როგორ შევარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები გაზაფხულზე და რატომ უნდა გაიკეთოთ სახლის პირობებში ამ სეზონზე ინდივიდუალური ნიღბები
ცივი ზამთრის შემდეგ, კანი გამომშრალი და გაუხეშებულია. როგორც, კოსმეტოლოგები ამბობენ, ყველა ადამიანს ინდივიდუალური კანი აქვს და მის მოვლას კონკრეტულ სეზონზე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. გაზაფხულზე აუცილებელია, სახის კანს განსაკუთრებულად მოუაროთ. სწორედ ამ დროს ჩნდება პიგმენტური ლაქები, რომელიც არცთუ ისე სასიამოვნო შესახედავია და აღინიშნება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. პიგმენტური ნევუსები, ანუ როგორც მათ უწოდებენ, თანდაყოლილი ლაქები და ხალები, იმ ადგილებში ჩნდება, სადაც პიგმენტის – მელანინის კონცენტრაცია ხდება. პიგმენტური ნევუსი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მას შეუძლია, გარდაიქმნას ავთვისებიან სიმსივნედ, ანუ ეგრეთ წოდებულ მელანომად. გაზაფხული ის პერიოდია, როცა განსაკუთრებულად ჩნდება სახეზე ჭორფლი. ზოგს ეს უხდება კიდეც, მაგრამ ფაქტია, ზოგისთვის ის არასასიამოვნო სეზონური დეფექტია.
თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე, რისგან მოვამზადოთ სპეციალურად ჩვენი კანისთვის ინდივიდუალური ნიღბები, ამაზე ექიმი-დერმატოლოგი, ქეთევან ბერიანიძე გვესაუბრება და ბევრ საინტერესო, გასათვალისწინებელ რჩევებს გვაწვდის.
ქეთევან ბერიანიძე: დღეს, პიგმენტური ლაქა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც როგორც კაცებში, ასევე ქალებშიც ერთი და იგივე სიხშირით აღინიშნება. თუმცა, ის ქალებში უფრო ხშირად გვხვდება და გაზაფხულზე ეს მეტად შესამჩნევი და არასასურველი ფაქტორია.
– რატომ ჩნდება გაზაფხულზე პიგმენტური ლაქები ასე თვალშისაცემი და საერთოდ, თუ შეიძლება მათი მოცილება?
– საერთოდ, პიგმენტური ლაქის წარმოქმნა დამოკიდებულია მელანინის ჭარბ სეკრეციაზე. ყველაზე ხშირად კი ის აღინიშნება სახეზე, გულ-მკერდზე და ხელის ზედაპირზე. ის მეტად შესამჩნევი გაზაფხულზე ხდება. პიგმენტის ჭარბი სეკრეცია ვითარდება კანის ზედაპირულ შრეებში და მისი განვითარება დაკავშირებულია ასევე, ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებთან. სხვათა შორის, გაზაფხულის მზეც მეტად ააქტიურებს პიგმენტურ ლაქებს. რაც შეეხება პიგმენტური ლაქის მოცილებას, ის ხდება სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, კოსმეტიკური ან თხევადი აზოტის პროცედურებით, ლაზერული ან ქიმიური პილინგით. ამ პროცედურებით ხდება ზედაპირული აშრევება. ეს კი მოქმედებს გაჩენილ ლაქებზე და უზრუნველყოფს ამასთან ერთად, კოლაგენის გამოყოფას კანში. ეს კი თავის მხრივ, აუმჯობესებს კანს, მას უფრო ელასტიკურს და ჯანსაღს ხდის. გეტყვით იმასაც, რომ ამ პროცედურების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის ლაქასთან გვაქვს საქმე, ღრმად არის წასული პროცესი თუ არა... პროცედურები ინდივიდუალურად ინიშნება და ასევე ინდივიდუალურად მოქმედებს.
– თუ არსებობს ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომლითაც სახლის პირობებში შევძლებთ, ასეთი პრობლემის გადაჭრას?
– რასაკვირველია. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურებისა, არსებობს ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც გამოირჩევა ანტიპიგმენტური მოქმედებებით. ეს შეიძლება იყოს კრემი, ნიღაბი, ლოსიონი, შრატი, ფანქარი კორექტორი. ისინი ლოკალურად მოქმედებს და აუფერულებს კანზე გაჩენილ ლაქებს. ამ კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შედის არბუტინი, ბიოდერმინი და ალბატინი. მათი მოხმარება საგრძნობლად ამცირებს ასაკისთვის დამახასიათებელი ყავისფერი და მოყვითალო ლაქების განვითარებას კანზე. ამ კომპონენტების შემცველი პროდუქცია აქტიურად ამცირებს ასევე, მელანინის სინთეზს და შესაბამისად, მცირდება ლაქების წარმოქმნაც. მაგრამ, მთავარი ფაქტორია ის, რომ სწორად და ინდივიდუალურად, დერმატოლოგთან შეთანხმებით, შეარჩიოთ ისინი და არა საკუთარი რეცეპტით. არასწორი კოსმეტიკური საშუალებები ძალიან საშიშია კანისთვის და შესაძლოა, არასასურველი შედეგი მალევე დაგაჩნდეთ სახეზე. მით უმეტეს, თუ კონკრეტული ადამიანის კანი პიგმენტაციისკენ არის მიდრეკილი. რაც შეეხება სახლის პირობებში სახის კანის მოვლას, გასწავლით მარტივ და ძალიან ეფექტურ საშუალებებს, რომლებიც ადვილი მოსამზადებელია და შედეგითაც კმაყოფილი დარჩებით. კერძოდ, ვისაც მშრალი კანი აქვს, გაზაფხულზე უნდა გაიკეთოს შემდეგი ნიღაბი: ორი ჩაის კოვზი ხილის, მაგალითად ლიმონის ან ვაშლის წვენი, ერთი კვერცხის გული, ორი ჩაის კოვზი ცხიმიანი ხაჭო და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა წაისვით დაბანილ სახეზე. გაიჩერეთ დაახლოებით ოცი წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის შემდეგ გადაისვით მკვებავი კრემი. თუ ნორმალური კანი გაქვთ, მაშინ აიღეთ ერთი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი და ერთი ცალი გახეხილი ვაშლი, კარგად ამოურიეთ ერთმანეთში და ეს ნიღაბი დაიდეთ სახეზე. თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ, მკვებავი კრემი გადაისვით და შედეგს დააკვირდით. მაგრამ, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, აიღეთ ორი სუფრის კოვზი საფუარი, ერთი კვერცხის გული, სამი ან ოთხი წვეთი ლიმონი და ერთი ჩაის კოვზი მაწონი. კარგად აურიეთ ყველაფერი, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ და დაიდეთ სუფთა სახის კანზე. გაიჩერეთ ოცი წუთით და შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბებს საოცარი ეფექტი აქვს. თანაც, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ მათ მომზადებას და გამოყენებას. მერწმუნეთ, სულ ცოტა ხანში, თქვენი სახის კანის სიჯანსაღეს და ელვარებას ყველა აღნიშნავს. გაზაფხულზე მათი გამოყენება კი, ჩემი აზრით, ყველა ადამიანისთვის მიზანშეწონილი და აუცილებელია. მაგრამ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სანამ ამ ნიღბების გამოყენებას დაიწყებთ, ზუსტად უნდა გაარკვიოთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ. ვფიქრობ, თუ ადამიანს უყვარს თავი და უნდა ის საზოგადოების წინაშე წარდგეს თამამად, იყოს შესამჩნევი და ლამაზად გამოიყურებოდეს, მაშინ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს წლის ნებისმიერ დროს; გაითვალისწინოს დერმატოლოგის რჩევები, რომელსაც ის კონკრეტული პერიოდისთვის მისცემს. აქვე გეტყვით, რომ თუ გსურთ, ტუჩმა ფერი და ფორმა არ დაკარგოს, არ გამოშრეს და აიქერცლოს, სახლში ყოფნის დროს ხშირად გადაისვით ზეითუნის, ატმის ან გარგლის მცენარეული ზეთი. ხელებს კი, სახისა და ტუჩის კანისგან, რადიკალურად განსხვავებული მოვლა სჭირდება, რადგან ნაკლები რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვლებს შეიცავს. ამის გამო დამცავი ჰიდრო-ლიპიდური ფენა ძალიან თხელი და მსუბუქია. ამიტომ, გაზაფხულზე დღეში რამდენჯერმე გადაისვით მკვებავი, ცხიმოვანი კრემი.
– ამბობენ, გაზაფხულზე აუცილებელია ვიტამინების მიღებაო. ამაზე რას გვეტყვით?
– მართალია, გირჩევთ, გაზაფხულზე არ დაგავიწყდეთ ვიტამინების მიღება. თქვენს კანს ნამდვილად დასჭირდება. ვიტამინებს დიდი როლი ენიჭება უჯრედების აღდგენით პროცესში. ვიტამინების ნაკლებობა, მით უმეტეს ამ სეზონზე, პროვოცირებას უწევს კანის ნაადრევ სიბერეს. ამიტომ, პოლივიტამინების კომპლექსი, ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვით და გამოიყენეთ მათი შემცველი კოსმეტიკური საშუალებები.