„ტყემლით“
ანუ რუსით – სულ სხვაა
მაშინ, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში, საკუთარ სტადიონზე თამაშობს, ჩვენს გულშემატკივარს ვერ დავწამებთ, რომ ტრიბუნებს ავსებს, მაგრამ, რადგან ტყემლით, ანუ რუსით – სულ სხვაა, საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრებად ჩვენებურებმა ტრაპზონში ჩასვლა არ დაიზარეს (არც ისაა გამორიცხული, ამ საქმეში სახელისუფლო ნება-ხელიც ერიოს). მეორე მხრივ, ოფიციალური თბილისიც მოემზადა (ან კი როგორ არ მოემზადებოდა, როდესაც თავად ხახვიც ვერ დააჭრა თავის რუს კოლეგებს და ყველას შელახული ღირსების აღდგენა მხოლოდ ჩვენს მორაგბეებზეა) და სპეციალურად ამ მატჩისთვის პოსტრევოლუციური საქართველოს მარია კალასი, ესე იგი, სოფო ნიჟარაძეც აამღერა (და მერე რა, რომ არც ნიჟარაძეა კალასი და არც მე – ტეტჩერი კლეოპატრას ელემენტებით, მთავარია, გული გულობდეს, თორემ ქადას კი არა, რასაც „შეგაჭმევენ“, დედის რძესავით შეირგებ). სოფო ნიჟარაძემ საქართველოს ჰიმნი ცოცხლად შეასრულა, ჩვენმა სიმფონიურმა ორკესტრმა კი ცოცხლად დაუკრა („ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“) მართალია, ოკუპანტები იტყოდნენ: „პაკაზუხაო“, მაგრამ ჩვენ ვეტყვით, ყველამ თავისი ჭია გაახაროსო. ამის პარალელურად, ჩემ მიერ მარია კალასად წოდებულმა ქ-ნმა ნიჟარაძემ „ევროვიზიისთვის“ ნომრის მომზადებაც დაიწყო. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ქ-ნი ნიჟარაძე უალტერნატივოდ და ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიავლინეს „ევროვიზიაზე“ (მხოლოდ მის მიერ შესრულებული სიმღერები შეაჯიბრა ერთმანეთს ჟიურიმ), როგორც ჩანს, ჩვენ, კალასისტები, არცთუ ცოტანი ვართ და, განსაკუთრებით, ზედა ეშელონებში). ხოლო, თუ ამ ორ პასაჟს („ევროვიზიასა“ და რაგბის) გავაერთიანებთ და ცოტა რუხ ნივთიერებასაც მივახმართ, გამოდის, რომ ქ-ნი ნიჟარაძე კალასია ფიგაროს ელემენტებით.