როგორ შეცვალა თიანეთის გამგებელმა თიანეთის რაიონი ორი წლის განმავლობაში და რას ჰპირდება ის თიანელებს უახლოეს მომავალში
თიანეთის რაიონი კავკასიონის სამხრეთ კალთებზეა გაშლილი. ის ქართლისა და კახეთის ქედებს შორისაა მოთავსებული და ზღვის დონიდან 1 100 მეტრზე მდებარეობს. მისი არაჩვეულებრივი ბუნებისა და ჰავის წყალობით, თიანეთი და სიონი საუცხოო კურორტებია. ისტორიული ძეგლები: ცხრაკარის კომპლექსი, ოჩანის ციხე და უძველესი ქალაქის – ჟალეთის ნანგრევები, საოცარ და ეგზოტიკურ ხიბლს სძენს აქაურობას. გიორგი აბაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წლის 5 ივლისს დაინიშნა და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, რაიონს თავისი ხელი უკვე დაამჩნია. გიორგი აბაშვილს თიანეთში ვესტუმრეთ და რაიონის პრობლემებსა და მიღწევებზე ადგილზე გავესაუბრეთ.
– როგორი დაგხვდათ, როდესაც გამგებლად დაინიშნეთ და როგორია დღეს თიანეთი?
– როდესაც თიანეთის რაიონში ჩამოვედი, უმძიმესი მდგომარეობა იყო: არ იყო არც გზა, არც წყალი, არც სპორტული მოედნები; დანგრევის პირას იყო მისული კულტურის სახლი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო სკოლები. მოსახლეობას ნახევარი კილომეტრის გავლა უხდებოდა სასმელი წყლის მოსატანად. მეტიც, იყო სოფლები, სადაც არასდროს ყოფილა წყალგაყვანილობა. დღეს კი მთელ რაიონს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება, ისევე, როგორც ელექტროენერგია. მხოლოდ ორი სოფელი დაგვრჩა, ისიც, ტექნიკური მიზეზების გამო, რომლებსაც წყალი გრაფიკით აქვთ, მაგრამ 2011 წელს ეს პრობლემა აღარ იარსებებს. დაიწყო ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. 2008 წელსვე დავსახეთ ჩვენს პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების დაგება, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება, კულტურის სახლის აღორძინება; მოგეხსენებათ, თიანეთს არაერთი ცნობილი მომღერალი და მოცეკვავე აღუზრდია, კულტურის სახლში კი ისეთი მდგომარეობა დამხვდა, რომ მიკროფონებიც აღარ იყო. დღეს უკვე გავაკეთეთ ევროსტანდარტების დონის რემონტი და ბავშვებს ყველა საშუალება აქვთ, რომ სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებას ეზიარონ. ამას გარდა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის. იმის გამო, რომ თიანეთში არ იყო არანაირი პირობები, თიანელი სპორტსმენები, ძირითადად, თბილისში დადიოდნენ სავარჯიშოდ. დღეს კი იმდენად მაღალი დონის სპორტული დარბაზი გავაკეთეთ, რომ თბილისიდანაც კი ჩამოდიან სავარჯიშოდ. ასევე, პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით, გაკეთდა დაბა სიონში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სპორტული კომპლექსი: კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, რაც არა მხოლოდ თიანელებს, დაბა სიონის დამსვენებლებსაც მისცემს სრულფასოვანი დასვენებისა და დროის ჯანსაღად გატარების საშუალებას. დაბა თიანეთში უკვე გვაქვს გარე განათება, დაბა სიონში გასულ კვირას დავიწყეთ გარე განათების გაყვანა. ერთი სიტყვით, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს თიანეთის რაიონის სრული რეაბილიტაცია.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, როგორია თქვენი თვალით დანახული თიანეთი?
– დარწმუნებული ვარ, 2011 წლისთვის თიანეთში იარსებებს საიმისო ინფრასტრუქტურა, რომ რაიონის ტურისტული პოტენციალი სრული დატვირთვით ამოქმედდეს. ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვას. ამისთვის უპირველესია: გზა, წყალი, ელექტროენერგია, რაც უკვე გაკეთებულია. ასევე, გვაქვს კონკრეტული პროგრამები, რითაც ვაპირებთ ინვესტორების მოზიდვას.
– რა სახის ინვესტიციების მოზიდვას გეგმავთ თიანეთის რაიონში?
– ჩვენი რაიონისთვის ტრადიციული დარგია მეცხოველეობა. ადრე აქ იყო ბოინები, დიდი ფერმები, სადაც უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული და ვფიქრობთ ამ ყველაფრის აღდგენას. წინასწარ არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ინვესტორები დავაინტერესოთ და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი მათ მუშაობას. მოგეხსენებათ, სიონი ძალიან მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა. მაგალითად, ზაფხულში სიონში დასვენება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შავი ზღვის სანაპიროზე: ჩვენთან მთაც არის, ტბაც, თბილისთანაც ახლოსაა. შეგიძლია, შაბათ-კვირასაც ამოხვიდე. კორტებიც იმიტომ გაკეთდა, რომ ყველანაირი პირობა შევუქმნათ დამსვენებელს. გითხარით, რომ დაბა სიონში მაღალი დონის გარე განათებაც კეთდება. ეტაპობრივად მივყვებით გეგმას, რომ, რაც შეიძლება, მეტი დამსვენებელი ამოვიდეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მოსახლეობას სახლებში აქვს გახსნილი სასტუმროები და ჩვენც დაინტერესებული ვართ, ხელი შევუწყოთ მათ დამსვენებლების მოზიდვაში. ჩვენი კორტებით ძალიან ბევრი სპორტსმენიც დაინტერესდა და, როგორც ვიცი, სავარჯიშოდ აპირებენ ჩამოსვლას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თიანეთის რაიონი გავალამაზოთ, გავამშვენიეროთ და გავახსენოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს ერთ-ერთი საუცხოო დასასვენებელი ადგილია.
– გარდა ტურიზმისა და მეცხოველეობისა, კიდევ რას მისდევენ თიანელები?
– მართალია, დიდი ფერმები არ აქვთ, მაგრამ ყველა ოჯახს ჰყავს რამდენიმე სული რქოსანი პირუტყვი, რაც მათ თავის რჩენის საშუალებასაც აძლევს და იმისაც, რომ აწარმოონ ხაჭო, კარაქი, ყველი. თიანეთის ერთგვარი სავიზიტო ბარათია დამბალი ხაჭო, რომელიც ხორცზე ძვირი ღირს და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. სხვათა შორის, ის განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადდება და მისი მომზადების წესი თიანეთშიც კი მხოლოდ ერთეულებმა იციან. ყველას, ვინც აქ ჩამოდის, ამ ხაჭოს გასინჯვა უნდა, იმდენად გემრიელია. ტურიზმის გარდა, აქაური მოსახლეობისთვის ადგილობრივი წარმოების პროდუქტების რეალიზაციაც შემოსავლის წყაროა, რადგან დამსვენებელს ურჩევნია, ნატურალური პროდუქტი მიირთვას.
– შემოსავლის სხვა რა წყარო აქვთ თიანელებს და როგორ უწყობთ ხელს მათ დასაქმებას?
– ყველა იმ პროექტში, რომლებიც ჩამოგითვალეთ, ადგილობრივი მოსახლეობის 90 პროცენტი იყო დასაქმებული და საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებდნენ. 2009 წელს ჩვენთან იმუშავა სოფლის მხარდაჭერის პროგრამამაც. სოფელმა თვითონ აირჩია პრიორიტეტები და ძალიან კარგი პროექტები გაკეთდა. ეს პროგრამა წელსაც იქნება და მისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ბევრ პრობლემას მოვუგვარებთ აქაურებს. ამ პროგრამაშიც, ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ხშირად ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურა, გზები, განათება, წყალმომარაგება კეთდება ტურისტებისა თუ ინვესტორებისთვის, მაგრამ, ვერ დაგეთანხმებით, რადგან ამას, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობისთვის ვაკეთებთ, რომ მათ, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ იმავე ტურიზმითა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციით.
– უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზაფხულისთვის განახლებული თიანეთის რაიონი დახვდება დამსვენებელს?
– ვინც დაბა თიანეთს იცნობს, იცის, რომ აქ უკვე მოხდა ბევრი ძვრა, მაგრამ 2010 წლის ზაფხულში უფრო უკეთესი თიანეთის რაიონი დაგხვდებათ. 2009 წელს, აგვისტოში, პირველად ჩავატარეთ „ხინკლის ფესტივალი“. ძალიან წარმატებული გამოდგა, არც ველოდით, იმდენი სტუმარი ჩამოვიდა – 10 000-მდე. ვფიქრობთ, ეს ფესტივალი ტრადიციად ვაქციოთ და 2010 წელსაც ჩავატაროთ. ჩამობრძანდით და ერთად შევაფასოთ განახლებული თიანეთის რაიონი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით ზემოჩამოთვლილი პროექტების ასე მოკლე დროში განხორციელებას. მოგახსენეთ, რომ ორი პროექტი უშუალოდ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, ისევე, როგორც აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტებში ჩვენი მხარის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი. ის ხშირად ჩამოდიოდა და უშუალოდ ამოწმებდა სამუშაოების მიმდინარეობას. რომ არა მისი მხარდაჭერა, ასეთი ტემპით ვერ შევძლებდით თიანეთის რეაბილიტაციას. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მხარის გუბერნატორი მხარში უდგას არა მხოლოდ თიანეთს, არამედ დუშეთს, ყაზბეგს, მცხეთას და იქაც ანალოგიურად სწრაფად ხორციელდება ხარისხიანი და მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტები.