ხახვისმჭრელები
„ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო“
ის, რომ ჩვენი მიზანია, დავეწიოთ და გავასწროთ ყველას და ყველაფერს, პოსტრევოლუციურ საქართველოში ლამის ჩვილსაც კი მოეხსენება (დაახლოებით, ასე: „ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო!“). არც ისაა დასამალი, რომ ჩვენში პროფესიული სასწავლებლების ბუმია; თუ არ არის, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას უნდა, რომ იყოს და ამისათვის არც ძალისხმევას იშურებს და არც სატელევიზიო სიუჟეტებს. ჰოდა, რაკი არ იშურებს, მზარეულის, რესტორან-სასტუმროს მენეჯერისა თუ დამლაგებლის პროფესიებს დიდი პოპულარიზაცია ეწევა. მეტიც, გასულ კვირას ისიც შევიტყვეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლების მისაღებად უკვე უცხოელებიც ჩამოდიან (ანუ ახლა უკვე არა მხოლოდ ჩვენმა ბავშვებმა იციან, თუ „ვინ არის კაკო“!). მეორე მხრივ, მართალია, უცხოელი ჰქვია, თორემ, თუ ტელეეთერში ნანახით ვიმსჯელებთ, ჩვენზე გაჭირვებული ქვეყნის შვილები უნდა იყვნენ (თან, ისეთი გაჭირვებულის, საზღვრის გადალახვა ხახვის დაჭრის საიდუმლოს გასაგებად რომ მოუწია). თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული აღმშენებლობის დასტურად ისიც გვითხრეს, რომ ზუგდიდში ერთი ერაყელი ოჯახი დასახლებულა. შვილებს ქართულიც შეუსწავლიათ, მამას კი მცირე ბიზნესი წამოუწყია და, რაკი კარგად მოწყობილა, ხელისუფლებისთვის საქართველოს მოქალაქეობაც უთხოვია. ჩვენ, რადგან ვიცით, რომ ჩვენი მთავრობა ყველა ჩაგრულის ქომაგია, დარწმუნებულიც ვართ, რომ ხსენებული ერაყული ოჯახი საქართველოს მოქალაქეობასაც მიიღებს და მათი რაოდენობაც დემოგრაფიულ მატებაში ჩაგვეთვლება. ხოლო, რაკი გაქართველებული ოჯახის უფროსი განმარტავს, რომ საქართველოში ცხოვრება მოსწონს (ჩემს ქვეყანაში ისვრიან, აქ კი დემოკრატიააო), გამოდის, რომ ჩვენი ჯარი ერაყში ომს ვერ გასცდა, დანარჩენები კი – ერაყელთა მოსაწონ დემოკრატიულ ორბიტაზე ვტრიალებთ.
ანუ, „შენ ხახვი დაჭერი, დემოკრატიას რას კითხულობო“.