რატომ ჩუქნიდნენ დავით ანდღულაძეს რუსი ოფიცრები ოქროს თუმნიანებს და რისთვის ვერ იმეტებდა ის შვილს
ქართული საოპერო ხელოვნების სათავეებთან, ბევრ საამაყო ქართველთან ერთად, ცნობილი ტენორი და ვოკალის უდიდესი მაესტრო, დავით ანდღულაძეც დგას. ცხოვრება კაცისა, რომელიც საუკუნის წინ გურიის ულამაზეს სოფელში დაიწყო, მოსკოვის დიდი თეატრის სცენის გავლით ისტორიად იქცა... ქართულ ოპერასთან არის დაკავშირებული ამ ოჯახის რამდენიმე თაობა – დიდი ტენორის შვილი ნოდარ ანდღულაძე, რომელმაც, მამისგან განსხვავებით, თავის დროზე „ლა სკალაც“ კი „დაიპყრო.“ ბატონმა ნოდარმა მსოფლიო საოპერო ხელოვნების არაერთი ცნობილი ვარსკვლავი გაზარდა – 83 წლის მხცოვანი პროფესორი დღესაც აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ახალ თაობებს ვოკალის სამყაროს იდუმალ საოცრებებს აზიარებს.
ნოდარ ანდღულაძე: მამაჩემი, დავით ანდღულაძე დიდი მომღერალი იყო. მას ევროპაში 20-30-იანი წლების უდიდეს მომღერლებს ადარებდნენ. არსებობდა ასეთი გამოთქმები: ჯაკომო ლაური ვოლ პი დასავლეთში და აღმოსავლეთში – დავით ანდღულაძეო; ან პეჩკოვსკი ლენინგრადში და დავით ანდღულაძე – თბილისშიო. მამას ჰქონდა საოცარი მონაცემები, რამაც აღაფრთოვანა პროფესორი ევგენი ვრონსკი, რომელიც მას ბათუმში შეხვდა. იმ პერიოდში დაიწყო მამაჩემის პროფესიული აღმასვლა, ვრონსკი მას თავის სპექტაკლებში აკავებდა, მაშინ მამა ოცდაშვიდი წლის იყო და უკვე მოვლილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომი, რუმინეთის ფრონტი, საიდანაც ნეკნებში მძიმედ დაჭრილი ჩამოიყვანეს. მამა კაპრალი იყო, ცნობილი ცხენოსანი. ომში წასვლამდე, თბილისში შეხვედრია ცნობილ რუს ტენორს, კასტოვსკის, რომელსაც უთქვამს: ომი რომ დამთავრდება, ჩემთან ჩამოდიო, მაგრამ, ომის დასრულების შემდეგ რევოლუცია დაიწყო და მამა ბათუმში ჩარჩა. ბათუმი კულტურის დიდ ცენტრად და გურულების, კერძოდ კი ანდღულაძეების, სამკვიდრო ქალაქად ითვლებოდა.
– მამას დიდი ვოკალური კარიერა გურული კრიმანჭულით დაიწყო?
– მართლაც ასე იყო. მამა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაიბადა. ბაბუაჩემიც ცნობილი რევოლუციონერი იყო. მამა ბავშვობიდან მღეროდა. მისი უფროსი ძმები მეფის არმიის პოლკოვნიკები იყვნენ და როდესაც მათ მეგობარი რუსი ოფიცრები გურიაში ჩამოჰყავდათ, თურმე, დავითს სულ ოქროს თუმნიანებს სჩუქნიდნენ სიმღერაში. ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონია ბებიაჩემსაც, მოტირალი იყო, თუმცა ფულზე არასდროს ტიროდა – პატივისცემის ნიშნად დაიტირებდა მიცვალებულს, თან ისეთი სიღრმის და შთამბეჭდავი ხმა ჰქონია, თურმე ტრაგედიად გადაიქცეოდა ხოლმე სატირალები. სანამ მამაჩემი მოხალისედ წავიდოდა პირველ მსოფლიო ომში, ქუთაისის აგრონომიულ ტექნიკუმში სწავლობდა. 1913 წელს ქუთაისში კონცერტები ჩაუტარებიათ ვანო სარაჯიშვილს და ინაშვილს. მამას ისე მოსწონებია ვანოს სიმღერა, უთქვამს: მეც ასეთი მომღერალი უნდა ვიყოო. მას შემდეგ, რაც მამა ბათუმიდან თბილისში გადმოვიდა, ვანო სარაჯიშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამასთან ერთად ზაქარია ფალიაშვილმა თბილისში გადმოიყვანა პროფესორი ვრონსკიც, რადგან მამა გერმანელ პედაგოგს ვერ შეეწყო. აქ დაიწყო ევგენი ვრონსკის დიდი პედაგოგიური კარიერა. მან ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი გაზარდა და ჩურკინასთან ერთად შექმნა თბილისის კონსერვატორიის დიდი სკოლა.
– როგორც ცნობილია დავით ანდღულაძე ევგენი მიქელაძის დიდი მეგობარი იყო. როგორ გადაურჩა მამა რეპრესიებს, რომელმაც იმ პერიოდის ბევრი დიდი შემოქმედი შეიწირა?
– იმ დროს საოპერო სცენა სავსე იყო ბუმბერაზი ადამიანებით, ყველას თავისი ადგილი ეკავა. ოპერის მომღერალი იყო დედაჩემიც – ბარბარე მამამთავრიშვილი, რომელიც თბილისის კონსერვატორიის პირველი გამოშვების სტუდენტი გახლდათ. მამამ და დედამ სანდრო ახმეტელის სტუდიაში გაიცნეს ერთმანეთი, დედა ზაქარია ფალიაშვილის ფავორიტი იყო, მას ეთერის არიის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევდა. დედას ვანო სარაჯიშვილთან ერთად „დაისში“ მაროს პარტია უნდა ემღერა, მაგრამ ვანო გარდაიცვალა და დედამ მასთან სიმღერა ვერ მოახერხა. ვანო სარაჯიშვილის გარდაცვალების წლისთავზე, მარჯანიშვილმა დადგა „აბესალომი“, სადაც ვანოს მაგივრად შუქი „დადიოდა“. კაპელნიცკი უკრავდა აბესალომის პარტიას ორკესტრში, დედა კი ეთერის არიას მღეროდა. მამას ძალიან ბევრ სპექტაკლში აკავებდნენ – წელიწადში ოთხი დებიუტი შედგა. აკაკი წერეთლის შვილმა, რომელიც პეტერბურგიდან პარიზში გადავიდა, გამოგზავნა წერილი: შემატყობინეთ, დავით ანდღულაძე ვინ არისო. მამამ, პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, გადაწყვიტა სტანისლავსკის სტუდიაში წასვლა. სტანისლავსკიმ ის აღფრთოვანებით მიიღო და ისე შეუყვარდა, რომ თავის სახლში სამი თვე, კიბის ქვეშ, შვეიცარის ოთახში აცხოვრა. მერე მე დავიბადე და მამა თბილისში წამოვიდა, რის გამოც სტანისლავსკის ძალიან დასწყდა გული. როცა დიდ თეატრში დაუძახეს და მამა მოსკოვში ჩავიდა, როგორც დიდი თეატრის სოლისტს, სტანისლავსკიმ მამას მიუძღვნა სურათი ხუმრობანარევი წარწერით: ჩემს საყვარელ „გამყიდველს“ სტანისლავსკისგანო, თუმცა მამას მასთან ბოლომდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
მამა ძალიან ახლოს იყო ევგენი მიქელაძესთან. ჟენია უფრო ახალგაზრდა იყო. ისინი ერთად დადიოდნენ სანადიროდ. მამას უყვარდა ნადირობა, ბოლომდე ემოციურ გურულად დარჩა (იცინის). ამბობდნენ, ფიზიკურად ისეთი ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდობაში კისრით უღელსაც კი ტეხდაო. როცა გასტროლებზე ვიყავით კისლოვოდსკში, ევგენი მიქელაძე ჩვენი აივნის წინ რომ გაივლიდა, ნაცრისფერი კოსტიუმიდან მიხაკს გამოიძრობდა და მესროდა ხოლმე. როდესაც ის დაიჭირეს, თურმე ერთმა ცნობილმა მომღერალმა, პარტიულ სხდომაზე განაცხადა: მიქელაძე კი დაიჭირეს, მაგრამ თეატრში მისი კუდები დარჩნენო. ამის მიუხედავად, მამა დაჭერას გადაურჩა. თუმცა, ტანსაცმელში მუდმივად ჰქონდა ჩაკერებული ფული, უცებ გაქცევა რომ დასჭირვებოდა, მცირე თანხა მაინც ჰქონოდა. მამა ძალიან უყვარდა სტალინს, მას ხშირად უსმენდა დიდ თეატრში. სტალინი საოპერო მუსიკის დიდი მოყვარული გახლდათ. თვითონაც უყვარდა სიმღერა. ერთხელ დეკადის შემდეგ, მამა, სხვა მომღერლებთან ერთად, თავის აგარაკზე მიიწვია და ბილიარდის თამაშიც კი ასწავლა. მამა ყვებოდა, რომ იმ საღამოს სტალინს კარგად უქეიფია, მოულხენია და ხანდახან „პეტუშოკსაც“ კი გაუშვებდა ხოლმე. მამას მონაყოლიდან ვიცი, რომ იმ პერიოდში სტალინთან კავსაძის გუნდიც ჩასულა. იმ გუნდში ახალგაზრდობაში თავად სტალინიც მღეროდა. მას საყვედური უთქვამს კავსაძისთვის: შენი გუნდი ისე ძლიერი აღარ არისო, რაზედაც კავსაძეს გვერდით მდგომ ბერიაზე უთქვამს: ამან თითქმის ყველა საუკეთესო მომღერალი დაიჭირაო. სტალინს მაშინვე ჩაუწერია მათი გვარები და ყველა მათგანი გაათავისუფლებინა. მაშინვე დაავალა მოლოტოვს და გამოაყოფინა ფული კონსერვატორიის დიდი დარბაზის ასაშენებლად.
– თქვენს კარიერაში მამამ ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
– ასე არ ყოფილა. მე სულ ვმღეროდი, მაგრამ მამას გამო ვერიდებოდი, მისი გზის გაყოლას. დათიკოსაც არ უნდოდა, უყვარდა სცენა, მაგრამ ვერ იტანდა იმ მძიმე კულისებს, თეატრალურ სამყაროს რომ აქვს. ბოლოს და ბოლოს დირიჟორი შეგიძლია, გახდეო – მეუბნებოდა, მე კი სულ ვყვიროდი. მამასგან ზურიკო ანჯაფარიძისთვის ჩატარებულ გაკვეთილებზე უფრო მეტს ვსწავლობდი, ვიდრე – ჩემს გაკვეთილებზე. იმ დროს მე წერამ გამიტაცა, პოემაც დავწერე, რომანიც, თარგმანებიც მაქვს გაკეთებული. ავდექი და ჩავაბარე უნივერსიტეტში, ფილოლოგიურზე. თავიდან ახალგახსნილ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ იდეოლოგიური საგნები არ მომეწონა. იმ დროს ძალიან ძლიერი იყო ენათმეცნიერების სკოლა – მეორე კურსიდან გადავედი არნოლდ ჩიქობავასთან კავკასიურ ენებზე, ისე შევყევი, რომ ასპირანტურაც დავამთავრე და დისერტაციაც დავიცავი, ექვსი წელი ვკითხულობდი ლექციებს, პარალელურად ოპერაში ვმღეროდი. არნოლდმა ეს მაპატია – გვარმა იყივლაო, ამბობდა ჩემზე. იმ პერიოდში საკმაოდ ბევრ წარმოდგენაში ვიღებდი მონაწილეობას, დიდ არიებსაც მანდობდნენ. კიევის ოპერის თეატრში ტენორად დატოვება მთხოვეს, მაგრამ ვერ გავბედე დარჩენა. მამის ჩრდილის მას შემდეგ აღარ შემეშინდა, რაც მას ტრაგიკული ამბავი შეემთხვა – 1953 წელს ჯანო კახიძემ გასტროლებზე წამიყვანა ლოძში. „აბესალომი“ ჰქონდა დადგმული. იქ შემატყობინეს, რომ მამა ძალიან ცუდად იყო. იმ დღეს, რომ არ მემღერა წარმოდგენა ჩაიშლებოდა. ვიფიქრე: ჯანდაბას, რაც არის არის, მოდი ვიმღერებ და მერე წავალ-მეთქი. ისე მეჩქარებოდა, გრიმის მოცლაც ვერ მოვასწარი, ისე ჩავჯექი „ელექტრიჩკაში“. ჩვენი ოჯახისთვის „აბესალომი“ საბედისწერო აღმოჩნდა – დედაჩემმა ვერ შეძლო თავისი ოცნების ასრულება და ვანო სარაჯიშვილთან სიმღერა. ამ წარმოდგენის დროს მამამ სცენაზე მოიტეხა ფეხი. „აბესალომის“ მესამე მოქმედება იწყებოდა, როცა ის სცენაზე გავარდა და შუბებს დაეჯახა. მას ფეხი შვიდი სანტიმეტრით დაუმოკლდა და ამ ტრავმის გამო უფრო ადრე დაანება თავი სიმღერას. თუმცა, ბოლომდე აქტიურად საქმიანობდა ტენორთა სკოლის თეორიული მიმართულების განვითარებისთვის. 1956 წლის შემდეგ, მეც თავი დავანებე მეცნიერებას და კიევიდან დაბრუნებისთანავე, როცა თბილისში ოდისეი დიმიტრიადიმ მომისმინა, უცებ ჩამრიცხეს ოპერაში მეხანძრედ, რადგან სხვა შტატი არ ჰქონდათ. ოთხ თვეში ჩემი დებიუტი შედგა „კარმენში,“ რომელიც მეხანძრის შტატით ვიმღერე. ამას მოჰყვა „ტოსკა“, დეკადა, მსოფლიო ფესტივალები და ყველაზე მნიშვნელოვანი – „ლა სკალა“. იტალიურმა პერიოდმა ჩემზე ძირეული გარდატეხა მოახდინა (იცინის), მე დღეს ვარ კარუზოს საზოგადოების წევრი და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობ იტალიური სკოლის წარმომადგენლებთან, რაც თავის დროზე მამას არ დასცალდა.
– გარდა ბრწყინვალე საოპერო კარიერისა, თქვენ გამორჩეული პედაგოგიური ნიჭით ხართ დაჯილდოებული და არაერთი ცნობილი ტენორი აღზარდეთ საქართველოში, თქვენს მოწაფეთა შორის არის მწერალი ლაშა ბუღაძეც, როგორ მოხვდა ის თქვენთან?
– ლაშა ბუღაძე ჩემმა შვილობილმა მოიყვანა ჩემთან. მაშინ ლაშა პატარა ბიჭი იყო. ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, მისი განვითარება შეიძლებოდა. სამი-ოთხი წელი იმუშავა ჩემთან, ოპერის სცენაზე რამდენიმე წარმოდგენაშიც მიიღო მონაწილეობა. საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა, მაგრამ მერე სხვა გზა, მწერლობა არჩია. ახლა ისევ დაუბრუნდა ძველ საქმეს და ოპერის შესახებ ტელეგადაცემა მიჰყავს. ბოლომდე არ დაუკარგავს ოპერის სიყვარული. (იცინის) მე მიყვარს ლაშა, მისგან შეიძლებოდა, დამდგარიყო პოეტი მომღერალი. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება ჩემი ბევრი მოწაფე. პრაგმატიზმი არ უხდება ხელოვნებას. უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანს დავუბრუნოთ ადამიანობა, რაშიც დიდი ხელოვნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მე ადრე ვთქვი: სამყარო სუნთქავს ბგერით და რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ასეა.