებ – კიბეზე ავდივარ, ბორდიურზე ვხტები, ცალ ბორბალზე ვდგები და სულ ვაგიჟებ. მერე, შლემს რომ მოვიხდი და ხვდებიან, შეცდნენ, უნდა ნახოთ მათი გამომეტყველება. ბევრჯერ კი, ისე მომწონებია გოგო, დამვიწყებია, რომ მეც გოგო ვარ და ისე „წამიტორმუზებია“ მოტოციკლი მისი სილამაზით მოხიბლულს, ლამის კისერი წამიმტვრევია (იცინის). ახალ წელს, ჩავიცვი კაბა, თმა გავისწორე, ქუსლებზე „შევხტი“ – „იმენნა“ გოგო ვარ და, 12 საათი რომ გახდა, შლემს დავავლე ხელი. მამაჩემმა მკითხა, სად მიდიხარო. ვუთხარი, ქუჩაში გავალ, გავისეირნებ-მეთქი. გადამერია – ქუსლებიდან მაინც ჩამოდი, ჯანდაბას კაბაო. ვუთხარი, მამი, ბაიკერი გოგონები მთელ მსოფლიოში ქუსლებით სხდებიან „მოტოზე“ და მე რა დამემართება, რა პრობლემაა-მეთქი.

– ახლახან, სამსახურებრივი მივლინებით, კიევში იყავი. იქ თუ გაიცანი ბაიკერი გოგონები?

– სხვათა შორის, გოგო ბაიკერები უკრაინაში არ არიან, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია და არც მინახავს. რომ ჩავედით კიევში, ისეთი დატვირთული დღე მქონდა, სემინარებიდან დაქანცული მივდიოდი სასტუმროში და ვიძინებდი. ერთ დღესაც, გოგოები დამადგნენ თავზე და მითხრეს, ისეთი მაგარი რაღაც გავიგეთ, არ არსებობს, არ გამოფხიზლდეო. ვუთხარი, ისეთი დაღლილი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, არ არსებობს, ახლა მე რამემ აზრზე მომიყვანოს-მეთქი. მითხრეს, ბაიკერ-კლუბის მისამართი გავიგეთო. როგორ წამოვხტი საწოლიდან, არ მახსოვს (იცინის). ყოველ საღამოს იქ ვიჯექი. ბევრი ბაიკერი ბიჭი გავიცანი და უმაგრესი „მოტოები“ ვნახე. თავიდან, რომ ვუთხარი, მეც ბაიკერი ვარ-მეთქი, გაეცინათ – იფიქრეს, ეს ბავშვი ფანტაზიორობსო. მერე, რომ გამიცნეს, მაგრად გაუხარდათ. ქართველები ძალიან უყვართ და სულ იმას ამბობდნენ, ძლივს არ გავიცანით ქართველი ბაიკერი გოგოო?! სხვათა შორის, ახლა გამახსენდა, ერთადერთი ბაიკერი ქალი დავინახე ქუჩაში და იმასაც ჩემნაირი „მოტო“ ჰყავდა. მოტოციკლისტებს თავისი დაუწერელი კანონები აქვთ, მაგალითად, არ შეიძლება „მოტოს“ თხოვება სხვისთვის – რამე რომ დაემართოს, მოტოციკლს უფრო ვიდარდებ, ვიდრე იმას, ვისაც ვათხოვებ; ასევე, არ შეიძლება შლემის გარეშე დაჯდომა; უკან მჯდომმა უნდა დაიცვას ის წესები, რასაც მძღოლი ეტყვის და ასე შემდეგ. სულ ვშაყირობ, ჩემი „იამაჰა“ ჩემი „რკინის ქმარია“-მეთქი. ერთხელ კი რუსთაველზე ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი ამ ჩემი დაქოქილი რკინის ქმრით – ღია იყო კარები და შევაჭერი. დაცვა გადაირია – ყველაფერი მინახავს, მაგრამ დაქოქილი მოტოციკლით მაღაზიაში შემოსული გოგო პირველად ვნახეო. კოლმეურნეობის მოედანზე, „პადზემკაში“ რომ მაღაზიებია, იქაც სულ „მოტოთი“ ჩავდივარ.

– თაყვანისმცემლები მოტოციკლის დეტალებს არ გჩუქნიან?

– როგორ არა. რამდენჯერ უჩუქებიათ რემენი, „ტროსი“, საბურავი... იციან ამაზე მეტად, ვერანაირი საჩუქრით ვერ გამახარებენ და ვერც ჩემს გულს მოიგებენ. უნდა ნახოთ, თავად რომ ვშლი და ვაწყობ, ჩემს „მოტოს“ და მაზუთში რომ ვარ ხოლმე ამოსვრილი. აი, მაშინ უნდა მნახონ თაყვანისმცემლებმა (იცინის)!


скачать dle 11.3