კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უკრავს ლიზა ბათიაშვილი ყველგან სტრადივარიუსის მეთვრამეტე საუკუნის ვიოლინოთი და როგორ გახდა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მევიოლინე


„მუსიკა ისეთი ძლიერია, მე თვითონ მავიწყდება ხოლმე ყველაფერი – ის, რომ დარბაზში ზის ხალხი, მე კი სცენაზე ვდგავარ... განსაკუთრებით, როდესაც ისეთ დიდ მუსიკას ვუკრავ, როგორიც არის მოცარტი, ბრამსი, სიბელიუსი, ბეთჰოვენი. ეს იმდენად მიმზიდველია, რომ მეც ამ მუსიკას მივყვები...“ – ეს სიტყვები ჩემს მშვენიერ რესპონდენტს, ნიჭიერ, ვირტუოზ მევიოლინესა და საოცრად თავმდაბალ ადამიანს, ლიზა ბათიაშვილს ეკუთვნის, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარი თავი, მსმენელებიც გადაჰყავს ამ საოცარ სამყაროში და შეაძლებინებს, შეიგრძნონ მუსიკალური ბგერის სიძლიერე, ჰარმონიულობა, სიმშვიდე და განსაკუთრებული ძალა.


ლიზა ბათიაშვილი: იანვარში და თებერვალში ბევრი კონცერტი მქონდა, ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ ახლა ცოტა სიწყნარე მაქვს და ვისვენებ. ცოტა ხანში უნდა დავუკრა ჰაიდელბერგის ფესტივალზე გერმანიაში; აპრილში ბევრი კონცერტი მაქვს ლონდონში, პარიზში, ბრიუსელში, ფრანკფურტში, მაისში კი დავუკრავ ვენაში, ჟენევაში, ციურიხში... 2012 წლის ჩათვლით ყველაფერი გაწერილი მაქვს.

– ახალ წელს ბათუმში შეხვდით, ქართველი მსმენელისა და მაყურებლის წინაშე გამოხვედით... ალბათ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ღელვა გქონდათ.

– პასუხისმგებლობა ყველგან მაქვს, თანაც, ყოველთვის დიდი, რადგან მაყურებელი ყველგან მომთხოვნია და მინდა ყველგან მაქსიმალურად კარგად გამოვიდე. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ, რაც მთავარია, მუსიკის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული, თაყვანისცემა მაქვს და, მინდა, სცენაზე გამოსვლისას, დაკვრაში ასი პროცენტით ჩავდო ჩემი გული და სული. ბათუმში გამოსვლა, თან – ახალ წელს, ღია ცისქვეშ, ამდენი მაყურებლის წინაშე, განსაკუთრებული შემთხვევა იყო და დიდი სიამოვნებით მივიღე მასში მონაწილეობა. ბოლოს საქართველოში ახალ წელს მაშინ შევხვდი, როდესაც 10 თუ 11 წლის ვიყავი, თანაც, მაშინ სხვა პერიოდი იყო.

– როდის დაიწყეთ ვიოლინოზე დაკვრა?

– მამაჩემი მევიოლინეა, დედაჩემი – პიანისტია, სულ მუსიკა ისმოდა ჩემ გარშემო, მუსიკაში ვტრიალებდი – მესმოდა, როგორ უკრავდნენ მამაჩემის მოსწავლეები, ამიტომ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, არც კი მეგონა, თუ სხვა რამე ვარიანტი არსებობდა. იმდენად ვტრიალებდი მუსიკის სამყაროში, იმდენი ბავშვი მოდიოდა ჩვენთან სახლში ვიოლინოთი, რომ, მეგონა, ყველა ბავშვი ამ საქმით იყო დაკავებული, ყველა ვიოლინოზე უკრავდა. თავიდან მეც დავიწყე ვიოლინოზე და პიანინოზე დაკვრა, 6-7 წლის ასაკში კი არჩევანი ვიოლინოზე გავაკეთე.

– ეს საკმაოდ შრომატევადი პროფესიაა.

– ძალიან შრომატევადი და რთულია. 2 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ვიოლინო მომიტანეს, 4 წლის ასაკში კი ყოველდღე ერთ საათს ვმეცადინეობდი იმისთვის, რომ 6 წლის ასაკში ვიოლინოზე დაკვრისას ნორმალური ბგერა მიმეღო. თავიდან ძალიან დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ ვიოლინოზე დაკრული მოსასმენად სასიამოვნო გახადო. შემდეგ, ოსტატი რომ გახდე, ამას წლები სჭირდება და ამისთვის, როგორც სპორტსმენს, შენც ყოველდღიური ვარჯიში გჭირდება.

– ყოველდღიურად რამდენ საათს ვარჯიშობთ?

– ახლა, როცა უკვე ბავშვები მყავს, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, დრო ბევრ რამეზე მაქვს გადანაწილებული, ბევრი დრო მიაქვთ ბავშვებსაც, და, ადმინისტრაციულ საკითხებსაც, ამიტომ, დღეში ორ საათზე მეტს ვერ ვმეცადინეობ. როდესაც სტუდენტი ვიყავი, მაშინ მეტი დრო მქონდა და დღეში 3-4 საათს ვმეცადინეობდი.

– ვინ გაჩუქათ პირველი ვიოლინო?

– მაშინ 2-3 წლის ვიყავი. ცოტა დამავიწყდა ეს დრო, სამაგიეროდ, ის მახსოვს, რომ თოჯინების ნაცვლად, მთელი დღის განმავლობაში ვიოლინოთი დავდიოდი, ასე ვთქვათ, ვიოლინო თოჯინას როლს ასრულებდა. უკვე მერე, 4 წლის ასაკში, მახსოვს ვიოლინო, რომელზეც დაკვრას ვცდილობდი. ის, მგონი, მამაჩემმა მომიტანა ან მისმა მოწაფემ.

– ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრიზი გაქვთ მიღებული. როდის მოვიდა პირველი სერიოზული წარმატება?

– პირველი სერიოზული წარმატება 10 წლის ასაკში მოვიდა, როდესაც როგორც ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლემ ორ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და სერიოზული პრიზები ავიღე. ერთი ოდესაში ტარდებოდა, მეორე – ვილნიუსში. მთელი საბჭოთა კავშირიდან იღებდნენ კონკურსანტები მონაწილეობას. საკმაოდ რთული კონკურსი იყო და, თან, ჯგუფში ჩემზე მოზრდილ ბავშვებთან ერთად ვიყავი. ამ კონკურსის შემდეგ მამაჩემმა სერიოზულად გადაწყვიტა, რომ ვიოლინოთი ჩემი გართობა დამთავრდა, უკვე სხვა ეტაპზე უნდა გადავსულიყავი.

იმ დროს საქართველოში პოლიტიკურად ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, თანაც, მამას ევროპაში მოღვაწეობის გამოცდილება ჰქონდა, კონცერტებზე უკრავდა და იცოდა, რომ ევროპაში მუსიკალური ცხოვრება ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია და ამიტომ წამომიყვანა გერმანიაში. 16 წლის ასაკში, სიბელიუსის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ეს სამყარო გავიცანი და მანაც გამიცნო. ამის შემდეგ ჩემი კარიერა უფრო კარგად განვითარდა.

– როგორი იყო მაშინდელი შეფასებები?

– ძნელი სათქმელია, რადგან, არასდროს არ მინდოდა, მცოდნოდა, რას ამბობს ჩემზე ხალხი, ძალიან მერიდებოდა, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. როდესაც ეს პრიზი მივიღე, ჩემთან ძალიან ბევრი საკონცერტო აგენტი მოვიდა და საინტერესო კონცერტებში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. იმის ნაცვლად რომ დავთანხმებულიყავი, უარი ვუთხარი – ჩემთვის ეს ძალიან ადრეა, უნდა ვისწავლო, რეპერტუარი შევისწავლო-მეთქი, იმიტომ, რომ, ძალიან პატარა რეპერტუარი მქონდა გავლილი. ჩემს საკონცერტო მოღვაწეობას ვამუხრუჭებდი, რომ უფრო მეტი მესწავლა, განვვითარებულიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

– ამის შემდეგ თქვენი კარიერა კიდევ უფრო კარგად და სწრაფად განვითარდა?

– მოკლედ რომ მოგიყვეთ, ჩემი სერიოზული კონცერტები დაიწყო სკანდინავიაში, სიბელიუსის კონკურსის შემდეგ, რომელიც ფინეთში ტარდებოდა. შემდეგ ჩავატარე კონცერტები ინგლისში, რომელიც ძალიან მუსიკალური ქვეყანაა; ახლო კონტაქტი მქონდა და ვუკრავდი „ბი-ბი-სი-ს“ ორკესტრთან ერთად. ერთმანეთის მიყოლებით ინტენსიური მუშაობა დავიწყე სხვადასხვა ქვეყანაში, მერე უკვე იყო ამერიკის შეერთებული შტატები. რამდენჯერმე მაქვს შესრულებული კონცერტები ამერიკაში ყველა დიდ ორკესტრთან – ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ბოსტონისა და ასე შემდეგ. მერე იყო გერმანია, საფრანგეთის ორკესტრებთან ერთადაც გამოვდიოდი. გერმანიაში ძალიან ბევრი მაღალი დონის ორკესტრია, ნელ-ნელა გავიცანი ეს ორკესტრები და ცნობილი დირიჟორები, რომლებთანაც ხშირად ვმუშაობდი და მათთან ერთად სხვადასხვა ნაწარმოები შევასრულე – აი, ასე განვითარდა ყველაფერი ბოლო 15 წლის განმავლობაში.

– თქვენ ცნობილი დირიჟორები, ორკესტრები ახსენეთ. მათთან მუშაობა, ალბათ, ძალიან სასიამოვნო და არცთუ ისე რთულია.

– მათთან მუშაობა უფრო კარგი და იოლია, ვიდრე ცუდ ორკესტრთან. როდესაც გენიალურ ორკესტრთან ერთად უკრავ, ვერც აღწერ, ისეთი შეგრძნება გეუფლება. როდესაც ნაკლები დონის ორკესტრთან უკრავ, ყველაფერი პრობლემურია, კარგ ორკესტრთან დაკვრა კი ძალიან დიდი სიამოვნებაა – მერე უკვე განებივრებული ადამიანის სინდრომები მემართება და მიჭირს სხვა ორკესტრებთან დაკვრა.

– გამორჩეულად რომელიმე ორკესტრთან ან დირიჟორთან თუ გიყვართ მუშაობა?

– ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა, უკვე სამჯერ მიმიწვია და ჩემთვის ეს სამივე კონცერტი დაუვიწყარი იყო, მათთან მუშაობისას საოცარი სიამოვნება მივიღე. ასევე, ძალიან მიხარია და მიყვარს ნიუ-იორკის ორკესტრთან მუშაობა, რადგან პროფესიონალური ორკესტრია და ყველანაირ რეპერტუარს უკრავენ. მათ ახალ დირიჟორთან ერთად სხვა ქალაქებშიც მაქვს დაკრული, ივნისში ნიუ-იორკში მასთან ერთად შევასრულებ კონცერტს, გაისად კი ერთად მივდივართ ევროპაში ტურნეზე.

– როგორც ვიცი, თქვენ სტრადივარიუსის ვიოლინოზე უკრავთ.

– რამდენიმე წელიწადია, სტრადივარიუსის ვიოლინოზე ვუკრავ, რომელიც იაპონურმა კომპანიამ მათხოვა. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებაა მასზე დაკვრა. სტრადივარიუსის ვიოლინო ინსტრუმენტებში ისეა, როგორც ავტომობილებში – „ფერარი“ და „მერსედესი“, მაგრამ, მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანმა საკუთარი ბგერა გამოიმუშაოს აუცილებელი არ არის, ყველა სტრადივარიუსზე უკრავდეს. რა თქმა უნდა, სტრადივარიუსის, ლეგენდარული ვიოლინოები ეხმარება მუსიკოსს იმაში, რომ საკუთარი შეგრძნებები გამოხატოს და თავისი ფერები შექმნას მუსიკაში. ეს ვიოლინო 1709 წელს არის გაკეთებული. ყველგან მასზე ვუკრავ და ჯერჯერობით რამდენიმე წლით მათხოვეს. თუმცა არ ვიცი ეს კონტრაქტი როდის დამთავრდება.

– თქვენი ოჯახიც გაგვაცანით...

– ორი შვილი მყავს – 1 წლის ბიჭი და 5 წლის გოგონა; ჩემი მეუღლე – ფრანსუა ლელუ – ფრანგია, ცნობილი ჰობოისტი. ჩვენ ერთმანეთი მუსიკალურ სამყაროში გავიცანით, მაგრამ მას ჩემს გაცნობამდეც ჰქონდა საქართველოსთან ახლო ურთიერთობა. ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარდა, საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

– როგორი დედა ხართ?

– საკმაოდ მკაცრი, მაგრამ, ძალიან ემოციური. ვგიჟდები ჩემს შვილებზე, ჩემს ცხოვრებაში მთავარი ჩემი შვილებია. მეორე მხრივ, ისიც ვიცი, რომ მუსიკოსის ცხოვრება მთლად ნორმალური არ არის – ხან სად მიწევს ყოფნა და, ხან – სად. ამიტომ, ვცდილობ, ზედმეტ კონცერტებზე არ გამოვიდე, რადგან ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ჩვენი ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.


скачать dle 11.3