ყველაზე ვიტამინიზებული, დაბალკალორიული და გემრიელი დიეტური კერძები
თავად შეარჩიეთ სამჯერადი კვების საათები, დიეტურ კერძებს კი ჩვენ შემოგთავაზებთ. სამი კერძი, რომლებიც გემრიელიცაა და სასარგებლოც, მრავალი დიეტური თვისებით გამოირჩევა: გავსებთ ვიტამინებით და ენერგიით, არ შეიცავს ქოლესტერინს, ცხიმებს და შესაბამისად – კალორიებს და ხელს უწყობს გახდომას.
საუზმე: ანანასისა და ავოკადოს სალათა
ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების აქტიურ წვას, ავოკადო კი სავსეა E ვიტამინით, რომელიც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.
100 გრამი მომცრო ნაჭრებად დაჭრილი ცოცხალი ანანასი, 50 გრამი ფირფიტებად დაჭრილი ავოკადო, 1 ძალიან პატარა თავი რგოლებად დაჭრილი წითელი ხახვი, 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი (ყველანაირი), 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 პატარა კბილი ნიორი, დანის წვერით – მარილი და შავი პილპილი.
ღრმა თეფშზე დააწყვეთ ჯერ ანანასის ნაჭრები, შემდეგ – ავოკადო, ხახვის რგოლები, მოაყარეთ მწვანილი და შავი პილპილი. დანარჩენი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში მიქსერით და ზემოდან მოასხით.
P. S. მოცემული რეცეპტი გათვალისწინებულია 3 ულუფაზე.
სადილი: მალტური „ჟარკოე“
500 გრამი ინდაურის ან ქათმის ფილე, მარილი და პილპილი – გემოვნებით, 1 ცალი გათლილი ფორთოხალი, 1 პატარა თავი ხახვი (რგოლებად დაჭრილი), 250 მილილიტრი მშრალი თეთრი ღვინო, 250 მილილიტრი ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი, 1 სადილის კოვზი გახეხილი ნედლი იმბირი, 1 ცალი გაფცქვნილი და გახეხილი ვაშლი.
გააცხელეთ ჰაერღუმელი 180 გრადუსზე. 500 გრამ ინდაურის ან ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი (გემოვნებით). ფილეს ნაჭრები დასერეთ და მასში მოათავსეთ ლებნებად დაჭრილი, ნახევარი გაფცქვნილი ფორთოხლის ნაჭრები და ტაფის შუაგულში ფენა-ფენად დააწყვეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ნახევარი ფორთოხლის ნაჭრები. მოასხით ჩაის ჭიქით 1/4 თეთრი ღვინო, ზემოდან დადეთ უკვე მომზადებული ფილე და დანამეთ იმბირისა და ფორთოხლის წვენით.
ჰაერღუმელში 30 წუთის შემდეგ ფილე გადააბრუნეთ, გადაუსვით გახეხილი ვაშლი და აცხვეთ კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში.
P. S. მოცემული რეცეპტი გათვალისწინებულია 3 ულუფაზე.
ვახშამი (არაუგვიანეს 19 საათისა):
კენკრისა და ხილის „ტარტალეტკა“
როგორც წესი, დიეტის დროს განსაკუთრებით გვენატრება ტკბილეული, მარტო ხილი კი ამ დანაკლისს ვერ ავსებს. ამიტომ, გვინდა თუ არა, ხშირად ვარღვევთ დიეტას. ეს რომ არ მოხდეს, გთავაზობთ უგემრიელესი დიეტური ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც, შეგიძლიათ, ოჯახის წევრებსაც გაუნაწილოთ.
ცომი: 2 ცალი კვერცხის გული, 2 სადილის კოვზი მაწონი, დანის წვერით – სოდა კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეაზილეთ იმდენი ფქვილი, რომ რბილი ცომი გამოვიდეს (ოდნავ უნდა ეწებებოდეს ხელს). ამოავსეთ „ტარტალეტკის“ 3 ცალი ფორმა (ღრმული გაუკეთეთ) და გამოაცხვეთ.
შიგთავსი: 120 გრამი ხაჭო ოდნავ დაატკბეთ ფრუქტოზით, კარგად აურიეთ და ჩადეთ გამომცხვარ „ტარტალეტკებში“. ზემოდან დააწყვეთ ის ხილი, რაც მოგეპოვებათ, ნებისმიერი კენკრა, წვრილად დაჭერით კივი, ფორთოხალი, ბანანი ან ანანასი.
P. S. მოცემული რეცეპტი გათვალისწინებულია 3 ულუფაზე.
დიეტა სამდღიანია. კვების შუალედებში შეგიძლიათ, დალიოთ ახალგამოწურული ხილის წვენი, გაზგასული მინერალური წყალი, პიტნის ჩაი (უშაქრო), 1 ფინჯანი ყავა (უშაქრო) ან ჩვეულებრივი ნადგამი სასმელი წყალი, დღეში 2 ლიტრამდე რაოდენობით.