საჭიროა თუ არა ქმართან გულახდილობა და რატომ უნდა ჰქონდეს ცოლს კარგი ყნოსვა
ცოლ-ქმრის ჰარმონიული თანაარსებობისთვის აუცილებელია, მათ შორის ემოციური კავშირი იყოს. როცა მამაკაცი ცალკე იკეტება თავის ნაჭუჭში, ქალი კი – ცალკე, მათ შორის დამაკავშირებელი ძაფი წყდება. ცოლქმრობა არ ნიშნავს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. ის მთლიანობა, რომელიც აუცილებელია წყვილის ბედნიერებისთვის, მიიღწევა ურთიერთგაგებითა და ნდობით. შეიძლება, ცოლსა და ქმარს საკუთარი პატარა საიდუმლოც ჰქონდეს, მაგრამ ის არ უნდა იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ურთიერთობაზე იქონიოს გავლენა. თუ ცოლს ჰყავს საყვარელი და ფიქრობს, რომ ქმარი მის ცხოვრებაში აღარ არის მნიშვნელოვანი, მაშინ მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, თუკი ქმარიც იმავეთი უპასუხებს. მაგრამ, როგორც წესი, როგორც კი ჰორიზონტზე კონკურენტი გამოჩნდება, ძველი, ერთი შეხედვით მობეზრებული ურთიერთობა, მაშინვე ახალ ფაზაში გადადის და, ქმარიც, რომელიც თითქოსდა აღარ გაღელვებდა, ორმაგად ძვირფასი და ახლობელი ხდება.
მაკა (34 წლის): დაახლოებით ექვსი თვის წინ მივხვდი, რომ ჩემი ოჯახური ცხოვრება ფსკერისკენ წავიდა. დიდი სიყვარულით გავთხოვდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელ დედამიწაზე ჩემზე კარგი ქმარი არავის ჰყავდა. ეს, რა თქმა უნდა, ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩემი ცხოვრების ადამიანი ვიპოვე, ყველაფერი მომწონდა ჩემს ქმარში. მაგრამ, ხუთი წლის შემდეგ, ზუსტად ის ადამიანი, რომლისაც ყველაფერი მომწონდა, უკვე ყველაფრით მაღიზიანებდა. ხომ უცნაურია, მაგრამ, ძალიან ხშირად ვფიქრობდი, ნეტავ ამისი რა მომეწონა-მეთქი.
– თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა იყო ამისი მიზეზი?
– სიმართლე რომ გითხრათ, დანამდვილებით არ ვიცი. ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, დამნაშავე ჩემი ქმარი იყო-მეთქი, მაგრამ, ახლა მივხვდი, რომ მეც მიმიძღვის ბრალი იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით. საერთოდ, დამნაშავე ჯერ საკუთარ თავში უნდა ეძებო, არ უნდა დაუწყო ძებნა გამამართლებელ გარემოებებს, თანაც, სხვისი დადანაშაულების ხარჯზე, მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ თავად დააშავე.
უფრო გასაგებად მოვყვები: მე ჩემს ქმარს ვუღალატე. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ დამემართა-მეთქი. ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაგრამ, იმ წუთში დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი სიყვარული მეწვია. იმ პერიოდში ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი, რომ ეს მოსალოდნელი იყო. ჩემი მთავარი შეცდომა ის არის, რომ ქმარი არ ჩავთვალე, იმ ყველაზე ახლობელ ადამიანად, ვისთვისაც შემეძლო, ჩემი ნაფიქრ-ნააზრევი გამეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, მე რომ ამას მაშინ მივმხვდარიყავი, ერთმანეთს აუცილებლად გავუგებდით და საქმე ღალატამდე არ მივიდოდა. მე კი, რა გავაკეთე? – „დამამშვიდებელს“ გარე-გარე დავუწყე ძებნა და, მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი ერთი თანამშრომელიც სწორედ იმ პერიოდში წამოვიდა ოჯახიდან – ცოლთან ჰქონდა პრობლემები და, ორმა „სიყვარულში ხელმოცარულმა“ ერთმანეთი ვიპოვეთ. იმან თავისი მიამბო, მე – ჩემი, შევჩიოდით ერთმანეთს ჩვენს „უბედურებას“ და, ისე აღმოვჩნდით ლოგინში, მერეღა გავაცნობიერე, რაც მოხდა. სექსი ხომ ყველაფერს აფუჭებს, მით უმეტეს, ჩვენთვის, ქალებისთვის არის ის გლობალური მნიშვნელობის, მაშინვე სიყვარულს ვარქმევთ და მერე სწორედ აქედან მოდის პრობლემების მთელი ნიაღვარი. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, რომ ოჯახს გამოქცეული კაცი იყო ნამდვილი სიყვარული და არა ის, ვისაც ცხოვრება დავუკავშირე. ემოციებს ავყევი. მიზეზი კი, ალბათ, ის იყო, რომ რაღაც პერიოდში ქმრისგან ყურადღება მომაკლდა, „ის“ კი საკმაოდ საინტერესოდ „მაბამდა“ – ისე მოხდენილად და ოსტატურად, რომ მართლა დავიჯერე, რომ ვუყვარდი. ჩემი ქმრისგან კი ვეღარ ვგრძნობდი, როგორც ქალი, ისევ ვაღელვებდი თუ არა.
– ამის მიზეზი სხვა ქალი იყო?
– ანუ, გაინტერესებთ, მაშინ უკვე ჰყავდა ვინმე, თუ მერე გაიჩინა საყვარელი?! – გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი. მართლა არ ვიცი, იმიტომ, რომ მე ამ დროს რომანი მქონდა თანამშრომელთან და ქმრისგან წამოსვლასაც კი ვაპირებდი. ჩემს დაქალს გავუმხილე კიდეც ეს ამბავი – თუ „ის“ მეტყვის, რომ ჩემთან უნდა ცხოვრება, მივატოვებ ქმარს. ჩვენს ერთად ცხოვრებას მაინც აღარ აქვს აზრი, მასთან ერთად ჭამაც კი მაღიზიანებს, სექსზე რომ აღარაფერი ვთქვა-მეთქი.
– თქვენ მიგიღიათ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება.
– იმის თქმა გინდათ, რომ მე ვუბიძგე ჩემს ქმარს რომ საყვარელი გაეჩინა? მანამდე თუ ჰყავდა?! ახლა ამის გარკვევა ძნელია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მე ის მჭირდება. ჩემმა ღალატმა მიმახვედრა, რამდენად ძვირფასი და საყვარელი ყოფილა ქმარი ჩემთვის. მივხვდი, რომ სხვა კაცი ვერასოდეს მომცემდა იმ სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდას, რასაც ჩემი ქმრის გვერდით ვგრძნობდი. ორი თვეც არ გაგრძელებულა ჩემი ახალი სასიყვარულო იდილია. თუ პირველ დღეებში არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი, აღარ იცოდა, ჩემთვის რა გაეკეთებინა და რითი ესიამოვნებინა, ერთ დღეს, მოულოდნელად გამომიცხადა: ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ, დამთავრდა. ცოლს ვურიგდები, რადგან, მივხვდი, რომ ცოლად მასზე უკეთესს ვერავის ვიპოვი. თან, არ მინდა, ჩემი შვილები უმამოდ გაიზარდონო. იმედი მაქვს, შორსმიმავალი გეგმები არ დაგიწყვია, შენც გყავს ქმარი და, მოდი ჩავთვალოთ რომ, რაც ჩვენ შორის მოხდა, პატარა, სასიამოვნო თავგადასავალი იყო, რომელმაც ორივე გვიხსნა მოწყენილობისგანო. რას ვეტყოდი? ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა სულელი ვიყავი, ამ საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტის გამო ქმრის მიტოვება რომ მინდოდა-მეთქი. სწორედ ამ დროს გამახსენდა ყველაფერი: ჩემი და ჩემი ქმრის პაემნები, ერთმანეთის ალერსში გათენებული ღამეები და ქმრის მხარზე ტირილი მომინდა. სახლში სინდისდამძიმებული მივედი. გადაწყვეტილება მიღებული მქონდა: ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩვენი ურთიერთობის ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად. ამ დროს ამეხილა თვალები და მივხვდი, რა რეალობის წინაშე ვიდექი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს წყნარ, უენო და ბუნჩულა ქმარზე ვიეჭვიანებდი. ეჭვიანობას ვინ ჩივის, იმის წარმოდგენამაც კი რომ, შეიძლებოდა, სხვა ქალი ჰყოლოდა, კინაღამ ჭკუიდან შემშალა.
– პირველმა ხომ თქვენ უღალატეთ?
– ამას არ ჰქონია მნიშვნელობა. ჩემში მესაკუთრემ გაიღვიძა. მობეზრებული ურთიერთობა ერთბაშად ისეთი ძვირფასი გახდა ჩემთვის, ლამის გადავირიე. მივხვდი, რომ ქმარს არავის დავუთმობდი, არაფრის დიდებით. თავმოყვარეობაზე ხელი ავიღე და ნამდვილი მაძებარივით დავიწყე დამამტკიცებელი საბუთის ძებნა. მალულად ვიქექებოდი ქმრის მობილურში, ჯიბეებში, ვეძებდი ისეთ რამეს, რაც მის ღალატში დამარწმუნებდა, მაგრამ ვერაფერს ვპოულობდი, ერთი სასიყვარული გზავნილიც ვერ აღმოვაჩინე. ეტყობა, ყველაფერს შლიდა. წესით, უნდა დავმშვიდებულიყავი. როცა კაცი ცდილობს, ცოლმა მისი რომანის შესახებ არ გაიგოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიტოვებას არ აპირებს.
– რატომ იყავით დარწმუნებული, რომ გღალატობდათ?
– საკუთარი საქციელიდან გამომდინარე. ხომ გაგიგიათ, ნათქვამია, ბოზ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო. ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მე, როცა საყვარელი მყავდა. ჯერ ერთი, სახლში მოსვლას აგვიანებდა და სულ იმას იმიზეზებდა ბევრი საქმე მაქვსო; სულ გაძრომაზე იყო, შაბათ-კვირასაც კი პოულობდა საბაბს, რომ სახლიდან გასულიყო და გვიან დაბრუნებულიყო. ტყავში ვძვრებოდი, რომ მისთვის მესიამოვნებინა: საყვარელ კერძებს ვუკეთებდი; რაც იმ ორი თვის განმავლობაში ყურადღება და სითბო დავაკელი, ათმაგად ავუნაზღაურე, თვალებში შევციცინებდი, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. ისე უგემურად ჭამდა, თითქოს მისთვის სულერთი იყო, რას მივუტანდი. ზოგჯერ მადლობის თქმაც ავიწყდებოდა. აღარაფერს ვამბობ ინტიმურ ურთიერთობაზე, აშკარად გაურბოდა ჩემთან სიახლოვეს. მე არაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ ამას დიდხანს ვეღარ გავუძლებდი. ჩემს დაქალს დავურეკე, ვუამბე, რაც ხდებოდა. რჩევა ვკითხე. ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, მართლა არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი – დავლაპარაკებოდი ქმარს და მომეთხოვა, ყველაფერი გულახდილად ეთქვა, თუ, თვალები დამეხუჭა ყველაფერზე და ჩვეულებრივად გამეგრძელებინა ცხოვრება. არც ერთი ვარიანტი იყო გამოსავალი და არც მეორე. ჩემს დაქალს სწორედ ის ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. საკმაოდ უცნაური პასუხი მივიღე მისგან: არაფერიც არ უნდა გააკეთოო. შენი ქმრის ღალატის დამადასტურებელი საბუთი არ გაქვს და, რა უნდა უთხრა, მარტო იმიტომ ხომ არ მოუწყობ სკანდალს, რომ სამსახურში ძალიან იღლება და სექსის თავი აღარ აქვს? ასე რომ მოიქცე სულელი იქნები. თუ ძალიან გაამწვავებ ურთიერთობას, შეიძლება, შენი ღალატის ამბავიც გაიგოს და მერე კი ნამდვილად დაგენგრევა ოჯახი. ამიტომ გირჩევნია, გაჩერდე. ფაქტია, რომ ქმარი შენს მიტოვებას არ აპირებს. საყვარელი რომც ჰყავდეს, სანერვიულო მაინც არაფერი გაქვს. დააცადე, ეგეც გაერთოს. ღალატი ყველა კაცს სისხლში აქვს, მთავარია, რომ არაფერს გაკლებს და მეტი რაღა გინდაო.
ჩემი დაქალის სიტყვებში, სადღაც იყო სიმართლის მარცვალი, მაგრამ ვერ დავმშვიდდი, ვერ მოვისვენე. კინაღამ დავისვი ჩემი ქმარი და ყველაფერი გულახდილად მოვუყევი, რომ იმასაც გადმოედგა შემხვედრი ნაბიჯი და ეღიარებინა თავისი ცოდვები. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი, რომ ამით გამოუსწორებელ სისულელეს ჩავიდენდი.
– იმიტომ, რომ მისგან ვერ მიიღებდით „აღიარებით ჩვენებას“?
– რა თქმა უნდა! თან, არავინ იცის, მაპატიებდა თუ არა ის ღალატს. პანიკაში ჩავვარდი. ჩემს დაქალს თითქმის ყოველ საღამოს ვურეკავდი და ვეკითხებოდი, ხომ არ მიმატოვებს-მეთქი. არ მიგატოვებს, ამაში დარწმუნებული ვარ, ნუ პანიკობო. მე ვერ ვმშვიდდებოდი. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარს ღალატის სუნი უდიოდა.
– ღალატს სუნი აქვს?
– დიახ, აქვს. არ იცოდით? ყველა ცოლს სჭირდება ძალიან კარგი ყნოსვა, რომ ქმრის სუნი, სხვა ქალის სუნისგან გაარჩიოს. შეიძლება, მესიჯი წაშალო, მაგრამ, ტანსაცმელში ჩამჯდარ სუნამოს სუნს რას უზამ?! რომელი ქმარი ირეცხავს ტანსაცმელს სახლში მისვლის წინ, ეს ხომ აბსურდია?! მე ძალიან მალე ვიგრძენი უცხო სუნამოს სუნი, რომელიც უკვე სისტემატურად ასდიოდა ჩემი ქმრის ტანსაცმელს. ეს უკვე იყო მისი ღალატის დადასტურება და ნიშანი იმისა, რომ სასწრაფოდ უნდა მემოქმედა, თუ არ მინდოდა, რომ ქმარი დამეკარგა.
– სუნით ხომ ვერ მიაგნებდით იმას, ვისთანაც გღალატობდათ?
– გეთანხმებით, მაძებარი ძაღლივით ვერ დავუწყებდი ყნოსვას ყველა ქალს, ვისთანაც კი ჩემს ქმარს ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ, არსებობს ერთი ჭეშმარიტება: ქმრის საყვარელი ყოველთვის ახლოს უნდა ეძებო.
– საინტერესო მოსაზრებაა...
– ეს ასეა და, შეგიძლიათ, ეჭვი არ შეგეპაროთ. ახლავე გეტყვით, რატომაც. კაცი, თავისი ბუნებით, ზარმაცია. თუ ძალიან არ უჭირს, სპეციალურად არ დაიწყებს იმ ქალის ძებნას, ვისთანაც ცოლისგან მალულად შეძლებს, რომანის გაბმას; არ გააკეთებს ამას, არ შეიწუხებს თავს. გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, ძირითადად ისეა, როგორც გითხარით – თუ ვარიანტი ჩაუვარდება, უარს არ იტყვის, მაგრამ, ის, რომ ძალიან შეწუხდეს, მთელი თავისი დრო და ენერგია მოანდომოს ამ საქმეს და, რაც ნაკლებ წარმოსადგენია – საგანგებოდ შეუდგეს ძებნას, ამის არ მჯერა და თქვენც ნუ დაიჯერებთ. თუ ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ქმარი გღალატობთ, მის გარემოცვას გადახედეთ და თქვენსასაც. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ქმრები ცოლებს მისსავე თანამშრომლებთან ან მეგობრებთან ღალატობენ. არც ერთმა ქალმა არ გაიმართლოს თავი და არ თქვას, რომ კაცმა გააბრიყვა. ეს ტყუილია. ძირითადად, ყოველთვის ქალი დგამს პირველ ნაბიჯს და მერე თავს იკატუნებს, თითქოს თვითონ არ უნდოდა და კაცმა აიძულა ამის გაკეთება. არასდროს არ უნდა თქვა – ამას ვერ წარმოვიდგენდიო. აბსოლუტურად ყველაფერი წარმოსადგენია და დასაშვებია. და, კიდევ ერთი: შენი რაც არის, ის სხვას არ უნდა დაუთმო. არავითარ შემთხვევაში!
– მაშინაც კი, თუ არაფერში გჭირდება?
– თუ სხვას სჭირდება, ესე იგი, შენც გამოიყენებ რაღაცაში. „მობეზრებული“ ქმარი, „მობეზრებული“ ურთიერთობა – ხაფანგია, რომელიც საკუთარ თავს არ უნდა დაუგო. ცოლ-ქმრის ცხოვრებაში არის კრიზისული პერიოდები, მაგრამ ისინი ერთად უნდა გადალახოთ. არ შეიძლება, აჰყვე ემოციებს ანუ, „ავარდე“ და თქვა – წაეთრიე, ხვალ შენზე უკეთესს ვიპოვიო. არ არის ეს ასე და ამაში საკუთარი მაგალითით დავრწმუნდი. ჩემმა ქარაფშუტულმა აჩქარებამ შედეგად სინანულის გრძნობა და სინდისის ისეთი ქენჯნა მომიტანა, რომ, არ ვიცი, ამ სატანჯველიდან როგორ გავთავისუფლდები. მორალურად არც მაქვს უფლება, ქმარი ღალატში დავადანაშაულო და პასუხი მოვთხოვო იმისთვის, რაც ჩაიდინა. რომ ვაპატიებ, ამაზე აღარც არის საუბარი, უკვე ვაპატიე.
– თქვენც რომ არ გეღალატათ, არ აპატიებდით?
– ვფიქრობ, მაინც ვაპატიებდი, მიუხედავად იმისა, რომ ღალატი ძალიან მძიმედ გადავიტანე. ჯერ კიდევ არანორმალურად ვნერვიულობ და განვიცდი. საშინელებაა. ისეთი დამამცირებელია, ენით ვერ გადმოვცემ. ჭკუიდან ვიშლები, როცა ჩემს ქმარს იმ უსინდისოს მკლავებში წარმოვიდგენ.
– იცით, ვინც არის?
– დიახ. აბა, რატომ ვილაპარაკე ამდენი ყნოსვაზე? სუნამომ გაყიდა, თორემ, საათივით ჰქონდათ საქმე აწყობილი. კიდევ კარგა ხანს ვერ მივხვდებოდი, ვინ მყავდა გვერდით ჩემი დაქალის სახით.
– დაქალთან გიღალატათ ქმარმა?
– ძალიან კი უარობს და თავს იგიჟებს, მაგრამ სუნამოს კვალმა მასთან მიმიყვანა. მე თვითონაც არ მჯეროდა. ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი. გადავირიე, როცა სუნი ვიცანი. თვითონ ვერაფერს მიხვდა, მიღიმოდა უცოდველი კრავივით. რომ ვკითხე, რა კარგი სუნამო გაქვს, ახალია, ჩემმა ქმარმა ხომ არ გიყიდა-მეთქი, გალურჯდა, რამდენიმე წუთი ჩუმად იყო. მერე კატეგორიული უარი მტკიცა – რას ამბობ, შენი ქმარი რა შუაშია, ერთმა თაყვანისმცემელმა მომართვა დაბადების დღეზეო.
– გათხოვილია თქვენი დაქალი?
– განათხოვარია და მეგობარი მამაკაცი ჰყავს, რომელსაც მე არ ვიცნობ. ამით იმას არ ვამტკიცებ, რომ ის აუცილებლად ჩემი ქმარია, მაგრამ, არაფერი შეუშლიდა ხელს, პარალელურ რეჟიმში ევლო ორივესთან.
– სხვა ნივთმტკიცება გაქვთ, გარდა სუნისა?
– არა, მაგრამ, რომ მოვინდომო, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიპოვი. ალბათ, გაინტერესებთ, რის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი პრობლემა ისაა, რომ ჩემმა დაქალმა იცის, ქმარს რომ ვუღალატე და ისიც იცის – ვისთან. ამიტომ უნდა დააჭირო ქალმა ენას კბილი. რა თქმა უნდა, შემიძლია, თავი გავიგიჟო და ქმარს ვუთხრა, რომ ჩემმა დაქალმა ეს ყველაფერი მომიგონა, რომ მის თვალში გავეშავებინე. დარწმუნებული ვარ, არც ჩემი ყოფილი საყვარელი იტყვის რამეს – ძლივს ცოლს შეურიგდა და დალაგებულ ურთიერთობას თავიდან აღარ აურევს, ამიტომ შემიძლია, მისი იმედი მქონდეს. მაგრამ, საქმე ისაა, რომ სიტუაციის გამწვავება არ მინდა. საქმეების გარჩევა ძალიან დიდი დისკომფორტია მამაკაცისთვის და მეშინია, საერთოდ არ წავიდეს სახლიდან. არჩევანი რომ საყვარლის სასარგებლოდ გააკეთოს, მერე რა ვქნა? მე ხომ არ ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან?
– რადგან ჯერ არსად მიდის, ესე იგი, არც ისეთი სერიოზულია მათი ურთიერთობა.
– კარგად თქვით – ჯერო. ამიტომ, მე სხვა ტაქტიკა ავირჩიე: დავრჩები სირაქლემას პოზაში და ვითამაშებ, რომ არაფერი ვიცი. მაგრამ, ერთ ნაბიჯზეც არ მივუშვებ თავისუფლად, სულ კონტროლის ქვეშ მეყოლება. ჩემს დაქალს უკვე ვუთხარი, ქმარს არავის დავუთმობ, სულერთია, ვინ იქნება, გავგლეჯ და ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ-მეთქი. კიდევ გაიმეორა, მე არაფერ შუაში ვარ, ეს სუნი, უბრალოდ, დამთხვევააო.
– იქნებ მართლაც დამთხვევაა.
– არ არის დამთხვევა, მე რას გამომაპარებს! თვალებში ეტყობა, რომ ტყუის, მაგრამ, იყოს ასე, ჯანდაბას. მთავარია, რომ მე სასტიკად მყავს გაფრთხილებული. ვუთხარი კიდეც, კარგი იქნება, თუკი ჩემი ეჭვი არ გამართლდება, რადგან შენ ჯერ კიდევ არ იცი, გამწარებულს რისი ჩადენა შემიძლია-მეთქი. იმედი მაქვს, გაითვალისწინებს და პრობლემებს არ შეიქმნის, თორემ, ძალიან ძვირად დავუსვამ. ჩემს ქმართან კი ისე გავაგრძელებ ურთიერთობას, თითქოს არაფერი მომხდარა. ვატყობ, უკვე გამოიღო შედეგი ჩემმა გაფრთხილებამ – რამდენიმე დღეა, აღარ აგვიანებს სამსახურიდან სახლში მოსვლას და სხვანაირად მიღიმის.
– რას ნიშნავს „სხვანაირად მიღიმის“?
– დამთბარი ღიმილი აქვს. აქამდე თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით მიღიმოდა. მე მას არაფერში ვადანაშაულებ. ვიცი, რომ საკუთარი საქციელი ბუმერანგივით დამიბრუნდა უკან. მაგრამ, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ვინ მჭირდება და ჩემს ქმარს არავის დავუთმობ. თითქოს ჩვენ შორის ბალანსი აღდგა – მეც ვუღალატე და იმანაც მიღალატა.
– იმან არ იცის, რომ თქვენც უღალატეთ?
– მე ვერ ვიქნები ამაში დარწმუნებული. იმიტომ რომ, არ ვიცი, მის სულში რა ხდება. შეიძლება, იცის კიდეც და იმავეს ფიქრობს, რასაც მე – რომ ჩვენი ურთიერთობა გაცილებით ღირებულია, ვიდრე დროებითი რომანები. ხვდება, რომ მე უფრო ახლობელი ვარ მისთვის, ვიდრე ის ქალი, რომელთანაც, შეიძლება, ცოტა ხნით თავი უკეთესად იგრძნო. როცა ორ ადამიანს ამდენი კარგი მოგონებით სავსე წლები აკავშირებს, აღარაფერს ვამბობ შვილზე, მათ იმაზე მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ჩემი და ჩემი ქმრის აზრები ერთმანეთს დაემთხვა. ასე რომ არ იყოს, დიდი ხნის წასული იქნებოდა ჩემგან.