რომელ იაპონურ კურორტზე აღმოაჩინა ვაჟა კიკნაძემ ქართული კვალი და რამდენ კილოგრამს იწონის იქ ნანახი ღმერთის ფეხსაცმელი
სულ ახლახან, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე იაპონიიდან დაბრუნდა. თავისი თვალით ნანახი მან ფოტოაპარატით აღბეჭდა, შთაბეჭდილებები კი სიამოვნებით გაგვიზიარა. მისი პროფესიის ადამიანი ხშირადაა მიწვეული მეცნიერულ კონფერენციებზე სხვადასხვა ქვეყანაში და ამგვარად, საშუალება ეძლევა, დაათვალიეროს და გაეცნოს მსოფლიოს მრავალ კუთხეს. დღევანდელ ინტერვიუში ბატონი ვაჟა იაპონიაში მოგზაურობის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე გვესაუბრება.
ვაჟა კიკნაძე: სულ რამდენიმე კვირის წინ, მეორედ მომეცა საშუალება, მომენახულებინა ზღაპრული, ამომავალი მზის ქვეყანა – იაპონია. იქაურობა მართლაც რადიკალურად განსხვავდება ყველაფერ იმისგან, რაც მანამდე მინახავს. ევროპული ცივილიზაცია მაინც უფრო ახლოა ჩვენთან, როგორც გარეგანი ნიშნებით, ასევე არსობრივად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წესრიგი იქ ბევრად მეტია. იაპონია კი სულ სხვა სამყაროა, სადაც, უაღრეს პრაქტიკულობასთან ერთად, აბსოლუტურად ყველაფერი გათვლილია და ზედმეტი არაფერი იხარჯება, თუმცა, ეს ისე კეთდება, რომ შენ ამისგან უხერხულობასა და უსიამოვნებას არ განიცდი. სტუმრის მიღება იაპონიაში არის ძალიან გულთბილი პროცესი. თუ იაპონელს არ მოსწონს რამე ან ვინმე, მაინც არ გეტყვის პირდაპირ, ამას მიხვდები მხოლოდ მისი გამომეტყველებით. ეს არის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მთელი ტრადიცია. ასე რომ, მეორედ იაპონიაში მიწვევა, თავისთავად, მოვლენა იყო ჩემთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ნორმები, რასაც ისინი შენგან ითხოვენ, ის დონე, ის ინტერესი, როგორც ქვეყნის, ისე პიროვნული თვალსაზრისით – დააკმაყოფილე.
– როგორია იაპონია?
– პირველივე შთაბეჭდილება, ეს არის, რა თქმა უნდა, ტოკიოს აეროპორტი – ნარიტა, საიდანაც ტოკიოს ცენტრში მოსახვედრად ჩქარი მატარებლით 1 საათი გჭირდება. მატარებელი შედის ტოკიოს სადგურში, რომელიც ოთხ სართულადაა განთავსებული მიწის ქვეშ და მიწის ზევით. სადგურიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს იაპონიის იმპერატორის სასახლე. ეს არის ძველი ედოს, როგორც ადრე უწოდებდნენ ტოკიოს, ციხესიმაგრე. ციხის ამ ძველისძველ კედლებს გარს აკრავს წყლით სავსე თხრილები, იაპონური კარიბჭეები და ნაძვები, რომელთაც ტოტები ისე აქვთ გაშვერილი, როგორც მათ პაგოდებს (ბუდისტურ ტაძრებს). სამწუხაროდ, ამ ციხის შიგნით მოხვედრა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია შესაძლებელი.
– იაპონელები ტრადიციების მიმდევარი ხალხია?
– ალბათ, ყველა ქართველის გონებაში იაპონია, პირველ ყოვლისა, ასოცირდება ტექნიკურ პროგრესთან. მეორე, რაც ამ ქვეყანას ახასიათებს, ეს არის ძველი ტრადიციების შერწყმა უახლეს განვითარებასა და ტექნიკასთან. ოცდამეერთე საუკუნის ტოკიოს ქუჩებში დღესაც შეხვდებით იაპონელებს ძველი ნაციონალური ჩაცმულობით.
ტოკიოდან გავემგზავრე ტოჰოკუს უნივერსიტეტში, სადაც კონფერენციაზე ვიყავი მიწვეული. ტოჰოკუ არის იაპონიის ერთ-ერთი რეგიონი. უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ სენდაიში, ამ რეგიონის ცენტრალურ ქალაქში. ტოჰოკუს უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით მესამეა მთელ იაპონიაში, ტოკიოსა და კიოტოს უნივერსიტეტების შემდეგ. სენდაიში ჩასვლიდან პირველივე დღეებში მომეცა იაპონური კერძების დაგემოვნებისა და ეროვნულ რესტორანში სტუმრობის საშუალება, სადაც მასპინძლებმა მიგვიწვიეს. იქ შესულს ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს შუა საუკუნეებში ვმოგზაურობდი. ნაციონალურ კიმონოებში გამოწყობილი პერსონალი გვემსახურებოდა. ტრადიციულად, იქ მოხვედრილი ყველა სტუმარი ფეხზე იხდის და ჯდება ნახევარწრის ფორმის მაგიდასთან, რომლის ცენტრშიც, სტუმრების მოპირდაპირედ, დგას მზარეული, რომელიც იქვე ამზადებს იაპონურ კერძს, ძირითადად თევზეულსა და ზღვის მცენარეებს და პატარ-პატარა ულუფებით უმასპინძლდება მის სუფრასთან შემომსხდარ სტუმრებს. აგრეთვე, სთავაზობს მათ ნაციონალურ სასმელს საკეს, ანუ ბრინჯის არაყს. ეს არაყი, რა თქმა უნდა, ქართული სასმელისგან აბსოლუტურად განსხვავდება, მაგრამ, საინტერესო არომატი აქვს. საკე შემთბარი უნდა დაილიოს. ამბობენ, მისი გაცივება და ისე დაგემოვნებაც შეიძლება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ეს სასმელი უფრო მოქმედებს გონებაზე. იაპონელები ბევრს არ სვამენ. წესია, რომ, თუ აღარ გინდა შეგივსონ ის სასმისი, რომლითაც მიირთმევ საკეს, მაშინ თავდაყირა უნდა დადგა და მათთვის გასაგები იქნება, რომ დალევა აღარ გინდა.
– სადღეგრძელოებს თუ ამბობენ იაპონელები?
– სადღეგრძელოები იაპონურ სუფრასთან ითქვა, მაგრამ, ჩანდა, რომ ეს ჩვენს პატივსაცემად კეთდებოდა და არა იმიტომ, რომ მათი ტრადიციული რიტუალია. ჩვენ რომ გვაქვს თამადის ინსტიტუტი, ასეთი, იაპონიაში, რა თქმა უნდა, არ არის. საკეს შემდეგ, ულამაზესი მოხატული ფიალებით მოგართმევენ მწვანე ჩაის.
კულინარიასთან დაკავშირებული ტრადიციების გარდა, იაპონიაში სხვა ტრადიციებსაც მისდევენ.
– მაგალითად?
– ბავშვის მოვლა-აღზრდის კულტი, პატივისცემა უფროსების მიმართ; ამავე დროს, იაპონიისთვის დამახასიათებელია საუბრის ძალიან დაბალი ტემბრი. არავითარ შემთხვევაში არ აუწევენ ხმას და არსად არასდროს არ დაიგვიანებენ ერთი წუთითაც კი.
– რელიგიურები თუ არიან იაპონელები?
– საინტერესოა, აღინიშნოს, რომ სენდაიში დგას რუსი მისიონერების მიერ მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში აგებული მართლმადიდებლური ტაძარი. მასში ქართული ხატიც არის დავანებული, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ ქართველ მეცნიერს ჩაუტანია ქვეყნის დასალიერს.
იაპონელები ორი ძირითადი რელიგიის მიმდევრები არიან, ეს არის ბუდიზმი და სინტოიზმი. სინტოიზმი წინაპართა კულტის თაყვანისცემაა. ეს ორი რელიგია იმდენად ლიბერალური და ერთმანეთში გადაჯაჭვულია, რომ თვითონ ადგილობრივები ამბობენ, არც კი ვიცით, რომელი ვართ ბუდისტი და რომელი სინტოისტიო.
– ანუ, რელიგიაც ტრადიციის და რიტუალის დონეზეა იაპონელებში?
– ასეა. ტოკიოში დგას უზარმაზარი ბუდისტური ტაძარი, ძალიან ცნობილი ექვსსართულიანი პაგოდით, ჩინურ-იაპონურ სტილში აგებული. მე ამ ტაძარში ვიყავი ადგილობრივ ასპირანტ გოგონასთან ერთად, რომელმაც გიდის ფუნქცია შეითავსა ჩემი თხოვნით. მან ტაძარში თავისებურად ილოცა. ეს ულამაზესი ტაძარი მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებიდან არსებობდა ტოკიოში. იქ მოხვედრილები, ტრადიციულად, რამდენიმე რიტუალს ასრულებენ. ეს არის მონეტების ჩაყრა და სურვილების ჩათქმა ბუდას ქანდაკების წინ. ტაძარში დგას ბუდისტური პანთეონის ერთ-ერთი პერსონაჟის ქანდაკება, რომლის გარშემოც წყალი ოთხივე მხრიდან გადმოდის და იქვე არის ჩამჩასავით ჭურჭელი. ამ ჩამჩით და არავითარ შემთხვევაში პეშვით, უნდა ავიღოთ წყალი, ჯერ ერთი ხელი განვიბანოთ, მერე – მეორე და შემდეგ – ბაგეები. ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ ეს რიტუალი წმენდს ადამიანის სულსა და სხეულს. ტაძრის ეზოში სპეციალური მაყალივით მოწყობილობა დგას, სადაც სურნელოვანი ნივთიერება იწვის და კვამლი, რომელიც მას ასდის, უნდა ჩაისუნთქო და გაიარო მასში. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ეს რიტუალიც სხეულის განწმენდას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ის ნივთიერებები, რომელიც იწვის, გახვეულია ქაღალდში, რომელზეც გამოხატულია ეგრეთ წოდებული სვასტიკა. სინამდვილეში ეს ნიშანი მზის ბრუნვის ძველი სიმბოლოა, რომელიც აღმოსავლეთიდან აიღეს გერმანელმა ნაცისტებმა თავის სიმბოლოდ და ნიშნად. ის ბუდისტური ტაძრის ყველა ნაწილში გვხვდება, მათ შორის – სახურავზეც.
– ეს უზარმაზარი ზომის ფეხსაცმელი სად ნახეთ ან რისთვის შეიქმნა?
– ეს არის ტოკიოს მთავარ ბუდისტურ ტაძარში მრევლის მიერ შეწირული, როგორც მას უწოდებენ, ღმერთის ფეხსაცმელი. იგი ჩალისგან მოქსოვილი ქალამანია, რომელიც იწონის 30 კილოგრამს. ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ მასზე შეხება ბედნიერებას მოგიტანს თითქოს ღმერთის ნაფეხურებს ეხებოდე.
იაპონიაში მრავლად არის გოგირდოვანი წყლები, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ ძველი კედარის ხისგან გაკეთებულ სათავსოში ამოდის. მასში ათასობით მამაკაცს აქვს საშუალება, ერთად განიბანოს. თურმე, იაპონელებს აქვთ ტრადიცია, რომლის თანახმადაც მამაკაცები შიშვლდებიან და ისე ჩადიან იქ ამ რიტუალის ჩასატარებლად. წარწერაც შეგხვდებათ შორიახლოს – ქალებისთვის მოსარიდებელია იმ ტერიტორიაზე გავლაო. მოსარიდებელია, თუმცა, აკრძალული არ არის (იცინის).
– მართლმადიდებლური ტაძარი მარტო სენდაიში დგას?
– გარდა სენდაის პატარა მართლმადიდებლური ტაძრისა, მე საშუალება მომეცა, ტოკიოს მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი დამეთვალიერებინა (იგი აგებულია ქრისტეს აღდგომის სახელზე). ბიზანტიურ სტილში აგებული ეს მოზრდილი ნაგებობა აია სოფიას მოგაგონებთ. ადგილს, სადაც ის დგას, იაპონელები უწოდებენ „ნიკოლაი დოს“. „დო“ ნიშნავს „დიდ ტაძარს“, „დიდ ცენტრს“. ნიკოლაი კასატკინი არის წმიდანად შერაცხული რუსი მისიონერი, რომელმაც პირველმა გაავრცელა მართლმადიდებლობა იაპონიაში – ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. იაპონელი მართლმადიდებლები ცდილობენ, ჩვენი რელიგიის ყველა ტრადიციის დაცვით იცხოვრონ. თვალშისაცემია მხოლოდ ის, რომ სენდაის მართლმადიდებლურ ტაძარში სკამები იყო განთავსებული ისე, როგორც კათოლიკურ ეკლესიაში. წმიდანად შერაცხული ნიკოლაის წმიდა ნაწილები მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული და დახურულია თავისებური ლუსკუმით. ამ ტაძარში გავიცანი ქალბატონი, რომელიც სანთლებს ყიდდა. როგორც მან მითხრა, თვითონ იაპონიაში იყო დაბადებული და გაზრდილი, დედა ოსი ჰყავდა, მამა კი – ქართველი. თუმცა, ეტყობა, მამამისი საქართველოში ყოფილა გაზრდილი. როდესაც მისი ვინაობით დავინტერესდი, შევიტყვე, რომ ის ვინმე ბეიბულატ ცოკოევი ყოფილა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოდან იყო. ქართველისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ამ ქალბატონს გარეგნობა ნამდვილად კავკასიური ჰქონდა.
– სენდაი ახალგაზრდა ქალაქია?
– სენდაი დააარსა უძლიერესმა ფეოდალმა დატე მასამუნემ მეთექვსმეტე საუკუნეში. იგი გახლდათ უაღრესად განათლებული, შესანიშნავი ორგანიზატორი და მეომარი. მას ბავშვობაში ყვავილისგან დაუკარგავს ცალი თვალი, რის გამოც დედამაც კი შეიჯავრა. საინტერესოა, რომ მის სახელს უკავშირდება იაპონელთა პირველი ელჩობა რომის პაპთან. სენდაის ჩრდილოეთით არის მუზეუმი, სადაც დატე მასამუნეს ცვილის ქანდაკებებია. იქ ნახავთ თუ როგორი იყო იგი თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, ვთქვათ ბავშვობაში, როცა თვალი დაკარგა; ბრძოლებში, ელჩობისას რომის პაპთან გაგზავნის დროს და ასე შემდეგ.
– ცნობილი კურორტი მაცუშიმა თუ მოინახულეთ?
– მიხარია, რომ მომეცა ამის შესაძლებლობა. ეს კურორტი – ტურისტული და სამუზეუმო ცენტრი – განლაგებულია წყნარი ოკეანის ყურეში. მე იქ გემით გასეირნების საშუალება მომეცა. ირგვლივ ძალიან უცნაური ფორმის კუნძულებია. იქაური ფრინველები იმდენად მიჩვეულნი არიან ტურისტებთან ურთიერთობას, რომ პირდაპირ ხელიდან იღებენ მიწოდებულ საჭმელს. მიხარია, რომ ამ კურორტზე ქართული კვალი აღმოვაჩინე.
– რას გულისხმობთ?
– ვნახე ხე, რომელიც კურორტის სანაპიროზე იზრდება. იგი ფესვებით არის ჩაჭიდებული კლდოვან ზედაპირზე. მცენარეს ლათინურად აწერია, რომ ეს ხე არის „ძელკოვა“. „ძელკოვა“ კი არის „ძელქვა“, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა თავისი ქართული სახელით. ეს მცენარე იზრდებოდა კოლხეთში და ისეთი ქვასავით მაგარი მერქნის ჯიშია, რომ წყალში იძირება. ძალიან გამიხარდა, რომ ამ შორეთშიც აღმოვაჩინე ქართული კვალი. იქაურებსაც ვუამბე ამის შესახებ.
– იაპონიაში თქვენი სტუმრობის პერიოდს მიწისძვრა ხომ არ დაერთო?
– შეიძლება ითქვას, რომ მიწისძვრებიც იაპონელთა ტრადიციის განუყოფელი ნაწილია (იცინის). კონფერენციის დაწყების დღეს, უეცრად, საკმაოდ ძლიერი ბიძგები ვიგრძენით – მაგიდა აშკარად შეირხა და მასზე დადვმული ჭურჭლიდან წყალიც გადმოიღვარა. თუმცა, იაპონელებს ამაზე რეაქციაც არ ჰქონიათ. თუ რაღაც განსაკუთრებული სიმძლავრის ბიძგი არაა, ყურადღებას არ აქცევენ. მცირებალიანი მიწისძვრები იაპონელთა ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია (იცინის).
– გარდა იაპონიისა, კიდევ რომელი ქვეყნები მოიარეთ?
– სამეცნიერო მივლინებებში მრავალ ქვეყანაში მიწევს მოგზაურობა. შარშან ვიყავი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში. ცნობილია, რომ კემბრიჯი არის საუნივერსიტეტო ქალაქი. კოლეჯები, ლიცეუმები და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებები ისეა განლაგებული და ერთმანეთში შერწყმული, რომ ჩემთვის პირადად გაუგებარი იყო, სად მთავრდებოდა ერთი და იწყებოდა მეორე. ქუჩებში არის არაჩვეულებრივი განწყობა. ყველა უნივერსიტეტსა თუ კოლეჯს, თავისი ძველი ტაძარი აქვს. ერთი მათგანია კარმოოქრული მეფეთა ტაძარი – ყოფილი კათოლიკური, შემდეგ კი პროტესტანტულად გადაკეთებული. ბოლო პერიოდში კემბრიჯის ცენტრში დადგეს ახალი საათი, რომლის ციფერბლატიც საინტერესოდ ტრიალებს – მას დაჰყვება ჭრიჭინა და „ჭამს დროს“.
– ჭრიჭინა უქნარაა და, ალბათ, სტუდენტებს ამ საათის მეშვეობით, მოუწოდებენ, რომ უქმად არ დაკარგონ დრო?
– არ ვიცი, ალბათ, ასეა. იმ კოლეჯში, რომელშიც მე ვიყავი, ძალიან ძველი ბიბლიოთეკა იყო, სადაც ნახავდით მეთოთხმეტე საუკუნის ხელნაწერ წიგნებს. საოცარია, რომ პროფესორები და სტუდენტები ერთად სადილობენ – ეტყობა, ეს ტრადიცია იმ დროიდან მოდის, როდესაც საჭირო იყო ზედამხედველობა, რადგან, პროფესორების მაგიდა შედარებით ამაღლებულ ადგილას დგას, სტუდენტების – ცოტა ქვემოთ. საოცარია თვითონ სასადილო ოთახი – ძველი პორტრეტებით, მოხატული ჭერით, უზარმაზარი ბროლის ჭაღებით. თითქოს ტრაპეზის მიღებისას იმ ძველ ეპოქაში გადადიხარ.
– კიდევ რომელი ქვეყნის მონახულებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– უახლოეს მომავალში ვაპირებ გავემგზავრო ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმედია, ხელს არაფერი შემიშლის და აუცილებლად მოვახერხებ.