ნაბიჯი წინ...
თუ ქალი მოინდომებს, მისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს არის აქსიომა, რომელიც ყოველგვარი აწონ-დაწონვისა და განსჯის გარეშე უნდა დაიჯერო. როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯი ჩვენი ბედნიერების გზაზე?! – შეიცვალეთ იმიჯი. უფრო სრულყავით ის. არაფერი ისე არ ამაღლებს და აუმჯობესებს ქალის განწყობას, როგორც ახალი, სწორად შერჩეული ვარცხნილობა; თმის ფერი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის მას; ტანზე კარგად მორგებული ტანსაცმელი, სტილი, რომელიც რამდენიმე წლის მოკლებაში დაეხმარება. როცა ქალს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და თავი მხოლოდ საკუთარი ჭკუით უნდა გაიტანოს, პირად ცხოვრებაში პრობლემებიც მაშინ ექმნება. პიროვნულ თვისებებს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, თანაც ძალიან დიდი, მაგრამ, თუ მამაკაცი ჯერ გარეგნობით არ მოიხიბლა, პიროვნული თვისებების კირკიტს ნამდვილად არ დაიწყებს. ამიტომ, პირველი ნაბიჯი სწორედ თქვენს გარეგნობაზე ზრუნვა უნდა იყოს. კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევთ წინ, თუკი ფლირტს ისწავლით. ნუ შეიყვანთ საკუთარ თავს შეცდომაში. არაფერი ცუდი, ან უღირსი ფლირტში არ არის. „სიყვარულის თამაში“ არავის არაფერში ავალდებულებს და ძალიან სასარგებლოა, რადგან ქალის თვითშეფასების ხარისხს ერთიორად ზრდის. მაგრამ, ერთმანეთში არასოდეს აურიოთ ფლირტი და სერიოზული ურთიერთობა. მათ შორის არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯოთ. ჭკვიანი ქალები ამას ახერხებენ. ფლირტი მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, მოთელვა, ძალების მოსინჯვა სერიოზული ურთიერთობისთვის და მალე, პირველ ან მეორე შეხვედრაზე უნდა დამთავრდეს.
გამოძვერით „საკუთარი ნაჭუჭიდან“. დედამიწაზე მცხოვრები სამი მილიარდი მამაკაციდან ერთი პროცენტიც კი ვერასოდეს დაგინახავთ, თუკი სამსახურსა და სახლს არ გასცდებით. თქვენ ახალი ნაცნობები გჭირდებათ. ხშირად იარეთ სტუმრად, ექსკურსიებზე, გამოფენებზე. გაიცანით თქვენი მეგობრების მეგობრები. რაც მეტი ახალი ნაცნობი გეყოლებათ, მით უკეთესი. ჩრდილში ყოფნა წამგებიანია და ეცადეთ, პრინცს კი არ დაელოდოთ, თქვენ მიხვიდეთ მასთან. ზოგჯერ ეს სხვის ქორწილზეც შეიძლება, მოხდეს.