რატომ აღიარა ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ მხოლოდ აფხაზეთი და რატომ გადაიფიქრა სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობის დათბობა
ჩვენ გარშემო დიდი არეულობაა: ლარსი გაიხსნა თუ არა (ოფიციალური ვერსიით, სომხეთისადმი კეთილგანწყობის დემონსტრირების მოტივით), მეორე დღესვე ერევანში ყარაბაღმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა; გასულ კვირასვე აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა სომხების გენოციდი აღიარა, (მის კვალს შვედეთიც მოჰყვა) საპასუხოდ ჰილარი ქლინთონმა ლამის ტანზე შემოიხია (რა თქმა უნდა დიპლომატიურად); თურქეთმა კი აშშ-დან ისევე როგორც შვედეთიდან, თავისი ელჩი გამოიწვია. ამის ფონზე სომხეთი მაინც კმაყოფილია, რადგან მიაჩნიათ, რომ თურქეთთან ურთიერთობის გაბმის მცდელობამ მათ საერთაშორისო იმიჯს ქულები უკვე მოუტანა. ამის პარალელურად, თურქეთში „ნაბუკოს“ იმ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც არც საქართველოა, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი. ამ არეულობაში ლოგიკის ელემენტების დაჭერას პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილთან ერთად შევეცდებით.
– დავიწყოთ ჩვენი უშუალო მეზობლით: რატომ დაჩაგრეს ჩვენი ედუარდ კოკოევი? რატომ აღიარა ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ მხოლოდ აფხაზეთი?
– ყარაბაღის მიერ აფხაზეთის აღიარება სიტყვიერი იყო. სხვათა შორის, ანალოგიური რამ მოხდა ჩვენთანაც: ჯერ კიდევ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიყავით, როდესაც გამსახურდიამ აღიარა თათარსტანის დამოუკიდებლობა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდიას სჯეროდა, რომ სწორად მოიქცა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიატოვა „სამხრეთ ოსეთი“ მძლავრმა ყარაბაღმა: როგორც ჩანს, მოსკოვში კოკოითის მოცილება გადაწყვიტეს, ისიც არ ვიცი, როგორ ითმენდნენ ამდენ ხანს.
– გასული წლის აგვისტოდან ველით გულისფანცქალით, რომ მოიცილებენ, თუმცა ამაოდ.
– რუსებმა ასეული მილიონი გამოაგზავნეს ცხინვალის აღსადგენად. ეს თანხა შორეულ აღმოსავლეთს წაართვეს და ამის გამო ვლადივოსტოკი ზამთარში გათბობის გარეშე დარჩა. ეს ფული კი ცხინვალში გაქრა. ეტყობა, პოლიტიკური მიზნების გამო ვერ ბედავდა პუტინი კოკოითის მოშორებას და მოთმენა ერჩივნა. მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე ყელში ამოუვიდათ და აი, ახლა ცვლიან. თუმცა ჩვენთვის არაფერი შეიცვლება, მაგრამ ის მაინც კარგია, რომ ისეთი დაჯდება, ვისაც არ უომია. ისევე, როგორც ბაღაფში სჯობდა არძინბას იმ თვალსაზრისით, რომ არც მას უომია. ბაღაფში პრეზიდენტი ქართული ფულით გახდა. სააკაშვილმა, რადგან ბაღაფშს ცოლი ჰყავს ქართველი, გალის მოსახლეობას მოსთხოვა, ხმა მიეცათ ბაღაფშისთვის. დღესაც აფხაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია, ქართველები ყველაზე მეტნი არიან.
– ამ არჩევნებში ქართველებს აღარ მიაღებინეს მონაწილეობა, რადგან „ფორმა ¹9“ აღარ მოქმედებს და მხოლოდ აფხაზური პასპორტების მქონეთ შეეძლოთ ხმის მიცემა. ასეთი კი გალში მხოლოდ 4 000-მდე ქართველია.
– მაგრამ მაშინ ყველამ მიიღო მონაწილეობა, ასეთი იყო კატეგორიული მოთხოვნა და ფულიც ჩაიდო ამაში. დღეს უკვე ბევრი ქართველი გალიდან შიდა აფხაზეთში გადადის და იქ ისინი იქაური პასპორტებით ცხოვრობენ, მაგრამ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.
– ესე იგი, ყარაბაღს აფხაზეთი მხოლოდ კოკოევის დასასჯელად აღიარებინეს?
– ყარაბაღის გარდა, სხვა რომელიმე სერიოზული წარმონაქმნი არ არის. დნესტრისპირეთი ამას არ გააკეთებდა.
– რატომ, ვერ გააკეთებდა?
– რა ესაქმება, რაში აინტერესებს, აქ რა ხდება. ამიტომაც ვფიქრობ, ეს იმის საჩვენებლად გააკეთეს, რომ აფხაზეთი სხვაა და „სამხრეთ ოსეთი“ – სხვა, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით. იმას მაინც ვერ დავწამებთ ბაღაფშს, კოკოითისგან განსხვავებით, რომ ქურდია. ამას გარდა, აფხაზეთში არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების ძირითადი ნაწილი დევნილია, ასე თუ ისე, წესიერად ჩატარდა. ცხინვალში ჩატარებული არჩევნები კი იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე კომენტარიც არ ღირს.
– თითქმის ანალოგიური რამ დაემართა ჩვენს მეზობელ თურქეთსაც: ლარსი გავხსენით სომხეთისთვის და ყარაბაღმა, აფხაზეთს ვაღიარებო. სომხეთი თითქოს თურქეთს უთბება და ამ დროს აშშ-ის კონგრესის საგარეო კომიტეტი სომხების გენოციდს აღიარებს. რა ხდება?
– ობამამ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვა, როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, ვაღიარებ სომხების გენოციდსო. გავიდა ერთ წელიწადზე მეტი, როგორც იქნა, შეიკრიბა საგარეო საქმეთა კომიტეტი და სულ ერთი ხმით ეს განცხადება მიიღეს. მაგრამ შემდეგ მოულოდნელად გააჩერეს ეს გადაწყვეტილება და ჰილარი ქლინთონი გაცოფებული ამბობს, ამის შანსს არ მივცემთო. რვა მარტს დიდი ინტერვიუ მისცა „სი ენ ენს“ და მაშინაც ახსენა, არავითან შემთხვევაში არ შეიძლება გენოციდის აღიარებაო. ეს, ბუნებრივია, იმას არ ნიშნავს, რომ არ დახოცილა მილიონზე მეტი სომეხი, უბრალოდ სხვადასხვა მიდგომაა: ერთი ვარიანტია, რომ ეს იყო ეთნოწმენდა და მეორე, რომ ეს იყო გენოციდი. ეთნოწმენდა გენოციდის პირველი საფეხურია, მაგრამ მთლად გენოციდიც არ არის. 1915 წელს, მართლაც, მოხდა სომხების მასშტაბური ეთნოწმენდა ცენტრალური ანატოლიიდან, როდესაც პირველად განაცხადეს სომხებმა, რომ იქ, სადაც მათ ოდესღაც სახელმწიფო ჰქონდათ ტიგრანის დროს, დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდოდათ. 1915 წელია, ჩრდილოეთიდან მოდის რუსეთის არმია, მან უკვე ყარსი აიღო და სომხებმა იფიქრეს, ხელსაყრელი დრო მოვიდაო. როგორც ამბობენ, რუსებთან იყვნენ შეთანხმებული, რადგან სწორედ რუსები შეჰპირდნენ დამოუკიდებლობას თურქეთის ცენტრალური ანატოლიის ტერიტორიაზე. რუსებს ხელს აძლევდათ ოსმალეთის იმპერიის დაშლა, იმ პერიოდში სტამბულში, რომელსაც მაშინ კონსტანტინოპოლი ერქვა, ბევრი სომეხი ცხოვრობდა. ყველანი ძალიან მდიდრები იყვნენ და მათ მიმართ არანაირი დისკრიმინაცია არ ხდებოდა. ბევრმა არ იცის, რომ სტამბულში დღესაც ცხოვრობს 100 000 სომეხი; თავიანთი გაზეთიც აქვთ, სკოლებიც და მშვენივრად გრძნობენ თავს. ისევ 1915 წელს დავუბრუნდეთ: როდესაც სომხებმა დამოუკიდებლობა მოინდომეს, მაშინ ოსმალეთის ხელისუფლება ძალიან გაბრაზდა. სატვირთო მანქანებით მთებიდან ჩამოიყვანეს ქურთები და უთხრეს, თქვენ გაძლევთ ამ ტერიტორიასო. ანუ უშუალოდ თურქებს ამაში არ მიუღიათ მონაწილეობა. ქურთები დაერივნენ სომხებს და გაყარეს. ჩრდილოეთით ვერ გაყრიდნენ, რუსეთის არმია მოდიოდა, ამიტომ გაყარეს სამხრეთით, სირიის საზღვრისკენ, სადაც დიდი უდაბნოა. მათ არაფერი ჰქონდათ, არც საჭმელი, არც წყალი და მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა იმ უდაბნოში. რადგან ფიზიკურად არ დაუხოცავთ, ამიტომაც დავობენ თურქები, არ იყო გენოციდიო, მაგრამ თურქები ამის გამო დაისაჯნენ.
– დამასწარით, ახლა ქურთები ითხოვენ ავტონომიას თურქეთში.
– დიახ და ქურთები უფრო აგრესიულები არიან, მაშინ, როდესაც სომხები არ იყვნენ აგრესიულები. ქურთები კი, არათუ ზუსტად იმავე, გაცილებით დიდ ტერიტორიაზე ითხოვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ასე რომ, თურქები უკვე დაისაჯნენ თავიანთი სისულელის გამო. ქართული გამონათქვამია, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, სწორედ ასე მოუვიდათ თურქებს. რაც შეეხება ამერიკის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებას. იგივე გადაწყვეტილება მათ 2007 წელსაც მიიღეს, მაგრამ მაშინაც კონგრესმა დაბლოკა. მიუხედავად იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაცია ვერ იყო კარგად თავის აზროვნებაში, იმას მაინც ხვდებოდნენ, რომ თურქეთი ამ რეგიონში ყველაზე მძლავრი ქვეყანაა, ყველაზე დიდი არმიით, თანაც ნატოს მიერ გაწვრთნილი არმიით და მათი გადაკიდება არავის სჭირდებოდა. რასაკვირველია, სომხებს ბრწყინვალე ლობი ჰყავთ ვაშინგტონში, მაგრამ სომხეთი პატარა ქვეყანაა, თურქეთი – უზარმაზარი.
– ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფულმა იარაღს ვერ აჯობა. „ნაბუკოს“ რომელ პროექტს გაუკეთდა პრეზენტაცია თურქეთში სულ ახლახან?
– „ნაბუკოს“ პროექტი აგვისტოს ომის შემდეგ ჩავარდა, რადგან მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს ტერიტორია არასტაბილურია და აქ არ შეიძლება მილსადენების გატარება. მხოლოდ ის მილსადენები მუშაობს, რაც ომამდე მოესწრო. ამიტომ ომის შემდეგ იმაზე დაიწყო თავის მტვრევა, სად გაეტარებინათ ახალი პროექტი და რამდენიმე დღის წინათ ითქვა, რომ მილი წამოვა თურქმენეთიდან, გაივლის ირანზე, იქიდან კი შევა თურქეთში. თურქეთს რამდენიმე სხვა პროექტიც აქვს, რუსეთიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით. მოკლედ, თურქეთია მთავარი ქვეყანა ამ პროექტებში და „ნაბუკოს“ ის ვარიანტი, რომელსაც საქართველოზე უნდა გაევლო, სწორედ თურქეთმა დაბლოკა. შემდეგ თურქეთს ჰქონდა უთანხმოება აზერბაიჯანთან. ამ წუთას აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, „ნაბუკოდან“ თამაშგარეთაა, მაგრამ, სამაგიეროდ, აზერბაიჯანი შეუთანხმდა „გაზპრომს“, რომ მთელი თავისი გაზის 90 პროცენტს მისცემს. 10 პროცენტს ირანს აწვდის. ესეც სააკაშვილის ბრალია. ომამდე ალიევს ძალიან დაბალანსებული პოლიტიკა ჰქონდა ვაშინგტონთანაც და მოსკოვთანაც, მაგრამ ომის შემდეგ გადაწყვიტა, რომ „გაზპრომთან“ ჰქონოდა კარგი ურთიერთობა. ერთ პერიოდში იმასაც კი ამბობდნენ, რომ ნატოში გაწევრიანების შანსი აზერბაიჯანს უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე საქართველოს.
– ჩვენ ვინ მოგვაწვდის, აბა, გაზს?
– ჩვენ, ძირითადად, რუსულ გაზს ვიღებდით აზერბაიჯანის მილებით.
– გასაგებია, რომ თურქეთს უნდა, იყოს ცენტრალური აზიიდან მომავალი გაზის დამგროვებელი ქვეყანა, მაგრამ „ნაბუკოს“ ის პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, გაივლის ირანზე. ეს გზა ვითომ უსაფრთხოა ევროპისთვის?
– ევროპას ძალიან უნდა „ნაბუკოს“ პროექტი, თუმცა არ უნდოდა ირანის ჩართვა, მაგრამ რა ქნას?! ჩვენი ბრალია.
– თურქულ-სომხური მოლაპარაკებების პროცესში ითქვა, რომ „ნაბუკომ“ შესაძლოა, სწორედ სომხეთზე გაიაროს საქართველოს ნაცვლადო. ესე იგი, სომხეთიც ამოვარდა?
– სომხეთს შარშან, შემოდგომაზე, ეუბნებოდნენ, გახსენი საზღვარი თურქეთთან და მაშინ აზერბაიჯანიდან გავატარებთ მილსო, რადგან ძალიან არ უნდოდათ, რომ აზერბაიჯანის მთელი გაზი ჩრდილოეთით წასულიყო. სომხეთზე გამავალი მილსადენი უფრო იაფი ჯდება, რადგან უფრო მოკლე გზაა. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ჯერ ყარაბაღზე უნდა გაიაროს. ამიტომაც უნდოდათ ყარაბაღის პრობლემის მოწესრიგებაც, მაგრამ ჩაიშალა. როგორც ჩანს, სომხეთის პარლამენტი აპირებს, ანულირება გაუკეთოს ციურიხის შეთანხმებას. სწორედ ამას უკავშირდება ლარსის გახსნა. ლარსი სულ არ სჭირდებოდათ სომხებს, თუ თურქეთის საზღვარი გაიხსნებოდა. რკინიგზაც კი მოამზადეს. თავის დროზე სტალინმა, რადგან ეშინოდა გერმანელების შემოსვლის, გასცა ბრძანება და მთელ საბჭოთა კავშირში გააფართოვა მანძილი ლიანდაგებს შორის. ვინაიდან სომხეთშიც საბჭოთა დროინდელი რკინიგზა იყო, შეცვალეს, შეავიწროვეს, მოამზადეს თურქულ რკინიგზასთან მისაერთებლად, რადგან თვითონაც ელოდნენ ამას, მაგრამ რად გინდა, ტყუილად დახარჯეს ფული. ამის პარალელურად, მიატოვეს ბაქო-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა, არადა ჩვენთვის ეს ძალიან კარგი იყო. ახლა, როდესაც სომხეთ-თურქული ურთიერთობა ჩაიშალა, ისევ აქტუალური ხდება ეს რკინიგზა. რუსებსაც უნდოდათ სომხეთ-თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, იმიტომ რომ თავიანთი სამხედრო ბაზისთვის სომხეთში სამხედრო შეიარაღება მიეღოთ. ლარსის გახსნაც იმას უკავშირდება, რომ სომხეთ-თურქეთის რკინიგზის გახსნა ჩაიშალა.
– დავაკვირდი, როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება და ჩვენ ზედმეტი ვხდებით, რაღაც ისეთი ხდება, რომ ისევ ვიძენთ მნიშვნელობას. იმედია, უფრო ვიხეირებთ თურქეთ-სომხეთს შორის გაუგებრობით, ვიდრე დავზარალდებით.
– მეოცე საუკუნეში ყველაზე საშიშ რეგიონად ბალკანეთს აცხადებდნენ. ამჟამად იქ დაწყნარდა ვითარება და ახლა ამბობენ, ბალკანეთმა სამხრეთ კავკასიაში გადაინაცვლაო.
– რუსეთ-საქართველოს ომის საფრთხე და ყარაბაღში კონფლიქტის განახლება, კიდევ არის რაიმე საფრთხე?
– ჩრდილოეთ კავკასია. თუ ჩრდილო კავკასიაში ომია და სააკაშვილი იქ ცხვირს ყოფს, შესაძლოა, ომმა აქეთაც გადმოინაცვლოს. ასევე, დღის წესრიგში დგას სომხეთ-აზერბაიჯანის ომი. არადა, ბალკანეთში რამდენიმე მსოფლიო ომი დაიწყო. ბოსნიაში ამაყობენ კიდეც, რამდენჯერმე დაიწყო მსოფლიო ომი ჩვენთანო.
– შეიძლება, შევეცილოთ ამ იარლიყში?
– კარგი იქნება, თუ არ შევეცილებით.