რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ოთახის ძაღლს თქვენმა ფეხსაცმელმა და ოთახის რომელი მცენარეა მისი სიცოცხლისთვის საშიში
თუ შინაური ცხოველი უკვე გყავთ ან აპირებთ აყვანას, დაიმახსოვრეთ, ძაღლი სახლში მარტო სიხარულის შემომტანი არაა, მასზე დიდ პასუხისმგებლობასაც იღებთ. ის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე კარგ და ერთგულ მეგობრად იქცევა. ყურადღებით მოეკიდეთ იმ საშიშროებებს, რაც შეიძლება, თქვენს ძაღლს ბინაში დაემუქროს. როგორც იტყვიან, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. იმის შესახებ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას უნდა მოარიდოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი და როგორ დაიცვათ მისი სიცოცხლე, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.
– რას უნდა მოვარიდოთ ლეკვი სახლში?
– თუ თქვენს პატარა ლეკვს კბილები ამოსდის, მაშინ მისთვის ელექტროსადენები ყველაზე კარგი „სასუსნავია“. სად გადაწყვეტს თქვენი ლეკვი ღრძილების მოფხანას, კაცმა არ იცის. ასეთი შემთხვევები ხშირად ელექტროტრავმებით მთავრდება.
– რას იწვევს ეს ყველაფერი ცხოველის ორგანიზმში?
– ორგანიზმში ძაბვის გავლა სუნთქვის და გულის გაჩერებას იწვევს. იმ ადგილას, სადაც ცხოველსა და სადენს შორის კონტაქტი მოხდა, აღინიშნება დამწვრობები და სხეულის სხვა მძიმე დაზიანებები. აღნიშნული პრობლემისგან თავის დასაცავად აუცილებელია, ელექტროსადენების კარგი იზოლაცია, რაც ელექტროტრავმისგან დაიცავს როგორც ბავშვებს, ასევე ცხოველს.
– კიდევ რას უნდა მივაქციოთ უსაფრთხოების მიზნით ყურადღება?
– საშიშია საყოფაცხოვრებო ქიმია (საწმენდი და სარეცხი საშუალებები), რომლებსაც ძაღლები ცნობისმოყვარეობის მიზნით გემოს უსინჯავენ. ამან შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული მოწამვლა, რომელიც შეიძლება, ლეტალური გამოსავლით დამთავრდეს. აღნიშნული საშუალებები მარტო მიკრობებს არ კლავს! არ დატოვოთ საწმენდი და სარეცხი საშუალებები ძაღლისთვის მისაწვდომ ადგილას. არ დააყენოთ მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ.
– თითქმის ყველა ოჯახშია მცენარეები. ყვავილები თუ უქმნის საფრთხეს ცხოველს?
– ოთახის მცენარეების უმნიშვნელო რაოდენობით ჭამამაც შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული ინტოქსიკაცია, რადგან მათი უმეტესობა ძლიერ შხამიანია. ამიტომ, აცილებლად უნდა მოვათავსოთ ძაღლისთვის მიუწვდომელ ადგილას.
– ყველაზე მეტად რომელი მცენარე უქმნის ლეკვს საფრთხეს?
– ოთახის მცენარეებიდან ყველაზე შხამიანია ოლეანდრები, დეკორატიული ხახვი და კაკტუსი. ამიტომ, ამ მცენარეებს ძაღლები აუცილებლად უნდა მოარიდოთ.
– როგორც ჩანს, ძალიან ბევრი რამ უქმნის უწყინარ არსებას საფრთხეს. კიდევ რას უნდა მოვარიდოთ ისინი?
– წამლებს. პატრონის უყურადღებობით და დაუდევრობით დატოვებული სამკურნალო პრეპარატები ძაღლმა შეიძლება, შეჭამოს. დიდი რაოდენობით მიღებულმა პრეპარატმა კი, ყველაზე კარგ შემთხვევაში ღებინება, ან ლეკვის სიკვდილი გამოიწვიოს. აღნიშნულისგან თავის დასაცავად აუცილებელია, საგულდაგულოდ დავმალოთ და შევინახოთ სამკურნალო პრეპარატები ოთხფეხა მეგობრისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სხვა ცხოველებმა, მაგალითად კატებმა, შეიძლება სერიოზული დაზიანებები მიაყენონ თქვენს ძაღლს. ნაკაწრებისა და ნაკბენების სახით შეიძლება თვალიც სერიოზულად დაუზიანონ. მას კი ხანგრძლივი და ძვირი მკურნალობა დასჭირდება. ხშირად მკურნალობის მიუხედავადაც შეიძლება თვალის დაკარგვა მოჰყვეს. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა მივაჩვიოთ ცხოველები ერთმანეთს.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ნაგვის ურნა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ძაღლისთვის, სადაც შეიძლება მისთვის საინტერესო „განძი“ იყოს. მაგალითად, ძვლები, პოლიეთინელის პარკები, ძეხვეულის ნარჩენები, მინის ნამსხვრევები და სხვა მრავალი.
– რა შეიძლება, ყოველივე ამან გამოიწვიოს?
– აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სერიოზული დაზიანება – დაცობა ან პერფორაცია, რის მკურნალობასაც ოპერაციული ჩარევა სჭირდება.
ყურადღება მიაქციეთ სათამაშოებსაც – მის ზომებსა და მასალას. ის ნივთიერება, რომლისგანაც სათამაშოა დამზადებული შეიძლება შეუთავსებელი აღმოჩნდეს ლეკვის ორგანიზმისთვის და გამოიწვიოს საყლაპავი მილის ან ნაწლავის დაცობა. ანალოგიურად შეიძლება, ითქვას სხვა საგნებზეც: სავარცხელი, წინდები, თმის სამაგრი, რეზინის ნივთები და სხვა, რაზეც კი მიუწვდება თქვენს ძაღლს კბილი. აღნიშნულის მკურნალობას შეიძლება, დასჭირდეს ოპერაციული ჩარევა. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და აღნიშნული საგნები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ლეკვისთვის საშიშია ღია აივანიც, თამაშის დროს რომ არ გადავარდეს და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა არ მიიღოს.
ტახტი, სავარძელი და სხვა ავეჯიც საშიშია პატარა ჯიშის ძაღლის ლეკვისათვის, რადგან წარუმატებელმა ნახტომმა შეიძლება, ამოვარდნები, მყესის გაწყვეტა ან მოტეხილობა გამოიწვიოს. ამისთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით და შევეცადოთ არ იხტუნონ. ამით თავს აარიდებთ დიდ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მოტეხილობის მკურნალობასთან. იმ ადგილებზე, სადაც თქვენს ცხოველს უყვარს გადმოხტომა, სასურველია, დააფინოთ ხალიჩა. რისკი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ზედაპირი, სადაც ცხოველი ხტუნაობს, პრიალაა – მაგალითად, პარკეტი ან ლინოლიუმი.
დაბოლოს, ფეხსაცმელი, რომლითაც ქუჩაში დავდივართ, შეიძლება, ლეკვისთვის სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს. შეიძლება, გახდეს ვირუსული დაავადების გადატანის მიზეზი. ყოველწლიური ვაქცინაცია კი ნამდვილად აგვარიდებს აღნიშნულ პრობლემას. ასევე ეცადეთ, რომ თქვენი ფეხსაცმელი შეინახოთ ისეთ ადგილას, რომელიც ლეკვისთვის მისაწვდომი არ იქნება.