ვის შეუძლია, უარი განაცხადოს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და რა შემთხვევაში ეკუთვნის წვევამდელს გადავადება
როგორ ხდება ჯარში გაწვევა და რა ალტერნატივას სთავაზობს წვევამდელებს კანონი – ამ საკითხზე ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამხედრო განყოფილების უფროსი მიხეილ გოგელია გვესაუბრება.
– ბატონო მიხეილ, პირველ ყოვლისა, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხდება ჯარში გაწვევა.
– როგორც წესი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება წელიწადში ორჯერ. ყოველწლიურად გამოდის პრეზიდენტის ბრძანებულება, რაც გულისხმობს, წვევამდელების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებში ერთი წლის ვადით.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 19-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქეები და ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, თუ, რა თქმა უნდა, პირს არ აქვს ნამსახურები სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში.
– ბატონო მიხეილ, როგორ ხდება წვევამდელის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მან სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს?
– წვევამდელს ან მის ახლო ნათესავს ხელზე ბარდება რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილებაში გამოსაძახებელი უწყება, სადაც მითითებულია, თუ სად, როდის და რა მიზნით უნდა გამოცხადდეს. ერთი რამ მინდა, დავამატო, როგორმე უნდა გავაგებინოთ მოქალაქეებს, რომ უწყების მიღების შემდგომ, წვევამდელები აუცილებლად უნდა გამოცხადდნენ განყოფილებაში, რათა, პირველ ყოვლისა, გავარკვიოთ მათი სტატუსი.
– რა სანქციებს მიმართავთ წვევამდელის განყოფილებაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში?
– უწყების ჩაბარებისთანავე ძალაში შედის კანონი ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ, რაც ითვალისწინებს წვევამდელთან დაკავშირებით შესაბამისი მასალის გადაცემას სასამართლოსთვის სამხედრო განყოფილებაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში. თავის მხრივ, სასამართლო არსებული მასალების გაცნობის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წვევამდელის 1 000 ლარით დაჯარიმების ან მისი გაფრთხილების შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ, წვევამდელი კვლავაც ექვემდებარება სამხედრო განყოფილებაში გამოცხადებას.
– თუ წვევამდელი არც სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გამოცხადდა განყოფილებაში?
– ასეთ შემთხვევაში წვევამდელის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და მას 90-დღიანი პატიმრობა ემუქრება.
– რა ეტაპებს გადის წვევამდელი, რომელიც სამხედრო განყოფილებაში გამოცხადდება?
– წვევამდელი, რომელიც სამხედრო განყოფილებაში გამოცხადდება, გაგზავნილი იქნება ცენტრალურ სამედიცინო კომისიაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით. ფიზიკურად ჯანმრთელი წვევამდელები საბოლოო ეტაპზე გადიან გასაუბრებას გამწვევი კომისიის წევრებთან, სადაც მიიღება გადაწყვეტილება, თუ რომელ სტრუქტურულ დანაყოფში უნდა გაიაროს მან სავალდებულო სამხედრო სამსახური. ნაკლებად ჯანმრთელი და ავადმყოფი წვევამდელისთვის კი კანონი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის გადავადებას. 360-ე ბრძანებაში მითითებულია, თუ რომელი დაავადება რა ტიპის გადავადებას საჭიროებს.
– კიდევ ვის ეხება გადავადება?
– დროებითი გადავადება ეკუთვნით დედისერთებს, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, წვევამდელებს, რომლებსაც ჰყავთ სამ წლამდე ასაკის ერთი შვილი, მღვდელმსახურებს, ოჯახის მარჩენლებს, აფხაზეთში მამადაკარგულ ერთადერთ მარჩენალ შვილს, პირებს, რომელთაც პრეზიდენტმა გადაუვადა და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებს.
– დედისერთები არ თავისუფლდებიან ჯარიდან?
– არა, მათ მხოლოდ გადავადება ეკუთვნით, რადგან შესაძლოა, სანამ პირს 27 წელი შეუსრულდება მის მშობლებს კიდევ შეეძინოთ შვილი და აქედან გამომდინარე, გავიწვიოთ. ამიტომ, მაინც გადავადებას ექვემდებარებიან. ჩემი აზრით კი, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სურვილი, მოიხადოს ვალი სამშობლოს წინაშე და იმსახუროს ჯარში, თუნდაც ის დედისერთა ან სტუდენტი იყოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 18-დან 27 წლამდე მოქალაქე, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, თავისუფლდება სავალდებულო სამსახურიდან.
– ანუ, თქვენ გულისხმობთ, რომ გაწვევის პერიოდში დედისერთას მაინც მიუვა უწყება, რათა გადამოწმდეს, კვლავ დედისერთაა თუ არა ის?
– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ.
– როგორც ვიცი, არსებობს გადავადების კიდევ ერთი შესაძლებლობა – ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ.
– დიახ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შესაძლებელია, ასევე, 30-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად გათვალისწინებული – 2 000 ლარის ოდენობით მოსაკრებლის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს წელიწად-ნახევრით გადავადებას. მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. თუნდაც მოქალაქემ 24 წლის ასაკში გადაიხადოს 2 000 ლარი წელიწად-ნახევრით გადავადების მიზნით, ჩვენ მაინც გავიწვევთ, როგორც კი მას 25 წელი შეუსრულდება. ყოველივე ამის შემდეგ, წვევამდელს კიდევაც ეკუთვნის ქვეყნის წინაშე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვალი მოიხადოს.
– თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული რაიმე ალტერნატივა, რომლის საფუძველზეც წვევამდელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება?
– დიახ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა შესაძლებელია ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურით, რასაც თავის მხრივ არეგულირებს კანონი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ. კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ სხვადასხვა რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე (მაგალითად, რელიგია, რომელიც კრძალავს იარაღთან შეხებას ან თავად პიროვნება არის ბუნებით პაციფისტი) მოქალაქეს შეუძლია, მოითხოვოს ასეთ სამსახურში გაწვევა. ამის დადასტურება უნდა მოხდეს მოძღვრისგან წერილობითი ფორმით. ასეთ შემთხვევაში სამხედრო მსახურისგან განსხვავებით, მოქალაქე ერთი წლის ნაცვლად იმსახურებს ორ წელს. მას არ ექნება საპასუხისმგებლო მატერიალურ ან სხვა საქმიანობასთან შეხება, არ მიენიჭება სამხედრო წოდება „რიგითი“ და მის სამხედრო ბილეთში ჩაიწერება შესაბამისი ჩანაწერი. ასეთი სამხედრო ბილეთის მქონე პირისთვის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის დაწყება პრაქტიკულად, შეუძლებელია. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ნამდვილად საამაყოა. შექმნილია საუკეთესო პირობები და ამას ადასტურებენ სამხედრო სამსახურიდან დათხოვილი ჯარისკაცები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი ოჯახის წევრებიც. ყოველივე აქედან გამომდინარე, ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, ყურადღებით მოეკიდოს ჯარის თემას და სიამაყით მოიხადოს ვალი ქვეყნის წინაშე.