როგორ ატყუებს სამ გოგონას ერთდროულად ამიკო და როგორ “აჩეხეს„ სასტუმროს რუსი დამლაგებელი მისმა ძმაკაცებმა სოჭში
„კომედი შოუს“ და „ქლაბ შოუს“ ყველაზე გამორჩეული მონაწილე, ამიკო ჩოხარაძე, ანუ, უბრალოდ ამიკო, ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური და სიცოცხლით სავსე ადამიანია. მის გვერდით არც მოიწყენთ და არც თავგადასავლები მოგაკლდებათ. ერთი სიტყვით, ამიკოს თავს გადახდენილი არც სასაცილო ამბები აკლია და არც მათ მოყოლაზე სჭირდება დიდი ხვეწნა-მუდარა.
ამიკო: თუ უხერხულ სიტუაციაში მოვხვდი, სასწრაფოდ ვცდილობ, თავი დავიძვრინო, ამას კი იუმორით და ბევრი ლაპარაკით ვახერხებ. ისე, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ გამოუვალ, სასაცილო, კურიოზულ სიტუაციებში ხშირად ვვარდები, მაგალითად, კვირაში ორ-სამჯერ, მაგრამ არც თავის დაძვრენა მიჭირს. მე ბათუმელი ვარ და არ დამავიწყდება, დაახლოებით ათი წლის ვიქნებოდი, ჩემი სახლის პარალელურ ქუჩაძე რუსი გენერლები და მათი შვილები ჩამოვიდნენ დასასვენებლად. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ კარგ გოგოს რომ დავინახავდი, თვალს უხაროდა (იცინის), ქართული სისხლი ბავშვობიდან ვენებში ჩქეფდა. მოკლედ, ისინი რომ ზღვაში ბანაობდნენ, ბიჭები სანაპიროზე შორს დავსხდებოდით და იქიდან ვადევნებდით თვალყურს. თან, ჩემს ძმაკაცებთან შედარებით ცოტა „წინ“ ვიყავი, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენი ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა და ენას კარგად ვფლობდი. მახსოვს, ის გოგონები სიგარეტს ეწეოდნენ. მე პატარა ვიყავი და ვინ მომაწევინებდა? ერთ დღესაც, ვსხედვართ იმ გოგონებთან ერთად და არ შემომთავაზეს, მოწიეო?! მეც უკან არ დავიხიე, უარი ვერ ვუთხარი, გამოვართვი სიგარეტი და ბოლომდე მოვწიე. ჩემს მტერს ის ამბავი, მე რომ დამემართა. ვერც ფეხზე ავდექი, თავბრუ დამეხვა და ერთი გოგო ორად მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, კაცო, ასე მალე რამ გაამრავლა ეს გოგონები-მეთქი. მეგონა, მთელი ქვეყნის ლამაზმანების გარემოცვაში ვიჯექი და ირგვლივ სხვა არაფერი და არავინ იყო. ორი-სამი საათის განმავლობაში ასე გაუნძრევლად ვიყავი და ისინი კი ჩემზე „კაიფობდნენ“. გოგონები რუსულად მელაპარაკებოდნენ, მე ქართულად ვაძლევდი პასუხს. გონზე არ ვიყავი. ვერ ხვდებოდნენ, რა დამემართა. იმ დღეს კი ჩავვარდი გამოუვალ სიტუაციაში, მაგრამ ვერც გამოსავალი რომ ვერ ვიპოვე, საქმე ეგ იყო. ასე შევრცხვი რუსი გენერლების ქალიშვილებთან და რაღას ვიზამდი? საზღვაო აკადემია მაქვს დამთავრებული და ცურვაც კარგად ვიცი. თუ სანაპიროზე ვარ გასული და ვინმეს წყალში შველა სჭირდება, უარს როგორ ვეტყვი გადარჩენაზე, მაგრამ, ერთხელ გოგო ახოხიალა ტალღამ და არც კი გავნძრეულვარ, ღირსი იყო და ეგრეც მოუხდებოდა.
– კი მაგრამ, დახმარებაზე გოგონას უთხარი უარი და, ისიც, შუა ზღვაში?
– მთლად ეგრეც კი არ იყო საქმე. ახლავე მოგიყვები, რაც მოხდა. მოკლედ, ერთხელ სანაპიროზე მაგარი „ფრონწკი“ გოგო ზის. ჩვენში დარჩეს და, მაგარი „ფეშენ“ გოგო კი იყო, მაგრამ, გამომწვევად იქცევდა ბიჭების ყურადღებას. კრემს ტანზე ისვამდა ნაზად, დიდხანს. უცებ ადგა, მუხლებამდე წყალში შევიდა, წყალი შეისხა და ტალღებში შეითამაშა. მე ბიჭებთან ერთად ვზივარ და ნერვი მეშლება იმის შემხედვარე. სახით ჩვენკენ იყო და ვხედავ, უკნიდან იმხელა ტალღა მოდის, შანსი არ არის გამოასწროს. „მაგარი გამისწორდა“, წამოვჯექი, გავსწორდი და მოვლენებს დაველოდე. მივხვდი, მაგარი სანახაობა მელოდა. ერთი სიტყვით, დაარტყა ტალღამ და კარგა ხანს ატრიალა წყალში. იმას მივეშველებოდი?! შორიდან ვუყურებდი, რას იზამდა. ტალღამ რომ დაიწია უკან, ძლივს წამოდგა, ლიფი მუცელზე აქვს მოქცეული და ვერ გრძნობს. მთელი პლაჟი მას უყურებდა. ის კიდევ, წელს ზევით შიშველი დგას და შტერივით იყურება, ეტყობა, ეგონა, ტალღამ ისე სექსუალურად მახოხიალა წყალში, რომ ყველას ყურადღება მივიპყარიო. ბოლოს მიხვდა, რაც დაემართა და შერცხვენილი რომ მიტრიალდა ზღვისკენ, კარგა ხანს უკან აღარ გამოუხედავს. მე კი ბევრი ვიცინე და... ბოლოს ავდექი, ნაგლად მივედი ახლოს, წყალი შევისხი და დამცინავად გადავხედე. ეგეთ გოგოს ეგრე მოუხდება. ახლა რომ მახსენდება იმ გოგოს „სიფათი“ ტალღის დარტყმის წინ და დარტყმის შემდეგ, მაგრად მეცინება.
– შენზე გავიგე, ბათუმში რომ ცხოვრობდა, კარგი მსმელი ბიჭის სახელი ჰქონდაო. მართალია?
– ადრე მაგრად ვსვამდი და კარგადაც ვირგებდი. ახლა ცოტა ვერიდები სასმელს. არ ვტრაბახობ, მაგრამ, კარგი მსმელის სახელი მქონდა ბათუმში. სამ-ოთხ ჭიქაში ვთვრებოდი და მერე მიდიი... თავისით მიდიოდა სასმელი. აი, მერე იყო საქმე, რაებს ჩავიდენდი (იცინის). ერთხელ, ბულვარში, ძმაკაცის ბარში, „პივის ბაკალში“ არეული ლუდი და არაყი მარტომ დავლიე თოთხმეტი ცალი. იმ საღამოს რა ხდებოდა, აღარ მახსოვს. ერთადერთი, მახსოვს, ბარში შუქი ინთებოდა და ქრებოდა, მე ცეკვა მინდოდა და რაღაცას ვხლაფორთობდი. მამაჩემს დაურეკეს, მოდი, წაიყვანე შენი შვილი, ფეხზე ძლივს დგას გათხლეშილიო. მომაკითხა. სახლთან რომ მივედით კი გადმოვედი მანქანიდან, მაგრამ, სანამ მამაჩემმა მანქანა სადგომზე შეაყენა, მე დავიკარგე.
– სად დაიკარგე?
– სად და, სადარბაზოში შევსულვარ. იქ შუქი არ ინთება. ჩამოვმჯდარვარ და დამძინებია ნიკალასავით. მთელი საათ-ნახევარი მეძინა იქ და ბოლოს მიპოვეს.
– ამიკო, გოგონას გამო, შეყვარებულს, სისულელეები არ ჩაგიდენია?
– უჰ, რამდენიც გინდა. ყვავილების ჩუქება არ მიყვარს. მირჩევნია, ფიალებით ხელში აივანთან ვუმღერო. გიტარებითაც მივდგომივართ გოგოს და მანქანის სახურავზე შემომჯდრებსაც გვიმღერია ძმაკაცებს მისთვის. ერთხელ, არ დამავიწყდება, მეგობარს წავყევით შეყვარებული გოგონას კორპუსთან. თან, სანამ წავიდოდით რეპეტიცია გავიარეთ სიმღერაში. ერთმანეთს ვაფრთხილებდით, შენ პირველ ხმას იმღერებ, შენ მეორეს, შენ ბანს, არ შეგვეშალოსო. მივედით, დავდექით და გავშალეთ ხმებში სიმღერა. ღამის პირველი საათია. მთელი ოცი წუთი არ გავჩერებულვართ. მთელი სამეზობლო ფეხზე დადგა. ჩვენ მარტო მესამე სართულზე გვაქვს მთელი ყურადღება და აქცენტი. მოკლედ, კაციშვილი არ იხედება იქიდან. ბოლოს მეზობელმა გვითხრა, ბიჭებო, ტყუილად იხარჯებით, ის გოგო, ვისაც თქვენ უმღერით, არ არის სახლშიო. ჩამოვყარეთ ყურები. წამოსვლა რომ დავაპირეთ, უცბად, გაიღო აივნის კარი, იმ გოგოს მშობლები გადმოდგნენ და გადმოგვძახეს, რატომ გაჩერდით, მაგარი ვისიამოვნეთო. იმ გოგოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ მისი მშობლების გული ნაღდად მოვიგეთ, ფაქტია. (იცინის). თურმე მერე სულ გვკითხულობდნენ და თავის გოგოს აბარებდნენ, ის ბიჭები აღარ აპირებენ მოსვლას და სიმღერას, უფასო კონცერტი მოგვენატრაო. მიყვარს შეყვარებული გოგონასთვის ორიგინალური და არასტანდარტული სიტუაციების შექმნა. ერთხელ, კაფეში შევედი გოგონასთან ერთად და იქ სხვადასხვა მაგიდასთან მჯდომი კიდევ ორი „ჩემი“ გოგონა დამხვდა, ანუ სამივეს ერთდროულად ვხვდებოდი და ერთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდით უცებ? არ დავიბენი, ტყუილები მოვიშველიე და გამოვძვერი ამ სიტუაციიდანაც. ერთთან მივედი და ვუთხარი, ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვარ-მეთქი, მეორესთან მივედი და ვუთხარი, მამიდაშვილი ჩამომივიდა სტუმრად-მეთქი და რა ვიცი, კიდევ რეები მოვბოდე. მაგარ სასაცილო სიტუაციაში ვიყავი. ჩემს თავზე მაგრად მეცინებოდა გულში, თორემ იმ დროს ხმამაღლა რა გამაცინებდა? (იცინის). მინდა, ევროპელი მამაკაცი ვიყო და რა ვქნა? თორემ, ხანდახან აზიატობასაც კი გამოვურევ ხოლმე...
– საქართველოს „კავეენის“ ნაკრების ბიჭები უცხოეთში ხშირად დადიოდით. ალბათ ბევრი გასახსენებელი სასაცილო ამბავიც გაქვს. არ მეთანხმები?
– მართლა ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი. წარმოიდგინეთ „კავეენშჩიკები“ ერთად უცხოეთში. ერთხელ სოჭში ვიყავით. ის დრო იყო, ვიზები რომ ჭირდა. ძლივს ჩავაღწიეთ იქამდე და იქ ჩასულმა ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა მოისწრაფიშვილმა, რომელსაც ზედმეტსახელად „ჭირს“ ვეძახდით, არ დაკარგა ეს სიმწრით „გაჩალიჩებული“ პასპორტი? ატყდა მთელი ამბები. არადა, „ჭირმა“ რუსული საერთოდ არ იცის. გავარდა სასტუმროს კორიდორში, გააჩერა დამლაგებელი ქალი და გამწარებული უხსნის: „ია „ჭირი“, უკრალ პასპორტ“. დამლაგებელმა თვალები ჭყიტა, რას ჰქვია პასპორტი მოიპარაო. ახლა მეორე ჩვენი ძმაკაცი, „ხაშურა“ გავარდა და უხსნის იმ ქალს: „და, ონ უკრალ პასპორტო“. მოკლედ, ის ქალი უსისხლოდ „აჩეხეს“ (იცინის). საწყალი, ვერ გაერკვა, რა ხდებოდა, ვინ მოიპარა, რა დაკარგეს, საერთოდ რა მოხდა. თან, ბიჭები გაგიჟებულები უხსნიან რაღაცას. ჯერ შორიდან ვუყურეთ, როგორ ცოდვილობდნენ, მაგარი ვიცინეთ, ბოლოს მივედით და ავუხსენით ადამიანურ რუსულ ენაზე, ამ ბიჭმა პასპორტი დაკარგა და დაგვეხმარეთო. სულ გაგიჟდა ის ქალი, ერთი ამტკიცებს მოვიპარე, მეორე ამტკიცებს დაკარგა – „ვაფშე“ რა „პაროდის“ ხალხიაო (იცინის). ერთი სიტყვით, ის პასპორტი ბოლოს სასტუმროს ნომერში ვიპოვეთ, ჩვენ დაჭერას გადავურჩით, „ჭირი“ კი – დეპორტაციას.
– გავიგე, ამიკო ხშირად სახლში კარიდან კი არა, ფანჯრიდან შედისო. რა ხდება, კარიდან შესვლას ვინმე გიკრძალავს თუ სახლში არ გიშვებენ?
– (იცინის). მართალია, მეზობლები ხშირად მხედავენ, როგორ გადავდივარ აივნიდან სახლში. კარები გვეკეტებოდა შიგნიდან და იძულებით მიწევდა კედლებზე და აივნებზე ფორთხვა. მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და აივნიდან აივანზე გადასვლა ჩემთვის პრობლემა არ არის, მთავარია, აივნის კარი იყოს ღია. ერთხელ, სახლში მარტო ვიყავი, კონდიციონერი ჩავრთე, აივნის კარი ჩავკეტე და წამოვწექი. ჩამძინებია. საღამოს 10 საათამდე ვერ გამაღვიძეს. რომ გამომეღვიძა, გავიხედე და – მთელი ოჯახი აივანზე მიცდიდა როდის გავაღებდი კარს. (იცინის).
ნონა დათეშიძე