რატომ არის საშიში დაბალი წნევა და რომელ დაავადებებს ამწვავებს ის
ჰიპოტონია წნევის დაქვეითებას ნიშნავს. მას ახასიათებს აპათია, მოდუნება, საერთო სისუსტე, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება. ამ დროს ადამიანი დაბნეულია. ჰიპოტონიკი გამხდარი და ფერმკრთალია. მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს აღენიშნება ქოშინი. უჩივის თავის ტკივილს, ადვილად ღიზიანდება, დამოკიდებულია ამინდზე, დილით გამოუძინებლობის გრძნობა აქვს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი სუბიექტურია. როდესაც წნევა საგრძნობლად ეცემა, ადამიანი კარგავს ფერს, ხელისა და ფეხისგულები უოფლიანდება, დარღვეულია ორგანიზმის საერთო თერმორეგულაცია. ამ სიმპტომებს შეიძლება დაერთოს კუჭში სიმძიმის შეგრძნება, უმადობა, გულძმარვა, მეტეორიზმი, შეკრულობა და სხვა. სხვათა შორის, მამაკაცებს ჰიპოტონიის ფონზე შესაძლოა, პოტენცია მკვეთრად დაუქვეითდეთ. ჰიპოტონიკებს მოსვენების დროს სახსრებისა და კუნთების ტკივილი აწუხებთ, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქრება. ეს იმის ბრალია, რომ დაბალი არტერიული წნევის გამო კუნთების სისხლით მომარაგება მცირდება. ფიზიკური დატვირთვის დროს კი, როცა სისხლის წნევა იმატებს, ხელახლა უმჯობესდება.
თუ დაბალი წნევა რომელიმე დაავადების სიმპტომია, უნდა ებრძოლოთ არა ჰიპოტონიას, არამედ მის გამომწვევ მთავარ მიზეზს. ეს კი შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, ინტოქსიკაცია, ალერგია, ასთმა, მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიები, ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა, არარაციონალური კვება და ზოგიერთი მედიკამენტის გადაჭარბებული მიღება.
არტერიული ჰიპოტონია ხშირად ართულებს ისეთი დაავადებების მიმდინარეობას, როგორებიცაა გულის მანკი, მიოკარდიტი, ლეიკოზი, ავიტამინოზი და ასე შემდეგ.
ჰიპოტონიის მკურნალობა გულისხმობს სასიცოცხლო ტონუსის მომატებას. ამისთვის კი აუცილებელია ჯანსაღი ძილი. კერძოდ, გამოიძინეთ 10-11 საათი მაინც. ძილის დროს სისხლი ძირითადად მუცლის ღრუს ორგანოებში გროვდება, ხოლო თავის ტვინის მომარაგება სისხლით შედარებით სუსტდება.
კარგია ფეხით სეირნობა, ცურვა, სპორტული ვარჯიშები.
ყველი და კარაქი, ყავა და შოკოლადი წნევის მომატებას უწყობს ხელს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ყავას ბუტერბროდიც მიაყოლოთ.