როგორ მოხვდა 4 მილიონი ქურდული ფული როსტოვის მილიციის მაღალჩინოსნის ავტოფარეხში
– არაქურდი ხარ! – უთხრა „ლოტომ“ „შავტუხას“. შემდეგ კოლეგებს მიუბრუნდა, – მე ჩემი სიტყვა უკვე ვთქვი, ახლა კი ჯერი თქვენზეა.
– არაქურდი ხარ! – გაუმეორა შავტუხას დანარჩენმა ხუთმა ქურდმა, „თითამ“ კი დაამატა, – შავტუხა დასაბრედია! მან ჩვენ გვიღალატა, გაგვყიდა და უნდა მოკვდეს!
ქურდული შეკრება მორდოვიის ¹8 შრომა-გასწორების კოლონიაში შედგა, რომელზეც კანონიერი ქურდები თავიანთ ქართველ კოლეგას, ნუგზარ კანდელაკს, მეტსახელად შავტუხას ასამართლებდნენ. ის კრიმინალურ სამყაროში ცნობილი ავტორიტეტი იყო და სანამ მისი კოლეგები ლაპარაკობდნენ, ნუგზარს ხმა არ ამოუღია. ხოლო, როდესაც თითამ მისი სიკვდილით დასჯის წინადადება წამოაყენა, კანდელაკმა კოლეგებს შეავლო მზერა და მშვიდად თქვა:
– ყველანი თითასნაირად ფიქრობთ და თვლით, რომ უნდა დავიბრიდო?
– ყველანი! – კბილებში გამოსცრა ლოტომ, რაც დანარჩენებმაც დაადასტურეს.
– მიდი, თავი მოიკალი და ამით მოვრჩეთ ამ ბაზარს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ძმა იყავი, – უთხრა ბოლოს შავტუხას.
შავტუხამ გადაიხარხარა და კოლეგებს უთხრა:
– თქვენში ერთ-ერთი აშკარა ბოზია. დანარჩენები კი – უნებლიე ბოზები, გოიმები და გინდათ, რომ თავიდან მომიშოროთ. ეს კი ასე ადვილი არაა. მე თავს არ მოვიკლავ და, თუ ვინმე დააპირებს ჩემს დაბრედვას, თვითონაც დაიბრიდება!
– ჩვენ ყველა ერთად ვაპირებთ ამას, – უთხრა კანდელაკს ლოტომ.
– მაშინ, ყველანი დაიბრიდებით ჩემთან ერთად!
– როგორ? ირონიულად გაეცინა ლოტოს.
– აი, როგორ, – თქვა შავტუხამ, ქამრიდან ხელყუმბარა ამოაცურა, რგოლი მოხსნა და ქურდებს დაანახვა...
შემდგომი მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა: შავტუხამ ქურდები ბარაკში გამოკეტა და გარეთ გავიდა. შემდეგ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ ხუთ მავთულხლართზე გადაძვრა წინასწარ მომზადებული შინელის მეშვეობით, ბოლოს უკანასკნელი ზღუდეც გადალახა და ავტომატით შეიარაღებული ბადრაგის თანხლებით ღამის წყვდიადში ტყეში მიიმალა...
გაქცეულები
მორდოვიის ¹8 კოლონიიდან განხორციელებული გაქცევა ამ დაწესებულების ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო და განსაკუთრებული თავხედობითა და ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. 37 წლის ნუგზარ კანდელაკთთან ერთად 20 წლის ვაჟა სხიერელიც გაიქცა. ის შინაგანი ჯარის რიგითი იყო და სამხედრო სავალდებულო სამსახურს ერთ თვეში ამთავრებდა. სხიერელი, ისევე როგორც კანდელაკი, თბილისელი იყო. მეტიც, ისინი უბნელები იყვნენ და სახელოვან კანონიერ ქურდს ვაჟა ბავშვობიდანვე იცნობდა. სწორედ ამიტომ დაეხმარა სხიერელი მას. ყველაფერი მისი ორგანიზებული იყო, რა თქმა უნდა, კანდელაკის კარნახით. შავტუხამ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე შეიტყო, რომ ქურდები მის გაფუჭებას აპირებდნენ და საამისოდ საგანგებოდ ემზადებოდნენ. გულხელდაკრეფილი არც კანდელაკი იჯდა და თავისი უბნელი ისე გულმოდგინედ დაამუშავა, რომ ამ უკანასკნელმა თავზე აიღო ხელი და შავტუხასთან ერთად გაიქცა...
გაქცეულებმა, რომლებიც უკანმოუხედავად გარბოდნენ ჩაბნელებულ ტყეში, ორი საათის განმავლობაში 18 კილომეტრი გაიარეს. დაბა ზოლოტოვკასთან რომ გამოვიდნენ, ვაჟა სხიერელმა შავტუხას უთხრა:
– ღამის 3 საათია. ბადრაგს, ალბათ, სძინავს, მაგრამ მაინც სტარტზე უნდა ვიყოთ. თუ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, სროლა მოგვიწევს. ავტომატი გამომართვი და დამაზღვიე. მე წავედი.
– უკეთესი იქნება, თუკი ყველაფერი უსისხლოდ და უხმაუროდ გამოვა, – უთხრა შავტუხამ სხიერელს, ავტომატი გამოართვა და დაზღვევაზე დადგა.
ვაჟა სხიერელი ზოლოტოვკაში დისლოცირებული შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილში შეიპარა, „ურალის“ მარკის სამხედრო ავტომობილი გაიტაცა და შავტუხასთან ერთად ივლისის ღამეს ციმბირის ცარიელ ტრასაზე გააქროლა.
გაქცევიდან 8 საათი იყო გასული. მდევრები 200 კილომეტრის რადიუსში ეძებდნენ გაქცეულებს, თითქმის სამშვიდობოზე გასული სხიერელი და შავტუხა კი მოსკოვისკენ მიმავალ ტრანსციმბირულ სარკინიგზო ექსპრესში იყვნენ მოკალათებული...
კავკასიური „ობშჩიაკი“
ლოტო, თითა და დანარჩენი ქურდები ¹8 კოლონიაში გამართულ შეკრებაზე შავტუხას ქურდების კავკასიური სალაროს განიავებაში სდებდნენ ბრალს და მის მოკვლას იმიტომ ლამობდნენ. საქმე ის იყო, რომ 4 მილიონი მანეთი, რომელიც კავკასიელმა ქურდებმა შეაგროვეს და კანონიერ ქურდს, როსტოველ პაველ გოროდოვს, მეტსახელად „ბანკირს“ ჰქონდა დროებით მიბარებული, მოულოდნელად გაქრა. ფული იმ დროს დაიკარგა, როდესაც „ბანკირი“ გულის შეტევით გარდაიცვალა. როსტოველის გარდაცვალების მომენტში მის სახლში სწორედ შავტუხა იმყოფებოდა, რომელიც მიმალვაში იყო და ქურდული სალაროს ადგილსამყოფელიც იცოდა, რაც მოგვიანებით თავადვე უთხრა ქურდებს, მაგრამ ფულის აღების ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა.
პირველი ქურდული შეკრება დაკარგული 4 მილიონის თაობაზე „ბანკირის“ გარდაცვალების ღამესვე შედგა, თუმცა, ქურდებს არაფერი გადაუწყვეტიათ და საკითხი ღიად დატოვეს. „ბანკირის“ დასაფლავების შემდეგ, მიმალვაში მყოფი შავტუხა როსტოვში აიყვანეს, გაასამართლეს. ის ჯერ თბილისში იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი მორდოვიაში გაუშვეს ეტაპით. იქვე მიიყვანეს თითა და ლოტოც და მათი ეთრობლივი ორთვიანი ზონური ცხოვრება შავტუხას გაქცევით დასრულდა.
ნუგზარ კანდელაკი უპატიოსნესი ქურდი იყო. სალაროდან მას ერთი კაპიკიც კი არ აუღია. მაგრამ ქურდებს მასზე ჰქონდათ ეჭვი. შავტუხა კარგად ხვდებოდა, რომ სალაროს ქურდი თავისსავე კოლეგებში უნდა ეძებნა, მაგრამ ვინ ჩაიდინა ეს, ქართველმა ავტორიტეტმა არ იცოდა.
– ვიღაცა შეგნებულად მოქმედებს, – უთხრა მოსკოვში ჩასულმა შავტუხამ სხიერელს, – ამით მას ორი კურდღლის დაჭერა – ფულის შერგება და ჩემი ჩამოშორება უნდა. მაგრამ ვინაა ეს ნაბოზარი, ჯერჯერობით ვერ გავარკვიე.
20 წლის სხიერელი კანონიერ ქურდზე ბევრად უმცროსი იყო, მაგრამ საკმაოდ საზრიანი, ვაჟკაცი და გამბედავი, რაც გაქცევის ორგანიზებითაც დაამტკიცა.
– ამის გასარკვევად, მე მგონი, როსტოვში ჩასვლა და ადგილზე გარკვევაა საჭირო. მაყუთის წამღები, შეიძლება, არც კი იყო ზონის ქურდულ სხოდკაზე და ქურდებს ინფორმაცია შეუგდო, რომ ხელები შენზე შეეწმინდათ, მორიდებით უპასუხა მან შავტუხას.
მოულოდნელი წარმატება
მიუხედავად იმისა, რომ შავტუხამ და სხიერელმა წარმატებით ჩააღწიეს მოსკოვში და კანდელაკის ერთ-ერთ საყვარელთან იმალებოდნენ, ისინი უკიდურესად შეზღუდულები იყვნენ გადაადგილებაში, რადგან, ერთი მხრივ, მათ მილიცია ეძებდა, მეორე მხრივ კი – ქურდები და ორ ცეცხლს შუა მომწყვდეულებს ფინანსებიც აკლდათ.
– უნდა ვიმოქმედო, ვაჟა, – უთხრა შავტუხამ სხიერელს, – როსტოვში წასასვლელად და საქმის გასარკვევად მაყუთია საჭირო, ფული კი ხეზე არ იკრიფება. საქმე უნდა გავაკეთო და როსტოვში გამგზავრებაზე მერე ვილაპარაკოთ.
– მეც შენთან ერთად მოვდივარ, მოგეხმარები, – უთხრა შავტუხას სხიერელმა.
– კი მაგრამ, შენ ხომ არასოდეს გიქურდია?
– აქამდე არც არასოდეს გავქცეულვარ, მაგრამ ხომ წარმატებით გამოვიდა ეს საქმე? ასე რომ, ქურდობაც გამომივა, – უპასუხა სხიერელმა.
სამდღიანი თვალთვალის შემდეგ შავტუხა და ვაჟა სხიერელი მოსკოვის ერთ-ერთი ფეშენებელური საცხოვრებელი სახლის ბინაში შევიდნენ, რომელიც ცარიელი იყო. ქურდები ძალიან ფრთხილად მოძრაობდნენ და უზარმაზარი ბინა საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს, რაღაც-რაღაც ნივთები და სამიოდე ძვირფასი სამკაული იპოვეს.
– ორი-სამი ათასის თუ იქნება ეს ყველაფერი, – უთხრა შავტუხამ ვაჟას, – ბევრი არაა, მაგრამ პირველ ხანებში გვეყოფა, თუ, რა თქმა უნდა, ეს ნივთები ფულად ვაქციეთ.
ქურდები უკვე უკან გაბრუნებას აპირებდნენ, როდესაც სხიერელმა კედელზე ერთ-ერთი სურათის უკან, საიდუმლო სეიფი აღმოაჩინა. როდესაც ის გატეხეს, შიგნით 30 ათასი მანეთი, ორი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი და ოთხი ცალი სამკარატიანი ბრილიანტი აღმოაჩინეს.
– ბედი გვქონია, – აღტაცებას ვერ მალავდა შავტუხა, – ეს რა ფეხზე შემოვედით! მაყუთი იმდენია, რომ არაფრის გაყიდვა აღარაა საჭირო. ჩქარა, დავაწვეთ აქედან!
შავტუხა და ვაჟა ფრთხილად გავიდნენ ბინიდან და სახლში დაბრუნდნენ. ორი დღის მერე კი პარიკებმორგებულები და გარეგნობაშეცვლილები ავტობუსით გაემგზავრნენ ქალაქ როსტოვში, რათა კავკასიური სალაროს ბედი გაერკვიათ.
მოკითხვამდე ევროპაში...
საზრიანი ქართველების როსტოვული ვოიაჟი ფათერაკებით აღსავსე და წარმატებული აღმოჩნდა. ოთხი თვის განმავლობაში შავტუხამ და სხიერელმა იმდენი ქნეს, რომ „ბანკირის“ მიერ გადამალული 4 მილიონის წამღები, როსტოველი განაბი „კოლი“ აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, კოლი პოლკოვნიკ პაველ ანდრეევის პირადი აგენტი და ყველა მისი ბრძანების შემსრულებელი ყოფილა. პოლკოვნიკი ანდრეევი როსტოვის ოლქის მაღალჩინოსანი იყო. მას კრიმინალური დაჯგუფება ჰქონდა ჩამოყალიბებული და მისი იატაკქვეშა ბიზნესი ყვაოდა: ანდრეევის ბიჭები როსტოვში ყიდდნენ ნარკოტიკებს, საქმეებს აძლევდნენ ქურდებს და შემდეგ მათთან ერთად იყოფდნენ ნადავლს, აგრეთვე, ყველა იმ ადამიანს კლავდნენ, ვინც მათ საქმეს მცირედ საფრთხესაც კი უქმნიდა. თუმცა, შავტუხამ და სხიერელმა კოლი მდინარე დონის პირას, გემების შემკეთებელ ერთ-ერთ მიტოვებულ საამქროში შეათრიეს და, რაც იცოდა, დააფქვევინეს.
– არ მომკლათ!.. – ტიროდა განაბი, – ანდრეევმა მაიძულა ფულის მოპარვა. ხოლო ლოტოს და თითას კი პონტი ავუგდეთ, რომ შენზე შეგვეწმინდა ხელები, რადგან ვიცოდით, რომ ქურდები არ მოისვენებდნენ, სანამ სიმართლეს არ გაიგებდნენ. ასე გვინდოდა ამ საქმის მოკვლა.
კოლმა შავტუხას და სხიერელს პოლკოვნიკი ანდრეევი მოახელთებინა, რის შემდეგაც მათ „ბანკირისგან“ გატაცებული 4 მილიონიც ჩაიგდეს ხელში, რომელიც მილიციის პოლკოვნიკს საკუთარი სახლის ავტოფარეხში, მიწაში ჰქონდა ჩაფლული.
შავტუხამ და სხიერელმა ფული როსტოვის რკინიგზის სადგურის შემნახველ საკანში შეინახეს. ნუგზარ კანდელაკმა კი როსტოველი ქურდების წინამძღოლს, 65 წლის იური მალცევს, მეტსახელად „ტიტას“, დაურეკა, მოიკითხა და ბოლოს უთხრა:
– მაყუთი სადგურის შემნახველ საკანშია. ნომერი შენი ფოსტის ყუთში გდია. ინფორმაცია კი კოლისგან შეიტყვეთ, რომელიც ახლა გარაჟშია დაბმული.
– შენ, შავტუხა?
– მე მივემგზავრები და თუ მოგენატროთ, მაშინ მომწერეთ – მოკითხვამდე ევროპაში...
P. S. ქურდული სალაროს ფული 4 მილიონი მანეთი კანონიერ პატრონს დაუბრუნდა. კოლი დონის პირას იპოვეს მოკლული. პოლკოვნიკმა პაველ ანდრეევმა თავი მოიკლა, ნუგზარ კანდელაკი და ვაჟა სხიერელი კი ბრაზილიაში დასახლდნენ...
ნიკა ლაშაური