კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ჩემი ძმის გულის ტკენას არავის ვაპატიებ

მყავს ძმა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ისეთი დაძმობა, ჩვენ რომ გვაქვს, იშვიათად გამიგია. გარდა იმისა, რომ უამრავი ღირსება და დადებითი თვისება აქვს, ჩემი ძმა ჩემთვის ყველაფერია. თუნდაც იმიტომ, რომ 8 წლის ასაკიდან თვითონ მზრდის – მე სწორედ 8 წლის ვიყავი, იკო კი – 19 წლის, ჩვენი მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დაიღუპნენ. შემიძლია, ვთქვა, რომ ბევრი გამოცდილი და ზრდასრული მშობელი ვერ გაუკეთებს შვილს იმას, რაც მე იკომ გამიკეთა წლების განმავლობაში. არასდროს არაფერი მომკლებია. ყველაფერთან ერთად, მეგობრებიც ვართ – შემიძლია, ყველა ჩემი საიდუმლო გავანდო და ზუსტად ვიცი, სწორად გამიგებს. ასევეა თვითონაც – არაფერს მიმალავს და ხშირად გაუთვალისწინებია ჩემი რჩევები. ჩვენ ყველგან ერთად დავდივართ და კარგად ვიცნობთ ერთმანეთის მეგობრებს. ერთი სიტყვით, ჩვენს პატარა ოჯახში სრული იდილიაა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. აქამდე-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ იკომ ერთი გოგო გაიცნო და მგონი, მის ცოლად შერთვასაც აპირებს. არ გეგონოთ, ვეჭვიანობ. უბრალოდ, ვიცი, ვინ არის და რას წარმოადგენს ის ქალბატონი. არ მინდა, ჩემს ძმას იმედები გაუცრუვდეს და დაიტანჯოს, ან, უფრო მეტიც – მოტყუებული ქმრის როლში აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, ისე უყვარს ის ქალი, რომ ვერ ვუბედავ, სიმართლე ვუთხრა. ჯერ ერთი, იკოზე რამდენიმე წლით უფროსია და თავის ასაკს უმალავს, მეორეც, ოფიციალურად სამჯერ არის გათხოვილი („გულაობაზე“ რომ აღარაფერი ვთქვა). პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავს, გაყრის შემდეგ ქმრის მშობლებთან დატოვა და მას მერე არც უნახავს. უფრო სწორად, ისინი არ აძლევენ ბავშვის ნახვის უფლებას, თუმცა, არც ამას მოუკლავს თავი. ჩემი დაქალების მეშვეობით, ისიც გავიგე, არათუ უფლებას არ აძლევენ, თურმე თავის დროზე სასამართლოს ძალით ცდილობდნენ, დედობის უფლების ჩამორთმევას. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი ძმისთვის უთქვამს, ერთხელ გავთხოვდი, ჩემი ქმარი სადისტი აღმოჩნდა და რამდენიმე თვეში გამოვიქეციო. შვილი რომ ჰყავს, ამას საგულდაგულოდ მალავს. იკო კი ყველაფერში ისე ენდობა, რაც არ უნდა ვუთხრა, მაინც არ დამიჯერებს. დამიჯერებს კი არა, შეიძლება, მეც კი დამკარგოს მის გამო. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ჯერჯერობით იმ ქალბატონს არ გაუგია, რომ მის შესახებ ყველაფერი ვიცი, თორემ, ალბათ, რაიმე ღონისძიებას მიმართავდა. ამ წერილსაც იმიტომ გწერთ, ეგებ ჩემმა ძმამ წაიკითხოს და ცოტა გამოფხიზლდეს. ვერაფრით გადავიტან და ვერავის ვაპატიებ, იკოს დაუმსახურებელი წყენა მიაყენოს, თუნდაც ეს ვინმე მისთვის საყვარელი ქალი იყოს.

თამთა, 22 წლის.



ჩემთვის დამთავრდა ცხოვრება, რომელიც არასდროს დაწყებულა

რატომღაც, გადავწყვიტე, ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო გაგანდოთ. ისე გავწამდი, გულში ვეღარ ვიტევ, თორემ, ზუსტად ვიცი, ამით არაფერი მეშველება. თუ ჩემი ნაცნობები და ახლობლები წაიკითხავენ ამ წერილს და მიხვდებიან, რომ ეს მე ვარ, მაშინ ნამდვილად დამენგრევა თავზე ცხოვრება. თუმცა, რა, ისედაც დანგრეული არ არის ჩემთვის ყველაფერი?! ამაზე უარესი, რაც მჭირს, რაღა უნდა დამემართოს?

საქმე ისაა, რომ ერთი შეხედვით, ანუ ფიზიკურად, გოგო ვარ და სახელიც ქალის მქვია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, ვგრძნობ, რომ მთელი არსებით მამაკაცი ვარ: აზრებით, შეხედულებებით და სურვილებით. მოზარდობისას ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა, რაღაც გაორებული შეგრძნებები მქონდა. ოჯახის წევრები სულ იმას მსაყვედურობდნენ, ასეთი უხეში ნუ ხარ, ცოტა ნაზად მოიქეცი, ქალს ასეთი ბიჭური საქციელი არ უხდებაო. მეზობლები ქალაბიჭას მეძახდნენ. სიმართლე გითხრათ, არც მწყინდა, რატომ – ახლაც არ ვიცი. არადა, ამ ასაკში ბავშვები ხომ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან! მე კი ეს ყველაფერი, ბოდიში მომითხოვია და, სულ ფეხებზე მეკიდა. მხოლოდ შარვალსა და კედებში ვგრძნობდი თავს კომფორტულად, მუდამ ბიჭურად ვიყავი გაკრეჭილი – გრძელ თმას ვერ ვიტანდი. სულ ბიჭებთან და ბიჭურ თამაშებს ვთამაშობდი. ვერავინ მისწრებდა სირბილში, ვერავინ მჯობდა ფეხბურთში და ვერავინ მერეოდა ჩხუბში ბიჭებიდანაც კი. ბებიაჩემი სულ იმას ამბობდა, ნამდვილად არ მშურს იმ ოჯახის, რომელშიც შენ შეხვალო. დედა სულ მტუქსავდა და მეჩხუბებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თავიდან მამაც მტუქსავდა, მაგრამ მოგვიანებით, ცოტა რომ წამოვიზარდე და მეც დამაფიქრა საკუთარმა საქციელმა, რამდენჯერმე შევნიშნე, მამა ძალიან შეშფოთებული სახით მაკვირდებოდა. მერე ჩემი მშობლების ჩურჩულსაც მოვკარი ყური, რის შემდეგაც გახშირდა მათი მხრიდან უცნაური მზერა. ერთხელ კი გავიგონე, როგორ უთხრა მამამ დედას – მგონი, დავიღუპეთ და ექიმთან წაყვანასაც აღარ აქვს აზრი, ისე დავაგვიანეთო. მივხვდი, რომ ჩემზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, რა მჭირდა, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი. ცოტა კიდევ რომ მოვიზარდე, აღმოვაჩინე, რომ ჩემს მშობლებს არსად აღარ დავყავდი სტუმრად. ჩვენთანაც რომ მოვიდოდა ვინმე, ცდილობდნენ, სადმე გავეშვი ან რაიმე ისეთი დავალება მოეცათ, რომ ჩემი ოთახიდან არ გამოვსულიყავი. თუ მაინც გამოვიდოდი, საკმაოდ უცერემონიოდ მიშორებდნენ თავიდან და ისეთი უხერხული სიტუაცია იქმნებოდა, სტუმრებმა აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. საკმაოდ გვიან მივხვდი: მშობლებს რცხვენოდათ, რომ ჩემნაირი შვილი ჰყავდათ. ეს რომ გავიაზრე, ჩავიკეტებოდი ხოლმე ჩემს ოთახში და საათობით ვაკვირდებოდი სარკეში საკუთარ თავს. შემიძლია, ვთქვა, მთელი ჩემი სხეული, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, მილიმეტრობით შევისწავლე და, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მეტ-ნაკლებად ქალური ფორმები და არც წვერ-ულვაში „მამშვენებს“, აღმოვაჩინე (თუ დავადგინე), რომ ქალი არ ვარ. ამ აღმოჩენამ შემზარა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საკუთარ საქციელსა და შინაგან სამყაროში დავიწყე ქექვა და იქაც კაცს წავაწყდი. ამან ისე დამთრგუნველად იმოქმედა ჩემზე, რომ დეპრესია დამეწყო – სახლში ჩავიკეტე და თითქმის აღარავის ვეკონტაქტებოდი. მერე და მერე, ნელ-ნელა შევეჩვიე ჩემს ახალ „სტატუსს“ და დროთა განმავლობაში გამიჩნდა პროტესტის გრძნობა მთელი ქვეყნიერების მიმართ: „რა ჩემი ბრალია, რომ ასეთი გავჩნდი? ვინმეს რამეს ვუშავებ? ნება იბოძოს ყველამ და მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ!“ – და, ჩემდა უნებურად, გამომწვევად დავიწყე მოქცევა, მაგრამ არც ეს გამომივიდა. ვამჯობინე, ისევ შემენიღბა ყველაფერი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემივე მშობლების სიძულვილი (არ ვაზვიადებ) არ დამემსახურებინა.

რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ჯერ არანაირი გამოცდილება არ მქონია, რადგან, ამ მხრივ საკუთარ თავში ვერ გავრკვეულვარ. „ლესბიანკა“ ნამდვილად არ ვარ, არც ჰერმოფროდიტი, მაგრამ, რატომღაც გოგონებს უფრო ვაყოლებ „მუშტრის“ თვალს. თუმცა, ჩემს მეგობრებს შორის ერთი-ორი გოგო თუ არის, დანარჩენი სულ ბიჭები არიან.

ჯერ 18 წლის ვარ და არ ვიცი, როგორ წარიმართება ჩემი მომავალი ცხოვრება. თუ ღვთის წყალობით ყველაფერი მომიწესრიგდა ხომ კარგი, თუ არა და, ალბათ, რამდენიმე წელიწადში, როცა მყარად დავდგები ფეხზე და საკუთარი შემოსავალი მექნება, ალბათ, წავალ სადმე უცხოეთში და მერე იქ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე.

P. S. ჩემს სახელსა და ასაკს, რა თქმა უნდა, ვცვლი.

პატივისცემით – ემა, 18 წლის.



ჩემი ბავშვობის სიყვარულის ისტორია ცუდად დამთავრდა

სკოლის პერიოდში ერთი ბიჭი მიყვარდა. ძალიან პოპულარული ბიჭი იყო და გოგონები ლამის ვენებს იჭრიდნენ მის გამო. ამიტომ, ძალიან ჰქონდა თავში ავარდნილი. შეყვარებულებს ყოველთვე იცვლიდა, ყოფილი თუ მომავალი სატრფოები მტრებად ეკიდებოდნენ ერთმანეთს და იყო ერთი დაგნარი. ჩემი სიყვარულის შესახებ ოთომ კარგა ხანს არაფერი იცოდა – ძალიან ვცდილობდი, დამემალა და, ეტყობა, კარგად გამომდიოდა. ჩემი უახლოესი მეგობრებიდანაც კი არავისთვის მითქვამს. არ მინდოდა, რომ ჩემი მართლა გულწრფელი გრძნობა, ვინმეს განხილვის საგანი გამხდარიყო. მე და ოთო ჩვეულებრივად ვმეგობრობდით. საერთო სამეგობროც გვყავდა და სკოლის გარდა ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ახლობლების დაბადების დღეებზე. ერთ-ერთი დაბადების დღიდან კი, ისე მოხდა, რომ ოთომ გამაცილა. ეს იყო პირველი შემთხვევა, ჩვენ რომ მარტო დავრჩით. ოთო საკმაოდ ნასვამი იყო და მთელი გზა ფეხით მივდიოდით, რაღაც უაზრობებზე მელაპარაკებოდა. მე ყველაფერზე თავს ვუქნევდი, ვეთანხმებოდი და თან ვცდილობდი, დამემშვიდებინა ვიღაცაზე იყო გაბრაზებული და აღშფოთებული ლაპარაკობდა. ასე რაღაცის მტკიცებაში იყო, რომ უცებ გაჩუმდა, თვალებში ჩამხედა და, თითქოს წუთიერად გამოფხიზლდა სიმთვრალიდანო, ძალიან ჩვეულებრივი ხმით მითხრა, – სამწუხაროდ, არ მიყვარხარ, თორემ ცოლად შეგირთავდიო. მე კინაღამ გული გამიჩერდა და დაბნეულობისგან ხმა ვერ ამოვიღე. ოთომ კი ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო: პრინციპში, ცოლად მოყვანისთვის დიდი სიყვარული სულაც არ არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ცოლი – ცოლია. შენ კარგი ცოლი იქნებოდი, მაგრამ ცოლი თუ არ გიყვარს, რაღაც დაფასების მსგავსი გრძნობა ხომ უნდა გქონდეს, მე კი შენნაირი გოგოები არ „მევასება“. არა, ცუდი გოგო კი არ ხარ, უბრალოდ, ჩემს გემოვნებაში არ ზიხარო. არაფერი მიპასუხია, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. გაბრაზებულმა ვუთხარი, გაუთხოვარი რომ დავრჩე, შენნაირ ბიჭს ცოლად მაინც არ გავყვები-მეთქი. მერე, ვინ გეხვეწებაო, – დამცინა. მე შენთვის სიყვარული არ მითხოვია, მაგრამ, შენ თუ არ გახვეწნინე, მაგასაც ნახავ-მეთქი, – მივახალე, შუა ქუჩაში მივატოვე, ტაქსი გავაჩერე და ატირებული მივედი სახლში. იმ დღის მერე ოთოსთან მეგობრობაც კი შევწყვიტე. თუ სადმე ერთად მოვხვდებოდით, მხოლოდ ვესალმებოდი. თვითონ ერთხელ კი დააპირა ბოდიშის მოხდა, მაგრამ ახლოს არ გავიკარე და მერე იმანაც დამანება თავი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ისე მოხდა, რომ საერთოდ ვეღარ ვხვდებოდით ერთმანეთს, შემთხვევით ქუჩაშიც კი არ შემხვედრია. მერე გავთხოვდი, მაგრამ ქმარს მალე გავშორდი – ნარკომანი აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ოთოს ორჯერ შეურთავს ცოლი და ორივესთან გაყრილა. რაღაც ბიზნესი წამოუწყია, მაგრამ დიდი ვალი დასდებია და ყველას ემალებოდა. რაღაც პატარა ბიზნესი მე და ჩემმა დაქალმაც წამოვიწყეთ, გაგვიმართლა და ქსელი ნელ-ნელა გავაფართოვეთ. ერთი სიტყვით, წარმატებული ქალი გავხდი. როგორც ხდება ხოლმე, ხან ტელევიზიაში მიმიწვიეს, ხან ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდეს ჩემთან ინტერვიუები და, ეტყობა, ოთომაც გაიგო. ერთ დღეს ჩემს ოფისში ვიღაც კაცი მოვიდა, უცერემონიოდ გადამეხვია, ლამაზი თაიგული დამიდო მაგიდაზე, სავარძელში ჩაჯდა და გამომცდელად მომაჩერდა. თავიდან მართლა ვერ ვიცანი, მერე კი, რომ გაიცინა, მივხვდი, ოთო იყო. მაგრამ, ბოლომდე არ შევიმჩნიე – ჯერ ერთი, მინდოდა, ცოტა დრო მომეგო და გონზე მოვსულიყავი. მის ნახვას არ ველოდი და არ მინდოდა, ამდენი წლის შემდეგ დაბნეული ან აღფრთოვანებული ვენახე; მეორეც – მაინტერესებდა, რატომ მინახულა, თანაც ასეთი დარდიმანდული და „სვეტსკი“ ჟესტებით.

ცოტა ხანს გაოცებულმა ვუყურე და როცა მიხვდა, რომ სასურველი ეფექტი ვერ მოახდინა, ოდნავ იხტიბარგატეხილმა მითხრა – რა მოგივიდა, გოგო, ეგრე უნდა ძველი მეგობრების დავიწყებაო? ჩვეულებრივი მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ, საღამოს კაფეში დამპატიჟა. ისე მაინტერესებდა, რატომ იქცეოდა ასე, რომ დავთანხმდი. რამდენიმე დღის შემდეგ რესტორანში წავედით. თითქმის ყოველდღე მირეკავდა, ხანდახან მოდიოდა კიდეც ჩემთან სახლში, ხან მანქანით მხვდებოდა სამსახურთან, მაგრამ მთავარ სათქმელს აშკარად არ ამბობდა. რაც მთავარია, უსაჩუქროდ არ მოდიოდა და სულ ქათინაურებით მავსებდა – სულ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ხარ, სკოლის პერიოდში რომ იყავიო. აშკარად ვგრძნობდი, რაღაც თამაშს თამაშობდა და მეც ავყევი – მაინტერესებდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული.

ერთხელ ვკითხე, სად ცხოვრობ, შენთან რატომ არ დამპატიჟებ-მეთქი. ცოტა არ იყოს, დაიბნა, მაგრამ, მერე მითხრა, საბურთალოზე ვცხოვრობ და ჯერ რემონტი მაქვს. ყველაფერს რომ დავამთავრებ, მერე წაგიყვანო. მივხვდი, იტყუებოდა და ერთ საღამოს, როცა სახლში ტაქსით მომიყვანა და უკან გაბრუნდა, ჩემი მანქანით ჩუმად გავყევი. ქალაქგარეთ რაღაც ბარაკებთან ჩამოვიდა და ერთ პატარა ფარდულის მსგავს ხუხულაში შევიდა. სიმართლე გითხრათ, გული მომიკვდა, სახლში დამძიმებული დავბრუნდი. ვიფიქრე, ალბათ, ფულის თხოვნა უნდა-მეთქი. ერთი პირობა, გულიც ამიჩუყდა, გონებაში პატარა „კალკულაცია“ ჩავატარე და გადავწყვიტე, თვითონ შემეთავაზებინა, მაგრამ ითაკილა და უარი მითხრა. განაწყენებულმა მითხრა, სამაგისო არაფერი მჭირს, შენთან სხვა მიზეზით (და არა მიზნით) მოვდივარო. ბოლოს მითხრა, მთავარ სათქმელს ხვალ გეტყვი რესტორანშიო და, მართლაც გამაოცა – ულამაზესი ვარდების თაიგული და ნიშნობის ბეჭედი მომართვა. ხელი მთხოვა. ეს ისე ლამაზად და ორიგინალურად გააკეთა, კინაღამ მართლა წამოვეგე. მერე უცებ გამახსენდა ბავშვობისდროინდელი გულისტკენა და „ვუკბინე “ – აკი ჩემისთანა გოგოები არ მოგწონდა და ჩემნაირს ცოლად არასდროს შეირთავდი-მეთქი?! მაშინ უტვინო ლაწირაკი ვიყავი. გვიან მივხვდი, რომ მიყვარდი, მაგრამ ვეღარ გაგიბედეო. ისე გულწრფელად მეუბნებოდა, კინაღამ დავიჯერე. კიდევ კარგი, მოვისაზრე და ვუთხარი, მოფიქრებისთვის დრო მომეცი-მეთქი. ორი კვირა მომცა. ამ ორ კვირაში კი ჩემი „აგენტურის“ მეშვეობით დავადგინე, ოთოს ნამდვილი მიზანი: გაიგო, რომ რაღაც თანხის პატრონი ვიყავი და ჩემი ცოლად შერთვის შემდეგ ჯერ თავის ვალებს გაისტუმრებდა, მერე კი ჩემთან ჩასახლდებოდა. იცხოვრებდა თბილად და თავის ორ შვილსაც მე გამაზრდევინებდა. ეს ყველაფერი რომ გავიგე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვუთხარი უარი და ვთხოვე, დამივიწყე-მეთქი. ყველაზე „კარგი“ კი ამის მერე მოხდა: როცა მიხვდა, რომ ნომერი არ გამოუვიდა, ადგა და პირდაპირ მითხრა, – მაშინ ის ფული მომეცი, ამას წინათ რომ მაძლევდიო. აღარ მივეცი, ვერ ვიტან აფერისტებსა და ნაძირლებს და იმიტომ. ასე დამთავრდა ჩემი ბავშვობის სიყვარულის ისტორია.

ელენე, 32 წლის.



ნარკოტიკმა მთელი ცხოვრება დამინგრია

ჩემი ისტორია, ალბათ, ბევრით არაფრით განსხვავდება ნებისმიერი ნარკომანის ცხოვრებისგან და, ცხადია, ვერავის გავაოცებ. მაგრამ, მაინც მინდა, მოგწეროთ, რადგან ვხვდები, რომ ეს ერთგვარი მონანიებაც იქნება და სხვების გაფრთხილებაც. შევეცდები, თქვენი მოთმინებით ბოროტად არ ვისარგებლო და მოკლედ გიამბობთ ჩემი უბედურების შესახებ.

ნარკომანი ვიყავი, უფრო სწორად, ჯერ ისევ ვარ. ახლა ვმკურნალობ და ვცდილობ, გადავაგდო ეს საშინელება, რომელმაც ცხოვრება მარტო მე კი არა, ყველას დაუნგრია, ვინც კი ახლობელი მყავდა. ერთი სიტყვით, ნარკომანი ვიყავი და ერთი ძალიან კარგი გოგო შემიყვარდა. მასაც შევუყვარდი, მაგრამ ჩემნაირს რომელი ნორმალური მშობელი გაატანდა შვილს. რომ გაიგეს, ნარკომანს ხვდებაო, სახლში ჩაკეტეს, მაგრამ მაინც მოახერხა გამოქცევა და გავიპარეთ. ძალიან პატარა იყო (17 წლის) და ეგონა, სიყვარულითა და ზრუნვით გადამაჩვევდა ნარკომანობას. თავიდან მართლა ვცდილობდი, წესიერად მოვქცეულიყავი, მაგრამ, არ გამომივიდა. ლალი სულ კუდში დამდევდა, მაკონტროლებდა, მეხვეწებოდა, ნამუსზე მაგდებდა, მაგრამ შედეგი ნული იყო. ბოლოს, ძალიან რომ გავაჭენე, იმ ზომამდე მივიდა, გაბედა და ძმაკაცები გამიყარა სახლიდან. თან მათ დაემუქრა, ჩემი ქმრის სიახლოვეს გავლილიც რომ დაგინახოთ, პოლიციას დავაჭერინებ თქვენს თავსო. თქვენ წარმოიდგინეთ, შეეშინდათ და მართლა მერიდებოდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი რაღაცეებს. ერთხელ იამ მითხრა, ფეხმძიმედ ვარო. სიხარულისგან კინაღამ გადავირიე. ძალიან ვცდილობდი, კარგად მოვქცეულიყავი, მაგრამ ერთი თვეც არ იყო გასული, ისევ „გავიჩხირე“, თანაც სახლში და ასე ხდებოდა პერიოდულად. ერთხელ ამას ლალიც შეესწრო და ისეთი ისტერიკა მომიწყო, მეზობლები შემოცვივდნენ, შერცხვენა დამიწყეს. კაიფში ვიყავი და გავიდნენ თუ არა, თითქმის ცხრა თვის ფეხმძიმე ცოლი ფეხქვეშ გავიგდე. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა იატაკზე გაწოლილი ლალის ფეხებთან სისხლის გუბე შევნიშნე. სასწრაფოში დავრეკე და ის სამშობიაროში წაიყვანეს, მე კი – პოლიციაში.

ჩემი პირველი შვილი ისე დაიბადა, იქ არ ვყოფილვარ. პირობით გამომიშვეს სამი თვის შემდეგ და ტაქსით გავვარდი სახლში – ერთი სული მქონდა, შვილს როდის ვნახავდი. მაგრამ, ჯობდა, არ მენახა – ბავშვს გონება კი საღი ჰქონდა, მაგრამ კიდურები ჰქონდა განუვითარებელი და ექიმებს უთქვამთ, გერმანიაში წაყვანაც კი არ უშველისო. ყველა ჩემს ნარკომანობას აბრალებდა, მაგრამ, შესაძლოა, ცემის ბრალი უფრო იყო, ვიდრე ჩემი ნარკომანობის. თუმცა, ის ცემაც ამის გამო არ მოხდა?! ლალიმ არ მაპატია, შვილის ხეიბრობა მანაც მე დამაბრალა და ბავშვიანად სახლიდან წავიდა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და შემოვირიგე. ბავშვს ვმკურნალობდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა – 2 წლისა არათუ ვერ დადიოდა, ხელში მსუბუქ სათამაშოსაც ვერ იჭერდა. დარდმა უარეს დღეში ჩამაგდო, ფხიზელი პერიოდები კი მქონდა, მაგრამ ძირითადად კაიფში ვიყავი. მერე კი ცოლს გადავეკიდე, კიდევ გააჩინე ბავშვი-მეთქი. თვითონაც უნდოდა, მაგრამ ვერ რისკავდა, ბოლოს მაინც გაბედა, მაგრამ ჯერ ექვსი თვის მუცელი მოეშალა, შემდეგ კი მკვდარი ბავშვი გაუჩნდა. თან, ისეთი რთული მშობიარობა ჰქონდა, ოპერაციის გაკეთება მოუწიათ, მაგრამ, ეტყობა, რაღაც დაუზიანეს და ექიმმა მითხრა, შვილი აღარასოდეს ეყოლებაო. მაშინ კი უკვე ძალით წაიყვანეს თავისმა მშობლებმა. მე ახლოს მიკარებაც კი ამიკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხით დამემუქრნენ და, ვიცი, შემისრულებენ.

ახლა სერიოზულად ვმკურნალობ, რადგან ძალიან მინდა, ლალი შევირიგო. არ ვიცი, მაპატიებს თუ არა, მაგრამ ინვალიდ ბავშვს მარტო ვერ გაზრდის და ძალიან გაუჭირდება.

ზურა, 30 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3