კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაბრკოლებები შეექმნა სალომე ნინუას „ჯეობარის“ გამო და როგორ მიიღო ის „შუა ქალაქმა“


სერიალ „შუა ქალაქის“ პერსონაჟმა, ელენემ, იგივე სალომე ნინუამ, არა მხოლოდ დათოს, არამედ ბევრი მაყურებლის გული მოიგო. სალომე პირველი სეზონიდანვეა „შუა ქალაქის“ აქტიური მაყურებელი და ძალიან გაუხარდა, რომ თავადაც მიეცა საშუალება, ამ სერიალში მიეღო მონაწილეობა. ის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და ამჟამად თანაკურსელებთან ერთად საკმაოდ საინტერესო სპექტაკლზე მუშაობს, სადაც ჟანა დარკის დედას ასახიერებს. მისი აზრით, როგორც მსახიობისთვის, ამ სპექტაკლზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. „შუა ქალაქში“ გამოჩენამდე სალომე მაყურებელმა ბოლო „ჯეობარიდან“ გაიცნო. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ ჩვენი რესპონდენტი რადიო „გურუს“ დილის ეთერის მუსიკალური წამყვანია და, ასევე, მუშაობდა რადიო „ევროპა პლუსში.“ მისი დილა კი, უკვე სამი წელია, დილის 7 საათზე იწყება.



– სამი წლის წინ „ჯეობარის“ ერთ-ერთი მონაწილე იყავი. რას ნიშნავდა შენთვის ეს პროექტი?

– ჩემთვის „ჯეობარი“ აღარაფერი აღარ არის, დასრულდა. მართალია, არ ვნანობ „ჯეობარში“ მონაწილეობა რომ მივიღე, მაგრამ, მერე და მერე იმასაც მივხვდი, რომ ეს ის პროექტი არ იყო, სადაც მე უნდა შევსულიყავი. „ჯეობარის“ დასრულების შემდეგ ერთ-ერთ რეჟისორს ჩემი აყვანა უნდოდა როლზე, რომელიც არ მიცნობდა. რომ დამინახა, – უი, ეს გოგო „ჯეობარელი“ არ არისო? – იკითხა, – მთავარ როლზე ვერ ავიყვან, უბრალოდ, იცეკვოსო. მერე მაინც მე ამიყვანეს, რადგან სხვა ვერავინ შეარჩიეს. სხვათა შორის, მოგვიანებით სპექტაკლის რეჟისორმა ბოდიშიც კი მომიხადა – თურმე ვცდებოდი, კარგი გოგო ყოფილხარო.

– თუ „ჯეობარელობა“ გარკვეულწილად საქმეში ხელს გიშლიდა, ალბათ „შუა ქალაქში“ გამოჩენისთანავე ძალიან დადებითი ემოცია წამოვიდა.

– რასაკვირველია, „შუა ქალაქი“ სულ სხვაა. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩემი იქ ყოფნა, მაგრამ, ჯერჯერობით ვარ და ძალიან მინდა, კიდევ დიდხანს ვიყო.

– „შუა ქალაქის“ მაყურებელი თავიდანვე იყავი?

– აბა რა! საკმაოდ გემოვნებიანი სერიალია და, არ შეიძლება, რომ არ უყურო.

– სერიალში რამდენიმე სერიის წინ გამოჩნდი. როგორ მიგიღო „შუა ქალაქმა“?

– ძალიან კარგად. სხვათა შორის, ამ დონეზე მოწესრიგებულ, კარგ გარემოს არც ველოდი. ყველამ ძალიან კარგად მიმიღო.

– როგორ წარმოგიდგენია თავი ისეთი სამეზობლოს გარემოცვაში, როგორებიც „შუა ქალაქში“ არიან?

– ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა ღლონტებისა და ჩხეიძეებისნაირი მეზობლები რომ მყავდეს-მეთქი. სიამოვნებით ვიმეგობრებდი მათთან. საერთოდ, ძალიან მიყვარს მეზობლები და მომწონს მათთან ხშირი ურთიერთობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი დაკავებული ვარ, რომ მეზობელთან გასვლას ვერაფრით ვახერხებ.

– როცა ჯერ კიდევ „შუა ქალაქის“ მაყურებელი იყავი, ყველაზე მეტად რომელ პერსონაჟზე ხალისობდი?

– ძალიან მომწონდა ირაკლი, ღლონტები, ლაშა, სანდრო... ყველა ძალიან მომწონს, მაგრამ ალბათ, მაინც ირაკლის გამოვარჩევდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ცხოვრებაშიც ასეთივე მხიარულია.

– შენ როგორი ხარ ცხოვრებაში?

– არ ვიცი, შეიძლება, ცხოვრებაშიც ელენესნაირი ვარ, მასავით უბრალო გოგო. როგორც ყველას, ასევე მეც მაქვს ბევრი კარგი და ცუდი თვისება.

– მაინც, რა თვისება არ მოგწონს საკუთარ თავში?

– არ მომწონს ის, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. ჩემს ქმარს ხშირად უთქვამს, რომ ზედმეტად კეთილი ვარ. შეიძლება ვიცოდე, რომ ვიღაც ვერ მიტანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შემიძლია, მის პრობლემაზე მაინც ვიფიქრო, რომ, იქნებ, რაღაცით დავეხმარო. ამაზე ჩემს ახლობლებს ხშირად გასცინებიათ – რაში გაინტერესებს მისი პრობლემაო.

– ფრთხილი ადამიანი ხარ?

– ცხოვრებაში ფრთხილი საერთოდ არ ვარ, რის გამოც ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ. მიუხედავად ამისა, ჩემი შეცდომების გამო დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ.

– დეპრესიაში რატომ არ ვარდები, ძლიერი ადამიანი ხარ თუ, უბრალოდ, შეცდომის შედეგი არ გაინტერესებს?

– გვერდით ძალიან ძლიერი ადამიანები მყავს. შეიძლება, მე თვითონ არ ვარ ისეთი ძლიერი, რამდენადაც ძლიერ ოჯახში ვცხოვრობ. დედაჩემი ხომ, საერთოდ, გმირი ქალი მყავს. საჭირო მომენტში ის ყოველთვის ჩემ გვერდით დგას. ბევრი ადამიანი მყავს, ვინც მასულდგმულებს: დედა, შვილი, ქმარი, ძმა და ასე შემდეგ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი კარგი ხალხი მყავს, რომლებსაც ვენდობი, ვეყრდნობი და ასე შემდეგ.

– როგორც აღნიშნე, ხშირად არასწორი ნაბიჯი გადაგიდგამს. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებ?

– გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად ვიღებ, არასდროს არ ვფიქრობ, რასაც ხანდახან ვნანობ კიდეც, მაგრამ, ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე – წლები მომემატა და დავბრძენდი.

– შენს ოჯახზეც გვიამბე რამდენიმე სიტყვით.

– ოჯახში ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, დედაჩემი და დედაჩემის მეუღლე. ჩემი მეუღლეა დათო მაისურაძე, რომელიც ჩემზე ექვსი წლით უფროსია. თეატრთან და კინოსთან მას არაფერი აქვს საერთო. საგზაო კომპანიაში მუშაობს. ეს ჩემი მეორე ქორწინებაა და ერთი წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. დედაჩემი ფილოლოგი და პარაფსიქოლოგია, ხოლო მისი მეუღლე – ფოტოხელოვანი.

– შენს მეუღლეს თუ მოსწონხარ ელენეს როლში?

– მართალია, ჯერ ელენე ახალი პერსონაჟია, მაგრამ, მოსწონს. საერთოდ, ჩემს ქმარს ყველაფერი მოსწონს, რასაც ვაკეთებ.

– შენ თუ მოგწონს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს?

– მეც მომწონს. ჩვენ, პირველ ყოვლისა, ახლო მეგობრები ვართ და ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს – სხვანაირად არც შეიძლება.

– გათხოვილი რომ არ იყო, დათოსნაირ მამაკაცთან თუ დაიჭერდი საქმეს?

– შეიძლება. ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული. დათოს შეიძლება ბევრი არაჩვეულებრივი თვისება აქვს, რისი აღმოჩენაც ძალიან კარგი იქნებოდა.

– „შუა ქალაქში“ ახალი რამ აღმოაჩინეს შენს პერსონაჟში – თურმე, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ხარ.

– პირველად რომ გამოვჩნდი სერიალში, მაშინ, ვითომ, საერთოდ არ ვიყავი აზარტული, ამ დროს, თურმე, გოგო ტოტალიზატორში თამაშობს.

– ცხოვრებაშიც აზარტული ხარ?

– ძალიან აზარტული ვარ, მეუღლესთან ერთად ხშირად დავდივარ კაზინოში. უფრო მარწყვებზე ვთამაშობთ. მართალია, ძალიან აზარტულები ვართ, მაგრამ, ორივეს გვაქვს იმის შეგრძნება, როდის უნდა გავჩერდეთ.

– როგორც ამბობენ, კაზინოში მოგებული – წაგებულია და წაგებული – დაქცეულიო. ეთანხმები?

– ეს, ალბათ, მარწყვის მოთამაშეებზე არ არის გათვლილი. წაგებული და დაქცეული ის არის, ვინც ბოლომდე დამოკიდებულია კაზინოზე. კაზინოში რომ შევდივარ, სულ იმას ვამბობ, ღმერთო, მაპატიე-მეთქი. თამაშის დროს კი უნებურად წამომცდენია ღმერთო, მარწყვები დაჯდესმეთქი. მერე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები ამას რატომ ვამბობ-მეთქი.

– ხშირად მოგიგია?

– შენ წარმოიდგინე, კი, თუმცა, ჩემი ქმარი უფრო ხშირად იგებს, ბედი მას უფრო სწყალობს.

– ფეხბურთის მოყვარულიც ხარ ელენესავით?

– კი, მაგრამ, ვერ ვუყურებ, რადგან ჩემს ქმარს არ უყვარს და არც მე მაყურებინებს. ფეხბურთის დროს ქმარი სხვა რამეს უყურებს, შვილი – მულტფილმებს. ასე რომ, უმცირესობაში ვარ.

– შენს შვილს თუ მოსწონს „შუა ქალაქი?“

– „შუა ქალაქი“ რომელ ბავშვს არ უყვარს! უხარია, რომ მეც ვმონაწილეობ ამ სერიალში. სხვათა შორის, ჩემს შვილს ძალიან არ მოსწონდა, „ჯეობარში“ რომ ვიყავი შესული. შენ იქ არ უნდა წასულიყავიო, მითხრა. მივხვდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდა.

– უამრავი ადამიანი ლაპარაკობს „შუა ქალაქის“ ტერმინებით. შენ თუ გაქვს რომელიმე ამოჩემებული?

– მე არა, ჩემს შვილს: „ორკარიან“, „ერთბურთიან“ და ასე შემდეგ. იმდენად ხშირად ამბობს მსგავს ფრაზებს, რომ ვეღარ გადავაჩვიე.

– მკითხველს რას ეტყვი ორი სიტყვით?

– „შუა ქალაქს“ უყურონ აუცილებლად, რადგან მასში ნამდვილად ჯანსაღი იუმორია.


скачать dle 11.3