ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹28-34(452)
იამ იცოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო უხილავი თაყვანისმცემელი. ქალი ყოველთვის გრძნობს მამაკაცის ყურადღებას. უფრო მეტიც, ის თავად კაცზე ადრე ხვდება რაღაცის დასაწყისს. იმ უხილავ ძაფებსაც პირველი ხედავს, რომლებიც ქალსა და კაცს შორის იბმება ხოლმე. ჯერ კიდევ სკოლაში შენიშნა, როგორი გადაჭარბებული თავაზიანობით ეპყრობოდა ლევანი, მაგრამ იცოდა, რომ ბიჭი ერთ ნაბიჯსაც ვერ გადმოდგამდა წინ. ნიკუშამ თავისი არჩევანით სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით შეაფერხა მათი ურთიერთობის სხვა ფაზაში გადასვლა. ია დიდად არ წუხდა ამაზე. მას ნიკუშა მოსწონდა, ლევანით კი, ალბათ, კარგად გაერთობოდა, ნიკუშას მეგობარი რომ არ ყოფილიყო. ია დარწმუნებული იყო – დაამთავრებდა სკოლას და გათხოვდებოდა. ამიტომ სწავლითაც დიდად თავს არ იკლავდა. რისთვის მჭირდება, ნიკუშას მამა რძალს უმაღლესის გარეშე მაინც არ დატოვებსო. მხოლოდ დამამთავრებელ კლასში შეეპარა ეჭვი. უნდოდა კი, საერთოდ, ნიკას მისი ცოლად შერთვა?! თუ, ეს მისი, ქარაფშუტა გოგოს წარმოსახვა იყო და სხვა არაფერი? საქმე ისაა, რომ ნიკას იასთვის სიყვარული არ აუხსნია, ოფიციალურად არ აუხსნია, თორემ, სკოლაშიც და ნახევარ ქალაქშიც ყველამ იცოდა, რომ ია „მისი გოგო“ იყო. ია ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა ბიჭის იდუმალ მფარველობას. თუ სადმე წავიდოდა ნიკუშას მეგობრებიდან რომელიმე აუცილებლად „შემთხვევით“ შეხვდებოდა და გააცილებდა. მარტო, ფაქტობრივად, არასდროს ტოვებდნენ. ძალიანაც რომ მოენდომებინა, ნიკუშას „ჯაშუშები“ ყველგან იყვნენ. დაბადების დღეზე ან დღესასწაულებზე ყვავილები და საჩუქარიც ხვდებოდა კართან, მაგრამ თავად ნიკუშას არასდროს მიურთმევია საყვარელი გოგონასთვის ერთი ყვავილიც კი. ია ბევრს ფიქრობდა, მაგრამ მის საქციელს ვერაფრით ხსნიდა. ზოგჯერ შინაგანი პროტესტი სერიოზულად უმწვავდებოდა და ასეთ წუთებში მზად იყო, ნიკუშასთვის ყველაფერი პირში მიეხალა, ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობდა, მაგრამ გამბედაობა ერთხელაც არ ეყო ამის გასაკეთებლად. შეიძლება იმიტომ, რომ ნიკუშა უყვარდა. თუმცა, ის ხომ ყველას უყვარდა სწორედ იმ უცნაურობების, აუხსნელი ხასიათის გამო.
***
ქალმა შეუმჩნევლად დაქაჩა სახელოზე. კაცმა უკმაყოფილოდ გაუქნია ხელი.
– ნუ იბღვირები, ყველა შენ გიყურებს, – ჩასჩურჩულა ცოლმა, – რა ლამაზი ქალია, არა?
– არაფერი განსაკუთრებული. ჩვეულებრივი ქალია, ოღონდ, ეტყობა, იცის, თავს როგორ მოუაროს. უცნაური ის არის, რომ შენი ყურადღება მიიქცია.
– მარტო ჩემი? ვერ ამჩნევ, კაცები როგორ პირდაღებულები შესცქერიან? კარგი გემოვნება ჰქონია...
– ვის? – კაცი აშკარად არ უსმენდა ცოლის ლაქლაქს.
– გაუშვი ხელი მაგ ჩანგალს, რა გემართება? ისეთი სახე გაქვს...
– როგორი? ჰო, როგორი სახე მაქვს? გეუბნებოდი, არ წამოვსულიყავით, მაგრამ მაინც შენი გაიტანე. ყოველთვის ასეა, ჩემს სიტყვას ფასი არ აქვს!
– რა დაგემართა, ვერ ვხვდები, – ქალი შეეცადა, არაფერი შეემჩნია. გვერდით მჯდომ მამაკაცს გაუღიმა და ქმარს მაგიდის ქვეშ ფეხი წაჰკრა, თან თავისთვის ჩაილაპარაკა, – აუტანელი ხარ...
– წავიდეთ, – თქვა კაცმა და ასადგომად წამოიწია, მაგრამ მასპინძლის მზერამ და თითქოს მბრძანებლურად ნათქვამმა პატარა ფრაზამ, განზრახვაზე ხელი ააღებინა:
– ჩემი პარტნიორები ყველა საქმეში ბოლომდე ჩემთან არიან.
ქალმა ნიშნისმოგებით ჩაიცინა.
– აი, ეს გინდოდა. ვეღარ მიხვდი, რომ ჩაყოლა გაცილებით ჯობს ჩათრევას? დღევანდელ საღამოზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. გუშინ არ ამბობდი ამას?
– არ შეგიძლია, გაჩუმდე? – შეიჭმუხნა კაცი და გაიფიქრა, რომ მისი ცოლი, ყველა სიკეთესთან ერთად, სულელიც ყოფილა, მისი ფიქრის პასუხად ქალმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:
– შეიძლება, სულელი გგონივარ, მაგრამ თუ გინდა, ცხოვრებაში რამეს მიაღწიო, საჭირო დროს გაღიმება უნდა ისწავლო, მით უმეტეს, რომ ეს ძნელი გასაკეთებელი სულაც არ არის.
კაცმა უსიტყვოდ გადაყლაპა ცოლის მორიგი „ბრძნული“ რეპლიკა და მალულად გაიხედა იქით, სადაც მასპინძლის მეუღლე სტუმრებს გაბადრული სახით რაღაცას უხსნიდა. ქალის გადატკეცილ სახეს მშვიდი ღიმილი არანორმალურად შვენოდა და მიუწვდომლობის განცდა კიდევ უფრო სასურველს ხდიდა მას. კაცმა თავი ცუდად იგრძნო. იმ წუთში ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ იქ არ მჯდარიყო. მდუღარე კუპრში უკეთესად იგრძნობდა თავს, ვიდრე გაშლილ სუფრასთან. სულშეხუთულმა პერანგის ღილი შეიხსნა და საყელო მოიღეღა. „იდიოტი ვარ, ნამდვილი იდიოტი“, – ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ ცოლმა მაინც გაიგონა მისი სიტყვები.
– რა თქმა უნდა, ამას არ გეუბნებოდი?
– დიანა, ძალიან გთხოვ, წამოდი სახლში. ცუდად ვარ...
– ისე, მართლა ცუდი ფერი გაქვს. კარგი, წავიდეთ, რომ არ ჩააშხამო ადამიანს, ხომ არ შეგიძლია...
***
ტელეფონის ზარი შუაღამისას გაისმა... ქალს არ ეძინა. თვალებდახუჭული იწვა. თითქოს ელოდა ამ ზარს... გვერდით მწოლ მამაკაცს დახედა, რომელმაც მხოლოდ გვერდი იცვალა... ადგა, ტელეფონის აპარატი აიღო და ფეხაკრეფით გავიდა მეორე ოთახში... ტელეფონმა ისევ დაიწკრიალა.
– გისმენთ.
– მე ვარ...
– მივხვდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დარეკავდი, თუმცა, ვერ ვხვდები, ეს რისთვის გჭირდება.
– როგორ... როგორ ვერ ხვდები... რატომ არ მითხარი, თუ... თუ ... – კაცს ისევ შეეხუთა სული.
– თუ სერგოს მივყვებოდი ცოლად? ამას შენთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა? სათქმელი გასაგებად მითხარი... ორი თვის განმავლობაში ერთხელაც არ დაგირეკავს. მაინც რას ითხოვ ჩემგან? სახლში უნდა ვმჯდარიყავი და შენს გამოჩენას მზის ამოსვლასავით დავლოდებოდი? რატომ ხარ ასეთი ეგოისტი?
– ეგოიზმი არაფერ შუაშია... – კაცმა ამოიოხრა, – მიყვარხარ...
– რას მეუბნები?! – დასცინა ქალმა, – მართლა გიყვარვარ?
კაცმა ყურადღება არ მიაქცია მის ხმაში გარეულ გესლს.
– რაღაც მოვიფიქროთ. მე არ შემიძლია ასე... მართლა...
– რა არ შეგიძლია? არ მესმის, რას გულისხმობ. მგონი, ყველაფერი კარგად არის.
– დამცინი? თუმცა, შენ ეს შეგიძლია. ახლა უკვე ყველაფრის უფლება გაქვს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვაპირებ ჩემი უფლებების ბოროტად გამოყენებას. შეგიძლია, მშვიდად იყო.
– მე მარტო უშენობის მეშინია.
ქალმა გაიცინა:
– საიდან ასეთი რომანტიზმი? მაოცებ, ძვირფასო. შენ შენი არჩევანი გააკეთე, ასე რომ...
– ჰო, მე ცოლი შევირთე, შენ გათხოვდი.
– კარგად დაიწყე: „მე ცოლი შევირთე“ და „შენ გათხოვდი“. გმადლობ, რომ ქრონოლოგია არ დაარღვიე. რაინდული, ღირსეული საქციელია.
– ელენე, გთხოვ... დამინდე. დღეს გიყურებდი და მივხვდი, რომ სისულელე გავაკეთე. უშენოდ არ შემიძლია, უნდა გნახო...
– ძალიან კარგად შეგიძლია. შენ ახლა ბოღმა გკლავს. ყველაფერს წარმოიდგენდი იმის გარდა, რომ სერგოს გავყვებოდი ცოლად, კაცს, რომელზეც შენი კარიერა და მომავალია დამოკიდებული. გული ნუ გისკდება, გითხარი, ჩემი უფლებების ბოროტად გამოყენებას არ ვაპირებ-მეთქი. შეგიძლია, მშვიდად დაიძინო.
– ელენე, ნუ იქნები ასეთი სასტიკი... – კაცი მუდარაზე გადავიდა.
– იცი, რომელი საათია? სადაც არის, გათენდება. მეძინება...
– ელენე, ნუთუ სულ პატარა შანსსაც არ დამიტოვებ?
– ნუ მაცინებ. რა შანსზე ლაპარაკობ? ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.
– ამას ნუ ამბობ. ხელს რა გვიშლის, რომ...
– გაგიჟდი? შენ გგონია, საყვარლად დაგიჯდები? რა დიდი წარმოდგენის ყოფილხარ საკუთარ თავზე!.. მე მიყვარს სერგო. ცოლობა მთხოვა, იმიტომ, რომ მასაც ვუყვარვარ. დარწმუნებული ვარ, ერთად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ. კიდევ რა გითხრა... ჰო, გადაწყვეტილი მაქვს, შვილიც გავუჩინო. თანაც, ერთი კი არა, რამდენიმე. ასე რომ, შეგიძლია, გულდამშვიდებული მიუწვე შენს ცოლს. სხვათა შორის, მომეწონა, კარგი ქალი ჩანს, თუ შენ არ მოწამლავ და გადარევ...
– ელენე...
– აღარ დამირეკო. ამას ისევ შენთვის ვამბობ.
– თორემ ყველაფერს შენს ქმარს ეტყვი?
– საცოდავი არარაობა ხარ და მებრალები...
ქალმა ყურმილი დაკიდა... კაცი კიდევ დიდხანს იჯდა ტელეფონის აპარატით ხელში და ფიქრობდა. იგრძნო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, თამაშის ახალი წესებითა და დაუნდობელი რეალობით...
***
ვახომ თვითონ დარეკა. არ დალოდებია ნიკუშას მისვლას.
– პირობა ხომ არ დაგავიწყდა?
ნიკუშამ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა:
– არ დამვიწყებია, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, არც კი ავმდგარვარ.
– მერე, ადექი! რა გაკავებს ლოგინში? შენც, საყვარელი ქალი არ გეწვეს გვერდით.
ნიკუშამ ნატას დახედა. ეს გოგო არაფრით ჰგავდა იას.
– საყვარელი ქალი რა შუაშია, მძინავს.
– ხომ გაგაღვიძე, ჩაიცვი და წამოდი!
– ამ დილაუთენია? რა მეჩქარება!
– ბიჭო, ხომ მოვილაპარაკეთ, – აღშფოთდა ვახო, – ხომ დამპირდი, რომ დღეიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებდი. მუშაობას იწყებ. ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის, შენს უსაქმურობასაც.
– ღმერთო, ყველას ერთად რატომ გაწუხებთ ჩემი უმუშევრობა?
– მორჩი ლაქლაქს და წამოდი. იცოდე, ნახევარ საათში იქ უნდა იყო.
– ვერ მოვასწრებ. ერთი საათი მაინც დამჭირდება, სულ მინიმუმ.
ვახომ ამოიოხრა.
– კარგი. ერთი საათი იყოს. ყავა არ დალიო. აქ დაგალევინებ, ჩემთან. ერთად ვისაუზმოთ.
– ჰო, კარგი... კარგი...
ნატამ ზანტად გაახილა თვალები...
– ვინ გირეკავს ამ დილაუთენია? არსად ვმუშაობო, ხომ მითხარი?
– გითხარი, მაგრამ ჩემი ძმაკაცები მეტისმეტად შევაწუხე ამით. უნდათ, რომ მეც მათსავით „ვიპახავო“.
– ლევანი იყო? – ნატამ იდაყვებზე წამოიწია. ნიკუშა გვერდით მიუჯდა, შიშველ მხრებზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
– შენ სულ ლევანი ნუ გელანდება. იცი, როგორი დისკომფორტი მაქვს, როცა ვფიქრობ, რომ ძმაკაცის ქალთან ვწევარ?
ნატამ უხეშად მოიშორა მისი ხელი და უკმეხად მიუგო:
– მე ლევანის ქალი არ ვარ.
– აბა, ვისი ხარ, პატარავ?
– ენას ნუ მიჩლექ, ვერ ვიტან. ტელევიზორი ჩართე, საინფორმაციო გამოშვებას უნდა ვუყურო.
ნიკუშას გაეცინა:
– მართლა?
– ჰო, რა იყო, რატომ გაგიკვირდა?
– ისე. მეგონა, შენი ინტერესის სფერო ბრაზილიური და არგენტინული ტელესერიალები იყო.
– შენი უბედურება ის არის, რომ თავი ყველაფრის მცოდნე გგონია. ტელესერიალებს საერთოდ არ ვუყურებ და, სხვათა შორის, ფსიქოლოგიურ ფაკულტეტსაც ვამთავრებ. ამას ისე გეუბნები.
ნიკუშამ წაუსტვინა:
– ეტყობა, მართლა მაგრად ჩამოვრჩი ცხოვრებას. ახლა თურმე კახპებსაც კი მეორე პროფესია აქვთ.
– სიამოვნებით გაგარტყამდი სახეში, ნამდვილად იმსახურებ და ამას მარტო იმიტომ არ გავაკეთებ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში შენი ნამდვილი სახე დავინახე.
– და... ფსიქოლოგიური ანალიზის გაკეთებაც მოასწარი. აბა, როგორია ჩემი ფსიქოპორტრეტი?
გოგოს გაეღიმა.
– რადგან იღიმები, ეს იმას ნიშნავს, არც ისე ცუდად მქონია საქმე.
– ტყუილად გიხარია. კომპლექსებით ხარ დახუნძლული. ჩართე ტელევიზორი.
ნიკუშამ ტელევიზორი ჩართო და სააბაზანოში გავიდა. როცა დაბრუნდა, ლოგინში ფეხმორთხმით მჯდარი ნატა სიგარეტს ეწეოდა.
– აბა, აკრიფე საჭირო ინფორმაცია, ქალბატონო ფსიქოლოგო?
ნატამ სიგარეტის კვამლი ჭერისკენ მიმართა და ნიკუშას დაძაბული მზერა მიაპყრო:
– რატომ ხდება, რომ ფულს და განძს ხშირად ისინი პოულობენ, ვისაც ის არაფერში სჭირდება?
– მაგაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ რადგან შენ ამბობ, ეტყობა, ასეა. რატომ გაგახსენდა?
– ძალიან ცნობილი ფრანგი მხატვრის უცნობი ტილო აღმოაჩინეს. უბრალო ჩარჩოთი, ძალიან მდიდარ ოჯახში ეკიდა, სასადილო ოთახში და ოჯახის უფროსს მისი გადაგდებაც ნდომებია. არადა, ორ მილიონ ევროდ შეაფასეს ექსპერტებმა. წარმოგიდგენია? ნეტავი, რას გრძნობ, როცა იცი, რომ ორი მილიონი ევრო გაქვს?
ნიკუშას სახიდან ღიმილის კვალიც კი გაქრა. წარბშეკრულმა ჯინსი ამოიცვა და ქამარი შეიკრა.
– მგონი, შენც სადღაც იყავი წასასვლელი.
– რა დაგემართა? – გაუკვირდა გოგოს.
– არაფერი, არ მსიამოვნებს სხვის მილიონებზე ლაპარაკი.
ნატამ მხრები აიჩეჩა:
– უნდა გესიამოვნოს ან მე მსიამოვნებს-მეთქი, არ მითქვამს. უბრალოდ, ამ თემაზე ორი დღის წინაც იყო სიუჟეტი და დღესაც. მგონი, ნახატს საქართველოსთან უნდა ჰქონდეს რაღაც კავშირი.
– არ მაინტერესებს, – მოუჭრა ნიკუშამ და მაისურს დასწვდა, – მართლა ძალიან მეჩქარება, დროზე რომ არ მივიდე, ვახოს ამბავი რომ ვიცი, თვითონ დამადგება თავზე, არ მინდა, ერთად გვნახოს.
– გასაგებია, – ირონიულად ჩაილაპარაკა გოგომ, – კაბა მომაწოდე!
– არაფერიც არ არის გასაგები. შენ საერთოდ არაფერი იცი. დაგირეკავ.
***
ლევანი რომ სახლში მივიდა, ნათია უკვე წასვლას აპირებდა თინიკოს ემშვიდობებოდა და მხარზე ჩანთაგადაკიდებული, რაღაცაზე უთანხმდებოდა. ლევანი რომ დაინახა, მაშინვე გაჩუმდა. ლევანს თავიდანვე არ მოეწონა მეგობრის არჩევანი და ახლაც მიაჩნდა, რომ დათოს გაცილებით უკეთესი ცოლის მოყვანა შეეძლო. ნათიას მარტო გარეგნობა კი არა, აზრებიც პროვინციული ჰქონდა, ეჭვიანიც იყო და ინტელექტიც აკლდა. ეს, რა თქმა უნდა, ლევანის აზრით. მასთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა და გაუკვირდა, როცა ნაცნობ-მეგობრების არჩევაში განსაკუთრებით პრეტენზიულმა თინიკომ ადვილად დაიახლოვა ეს გოგო. ხშირად ეპატიჟებოდა სხვადასხვა გასართობ ადგილებში და საყიდლებზეც კი დადიოდნენ ერთად. მათი „იდილია“ დროებით შეწყვიტა ნათიას ორსულობამ. ქალი სახლში არჩევდა ყოფნას და ქმარს გულს უწყალებდა ჭირვეულობით. ლევანი თავაზიანი, მეგობრული ღიმილით მიესალმა.
– ოო, სტუმარი გვყოლია. უკვე მიდიხარ? რატომ? დარჩი კიდევ ცოტა ხანს, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ...
ნათია აიმრიზა:
– დავრჩებოდი, მაგრამ ჩემი ექიმი მირჩევს, უარყოფით ემოციებს და იმ ადამიანებს მოვერიდო, რომლებიც ნერვებს მიშლიან. ასე რომ, მირჩევნია წავიდე, – ნათიამ შეკრული წარბი მხოლოდ მაშინ გახსნა, როცა თინიკოსკენ შებრუნდა.
– გმადლობ, საყვარელო, ძალიან დამეხმარე. აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას და ყოველთვის შენი იმედი მექნება.
თინიკომ ნაზად შეახო გაწვდილ ლოყაზე ტუჩები.
– მძღოლს ვეტყვი და წაგიყვანს. – გამოიჩინა ინიციატივა ლევანმა.
– გმადლობ, არ არის საჭირო. ტაქსი უკვე მელოდება. კარგად იყავით, – ნათიამ კიდევ ერთხელ დაუქნია თინიკოს ხელი და შეთქმულივით გაუღიმა.
ლევანმა ფეხსაცმელები პირდაპირ შემოსასვლელში მიყარა და წინდებისამარა შეტანტალდა ოთახში. ზუსტად იცოდა, როგორ გაეღიზიანებინა ცოლი და ასე მისი ჯიბრით იქცეოდა. მაგრამ ამჯერად ქალი არ წამოეგო მის პროვოკაციაზე. უშფოთველი გამომეტყველებით ჩაეშვა სავარძელში და მშვიდად მოუკიდა სიგარეტს. ლევანმა საქმეში „მძიმე ტექნიკა“ ჩართო:
– აბა, რა ქენით, გააფორმეთ საუკუნის შეთქმულება? – ჰკითხა ირონიით.
– ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ პერსონაზე. რატომღაც, გგონია, რომ დღე და ღამე მარტო შენ მყავხარ სადარდებელ-საზრუნავი. ნათიამ კონსულტაციისთვის შემომიარა.
კაცმა თავი დაუქნია:
– რა თქმა უნდა, კონსულტაციისთვის. ვიცი თქვენი კონსულტაციები. დარწმუნებული ვარ, მეც და დათოც, ორივე კარგად დაგვამუშავეთ. მაგ მდედრობითი სქესის ოტელოს კიდევ შენი გადარევა უნდა, ისედაც თავფეხიანი გიჟია?! შეჭმული ჰყავს ბიჭი.
– წესიერად ილაპარაკე. დათოს კი შენი ადვოკატობა არაფერში სჭირდება. ისედაც მშვენივრად ახერხებს თავის დაცვას. სულ არ ეცოდება, საწყალი გოგო, თითქოს სხვის შვილზე იყოს ფეხმძიმედ. არა, კაცები საზიზღარი და უგულო არსებები ხართ. არანაირი პროგრესი არ დაგეტყოთ. თქვენი ინტელექტი და შეგნება ისევ პირველყოფილ დონეზეა. მარტო ინსტინქტები გამოძრავებთ.
ლევანმა მხრები აიჩეჩა:
– რა გითხრა. შეიძლება, მართალიც ხარ. რა ქენი, იცი?! მაინც არაფერს აკეთებ და, იქნებ სერიოზულად მოგეკიდა ხელი ამ თემისათვის?
– რაა?! თინიკო ეჭვით მიაჩერდა ქმარს.
– ჰო, თუ არ ვცდები, ჯერ ამ სფეროში სრულფასოვანი კვლევა არავის ჩაუტარებია. რა გინდა, ცდის ობიექტებიც აგერ გყავართ – მე და ჩემი ძმაკაცები. თანაც, ერთმანეთისგანაც განვსხვავდებით. დამიჯერე, შენს ნაშრომს დიდი წარმატება ექნება. შეიძლება, ნობელის პრემიაც მოგცენ. საყოველთაო აღიარება და მსოფლიოს ფემინისტი ქალების სიყვარული ხომ გარანტირებული გაქვს.
– დამცინი, არა?! კარგი, ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს. – ნიშნის მოგებით გადააქნია თავი ქალმა, – ზოგჯერ ისეთი აუტანელი ხარ, სურვილი მიპყრობს, რამე მძიმე ნივთს დავავლო ხელი და პირდაპირ თავზე დაგიშვა.
– საკუთარ სურვილებზე ყოველთვის უარის თქმა სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს – ფობიებს, მანიაკალურ გადახრებს და ათას პათოლოგიას.
– იდიოტი ხარ!
– აი, ხომ ვამბობ! დროა, იფიქრო ამაზე!
– ლევან, გეყოფა, თორემ მართლა გამომტყუებ რაღაცას. შენი ატანა დღითიდღე შეუძლებელი ხდება. ან გამთენიისას მოდიხარ სახლში და მაშინვე იძინებ, ან მოდიხარ იმიტომ, რომ ნერვები მომიშალო. პირდაპირ მითხარი, რა გინდა?
ლევანმა ცოლს შეხედა. სახეაწითლებულ ქალს თითები უკანკალებდა. შეეცოდა. თინიკო არ იყო დამნაშავე იმაში, რომ ვერაფრით ვერ შეძლო იას დავიწყება.
– კარგი. მოდი, შევრიგდეთ. ბავშვი სად არის?
თინიკომ გაოცება ვერ დამალა:
– ბავშვი? ზურაზე მეკითხები?
– აბა, სხვა ბავშვი ჯერ არ მაღირსე, – გახუმრება სცადა ლევანმა, მაგრამ მის ხუმრობას ცოლის ისეთი რეაქცია მოჰყვა, ინანა, საერთოდ რომ ამოიღო ხმა.
– არც გეღირსება! – მიახალა თინიკომ და თვალები აუცრემლდა, – უსინდისო ხარ. ჩემი სუსტი წერტილი იცი და ამაზე თამაშობ. მე არ გაღირსე, ხომ? შენ მითხარი, რომ ჩემგან შვილი გინდა და მე არ გაგიჩინე? არ გრცხვენია, ამას რომ მეუბნები?
– რა ვთქვი ისეთი, ასე რომ გადაირიე? მე უნდა გითხრა, შვილი რომ გააჩინო? ან, რა შემატყვე, რომ ბავშვი არ მინდა?
– შეგატყვე. მართლა სულელი ხომ არ გგონივარ? ისედაც ვერაფრით მოგაწონე თავი და ფეხმძიმეს ხომ საერთოდ შემიძულებ. წარმომიდგენია, როგორ დაიღრიჯები ჩემი გაბერილი მუცლის დანახვაზე.
– ეგ ყველაფერი შენი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. – გაბრაზდა ლევანი, – შენ გააჩინე და ნახავ, როგორი მამა ვიქნები!
– ექსპერიმენტი ჩავატარო? არა, გმადლობ, ვერ წავალ რისკზე. შენ რა გენაღვლება, თავის გასამართლებლად ჩემი ორსულობა გჭირდება, რომ თავისუფლად იარო კახპებში. არ მოგცემ ამის საშუალებას.
– დროა, ფსიქოლოგს მიაკითხო, – ამოიოხრა ლევანმა, – სანამ კიდევ უფრო დაგმძიმებია მდგომარეობა. მერე შეიძლება, გვიან იყოს.
– ჩემი ფსიქიკა სრულ წესრიგშია და მორჩი ამ პროვოკაციას. ძალიან კარგად მახსოვს, როცა პირველად წამოვიწყეთ ბავშვზე ლაპარაკი, რა მითხარი.
ლევანმა მეხსიერება დაძაბა. შეიძლება, როდესღაც მართლა წამოსცდა ხმამაღლა ის, რასაც ამ საკითხზე ფიქრობდა.
– ვერ გაიხსენე? – სარკასტული ღიმილით ჩაეკითხა ცოლი, – ვის ჰქონია ფსიქოლოგიური პრობლემები?! გინდა, დაგეხმარო? ოჯახში ერთი ბავშვი სრულიად საკმარისია, ყოველ შემთხვევაში, თანაცხოვრების პირველ ეტაპზეო და არც მეორე ეტაპის დაწყება არ გამოგიცხადებია.
– არც შენ გაგიგიჟებია თავი, შვილის გაჩენა მინდაო...
– გელოდებოდი, მაინტერესებდა, როდის მეტყოდი, დროა, შვილზე ვიფიქროთო. ზურა შენი შვილი არ არის, მას სხვა გვარი აქვს. მართალია, შვიდი წელია, შენთან იზრდება და ვერც იმას ვიტყვი, რომ არ ზრუნავ მასზე, მაგრამ საკუთარი შვილის ყოლა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის.
– რადგან ის მაინც თქვი, რომ ზურაზე ვზრუნავ, ესე იგი, მთლად გადასაგდები არ ვყოფილვარ, – ჩაილაპარაკა ლევანმა, – შენ იცი, რა არ გესმის? რომ მე უამრავი საქმე მაქვს. აღარ მრჩება დრო, რომ შენს საფიქრალზეც მე ვიფიქრო. გინდა, შეგეხვეწო, რომ შვილი გამიჩინო? კარგი, შეგეხვეწები: საყვარელო, გევედრები, დაორსულდი. ძალიან მინდა შვილი!..
– მასხარა ხარ. როგორ შეგიძლია, ასეთ მნიშვნელოვან თემაზეც კი ცინიზმით ილაპარაკო?
– აბა, რა ვქნა? შენ რომ აგყვე და, რასაც მეუბნები, სერიოზულად მივიღო, გავგიჟდები. ისედაც არ მაკლია პრობლემები.
– ხომ ვერ იტყვი, რომ მე ვარ შენი პრობლემა?
– სამაგიეროდ, მამაშენმა მოახერხა იმდენი, რომ თავის ასატკიებელი არ გამომელიოს.
– იმ კაცისგან მაინც რაღა გინდა, რას ერჩი? რაც აქვს, ჩვენთვის აქვს. თავისთვის დაბუნჩულობს. აღარ იცის, როგორ დაგვეხმაროს. შენც პატივს გცემს, მაგრამ ცხვირს თავად უბზუებ. იმიტომ, რომ შენნაირად ვერ აზროვნებს. რას იზამ, სხვა დროში გაიზარდა და სხვა იდეალები აქვს.
– ჰმ, სხვა იდეალები, – ჩაიცინა ლევანმა – მამაშენს მხოლოდ ერთი იდეალი აქვს – ფული. ყველა დროში და ყველა სიტუაციაში, ამაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი არსებობს, შენზე მეტადაც კი უყვარს.
– გეყოფა, მეტისმეტი მოგდის! მამაჩემს რომ ვუყვარვარ, ამაში ეჭვი ოდნავაც არ მეპარება. ისღა გაკლია, ახლა მას გადამამტერო. ფულზე კი არავინ ამბობს უარს. მარტო ის ამტკიცებს, ფული საზიზღრობაა და არ მჭირდებაო, ვისაც მთელი ცხოვრება პათოლოგიურად არ უმართლებს და ფულის ქრონიკული დეფიციტი აქვს. მაგისთანები უფრო ემონებიან ფულის ძალას. მამაჩემს იმდენი ყოველთვის ჰქონდა, რომ თავი მათხოვრად არ ეგრძნო. არც არასრულფასოვნების კომპლექსს შეუწუხებია ოდესმე.
– იმიტომაც არ მოგწონვარ, ასეთი სუპერმენი მამიკოს პატრონს. არასრულფასოვნების კომპლექსი კი, მაგას რომ აქვს, ისეთი უნდა დღემდე ყოვლისშემძლე ჰგონია თავი.
– რა გინდა, ლევან, რამდენი უნდა მანერვიულო? ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ სიცოცხლე აღარ მიხაროდეს და ვინატრო, სახლში საერთოდ არ მოხვიდე!..
– რა სისულელა, ეს არც მიფიქრია. უბრალოდ, მინდა გაიგო, რომ მამაშენი სულაც არ არის ისეთი ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი, როგორადაც თავი მოაქვს. ძალიან ბევრ საიდუმლოს მალავს.
– მამაჩემი თუ რამეს მალავს, მხოლოდ თავის შემთხვევით რომანებს და, წესით, შენ ეს არ უნდა გაწუხებდეს.
ლევანმა თავი გადააქნია:
– დავიჯერო, მართლა ასეთი გულუბრყვილო ხარ, თუ, ჩემთან თამაშობ? რა შუაშია, შემთხვევითი რომანები? როგორ მიაღწია ამდენს, ვისი განადგურება და გზიდან ჩამოცილება დასჭირდა საკუთარი კეთილდღეობისთვის?
– ამას შენ ამბობ?
– ჰო, რატომაც არა? მე არავისზე გადავლით არ მივსულვარ კაბინეტამდე.
– არც მამაჩემია კრიმინალი, თორემ გაუხსენებდით ძველ ცოდვებს. თქვენ ხომ შინაურის და გარეულის გარჩევა არ იცით.
ლევანი ცოლს მიაშტერდა.
– რატომ მიყურებ, სიმართლეს არ ვამბობ? შენი სიმამრობა ვერ უშველიდა და კარგადაც დაფერთხავდით.
– მამაშენს ჰკითხე, მე რა გავაკეთე მისთვის და ის გიპასუხებს. დღესაც ჩემს კაბინეტში იჯდა.
– მამაჩემი?
– დიახ, მამაშენი. მოვიდა და იქაურობის ბატონ-პატრონივით იქცეოდა. ჭკუა დამარიგა, როგორ უნდა ვიცხოვრო. უცნაურია. ამ თაობას რატომღაც მიაჩნია, რომ სწორად იცხოვრა და ახლა ჩვენ გვმოძღვრავს. მაგათი დაშვებული შეცდომებით დაგვექცა ეს ქვეყანა თავზე. მაგრამ შენ ამის დაჯერება არ გინდა. იმიტომ, რომ საკუთარი ცხვირის იქით არ იხედები.
– მამაჩემისთვის უნდა მეთქვა, სიღარიბეში მინდა ცხოვრება-მეთქი? – ტუჩი აიბზუა თინიკომ, – სრულ ჭკუაზე ხარ? მაშინ ყველა იპარავდა რაღაცას, სისტემა იყო ასეთი. შენი ძმაკაცის მამა, ყველანი რომ მისტირით და ლამის წმიდანად შერაცხოთ, უარესს აკეთებდა. ნიკუშას მამაზე მოგახსენებ. ბოლოს თუ აურია და რაც იშოვა, ყველაფერი ქარს გაატანა, ამაში მამაჩემი არ არის დამნაშავე.
ლევანმა არაფერი უპასუხა ცოლს. ნიკუშას ხსენებამ, რაღაც მოაგონა...
***
ოთახში შესულ ჟანს ცოლი ისევ სავარძელში მჯდომარე დაუხვდა. არაფრისმთქმელი მზერა ნახატზე ჰქონდა მიშტერებული.
– საყვარელო, არ ჩაიცვამ? გველოდებიან.
ქალი შეიჭმურხნა:
– აუცილებელია ჩემი წამოსვლა? სიმართლე რომ გითხრა, არ მაქვს სახლიდან გასვლის სურვილი.
კაცი ცოლთან ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა:
– მარტო მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. რომ არ მოგეწონოს? ორი თვეა, ამ ცხენის ჩამოყვანას ველოდებით. ლორდ ჩარლტონსაც ძალიან უნდა მისი ყიდვა, მაგრამ ჯერ ჩვენ გვაჩვენებენ. ამბობენ, შეუდარებელი რამეა და აუცილებლად ჩემპიონი გახდებაო.
– შენ წადი და თუ ასეთი კარგია, იყიდე, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ქალმა.
– საყვარელო, ცხენები შენი სფეროა. მე შენთვის მინდა, მაინტერესებს, როგორ მოუხდებით ერთმანეთს. მთლიანად შავიაო.
– ჟან, ახლა არ შემიძლია, რამეზე ვიფიქრო.
– მგონი, ნანობ, ინტერვიუ რომ არ მიეცი. შეგვიძლია, დავურეკოთ იმ ჟურნალისტს და ვუთხრათ, რომ გადაიფიქრე.
– არა, არ არის საჭირო.
– მაშინ, ნუ ხარ ასეთი მოწყენილი. ცუდად მოვიქეცი, ამ სურათის ამბავი რომ გავარკვიე. არ იყო ამისი აუცილებლობა. გინდა, გავყიდოთ?
ქალმა ისე შეხედა, რომ კაცი მაშინვე მიხვდა თავისი ნათქვამის უაზრობას.
– შენ ფიქრობ, რომ ეს ახალი ამბავი თქვენს ურთიერთობაზე იმოქმედებს? იქნებ მიხვდეს, რომ შენთან მტრობას მეგობრობა ჯობია. მით უმეტეს ახლა, როცა რამდენიმე მილიონის პატრონი შეუძლია გახდეს. ორი მილიონი ევროც კი არ არის პატარა თანხა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
– მას ფული არ აინტერესებს, – ჩაილაპარაკა ქალმა
– შეუძლებელია. ფული ყველას აინტერესებს.
– ის სხვებს არ ჰგავს, სხვანაირია, უცნაური. არასოდეს მაპატიებს.
– მე ასე არ ვფიქრობ. დედა მაინც დედაა. უბრალოდ, პატარა ბიძგი უნდა. შენ არაფერს აკეთებ სიტუაციის შესაცვლელად.
– მე აღარ ვარსებობ მისთვის. საერთოდ აღარ ვარსებობ, გესმის? – ქალს ხმა აუთრთოლდა.
– არა, არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ. მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ თუ მართლა არ უნდა შენი ნახვა, ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანი ყოფილა, – მოიღუშა კაცი და უნებლიეთ ნახატს ახედა.
– ნეტავი, ის ვინც ეს გაჩუქა, ახლა რას ფიქრობს? ალბათ, ძალიან ნანობს, თუკი უკვე იცის, რა განძი გაუშვა ხელიდან...
გაგრძელება შემდეგ ნომერში