რომელი ცოდვები მიეტევებათ მორწმუნეებს შვიდგზის ზეთისცხების დროს და ვის აქვს მასში მონაწილეობის უფლება
ეკლესიისგან დადგენილ შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი ზეთისცხების საიდუმლოა, რომელიც თითქმის ყველა შაბათს და დღესასწაულის წინ ღვთისმსახურების დრო აღესრულება. აღდგომის მარხვაში კი მართლმადიდებლები შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოში იღებენ მონაწილეობას. ამ საიდუმლოს შესახებ გვესაუბრება წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი, მამა გურამი (გურამიშვილი):
– როგორც იცით ეკლესიაში არსებობს შვიდი საიდუმლო, მათ შორის ერთი კი ზეთის კურთხევა, ზეთისცხებაა და ის დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. სახარებაში წერია, სანამ შეუდგებით მარხვას, იცხეთ ზეთი, შეუდექით მარხვას, ოღონდ ნურავის აჩვენებთ თავს მარხულადო. მარხვა ფარული, დაფარული უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვმარხულობთ საკუთარი თავისთვის, ცოდვების ჩამოსარეცხად და არა სხვების დასანახავად. როგორც იცით, მარხვა მხოლოდ იმას არ ემსახურება, რომ ადამიანმა სხვადასხვა პროდუქტზე თქვას უარი, ის უნდა შეებრძოლოს იმ ფიქრებსა და ვნებებს, რომელიც ბუნებრივად დევს ადამიანში. მის წინააღმდეგ იმუნიტეტი უნდა გამოიმუშაოს, და საბოლოოდ დამარხოს. ადამიანს არ ძალუძს ბოლომდე ებრძოლოს, დაამარცხოს ვნებები, მაგრამ უფალი მას ეხმარება და მისი შემწეობით ადამიანი შეძლებს, ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს. თავმდაბლობის, უბრალოების, მარხვისა და ზეთისცხების მაგალითს კი თავად უფალი გვაძლევს.
რამეთუ ყოველი კვირა დღე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის აღდგომის ტოლფასი დღესასწაულია, ამიტომ მას წინ უძღვის ლოცვა და შესაბამისად, შაბათის ღვთისმსახურებაზე აღესრულება ზეთისცხება. ასევე, როდესაც საუფლო დღესასწაულია, ან ამა თუ იმ წმიდანის ხსენების დღე, წინა დღეს, ლოცვაზე აღესრულება პურისა და ზეთის კურთხევა და შემდეგ ზეთის ცხება. ანუ, ამით მინდა, გავუსვა ხაზი იმას, რომ ზეთისცხება არის ერთგვარი გამოხატულება დღესასწაულისა, რომელსაც, ზეთისცხების სახით, წინ უძღვის ერთგვარი მადლის მიღება, ღვთისგან ადამიანის დალოცვა, კურთხევა.
– აღდგომის მარხვაში ყოველთვის აღესრულება შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო.
– შვიდგზის ზეთისცხება აღდგომის მარხვაში აღესრულება, მაგრამ რომელ კვირაში, ამას ტაძრის წინამძღვარი გადაწყვეტს. შესაბამისად, ის შეიძლება, აღესრულოს მარხვის დასაწყისში, შუა პერიოდში, ან მარხვის ბოლოს. ანუ, სპეციალურად დადგენილი დღე არ არსებობს და ეს უშუალოდ ტაძრის წინამძღვრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შვიდგზის ზეთისცხებას უნდა აღასრულებდეს შვიდი მოძღვარი, თუმცა შეიძლება, ერთმაც აღასრულოს. უბრალოდ, სასურველია, ამ საიდუმლოში შვიდი სასულიერო პირი იღებდეს მონაწილეობას. შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს აღსრულებისას იკითხება შვიდი სამოციქულო და შვიდი სახარება. იმავდროულად, იკურთხება ზეთი და ღვინო, რომლებიც ერთმანეთში ირევა და შემდეგ მორწმუნე მრევლს სცხებენ. დიდმარხვაში დაწესებული შვიდგზის ზეთისცხება დადგენილია ასევე იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც უძლურებაში, სნეულებაში არიან, და საწოლს არიან მიჯაჭვული, მათ არ შეუძლიათ ტაძარში მისვლა. ზეთისცხების დროს ასეთ ადამიანზე გადმოდის ღვთაებრივი მადლი, მას მიეტევება ის ცოდვები, რომლებიც არ ახსოვს და არა ისინი, რომლებიც არ თქვა, დამალა. შეიძლება ბავშვობაში ჩაიდინა, მასთან დიდი წლები აშორებს და შესაბამისად, აღარ ახსოვს, თორემ სინანული განვლილ ცხოვრებაზე, ჩადენილ ცოდვებზე, უღირს საქციელზე ყოველთვის უნდა გააჩნდეს. გარდა ამისა, როგორც უკვე მოგახსენეთ, შვიდგზის ზეთისცხება ასევე აღესრულება აღდგომის მარხვაში. საერთოდ, მარხვა, აღსარება, ზიარება ემსახურება ადამიანის სულიერ განწმედას და ფერისცვალებას. ჩვენ, გარდა იმისა, რომ ზოგჯერ ფიზიკურად ვართ შეუძლოდ, სუსტად, ჩვენი ცოდვები ასევე სულიერ სისუსტეზე მიუთითებს. ამიტომ არის საჭირო, რომ ადამიანმა მიიღოს მადლი, ჩაიტაროს ზეთისცხება, გაძლიერდეს სულიერად, ფიზიკურად და შეუნდოს მას უფალმა ის ცოდვები, რომლებიც არ ახსოვს. მაგრამ, ადამიანი ზეთისცხებას არ უნდა მიუდგეს ისე, რომ წავალ, ვიცხებ ზეთს და შემდეგ ყველა ცოდვა მომეტევება. ყველა ცოდვა მაშინ მოგვეტევება, როდესაც ადამიანი გულწრფელად, სინანულით მიდის მოძღვართან და ყოველივეს გულწრფელად აღიარებს, რწმენით ინანიებს და შესთხოვს უფალს, რომ მეორედ ეს ცოდვები აღარ ჩაიდინოს, აღარ გაიმეოროს. ანუ, არასწორი მიდგომაა, ადამიანი წავიდეს ზეთისცხებაზე იმიტომ, რომ ცოდვები მომეტევებაო. ამისთვის ეკლესიაში არსებობს აღსარების საიდუმლო, რომლის დროსაც ადამიანი აღიარებს ცოდვებს და შემდეგ უკვე ის მიეახლება ზიარების საიდუმლოს, რომელიც ამ ყველაფრის გვირგვინია.
– ანუ, გარდა აღდგომის მარხვისა, შვიდგზის ზეთისცხება ასევე აღესრულება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სნეულებაში იმყოფებიან და ეს ნებისმიერ დროს ხდება?
– დიახ, წლის ნებისმიერ პერიოდში, არ აქვს მნიშვნელობა მარხვაა თუ არა. როდესაც ადამიანი სნეულებაში იმყოფება, უიმედო მდგომარეობაშია, შევუკრებივართ რამდენიმე მოძღვარი ოჯახის წევრს და სნეულისთვის ჩაგვიტარებია ზეთისცხება. რა თქმა უნდა, შეიძლება, ერთმა მოძღვარმა სცხოს ზეთი, მაგრამ რაც უფრო მეტი სასულიერო პირი ჩაატარებს ლოცვას, რაც უფრო მეტი ადამიანი ილოცებს სნეულისთვის, შეავედრებს მას უფალს, მით უფრო კარგია მისთვის. თავად უფალი ხომ ბრძანებს, სადაც ჩემი სახელით ორი და სამი შეიკრიბება, მეც თქვენთან ვარო. ავადმყოფს ეკითხება შვიდგზის ზეთისცხების ლოცვები, ნაწყვეტები შვიდი სახარებიდან, სამოციქულოდან და სხეულის კიდურებზე, სახეზე ეცხება ზეთი, ბოლოს კი ხდება ჩამოლოცვა, სნეულის დალოცვა. რა თქმა უნდა, ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა დიდმარხვის პერიოდი იქნება თუ არა, ან ადამიანი არის თუ არა მარხვაზე. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელებულა. ერთხელ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთან, რომელზეც, ფაქტობრივად ექიმებს ხელი ჰქონდათ აღებული, რამდენიმე მოძღვარი შევიკრიბეთ და შვიდგზის ზეთისცხება ჩავუტარეთ. ჩვენ ვიცით, რომ რაც შეუძლებელია კაცთათვის, ის შესაძლებელია ღვთისათვის. რა თქმა უნდა, ექიმები მაქსიმალურს აკეთებენ, მაგრამ თუ უფლის ხელი არ ჩაერია, განკურნება შეუძლებელი ხდება. ღმერთის წყალობით, შემწეობით, ზეთისცხების მადლით, ის ადამიანი შემოტრიალდა, გადარჩა და განმტკიცდა რწმენაში. დარწმუნდა, რომ ზეთისცხებას, ზიარებას დიდი მადლი აქვს. ზეთისცხება იქნება, აღსარების თქმა, ეკლესიაში სიარული თუ მარხვის დაწყება, ეს უნდა გავაკეთოთ რწმენით, უფალზე უნდა ვიყოთ მინდობილნი, შესაბამისად, როგორი რწმენაც გვექნება, ისე მოგვაგებს უფალი. ამიტომ, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მოჩვენებითი, მაგრამ, თუ სინანული, აღსარება იქნება გულწრფელი, მაშინ ეს უდიდესი წყალობაა ღვთისა – ჩვენი სულიერი განწმედა, ფერისცვალება. ეს გახდება მომნიჭებელი იმ მადლისა, რაც შეგვაძლებინებს, რომ სხვადასხვა ვნებებსა და ფიქრებზე უარი ვთქვათ.
– შვიდგზის ზეთისცხების დროს, ადამიანებს მოძღვრები სახეზე, კისერზე, ყელზე სცხებენ ზეთს.
– ზეთისცხება ემსახურება ადამიანის ფიზიკური და სულიერი სნეულებებისგან გათავისუფლებას, განკურნებას. შუბლზე იმიტომ ვიცხებთ, რომ გონება გაგვინათოს უფალმა, რომ დავინახოთ ჩვენი ცოდვები, გულწრფელი სინანული გვქონდეს, ყურებზე – იმიტომ, რომ კარგი გავიგოთ, გვესმოდეს უფლის, თვალებზე – იმიტომ, რომ კეთილი საქმე ვაკეთოთ, ლოცვები ვიკითხოთ, სიკეთე დავინახოთ. ადამიანის ხელი, ფეხი, გონება, უპირველეს ყოვლისა, უნდა ემსახურებოდეს უფალს, კეთილ საქმეს, მოწყალებას. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი შორს არის უფლისგან, მადლს არის მოკლებული და ზეთისცხება კონკრეტულ ადგილებზე იმისთვის არის საჭირო, რომ მას უფალმა ჯანმრთელობა, სიძლიერე, კეთილგონიერება მიჰმადლოს და შეიცნოს, სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. შვიდი კი ეკლესიაში სიმბოლური ციფრია და ამიტომაც ადამიანს შვიდ ადგილას ეცხება ზეთი.
– აუცილებელია ის ადამიანი, რომელიც იცხებს შვიდგზის ზეთს, მარხვაზე იყოს და ნაზიარები – დიდმარხვაში?
– შეიძლება, ზეთისცხება მარხვის დასაწყისში დაიწყოს, ადამიანი იყოს მარხვაზე, მაგრამ არ იყოს ნაზიარები. ის მოძღვრის კურთხევით იცხებს ზეთს, შემდეგ მოემზადება და აუცილებლად მიიღებს ზიარებას. ხშირად ადამიანები შეიტყობენ, რომ ზეთისცხებაა ეკლესიაში, მოდიან და იცხებენ ზეთს. არაფრის მომცემი არ არის ზეთისცხება, თუ ადამიანი თანამონაწილე არ ხდება ეკლესიური საიდუმლოებებისა.