სპორტისა და ყინულის დედოფლები
რუსები გაცოფებულები არიან, რადგან ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე მეორე წარუმატებლობა განიცადეს და, თუ პირველი ასე თუ ისე მონელებული ჰქონდათ, მეორემ მათ თავმოყვარეობა შეულახა. მოკლედ, ზამთრის ოლიმპიადაზე რუსებმა მხოლოდ სამი ოქროს მედალი მოიპოვეს, რის გამოც ვლადიმირ პუტინმა სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო სასწრაფო წესით მოხსნა და ამ შედეგს კატასტროფა უწოდა. მაშინ, როცა რუსები ოლიმპიადაზე მედლების ხარისხითა და ოდენობით პირველ ადგილზე აპირებდნენ გასვლას, საბოლოოდ, ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ.
რაც შეეხება მეორე წარუმატებლობას, იგი ქალებს უკავშირდება. ამერიკული და კანადური ჟურნალ-გაზეთები მთელი ოლიმპიადის განმავლობაში გამოკითხვას აწარმოებდნენ, თუ ვის მიიჩნევდნენ გულშემატკივრები ოლიმპიადის ყველაზე ლამაზ სპორტსმენად, ანუ ვის აღიარებდნენ ისინი ყინულის დედოფლად. გარდა იმისა, რომ რუსმა სპორტსმენმა ქალებმა ამ გამოკითხვაში ვერ გაიმარჯვეს, მათი წარმომადგენელი ათეულშიც კი ვერ მოხვდა.
„ეს აბსურდია. როგორ შეიძლება, ასი რუსი სპორტსმენისგან ერთიც ვერ შეარჩიო და ათეულში არ შეიყვანო? ამერიკელებმა და კანადელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიკერძოებულები არიან,“ – ასეთია რუსული მედიის აზრი.
რუსები თავიანთ ქალებსა და მათ სილამაზეს თავად მიხედავენ (ჩვენთან ურთიერთობა არ აქვთ, თორემ მაგაზე არ შევაწუხებდით), ჩვენ კი ვანკუვერის ათ ლამაზმანს გაგაცნობთ:
1. კრისტი ლესკინენი – ამერიკელი მოთხილამურე ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ოლიმპიადაზე არა მარტო სპორტის, არამედ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავად ჩავიდა. კრისტი პოპულარული ამერიკული ჟურნალებისთვის არაერთხელ გაშიშვლებულა, მაგრამ, თუ აქამდე ყოველთვის ზომიერებით გამოირჩეოდა, დიდი ალბათობაა, რომ რამდენიმე კვირაში „ფლეიბოისთვის“ მთლიანად გაიხდის. სპეციალისტთა აზრით, ლესკინენი სწორედ ოლიმპიადას ელოდა, რომ მისი პოპულარობის ზენიტი დამდგარიყო და „ფლეიბოისთვის“ რაც შეიძლება მეტი ფული დაეცინცლა. მართალია, კრისტიმ ოლიმპიადაზე გვირგვინი ვერ მოიპოვა, მაგრამ, ყინულის დედოფლად აღიარეს და, ეს მას მედალს თუ არა, ასეულ ათასობით დოლარს ნამდვილად მოუტანს.
2. ლინდსი ვონი – კიდევ ერთი ამერიკელი მოთხილამურე, რომელიც სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის მიზეზად მის მიერ მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ორი ტიტულიც საკმარისია. ლინდსი 26 წლის არის და ახლავე ამბობს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობას აირჩევს. იგი სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს და რამდენიმე შეთავაზება უკვე აქვს.
3. კირა კორპი – ეს ფინელი მოციგურავე სამეულში რომ არ მოხვედრილიყო, დიდი უსამართლობა იქნებოდა. გარდა იმისა, რომ კირა სამშობლოში ყველაზე პოპულარული სპორტსმენია, ულამაზესის ტიტულსაც არავის უთმობს. მისი ფოტოებით ფინეთში უამრავი ჟურნალია აჭრელებული და, საერთოდაც, იგი ევროპის ყველაზე ლამაზ სპორტსმენ ქალად არაერთხელ დასახელებულა. კორპს ფიგურულ სრიალშიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მის ყულაბაში მხოლოდ ევროპული მედლებია, მსოფლიოზე კი ვერ გაამართლა და ამას სწორედ მის გადატვირთულ სარეკლამო გრაფიკს უკავშირებენ.
4. ანა ფრეზინგერი – გერმანელი ლამაზმანი ციგურებით სირბილში ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულია და ამ ტიტულით ათეულში მყოფ ყველა ქალბატონს აღემატება. ამას გარდა, ანას მეუღლე ასევე ცნობილი მოციგურავე, ოლიმპიური ჩემპიონი, ჰოლანდიელი აიდს ოსტმა გახლავთ. ფრეზინგერი ჟურნალებისთვის გახდაზე უარს არც აქამდე ამბობდა და არც ამის შემდეგ იტყვის. იგი არ მალავს, რომ თავისი სხეული ძალიან მოსწონს და სიგიჟემდე სიამოვნებს, როცა მამაკაცები არა მის სპორტულ მიღწევებზე, არამედ მის ლამაზ სხეულზე საუბრობენ. ანას აზრით, მისი წარმატების საიდუმლო სწორედ მამაკაცებშია. „როცა ყინულზე გავდივარ და ამდენ ანთებულ მზერას ვგრძნობ, სხეულში ადრენალინის ოდენობა იმატებს და ძალებიც საიდანღაც მოდის“, – ამბობს ანა.
5. მაგდალენა ნოიერი – ფრეზინგერისგან განსხვავებით, კიდევ ერთ გერმანელს, მაგდალენა ნოიერს, სამშობლოში „მეოჯახე გოგოს“ რეპუტაცია აქვს და მისი სარეკლამო კონტრაქტებიც უფრო „ოჯახურია“ – მაგდალენა რეკლამირებას ძაფებს, ფაფებსა და სარეცხ საშუალებებს უწევს, მაგრამ, ამას სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ ბიატლონში მსოფლიოს ექვსი ჩემპიონატი მოეგო.
6. ტორა ბრაიტი – ავსტრალიელი სნოუბორდისტი კარიერაში საუკეთესო პერიოდს განიცდის. ზოგადად, ავსტრალიაში სპორტის ზამთრის სახეობებს ნაკლებად მისდევენ, მაგრამ ტორა დაფაზე ექვსი წლის ასაკში დადგა და მას შემდეგ აღარ ჩამოსულა. ვანკუვერის ოლიმპიადაზე იგი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან საპატიო მისია დააკისრეს – გახსნის ცერემონიალზე მას ავსტრალიის დროშა ეკავა და თავისი ქვეყნის დელეგაციას მოუძღოდა.
7. გრეტჰენ ბლეილერი – ავსტრალიელი კოლეგისგან განსხვავებით, ამერიკელი სნოუბორდისტი სპორტის ამ სახეობით საკმაოდ გვიან – 16 წლის ასაკში დაინტერესდა, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მალე გამხდარიყო პოპულარული. მისი პოპულარობის პიკი კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ დადგა. საქმე ისაა, რომ გრეტჰენი იმ მაღაზიას უწევს რეკლამას, სადაც მიშელ ობამა იმოსება. ამასთან, გოგონამ ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, რომელსაც „დაიცავი თოვლი“ ჰქვია. ბლეილერი ამბობს, რომ, თუ თოვლს არ გავუფრთხილდებით, ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ სასრიალო ადგილი აღარ დაგვრჩაო.
8. ალიონა სავჩენკო – ალიონა უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა, ფიგურული სრიალიც იქვე დაიწყო და უკრაინის ჩემპიონი გახდა, მაგრამ მერე ნაკრებში ფეხი ვერ მოიკიდა და ბედის საძიებლად გერმანიას მიაშურა. გერმანიის სახელით ალიონამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო წყვილებში, ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ კი არავის დაუთმო გერმანიის პირველობა. როგორც ჩანს, გულშემატკივრებს მისი არა მარტო სპორტული მიღწევები მოუვიდათ თვალში და... ალიონა ულამაზესთა ათეულში მოხვდა.
9. საშა კოენი – ტურინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი დიდ სპორტს ორი წლის წინ დაუბრუნდა, რათა ვანკუვერის ოლიმპიადაში მიეღო მონაწილეობა და, ვარაუდობდა, რომ თავის ქვეყანას კიდევ ერთ მედალს მოუტანდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ, გულშემატკივართა თვალთახედვის არედან დაკარგულმა საშამ ძველი პოპულარობა დაიბრუნა.
10. ჯულია მანკუზო – ამერიკელი სპორტსმენი გიგანტურ სლალომში ტურინის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა და მის სილამაზესაც ყურადღება ამის შემდეგ მიაქციეს. ჯულიაზე ამბობენ, ფიზიკურად ისეთი ძლიერი ქალია, ბევრ მამაკაცს უპრობლემოდ სცემსო. მოკლედ, მის გაბრაზებას არ გვირჩევენ, მაგრამ, სად გინდა, ნახო და გააბრაზო, თორემ, კი!..