კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირადი დაცვა



მამაკაცი, რომელიც მას დახვდა, შეშინებული ჩანდა და, საერთოდაც, კაცუნას შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის არ ჰგავდა დამქირავებელს.

– თქვენ ნიკი ნემო ხართ? – იკითხა დაეჭვებულმა.

– არა, მე არჩერ ნემო ვარ, ნიკის ძმა. მან მთხოვა, რომ დაგხვედროდით. ბარგი არ გაქვთ?

მოზრდილ ჩემოდანში ერთი ხელი თეთრეული და ორი ავტომატური პისტოლეტი იდო: 38-კალიბრიანი და 32-კალიბრიანი – ჰარი ყოველთვის ამ იარაღით მუშაობდა. მანქანა შავი იყო და გრძელი, ტყვიაგაუმტარი მინებით.

– თქვენს ძმას რაღაცის ეშინია?

– დიახ, მას ეშინია, რომ მოკლავენ. სამი დღის წინ ეს უკვე სცადეს, როცა ნიკი თავის კერძო პლაჟზე მზეს ეფიცხებოდა. ტყვიამ სულ ახლოს ჩაუარა, მაგრამ, საბედნიეროდ, მიზანს ვერ მიაღწია.

– ვის უნდა მისი მოკვლა, ამის შესახებ რამე იცით?

არჩერმა შიშით მიმოიხედა.

– თქვენ არ იცით, ვინ არის ჩემი ძმა?

– არა, მას არ უთქვამს. უბრალოდ, დამირეკა და მითხრა, შენი სამსახური მჭირდებაო. გასამრჯელოსაც დამპირდა. მეც ჩამოვედი. მგონი, ფორთოხლის ბაღები აქვს.

– ჩემი ძმა ახლა ფერმერია, მაგრამ ადრე არტი კასტოლოსა და ფარონზის ბანდის ხაზინადარი იყო. ბანდის წევრები რომ დააპატიმრეს, ჩემმა ძმამ ფული აიღო და „მოტყდა“. ორი თვის წინ გავიგეთ, რომ არტი კასტოლო ციხიდან გამოსულა და, ალბათ, მიაგნო ნიკს.

– ჰო, შიშის საფუძველი ნამდვილად გქონიათ. იმედი მაქვს, არ დავაგვიანებთ.

სახლი მწვანე კორდზე იდგა, მაღალი გალავნით გარშემორტყმული, მაგრამ ჭიშკარი, რატომღაც, ღია აღმოჩნდა. შეშინებული არჩერი ეზოში შევარდა. ჰარიც მას მიჰყვა, ეზოს სიღრმეში, ბუჩქებიდან ოთხზე დამდგარი ადამიანი მოფორთხავდა. ეს ადამიანი ნიკი ნემო იყო. არჩერი ძმას მივარდა, რომელიც უკვე ხროტინებდა.

– ბინძური ღორები! მოკლეს! მოკლეს! დავაგვიანეთ... – ჰარი მოკლულთან დაიხარა. ტყვია პირდაპირ შუბლში ჰქონდა მორტყმული.

– კი მაგრამ, შუბლი მიუშვირა? კაცი, რომელიც ასე ფრთხილობდა და იმალებოდა, გარეთ გამოვიდა, ჭიშკარიც გააღო და მკვლელს წინ დაუდგა? – ჩაილაპარაკა ჰარიმ, – ძალიან უცნაურად მეჩვენება ეს ამბავი. სახლი უნდა დავათვალიერო.

– არავითარ შემთხვევაში! – მოულოდნელად იყვირა არჩერმა, – არ არის საჭირო! ის გარეთ გამოვიდა და მოკლეს. სახლში ვინ უნდა იპოვოთ?

– აი, ის! – ჰარიმ არჩერს იქით მიუთითა და გარკვევით დაანახვა წითელი კაბრიოლეტი, რომლის საჭესთანაც, ახალგაზრდა ქერა ქალი ჩანდა.

მანქანა სწრაფად მოშორდა სახლს.

– აქ მეორე გასასვლელიც ყოფილა. არ იცით, ვინ არის ეს ქალი?

– ალბათ, ჩემი ძმის ერთ-ერთი „ნაშაა“.

– იქნებ, მკვლელია?

– ნუ მაცინებთ. თქვენ ხომ პროფესიონალი ხართ. რა უგავს იმას მკვლელის? ეტყობა, ნიკიმ გამოიძახა.

– მელოდა მე, პირად მცველს და შეხვდა „ნაშას“, რომელმაც, შესაძლოა, საიქიოს გაისტუმრა?! – ჰარიმ თავი გადააქნია, – აქ ყველაფერი წესრიგში ვერ არის. უნდა გავიგო, ვინ არის ის ქალი. მითხარით, რა ჰქვია მას?

– არ ვიცი და არც მაინტერესებს. თქვენ კი შეგიძლიათ, გაემგზავროთ. ის, ვის დასაცავადაც აქ ჩამოხვედით, მკვდარია.

– ჩემთვის არ გადაუხდიათ. მგზავრობის ხარჯები მაინც უნდა ამინაზღაუროთ!

არჩერმა რაღაც ჩაიბურტყუნა და ორი ასდოლარიანი გაუწოდა. ფული კი მკვდარს ამოაცალა ჯიბიდან.

– აი, გამომართვით. გეყოფათ?

– სავსებით. მაგრამ, ცოტა უცერემონიოდ იქცევით – გარდაცვლილ ძმას ჯიბეში უძვრებით.

– ეს ჩემი საქმეა. სხვათა შორის, მე ერთადერთი მემკვიდრე ვარ და, რასაც აქ ხედავთ, ჩემია.

– მართლა? – ჩაიცინა ჰარიმ, – ეს უკვე მოტივია, თუ, არ იცოდი?

– ბოლოს და ბოლოს, წადით აქედან! – იფეთქა არჩერმა, – კიდევ ას დოლარს მოგცემთ, თუ იმ ქერა გოგონას შესახებ საერთოდ დაივიწყებთ.

– კარგი, ოღონდ ავტოგრაფით უნდა იყოს.

ჰარი ღიმილით უყურებდა, როგორ აწერდა არჩერ ნემო ხელს ასდოლარიან ბანკნოტზე. მერე კი ის ფული ცალკე ჩაიდო.

– ახლა კი აქედან მომცილდი, მეგობარო.

– პოლიციაში არ დარეკავ?

– მომცილდი-მეთქი, – დაიღრიალა არჩერმა...

ჰარი მაკდოუელი მართლაც პროფესიონალი იყო. მისთვის ფულს ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა. მოკლული კლიენტის ბედმა ძალიან დააინტერესა და იმასაც მიხვდა, რომ არტი კასტოლოს მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა.

არჩერ ნემოს თვალთვალი ძნელი სულაც არ გამოდგა. ის ქალაქის განაპირას გაშენებულ კოტეჯებთან მივიდა და ერთ-ერთში შევიდა. ჰარიმ იმ კოტეჯის პირდაპირ მდგარი, ნახევრად დანგრეული საწყობის შენობა ამოირჩია სათვალთვალოდ. ფანჯრის ჩარჩოს ამოეფარა და კოტეჯს გახედა. უცებ ფერდში რევოლვერის ლულა იგრძნო. თითქმის იმავე წუთში ქალის ხმაც გაიგონა:

– არ გაინძრე, არ გეხუმრები! ვისვრი და ხელიც არ ამიკანკალდება. აქ რას აკეთებ?

– მეგობარს ველოდები.

– ტყუი! ჩემს სახლს უთვალთვალებ! ფანჯრიდან დაგინახე. არჩერი ჩემი ქმარია. რა გინდა მისგან? მე მისის ნემო ვარ!

– სწორედ რომ არჩერს ველოდები.

– ისევ ტყუი! არჩერს შენი ეშინია, თვითონ მითხრა.

– ეშინია იმიტომ, რომ თავისი ძმის მკვლელობა შეუკვეთა. მე დეტექტივი ვარ, კერძო დეტექტივი. შენმა მაზლმა დამიქირავა.

– თქვენ ადგილას, მე უფრო ფრთხილად ამოვირჩევდი კლიენტებს.

– მე კი, თქვენ ადგილას, ქმარს ამოვირჩევდი უფრო ფრთხილად.

ქალი დაფიქრდა:

– ამით რისი თქმა გინდათ?

– თქვენი ქმარი მკვლელს აფარებს ხელს.

– სისულელეა! მე ვიცნობ ჩემს ქმარს, გამბედაობა არ ეყოფოდა ამისთვის. თანაც, ნიკი ძალიან უყვარდა, იმ ნაძირალას იფიცებდა.

– შეიძლება, მაგრამ, როცა საქმეში დიდი ფული ერევა, ამჯობინებ, ფულზე დაიფიცო. თქვენმა ქმარმა ასი დოლარი მომცა იმისთვის, რომ დამევიწყებინა ის, რაც დავინახე – ალუბლისფერი კაბრიოლეტი და ქერათმიანი გოგო საჭესთან.

ქალს ხელი აუკანკალდა:

– რაო?

– დიახ, გოგონა ნამდვილად იყო იქ და ლეოპარდის ქურქიც კი დარჩა სავარძელზე. მე კარგი მხედველობა მაქვს. თქვენს ქმარს ასდოლარიანზე ხელიც კი მოვაწერინე. აი, მისი ავტოგრაფი, – ჰარიმ ასდოლარიანი გაშალა და ქალს დაანახვა.

– წადით აქედან, დეტექტივო! თქვენ აქ არააფერი გესაქმებათ!

ჰარის მხედველობიდან არ გამოპარვია ქალის უჩვეულო მღელვარება. თვალთვალზე უარის თქმა არც უფიქრია, მაგრამ ქალს მაინც დაემორჩილა და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მიდიოდა.

გამთენიისას არჩერ ნემოს ავტოფარეხიდან მანქანა გამოვიდა. საჭეს თავად არჩერი უჯდა. დაახლოებით, ორასი მეტრი გაიარა და გაჩერდა. თუმცა, მოტორი არ ჩაუქრია. ჰარი თავისი სამალავიდან გამოვიდა და მანქანას მიუახლოვდა... არჩერ ნემოს ტყვია საფეთქელში ჰქონდა მოხვედრილი. სიკვდილი, ალბათ, მყისიერად დადგა. სახეზე განცვიფრება აღბეჭდვოდა.

ჰარიმ მოკლულს ჯიბეები მოუსინჯა. გასაღები არც საკეტში ჩანდა.

– ტყუილად ეძებ გასაღებს, აი, აქ მაქვს! – რევოლვერმომარჯვებული მისის ნემო ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი. ჰარი მანქანიდან გადმოვიდა.

– ხომ გითხარით, აქედან წასულიყავით. რატომ არ დამიჯერეთ? ეს ოჯახური საქმეა. თუმცა ჩემს ქმარს სასიკვდილო განაჩენი სწორედ თქვენ გამოუტანეთ.

– მე? მე რა შუაში ვარ?

– თქვენ დამიდასტურეთ ეჭვი, რომელიც მქონდა. ის ქერა გოგო ჩემი შვილია პირველი ქმრისგან. ნიკი ნემო იმიტომ მოვკალი, რომ ჩემი გოგონა გარყვნა, ფულსა და სასმელს შეაჩვია. ბინძური ღორი, უფრო ადრე უნდა მომეკლა... არჩერი კი უფრო დიდი ღორი აღმოჩნდა სუტენიორობდა. ძმას ფულს ართმევდა ლილიანის მიყვანისთვის. თვითონ მითხრა, როცა თქვენი ასდოლარიანის შესახებ ვუთხარი. არ ეგონა, რომ გავიგებდი ამ ამბავს. ჩემს შვილს სუტენიორობდა, ჩემს პატარას! აი, თურმე, საიდან ჰქონდა ფული! ლილიანიც ბოლო დროს სულ ფულზე ლაპარაკობდა... იქნებ იწვნენ კიდეც ერთად...

– ლილიანსაც მოკლავთ? – წყნარად ჰკითხა ჰარიმ.

ქალმა თავი გააქნია, მერე დეტექტივს ჰკითხა:

– პოლიციაში წახვალთ?

– არა, – თქვა ჰარიმ, – გავემგზავრები. ამ ასდოლარიანს კი თქვენ დაგიტოვებთ. კერძო დეტექტივი თუ დაგჭირდებათ, მიპოვით...



თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3