კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახდა ცირა სუქნიძის ყველაზე ლამაზი ზღაპარი და ვის ანებივრებს ის სიყვარულით


ცირა სუქნიძე იღბლიანი ადამიანია – ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ გაუმართლა, მაგრამ იღბალმა ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც გასულ წელს მოუწყო, როდესაც საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონა, „მის საქართველო“ გახდა. ის ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ზღაპარი ახდა... ცირა ძალიან მოკრძალებული, წესიერი და კომუნიკაბელური ადამიანია, დიდმა წარმატებამ ვერც მისი ცხოვრების სტილი შეცვალა და ვერც ხასიათი – ის არც თავის ძველ და საყვარელ სტიქიებს ღალატობს და არც ადამიანებს უცრუებს იმედებს...


ცირა სუქნიძე: საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ – თითქმის მთელი ცხოვრება მიმართლებს და იღბალს ჩემთვის ზურგი არ უქცევია. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში იღბალი განსაკუთრებით მეხმარება. მაგალითად, უნივერსიტეტში ჩაბარების დროს მაქსიმალური ქულები მოვაგროვე და დაფინანსების ასპროცენტიან კატეგორიაში მოვხვდი, თუმცა ადამიანი მარტო იღბლის იმედზე ვერ იქნება, ნებისმიერ საქმეში შრომა უნდა ჩადოს. მე ბევრი ვიშრომე, როგორც ეროვნული გამოცდებისთვის, ასევე „მის საქართველოს“ კონკურსისთვის, რაც ჩემთვის იღბლის პიკი აღმოჩნდა.

– ადრეულ ასაკშიც ასე გიმართლებდა?

– დიახ. მე გავიზარდე ჭიათურაში, ვერ ვიტყვი, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გავიზარდე, ამ მხრივ ცოტა დავიჩაგრე, სამაგიეროდ, ძალიან ღირებული იყო ის გარემო ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით. პერიფერიას აქვს თავისებური სითბო, სიყვარული. მე დღესაც ძალიან მიყვარს ჭიათურა, სადაც ჩემი ძალიან ბევრი საუკეთესო მოგონება დარჩა. მე იქ ვისწავლე ადამიანების სიყვარული, თავმდაბლობა, რაც ჩემი აზრით, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ძალიან გამიმართლა იმ მხრივაც, რომ გავჩნდი ჩემს ოჯახში. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი განსაზღვრა დედამ, რომელიც ჩემი ყველაზე ერთგული მეგზურია. ჩემთვის რომ მაქსიმალურად მეტი განათლება მოეცა, მას თითქმის ყველა წრეზე დავყავდი, რისი საშუალებაც ჭიათურაში არსებობდა. დავდიოდი მუსიკალურ შვიდწლედში, ცეკვაზე. ვცეკვავდი ანსამბლში. სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან მოვსინჯე ძალები. ცეკვას ვერ გავყევი, მაგრამ სიმღერა გავაგრძელე. წარმატებებიც მქონდა და ევროპულ ტურნეში წასვლის შანსიც, მაგრამ ვერ წავედი. მე კიდევ ერთ სფეროში აღმოვჩნდი იღბლიანი – ძალიან მიმართლებს ადამიანებში. თითქმის ყოველთვის კარგ ადამიანთა შორის ვხვდები. ასე აღმოჩნდა მაშინაც, როდესაც ჭიათურიდან თბილისში ჩამოვედი, რის გამოც დედაქალაქთან შეჩვევა არ გამჭირვებია.

– ყველაზე მეტად მაინც „მის საქართველოს“ კონკურსზე გაგიმართლა, გქონდა იმედი რომ შენს ცხოვრებაში ასეთი ლამაზი ზღაპარი ახდებოდა?

– ეს იყო ჩემი ცხოვრების მართლაც ყველაზე ლამაზი ზღაპარი. მე ჯერ კიდევ სამი წლის წინ მინდოდა, ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი, ხან – რამ. ეტყობა ჩემი დრო ჯერ არ იყო მოსული... (იცინის) ინტუიცია მაქვს. ქალური ინტუიციის წყალობით, ყოველთვის ვგრძნობ, როდის მოდის ჩემი დრო. ბევრჯერ გამოვცადე საკუთარი ინტუიცია და დავრწმუნდი, რომ არ მღალატობს. სიმართლე გითხრათ, არარეალისტური ოცნებები არასდროს მქონია. ამ კონკურსთან დაკავშირებით, ვფიქრობდი, რომ წარმატების შანსი მქონდა. რამდენიმე თვით ადრე დავიწყე სამზადისი, ფორმაში ჩავდექი. ფსიქოლოგიურადაც განვაწყვე საკუთარი თავი, გავედი კონკურსზე და ძალიან გამიმართლა. განსაკუთრებით ზღაპრული იყო ის დღე, როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს. ისეთი უცნაური გრძნობა დამეუფლა, ყველა მეუბნებოდა, ემოციები ისე ვერ გამოხატე, რაც უნდა წამოსულიყო შენგანო. ეს დღე იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც მე ცხოვრებისგან მივიღე.

– ფათერაკიან თავგადასავლებში თუ გადაურჩენიხარ იღბალს?

– ერთხელ დახრჩობას გადავურჩი. დედა დამეხმარა. კონკურსის დამთავრების შემდეგ, მეც სხვა კონკურსანტებთან ერთად, მატარებლით უნდა წამოვსულიყავი ბათუმიდან. ისე მოხდა, მე წამოვედი ავტომანქანით, გოგონები კი გზაში საკმაოდ შეშინდნენ – უცებ მატარებელს მოწყდა ის ვაგონი, რომელშიც კონკურსანტები ისხდნენ. მეც რომ იქ ვყოფილიყავი, ძალიან შევშინდებოდი. ფათერაკიანი არ ვარ, მაგრამ ახლაც კი ტრავმირებული ვარ. მთელი ცხოვრება მინდოდა, „როლიკები“ მქონოდა, მაგრამ მშობლები უარს მეუბნებოდნენ – ალბათ, ფიქრობდნენ, რომ რამე არ მეტკინა. როგორც იქნა, ავისრულე ეს ოცნება, ვიყიდე „როლიკები“ და რამდენიმე დღეში ტვინის მსუბუქი შერყევა დავიმართე. როგორც მეგობრებმა მითხრეს, ძალიან ლამაზი და ორიგინალური სალტო გავაკეთე და მიწას თავით დავასკდი (იცინის).

– პირად ცხოვრებაში, თუ ხარ იღბლიანი? თაყვანისმცემლებში გიმართლებს?

– არც ამ მხრივ ვუჩივი ბედს. ყოველთვის მყავდა კარგი თაყვანისმცემლები. საბედნიეროდ, კარგი ადამიანები მხვდებიან, არც ერთ მათგანს არ დაუტოვებია ჩემთვის ტკივილი. მყავდა ცოტა უცნაური თაყვანისმცემლებიც. ერთმა ჩემს გამო თბილისის ქუჩებში ფეხშიშველმა იარა. გვერდით არ გავიყოლე და ამაზე გაბრაზებულმა, ფეხსაცმელები გაიხადა. ვერც ამით მოიგო ჩემი გული, ადგა და წავიდა. თან ისე წავიდა, რომ უკანაც აღარ მოუხედავს.

– ეს კონკურსი ყოველთვის ხდება კარგად გათხოვების საუკეთესო შანსი, შენსკენ რა ხდება? ამჯერად „მის საქართველო“ შეყვარებულია?

– მე არ მომწონს, ასეთი მიდგომა – თუ „მის საქართველო“ ხარ, აუცილებლად კარგად გათხოვდები. ამ მხრივ, ალბათ, გზა გამეხსნება, თუმცა ამ მდგომარეობის გამოყენებას არ ვაპირებ. ჩემთვის მთავარი გრძნობა და ურთიერთობაა, და არა ცენზი. ახლა მარტო ვარ, დასვენების პერიოდი მაქვს, რეაბილიტაციის კურსს გავდივარ და ალბათ, გამოჩნდება რამე... მე თავად არასდროს ვეძებ თაყვანისმცემლებს, არასდროს ვხდები ბიჭთან ურთიერთობის ინიციატორი. მე ბიჭებთან ყოველთვის ვინარჩუნებ დისტანციას, თვითონაც მერიდებიან – ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება საუბარში ისეთი მკაცრი ტონით ვთქვა რამე, ჩემთან ურთიერთობა აღარც მოუნდეთ. ბიჭებთან მგონი, ზომაზე მეტად კატეგორიული ვარ (იცინის). ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი სამყარო. მამაკაცი თბილი, ყურადღებიანი და კომუნიკაბელური უნდა იყოს. ახლა ჩემი გული ეკუთვნის ჩემს საყვარელ კატას, რომელსაც ბევრი სითბო და ყურადღება სჭირდება (იცინის). საღამოს სახლში თუ დავაგვიანე, ძალიან განიცდის ხოლმე.

– მას შემდეგ, რაც „მის საქართველო“ გახდი, შენი ცხოვრება ალბათ, რადიკალურად შეიცვალა?

– ასე ნამდვილად არაა, მე ფოტოებსა და რეალურ ცხოვრებაში ძალიან განვსხვავდები ერთმანეთისგან და ქუჩაში ბევრი ვერ მცნობს. ხანდახან, როდესაც ვამბობ, რომ „მის საქართველო“ ვარ, დაჯერება უჭირთ.... საერთოდ, ძალიან სტაბილური ადამიანი ვარ. ასევე სტაბილურია ჩემი ცხოვრების სტილიც. თითქმის არასდროს ვატარებ ექსპერიმენტებს, რისკზე ვერ მივდივარ. ახალ მეგობრებთან ერთად, მყავს ძველი და ყველაზე სანდო მეგობრები. ჩვენ ვიკრიბებით ერთმანეთის სახლებში, რაც ბომონდურ კლუბებში სიარულს ნამდვილად მირჩევნია. მე არც ჩაცმის მხრივ მივდევ მოდას. მაცვია ის, რაც მიხდება. ჩემი სტიქია ძველებურად არის ზღვა, წყალი... თუ ერთი წელი ზღვაზე არ დავისვენე, ის წელი ჩავარდნილად მიმაჩნია. ზღვაზე ჩემი ყველაზე კარგი პარტნიორი დედაჩემია. მას მარტო არასდროს გავუშვივარ, თუმცა ამ ზაფხულს ტრადიციას აუცილებლად დავარღვევ (იცინის).

– აზარტულ თამაშებში თუ ხარ იღბლიანი, ოდესმე რამე მოგიგია?

– ლოტოებისა და ლატარიების მოყვარული არ ვარ. არ ვენდობი ამ თამაშებს. თუმცა რამდენჯერმე ვერ გავუძელი ცდუნებას და ვცადე ბედი, მაგრამ არ გამიმართლა. მახსოვს, ერთი შემთხვევაც, როდესაც ქუჩაში მიმავალმა ერთმანეთში გადახვეული ფული ვიპოვე. პატარა ვიყავი და ის ფული, რომელიც ჩემი ასაკის ბავშვისთვის ძალიან ბევრი იყო, ბებიამ წამართვა. გულნატკენი რომ არ დავრჩენილიყავი, იმ ფულით ჩემთვის ბევრი რამ იყიდა. ამის მერე არც არაფერი მიპოვია და არც – მომიგია. თუმცა ბოლო პერიოდში კვლავ გამანებივრა იღბალმა – ჯერ უნივერსიტეტში მისვლისას, პირველივე დღეს, როგორც საუკეთესო სტუდენტს მაჩუქეს მობილური ტელეფონი, შემდეგ იყო ყველაზე სოლიდური პრიზი, ავტომანქანა „სუზუკი სელერიო“, რომელსაც ახლა უკვე ვეღარავინ წამართმევს (იცინის).


скачать dle 11.3