როგორ დაამკვიდრა ნინო ცქიტიშვილმა საფრანგეთში ქართული მეზობლობა და ვისთან ერთად მოგზაურობს ის ყოველ სამ თვეში ერთხელ
გასაკვირი არ არის, რომ მოგზაურობა ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო პროცესია. მათ შორისაა მოდელი ნინო ცქიტიშვილი, რომელიც დიდი სიამოვნებით ახერხებს წელიწადში რამდენჯერმე, ოჯახის წევრებთან ერთად, სამოგზაუროდ წასვლას. განსაკუთრებით იმ ქვეყნების მონახულება სიამოვნებს, სადაც წლობით ცხოვრობდა.
ნინო ცქიტიშვილი: ვის არ უყვარს მოგზაურობა?! ყოველთვის დიდი სურვილი მაქვს, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ვიმოგზაურო. ვცდილობ, რაც შეიძლება, ხშირად ვიმოგზაურო, რასაც პრინციპში, სამ თვეში ერთხელ ვახერხებ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ძალიან მინდა წავიდე, მენატრება, მაგრამ ვერ ვახერხებ, ეს პორტუგალიაა.
– პორტუგალიაში რამდენი წელი იცხოვრე?
– 4 წელი. ძალიან მენატრება იქაურობა. წასვლას დღემდე ვერ ვახერხებთ, მაგრამ გეგმაში გვაქვს.
– ყველაზე მეტად რა გხიბლავს უცხო ქვეყანაში ჩასვლისას?
– უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, უპირველესად, აუცილებლად უნდა ნახო ღირსშესანიშნავი ადგილები, რაც ვატოს ძალიან არ უყვარს. ის მთავარია, შოპინგზე ატარე, თან იქ, სადაც ტექნიკაა. თუ მაინც დავიყოლიე და რამის სანახავად წამომყვა, ერთ რამეზე მაინც ვერ ვთანხმდებით. ვატოს ყველაფრის ნახვა გავლით უნდა, მე კი მირჩევნია, დიდხანს შევჩერდე და კარგად აღვიქვა ყველაფერი. ჩემი დაჟინებით მუზეუმებში მაინც დავდივართ.
– უცხო ქვეყანაში არასდროს დაკარგულხარ?
– გზა ამრევია, განსაკუთრებით მანქანით, მაგრამ დაკარგვით არასდროს დავკარგულვარ. ეს ადრე ხდებოდა, თორემ უკვე თვალდახუჭული ვიცი მთელი ევროპა – ავტობანები და ასე შემდეგ.
– სუვენირების მოყვარული თუ ხარ, რომელიც ხშირად ჩამოაქვთ სამოგზაუროდ წასულებს?
– კი, მოგზაურობიდან ძალიან ბევრი სუვენირი ჩამომაქვს, ზოგი საჩუქრად, ზოგიც ისეთია, მე მრჩება და ყოველთვის იმ ქვეყანას მახსენებს, სადაც ვიყიდე. როგორც სუნი და მუსიკა იწვევს ასოციაციას, ისევეა ჩემთვის სუვენირი.
– ყველაზე დიდხანს რომელ ქვეყანაში მოგიწია ცხოვრება?
– საფრანგეთში.
– როგორც ამბობენ, ფრანგები ცოტა არ იყოს, ცივი ხალხიაო და შენ თუ ეთანხმები ამ აზრს?
– არა, ასე არ არის. მართალია დიჟონში ვცხოვრობდით, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას პარიზში ვიყავით. როგორც თავად დიჟონელები ამბობენ, პარიზელები უფრო ცივები არიან, ვიდრე ჩვენო, მაგრამ მე განსხვავებას მართლა ვერ ვხედავ. საკმაოდ თბილი და კომფორტული ხალხია. დიჟონელ მეზობლებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. სხვათა შორის, ძალიან დიდ პატივს მცემდნენ. არ ვიცი, რატომ – როგორც უცხოელს, თუ როგორც ცნობილი კალათბურთელის ცოლს. მათი მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ვიგრძენი. ერთი ფრანგი მეზობელი, ნამცხვარს რომ გამოაცხობდა, ჩემთან შემოჰქონდა. მე თუ გამოვაცხობდი, მეც გამქონდა და ასე. თავიდან ძალიან გამიკვირდა, რადგან მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით. თურმე იქაც სცოდნიათ.
– ადვილად შეეჩვიე ფრანგულ კერძებს?
– მათი კერძები ქართულს არანაირად არ ჰგავს, მაგრამ საფრანგეთში ისეთი რესტორნებიცაა, სადაც ცხარე და მწარე კერძებს ამზადებდნენ. ამიტომ, მათი ხშირი სტუმრები ვიყავით. ფრანგებსაც აქვთ გემრიელი კერძები, რომლის მომზადება მეც მოვსინჯე. რამდენიმე გემრიელი კერძის რეცეპტი მაგალითად, პორტუგალიაში ყოფნის დროს, მზარეულმა მასწავლა. სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, რადგან ასეთი რამ, როგორც წესი, არ ხდება. მე და ვატო ხშირად დავდიოდით იმ რესტორანში და ალბათ, სიმპათიით იყვნენ ჩვენდამი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრანგული კერძია ალა ფოდძიუ, რომელსაც დიჟონში ხშირად მივირთმევდით. რესტორანში უმი, წვრილად დაჭრილი საქონლის ხორცი მოაქვთ, რკინის ჯამში ადუღებულ ზეთთან ერთად. მაგიდაზე ჯამს მშრალ სპირტზე დებენ, შენ თვითონ წვავ მასში ხორცს და მერე უგემრიელეს სოუსთან ერთად მიირთმევ. სიმართლე გითხრა, თბილისში ისეთი გემრიელი ხორცი არსად მიჭამია. როგორ ზრდიან საქონელს, არ ვიცი, მაგრამ ხორცი პირში დნება.
– თავისუფალ დროს თავს როგორ ირთობდი?
– ძირითადად ბავშვებით ვიყავი დაკავებული. ასევე, დავდიოდი ფიტნესკლუბებში. შაბათ-კვირას მეგობრები მორიგეობით ვიკრიბებოდით. ერთ შაბათს ერთ ოჯახში ვუყურებდით მატჩს, მეორე შაბათს – მეორეში და ასე გაგვყავდა დრო. ერთადერთი, რასაც ვნანობ და საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, ის არის, რომ ფრანგული კარგად არ ვისწავლე. რატომ მომივიდა ეს, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი შანსი დავკარგე. წარმოიდგინე, 3 წელი საფრანგეთში ვიცხოვრე და ფრანგული ენა კარგად არ ვისწავლე. ორი შვილი იქ გავაჩინე და ენა აუცილებლად უნდა მესწავლა. ინგლისური ყველას ესმოდა და ამან დამღუპა.
– ბავშვები საფრანგეთის მოქალაქეები არიან?
– სრულწლოვანები რომ გახდებიან, არჩევნის უფლება აქვთ. თუ ორმაგი მოქალაქეობა გადაწყვიტეს, ამის პრობლემა არ ექნებათ.
– მაშინ, როცა პორტუგალიაში ცხოვრობდი, სამოდელო ბიზნესშიც შემოგთავაზეს ჩართვა.
– პორტუგალიაში რომ ვცხოვრობდით, ერთხელ მქონდა ფოტოსესია და ერთხელ მიწვევა ფატიმა ლოპესის ჩვენებაზე, რომელიც იქ ძალიან ცნობილი დიზაინერია და ფეშენ-ვიკებზეც იღებს მონაწილეობას. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, იმ წელს ვატოს დაუმთავრდა კონტრაქტი და საქართველოში დავბრუნდით. ვატოს გარეშე კი, პორტუგალიაში ნამდვილედ ვერ დავრჩებოდი.
– ასაკით პატარა იყავი, როცა უცხოეთში ქმარ-შვილთან ერთად გადახვედი საცხოვრებლად. მერე ორი შვილი კიდევ გააჩინე. ალბათ, ძნელია იცხოვრო უცხო ქვეყანაში, იყო კარგი მეუღლე, კარგი დედა, ყველაფერი წესრიგში გქონდეს და ყოველთვის ფორმას ინარჩუნებდე. როგორ ახერხებდი ამას?
– ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან კარგია. შიგადაშიგ ცოტა მოსაწყენიც იყო, მაგრამ ახლა ის პერიოდი, მაინც კარგად მახსენდება.
– თავიდან როგორ ახერხებდი სრულიად მარტო ოჯახური საქმის გაძღოლას?
– ვატოს რომ ცოლად გავყევი, პატარა ვიყავი და ფაქტობრივად, არაფრის კეთება არ ვიცოდი. აქ ყველაფერი მზამზარეული გვქონდა. როცა საცხოვრებლად უცხოეთში გადავედით და ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გაგვეკეთებინა, ნელ-ნელა მეც ვისწავლე საოჯახო საქმეები, სხვა რა გზა მქონდა. სხვათა შორის, ყველაფერი ადვილად ვისწავლე. რაც შეეხება სამზარეულოს, კულინარიული წიგნები მქონდა წაღებული და მისი საშუალებით ყოველდღე სხვადასხვა კერძებს ვუმზადებდი ვატოს. არ არსებობს, ქალმა მოინდომოს და არ გამოუვიდეს.
– ქართველი მაყურებელი ხშირად გხედავს სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში. უცხოეთში თუ გქონია მსგავსი შემოთავაზება?
– უცხოეთში ერთ-ერთი სააგენტოსგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ უარი ვუთხარი. მარტო უნდა წავსულიყავი, რადგან ვატოს თავის კონტრაქტი ჰქონდა და ვერ წამომყვებოდა. იმ პერიოდში ჩვენი ოჯახისთვის ვატოს კონტრაქტი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე – ჩემი.
– ის ფაქტი სიახლე არ არის, რომ შენი გარდერობის 99 პროცენტი უცხოეთში შეძენილი ნივთებისგან შედგება...
– ასე გამოდის. გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ თბილისში მაღაზიებში არ დავდივარ. არც ვიცი, სად რა უნდა ვიყიდო. თუ რამე განსაკუთრებულის შეძენა მინდა, დიზაინერთან მივდივარ და მასთან ვიკერავ. უცხოეთში თვალდახუჭული ვიცი, ყველა მაღაზია. შოპინგი არასდროს მღლის, მთელი დღე გაუჩერებლად შემიძლია, ვიარო მაღაზიიდან მაღაზიაში.
– ყველაზე მეტად ტრანსპორტის რომელი საშუალებით გიყვარს მოგზაურობა?
– არ მიყვარს თვითმფრინავი, ძალიან მეშინია. არ მეშინოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც წლების წინ, საქართველოს ნაკრების წევრებს კალათბურთსა და ფეხბურთში საშინელი ფაქტი გადახდათ, შემეშინდა. ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმდა. როგორც გაირკვა, პილოტს უნდა აეცილებინა, მაგრამ გარისკა და ღრუბელში შევიდა. თვითმფრინავი ფაქტობრივად ვარდებოდა, ორი ძრავა გაეთიშა და მოწყვეტით დაეშვა ძირს. ღვთის ნებით, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– ანუ, თვითმფრინავის ისე გეშინია, რომ თანახმა ხარ ის მანძილი მანქანით გაიარო?
– კი. სხვათა შორის, ჩემი ოცნებაა გემით სამოგზაუროდ წასვლა. მინდა, ჩემი მეგობრები შევკრიბო და ერთად წავიდეთ. ამ ოცნებას აუცილებლად ავიხდენ.
– ყველაზე მეტი სახალისო ისტორიები რომელ ქვეყანაში გადაგხდენია?
– როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობ, სახალისო ისტორიები და კურიოზებიც ხშირია. ყოველთვის მეცინება იმ დღის გახსენებაზე, გუგა რომ გავაჩინე.
– რატომ?
– გუგა საფრანგეთში გავაჩინე. ვატოს ბებია სტუმრად ჩამოვიდა ჩვენთან, რომელიც გინეკოლოგია. მშობიარობა რომ დამეწყო, გამოგვიცხადა, მეც უნდა დავესწროო. სამშობიარო ბლოკში რომ შემიყვანეს, ისიც შემომყვა და თავზე დამადგა. მოკლედ, ექიმს, რომელიც მამშობიარებდა, ლეილამ რჩევების მიცემა დაუწყო: ეს ასე ჯობია, ის – ისეო. თან რუსულად ელაპარაკებოდა, იმ კაცს არაფერი ესმოდა და სულ გადაირია, რა უნდა ამ ქალს ჩემგანო. ყველაზე მაგარი ის იყო, ჩანთიდან წამალი ამოიღო და ექიმს მისცა, ეს გაუკეთეთ, თბილისიდან წამოვიღეო. არ გვინდა, ქალბატონო, ჩვენც გვაქვსო, გადაირია კაცი. იმდენი ქნა, ბოლოს ფრანგ ექიმს თავის პროფესიონალიზმში მგონი, ეჭვი შეეპარა. გუგა რომ დაიბადა, იმ დროს თბილისში ღამე იყო. ლეილამ თავის სამშობიაროში გადარეკა, როგორ ხართ გოგოებო, გყავდათ მშობიარეო? არა, ქალბატონო ლეილა, არავინ ყოფილა დღესო. სამაგიეროდ, მე მივიღე საფრანგეთში მშობიარე, ბიჭია, ბიჭიო... (იცინის).