მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ მოვუარო ასპარაგუსს, რომ კარგად გაიხაროს და მაინტერესებს, თუ შემიძლია ოთახის პირობებში მისი გაზრდა?
პასუხი: ასპარაგუსი ძალიან გამძლე მცენარეა. მას ტუბერებიანი ფესვები აქვს, სადაც წყალი გროვდება და კარგად იტანს სიცხესა და უწყლობას. ძალიან უყვარს სინათლე, მაგრამ არა მწველი მზის სხივები. ზამთარში 7 გრადუს ტემპერატურასაც კი იტანს, თუმცა მისთვის ნორმალურია 18-24 გრადუსი. ზაფხულობით ის რეგულარულად უნდა მორწყათ, რათა მიწა მუდამ ტენიანი იყოს, ზამთარში კი – შედარებით იშვიათად, თუმცა არც მიწის ძალიან გამოშრობაა უპრიანი. თუ თქვენს მცენარეს ფოთლები გაუყავისფრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ წყალი აკლია და მაშინვე მორწყეთ. ზაფხულში რეგულარულად მიაწოდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი. მართალია, ეს მცენარე ცუდ პირობებშიც იზრდება, მაგრამ ამ დროს ის ფერს კარგავს და ისეთი შთამბეჭდავიც აღარ არის. ამიტომ, შეუქმენით მინიმალური პირობები და თქვენი მცენარე მშვენივრად გაიხარებს ბინაში. თუ ამ მცენარის გამრავლებას მოისურვებთ, სააბაზანოში ან საკიდ კალათაში მოათავსეთ.
კითხვა: შევიძინე ანთურიუმი, თუმცა კარგად ვერ ხარობს, მისი ფოთლები ძალიან მოწყენილია და ჯერ არც ყვავილობს, იქნებ მირჩიოთ, როგორი პირობები შევუქმნა მცენარეს, რომ გალამაზდეს?
პასუხი: ანთურიუმის მრავალი სახეობა არსებობს. მათგან გამოყვანილია კომპაქტური ჯიშები, რომლებიც უკეთ იტანს ოთახის პირობებს. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ, კაშკაშა მზეს მოარიდეთ, ზამთარში მინიმუმ, 16 გრადუსი ტემპერატურა შეუნარჩუნეთ. იმისთვის, რომ ანთურიუმს ფესვები არ დაუზიანდეს, ძალიან ნესტიან მიწაში არ ამყოფოთ. თუმცა, არც ძალიან გამოაშროთ. სეზონების მიხედვით დაარეგულირეთ მორწყვის რეჟიმი. ზაფხულში ზამთართან შედარებით უფრო აქტიურად მორწყეთ, მაგრამ გახსოვდეთ, წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ. ანთურიუმი სხვა მცენარეებთან შედარებით, მართლაც ცოტათი ჭირვეული და ძნელად მოსავლელი მცენარეა. მისთვის ყოველთვის საჭიროა, მუდამ ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე. არ უყვარს ტემპერატურის რადიკალური ცვალებადობა. ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ კართან ან ღია ფანჯარასთან არ დადგათ. ზაფხულობით შეგიძლიათ, მცენარე რეგულარულად დანამოთ. კარგია თუ მწველ მზეს მოარიდებთ და ნათელ ოთახში ამყოფებთ.
კითხვა: მაინტერესებს რა ტემპერატურაზე უნდა ვამყოფო ახლა და სხვა სეზონებზე ექევერია და სასურველია თუ არა ზამთარში გამათბობელთან ახლოს მისი დადგმა?
პასუხი: მისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. ზაფხულობით ოთახის ტემპერატურაც ჰყოფნის, დაახლოებით, 18-24 გრადუსი. არ გირჩევთ, ექევერიას გამათბობელთან ახლოს დადგმას, უმჯობესია თუ მისგან მოშორებით ამყოფებთ. ასე მაღალ ტემპერატურასაც შეინარჩუნებთ და მცენარესაც დაიცავთ.
თეონა გოზალიშვილი