კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მოიხსენიება წმიდა მეფეებს შორის საქართველოს გამაერთიანებელი – ბაგრატ მესამე


საქართველოს გაერთიანება დაკავშირებულია ბაგრატ მესამის სახელთან. ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მონარქი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი საქმეები აკეთა, მაინც არ მოიხსენიება საქართველოს წმიდა მეფეებს შორის. თუ რა აპატიეს მას და რა დაღი დაასვა მისმა ხასიათმა ამ მონარქის ბიოგრაფიას ამის შესახებ, დღევანდელ ინტერვიუში, ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია გვიამბობს.


ჯაბა სამუშია: ბაგრატ მესამე გახლდათ ამიერტაოს ბაგრატიონთა შთამომავალი – ბაგრატ მეორე რეგვენის შვილიშვილი და გურგენ მეფის შვილი. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ბაგრატი იშვილა იმიერტაოს მეფემ და ბაგრატის მამის, გურგენის ბიძაშვილმა – დავით კურაპალატმა, რომელიც უმემკვიდრეოდ იყო. ამის შემდეგ ბაგრატ მესამე უკვე ორი ტახტის გამაერთიანებლად ითვლებოდა. მართალია, ბაგრატ მესამის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ვერ მოხდებოდა, ან საკმაოდ დიდი ხნით გადაიდებოდა, რომ არ ყოფილიყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– ერთ მშვენიერ დღეს, აღმოჩნდა, რომ ამიერ-ტაოს ბაგრატიონთა შთამომავალი, ბაგრატ მესამე, სამი ტახტის მემკვიდრე გახდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილის ერთიანობას. საქმე ისაა, რომ ბაგრატი დედის მხრიდან ენათესავებოდა აფხაზეთის მეფეებს. მისი დედა, გურანდუხტი, აფხაზთა მეფის – გიორგი მეორის ასული და იმ დროს მოქმედი მეფის – თეოდოს მესამის და გახლდათ. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო ბაგრატი, როდესაც გურანდუხტის სამივე ძმა ერთმანეთს დაერია ტახტის ხელში ჩასაგდებად. ამ ბრძოლის დროს, აფხაზთა მეფე დემეტრემ ფიცით მიინდო საკუთარი ძმა – თეოდოსი, მაგრამ, მოგვიანებით იგი დააბრმავა. დემეტრე უშვილოდ გარდაიცვალა და მის შემდეგ ტახტი უსინათლო თეოდოს მესამემ დაიკავა. მისი მეფობის დროს ქვეყანაში არ წყდებოდა ფეოდალთა გამოსვლები. აფხაზთა სამეფო მნიშვნელოვნად დასუსტდა. სწორედ ამ დროს, აფხაზეთის სამეფოს ერისთავმა, იოანე მარუშის ძემ, რომელიც იმხანად შიდა ქართლს მართავდა და იყო შიდა ქართლის ერისთავიც, მიიღო საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება: ის ეახლა დავით კურაპალატს და მისი აღზრდილი ბაგრატ მესამე აფხაზეთის მეფედ ითხოვა.

– იოანე მარუშის ძის თხოვნა ასრულდა?

– ბაგრატი მაშინვე არ დაუსვამთ მეფედ. საქმე ის გახლავთ, რომ, ამ პერიოდისთვის აფხაზთა სამეფოში ტახტის მონაცვლეობის წესი არსებობდა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ აფხაზთა უფლისწული აუცილებლად უნდა ყოფილიყო შიდა ქართლის ერისთავი. ერთგვარი თანამოსაყდრეობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მომავალ მეფეს ესწავლა, გამოცდილება მიეღო, როგორც ყველაზე დიდი საერისთავოს გამგებელს, შიდა ქართლის ერისთავს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა ის ტახტის მფლობელი. აფხაზთა მეფის – გიორგი მეორის დროს (922-957), შიდა ქართლს მისი ვაჟი – კონსტანტინე განაგებდა, რომელიც მამას აუჯანყდა. გიორგიმ შვილი შეიპყრო და დასაჯა. ამის შემდეგ შიდა ქართლში მის თანამდებობას იკავებს გიორგი მეორის შვილი – ლეონი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ აფხაზთა მეფე ხდება. არც ლეონს და არც მის ძმებს – დემეტრესა და თეოდოსს მემკვიდრე არ ჰყოლიათ, რის გამოც შიდა ქართლის ერისთავობა სამეფო კართან ყველაზე დაახლოებული პირისთვის იყო გადაცემული. ეს გახლდათ იოანე მარუშის ძე. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, აფხაზთა სამეფოს წარმომადგენელთა ნათესავიც შეიძლება ყოფილიყო. მან საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თავისივე ნებით დათმო შიდა ქართლის ერისთავობა და ერისთავად უფლისწული ბაგრატი აიყვანა. ეს იყო ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ ხვალ-ზეგ ბაგრატი უნდა გადასულიყო და დაეკავებინა ქუთაისში აფხაზ მეფეთა ტახტი. ეს იყო ბაგრატის ლეგიტიმაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც გამართლდა კიდეც. ბაგრატ მესამე შიდა ქართლის ერისთავად დაინიშნა 975 წელს. 3 წლის შემდეგ კი ის გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ისევ და ისევ მარუშის ძის დახმარებით და იქ იკურთხა მეფედ. ამის შემდეგ, აფხაზთა ტახტზე ერთდროულად აღმოჩნდა – ორი მეფე თეოდოსი და ბაგრატი. მცირე ხნის მერე, თეოდოსი საკმაოდ წყნარად, ყოველგვარი ხმაურისა და დაპირისპირებების გარეშე ჩამოაშორეს ხელისუფლებას – ის დავით კურაპალატთან გაამგზავრეს, ბაგრატმა კი მიაღწია ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას აფხაზთა სამეფოში.

– როგორ წარიმართა ამის შემდეგ ბაგრატ მესამის ცხოვრება?

– ბაგრატ მესამემ საკმაოდ ხისტი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ის გადმოდის აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ამ დროისთვის გარკვეული ფეოდალური კლანი არსებობს, ქართლის აზნაურის – ქავთარ ტბელის მეთაურობით. მეფე ფეოდალურ ოპოზიციას შეებრძოლა მოღრისთან ახლოს, გაიმარჯვა და უფლისციხესაც დაეუფლა.

ამავე პერიოდში ხდება ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა შემდგომი პოლიტიკური პროცესების განვითარებაში – ეს გახლდათ დავით კურაპალატისა და ბაგრატის გარკვეული კონფრონტაცია.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამაში გარკვეული როლი თვითონ ბაგრატის ხასიათმაც ითამაშა?

– ბაგრატი საკმაოდ ხისტი პოლიტიკოსი ჩანს, ის შეუპოვარია, კომპრომისებზე არ მიდის და ყოველთვის აკეთებს იმას, რაც მის ინტერესებში შედის. საქმე ისაა, რომ შიდა ქართლის დამორჩილების შემდეგ, ბაგრატმა გადაწყვიტა, დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი – რატი ბაღვაში. ბაღვაშები იყვნენ დასავლეთ საქართველოდან, ისტორიული არგვეთიდან, სადაც მათ კაცხის მამული ეკავათ. მეცხრე საუკუნის 80-იან წლებში რატის წინაპრები სამხრეთ საქართველოში ჩამოსულან, ეყმნენ ბაგრატისა და დავით კურაპალატის საერთო წინაპარს, მიიღეს მისგან მამულად თრიალეთი, სადაც დამკვიდრდნენ და განაგრძეს მოღვაწეობა. ამ დროისათვის დავის საგანი იყო ის, რომ ბაგრატიონების იმიერ თუ ამიერტაოს შტოს ეკუთვნოდა რატი ბაღვაშის სამფლობელო. ბაგრატმა თამამი ნაბიჯი გადადგა რატი ბაღვაშის დასამორჩილებლად და მის წინააღმდეგ გაილაშქრა, პასუხად კი რატი ბაღვაში დავით კურაპალატს ეახლა და მოახერხა, დაერწმუნებინა იმიერტაოს ძლევამოსილი მეფე, რომ ბაგრატ მესამე სწორედ მის წინააღმდეგ მოდიოდა სალაშქროდ. მისი ენის წყალობით, კურაპალატი და ბაგრატი ერთმანეთს გადაეკიდნენ. იმდენად დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა, რომ კინაღამ ბრძოლაც გაჩაღდა, თუმცა ბაგრატმა დათმო, ეახლა დავით კურაპალატს და უთხრა: მე შენ წინააღმდეგ წამოსვლა არც მიფიქრია, რატის დასამორჩილებლად მოვედიო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამხედრო კამპანიის დროს ვერ მოახერხა ბაგრატმა რატი ბაღვაშის დამორჩილება, რადგან ის დაიცვა დავით კურაპალატმა. თუმცა, როგორც კი დავით კურაპალატს აერია ურთიერთობა ბიზანტიასთან და ყურადღება მოადუნა, ბაგრატმა იხელთა დრო, მაშინვე მიიტანა იერიში რატი ბაღვაშზე და დაიმორჩილა კლდეკარის ერისთავი.

თუ დააკვირდებით, აქ კარგად ჩანს ბაგრატ მესამის ხასიათი. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვა კურაპალატსა და ბაგრატს შორის. ამ ინციდენტის შემდეგ მათი გზები გაიყო. მეტსაც გეტყვით: საქმე იქამდე მივიდა, რომ დავით კურაპალატი აღარც ფიქრობდა, რომ ბაგრატისთვის გადაეცა ტახტი და, საბოლოოდ, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო – იმიერტაო ბიზანტიას დაუთმო. ეს ნაბიჯი მან ბიზანტიის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერების მიზნით გადადგა. მოგვიანებით ქართველობამ დავით კურაპალატის იმიერტაოს სამეფოს დასაბრუნებლად სამი დიდი ბრძოლა გადაიხადა, თუმცა საბოლოოდ მისი შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაგრატი საკმაოდ შეუპოვარია. ის არის პირველი მეფე, რომელმაც შეძლო სამეფო სამთავროებად დანაწილებული ქართული მიწების გაერთიანება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად ის არ თაკილობდა უკიდურესი ნაბიჯების გადადგმასაც კი.

– მაგალითად?

– დაახლოებით 1110-1112 წლებში ბაგრატმა თავისი მამიდაშვილები – კლარჯეთის ხელმწიფეები მიიწვია სტუმრად ფანასკერტის ციხეში პურობაზე. კლარჯ ხელმწიფეებს უწოდებდნენ ბაგრატიონთა იმ შტოს, რომლებიც კლარჯეთში არტანუჯის ციხეს ფლობდნენ. მოგეხსენებათ, აშოტ კურაპალატის შემდეგ ბაგრატიონთა სამეფო შტო სხვადასხვა განშტოებებად დაიშალა. ტაოს შტოს მემკვიდრეები იყნენ ბაგრატ მესამე და დავით კურაპალატი, ხოლო კლარჯეთის შტოს ეკუთვნოდნენ კლარჯი ხელმწიფეები, რომელთა შორის იგულისხმებოდა ბაგრატიონთა ის ნაწილი, რომელიც არტანუჯის ციხეში იჯდა. ზუსტად მათი წარმომადგენელნი იყვნენ სუმბატი და გურგენი, რომლებიც ფანასკერტის ციხეში ეწვივნენ მეფეს.

– ფანასკერტის ციხე ტაოს ტერიტორიაზე მდებარეობდა?

– დიახ, კერძოდ, ამიერტაოში, საკმაოდ საინტერესო ადგილას. ეს არის ხეობა, რომლის ბოლოშიც დიდი ოაზისია. თვითონ ციხე მაღალ გორაკზე მდებარეობს, რომელსაც მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს მისასვლელი, მეორე მხარეს კი სალი კლდე ჩამოუყვება. თავისი კონფიგურაციით, ციხე საკმაოდ მოზრდილია. ეს იყო ცენტრი ამიერტაოს მეფეებისა. მართლაც რომ გამორჩეული იყო თავისი მნიშვნელობით ტაოში. სწორედ აქ შეხვდა მეფე პურობაზე მამიდაშვილებს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ისინი დაატყვევა, სასწრაფოდ თმოგვში გაგზავნა და შინაპატიმრობაში გამოამწყვდია.

– რა იყო ამ დაპატიმრების მიზეზი?

– მიზეზი ამ დაპატიმრებისა იყო ის, რომ ბაგრატს უკვე კლარჯეთის, ანუ იმიერტაოს შემოერთება ჰქონდა მიზნად, რითაც სამხრეთ საქართველო მთლიანად მის მმართველობაში ექცეოდა. ერთადერთი ადგილი, რომელიც სხვა სამთავროს სტატუსით სარგებლობდა, ეს იყო კლარჯეთი და, ამიტომაც განიზრახა მეფემ მისი გაუქმება და შემოერთება. როგორც დავინახეთ, ამ განზრახვის სრულყოფისთვის მეფე საკუთარ ნათესავებსაც არ მოერიდა. მხოლოდ და მხოლოდ გურგენისა და სუმბატის შვილები – ბაგრატი და დემეტრე გადაურჩნენ ბაგრატ მესამის რისხვას, რომლებიც კონსტანტინოპოლში გაიქცნენ და ბიზანტიას შეაფარეს თავი.

– რა ბედი ეწიათ თმოგვის ციხეში გამომწყვდეულ მეფის მამიდაშვილებს?

– სუმბატი და გურგენი თმოგვის ციხეში გარდაიცვალნენ. ამ მოვლენით დასრულდა კლარჯი ხელმწიფეების ბატონობა და ბაგრატმა საქართველოს ეს მნიშვნელოვანი რეგიონიც შემოიერთა.

– უღირდა ამ ფასად არტანუჯის ციხის შემოერთება ბაგრატ მეფეს?

– დღეს ამაზე საუბარი ძნელია. ბუნებრივია, გზა საქართველოს გასაერთიანებლად ია-ვარდებით მოფენილი არ იქნებოდა, სამწუხაროდ, უამრავი სისხლი დაიღვარა, მაგრამ, გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა რამაა: მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატი ითვლება გამორჩეული ქართული ტაძრების – ბაგრატის ტაძრის, ნიკორწმინდის, ბედიის მაშენებლად, მის სახელს თმოგვში გამომწყვდეული ნათესავების აჩრდილი ყოველთვის თან სდევდა. ამიტომაცაა, რომ საქართველოს გამაერთიანებელი, ტაძრების მაშენებელი, ქვრივ-ობოლთა მოწყალე მეფე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მაინც არ შერაცხა წმიდანად.

– როგორი იყო ბაგრატ მესამის აღსასრული?

– ალბათ, სიმბოლურია, რომ ბაგრატ მესამემ სული ფანასკერტის ციხეში დალია – იქ, სადაც ძალიან უყვარდა მას ყოფნა და სადაც მან თავის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო. ბაგრატი მისმა ერთგულმა ერისთავმა – ზვიადმა წამოასვენა და დაკრძალა მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში. ბაგრატ მესამე დღესაც გვევლინება საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ. ბედიაში მისი დასაფლავებით ხაზი ესმევა იმას, რომ აფხაზეთი ძირძველი ქართული კუთხეა და იქ განისვენებს საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მეფე; რომ ეს კუთხე ოდითგანვე ქართული პოლიტიკური და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო.


скачать dle 11.3