სად შეიძლება მოვიპოვოთ ჩვენი უბნის განვითარების გეგმა და სად გაივლის ჩქაროსნული მაგისტრალი
ქალაქის იერსახის შეცვლის შემდეგ, არანაკლებ აქტუალური გახდა თბილისის განაშენიანების გეგმის განხორციელება, რადგან ბევრი სასიკეთო პერსპექტივა იგეგმება ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით. ამ საკითხების ირგვლივ კომენტარი ვთხოვეთ ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ არის ბოჭოიძეს.
– პირველად ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა მიღებული იყო 1972 წელს ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, მას შემდეგ კი ახალი გეგმა არ ყოფილა შემუშავებული. განმარტებისთვის გეტყვით, რომ ქალაქგანვითარება ნიშნავს, თუ რა, სად და როგორ უნდა აშენდეს, ანუ, კონკრეტულად სად უნდა განთავსდეს სახელმწიფო დაწესებულება, საცხოვრებელი სახლები ან სკოლები. გენერალურ გეგმას უწოდებენ ქალაქის პასპორტს, რაც, სამწუხაროდ, აქამდე არ არსებობდა. ამიტომაცაა ზოგიერთი საცხოვრებელი შენობები ქაოსურად განლაგებული. ისეთ ადგილებში კი, სადაც არ შეიძლებოდა მაღალი კორპუსების მშენებლობა, მაინც აშენდა. ხოლო იქ, სადაც რკინიგზა გადის, დაცვის ზონაა და გარკვეულ პერიმეტრზე უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელ სახლთან.
– კერძოდ, სად არაა რეკომენდებული მშენებლობის დაწყება?
– იქ, სადაც სარეკრეაციო ან სატყეო ზონაა, რადგან ესაა აქტიური დასვენების ადგილი და საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არაა რეკომენდებული, გარდა სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსისა. თუ საქმე გვაქვს ძველი თბილისის რომელიმე უბანთან, ამ შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიალურად. ასეთ უბნებში, თუ იქიდან დადებითი რეკომენდაცია არ მოვიდა, ერთ აგურსაც კი ვერავინ დადებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, გვაქვს შეზღუდვის ზონებიც, ანუ, სად არ შეიძლება მშენებლობის დაწყება გარკვეულ პერიოდამდე. მაგალითად, სადაც გაზსადენებია განლაგებული, იქ, არის შეზღუდვები მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით.
განაშენიანების გეგმაზე მუშაობა დაიწყო 2003 წლიდან, მაშინ დაიწერა გეგმარებითი დავალება, როცა შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი; საბოლოო განხილვა მოეწყო თბილისის მერის ინიციატივით, სადაც მოწვეულნი იყვნენ მშენებლობის ექსპერტები, სპეციალისტები; აღინიშნა, რომ აუცილებელი იყო ახალი გენერალური გეგმის მიღება.
– კი მაგრამ, 1972 წლის მერე 38 წელი გავიდა და, ამ ხნის განმავლობაში ქალაქის იერსახის შეცვლაზე საუბარიც არ ყოფილა?
– ძველი გენერალური გეგმა იყო მკაცრად განსაზღვრული დოკუმენტი, რომ კონკრეტული ობიექტები უნდა აშენებულიყო. დღეს კი საქმე სხვაგვარადაა. რა თქმა უნდა, განსაზღვრულია, პერსპექტიულად რა შეიძლება განვითარდეს ქალაქისთვის, თუმცა, ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით, ხდება მუდმივად განახლება. როგორიც იქნება საზოგადოების დაკვეთა, იმ კუთხით იმოქმედებს ქალაქის ხელმძღვანელობა. გარდა ამისა, დღეს არსებულ გენერალურ გეგმაში ჩაიდო ქალაქის განვითარების მიმართულების წინადადებები, როგორიცაა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება. მოგეხსენებათ, იქ არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც განაწილებული უნდა იყოს, რომ მათი დაგეგმვა და ქაოსური განაშენიანება არ მოხდეს. თუ საუბარია თბილისის ძველ უბნებზე, ასეთ ადგილებში თითოეული აგურის დადებაც კი მერიის სათათბიროს გადაწყვეტილების მიხედვით ხდება. მინდა, ვახსენო გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იგეგმება მისი თანმიმდევრული განვითარება. ასეთივეა დიღმის მიმდებარე ტერიტორია – დიდი დიღმის, კერძოდ, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიდამოებში ყველა მიწის ნაკვეთი გასხვისებულია. ამიტომ, სასურველია, ეს ტერიტორიები მოყვეს ქალაქგანვითარების ჩარჩოებში და დაიგეგმოს ისე, რომ, შემდგომში, როცა სახლები აშენდება ამ ტერიტორიაზე, დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოება, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ცეცხლის ჩაქრობა. ამისათვის უკვე გაკეთდა ჩარჩო-გეგმები, რომლის მიხედვით მოხდება თითოეული ტერიტორიის დაგეგმვა და განვითარება.
– ქალაქის განვითარების ხსენებულ გეგმაში, ალბათ, შედის რკინიგზის სადგურის ტერიტორიის გადატანა და, ასევე, საბურთალო-ნაძალადევის გზის დაკავშირება, რაც, სავარაუდოდ, რთულად განსახორციელებელი პროექტი უნდა იყოს.
– დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი რკინიგზის სადგურის ტერიტორიის გადატანაა. ქალაქის შუაგულში 73-ზე მეტი მიწის ნაკვეთი თავისუფლდება და გადადის თბილისის ზღვის ზემოთ. აქამდე რკინიგზა ქალაქს ორ ნაწილად ყოფდა, ახლა პერსპექტივაშია, რკინიგზის ადგილზე გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც კახეთის გზატკეცილსა და ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელს, აღმოსავლეთ-დასავლეთს დააკავშირებს ერთმანეთთან და უწყვეტი ნაკადით მოხდება ტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის სააკაძის მოედნიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე შეერთება, ანუ, ამ ტერიტორიაზე მოძრავი ავტომობილი პირდაპირ დაუკავშირდება ცოტნე დადიანის ქუჩას. ეს მოხდება გზის ან გვირაბის მშენებლობით, რკინიგზის ქვემოთ, ან იქნება მიწის ზემოდან გადასასვლელი ხიდი, როგორც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზაა, ანალოგიური გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონები. ამით მოხდება ქალაქის განტვირთვა და მომაბეზრებელი საცობები წარსულს ჩაჰბარდება. მაგალითად, ქალაქის გასასვლელთან – დავით აღმაშენებლის ძეგლთან – რთული კვანძის გამარტივება გვაქვს დაგეგმილი.
– ვაკე-საბურთალოს მაგისტრალის მშენებლობის დასრულება არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის...
– ამ მაგისტრალის მშენებლობით საცობებისგან განიტვირთება ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიც. ფაქტობრივად, ეს შეამცირებს საცობებს და მოძრაობას გაუადვილებს მძღოლებს. მისი მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. ვამზადებთ და მუშაობის პროცესში გვაქვს წავკისის ტერიტორიის თანაგანვითარების წინადადებები, იქ გაყიდულია მიწის ნაკვეთები და არაა დაგეგმილი, სად გზა უნდა იყოს და სად – კომუნიკაციები. გარდა ამისა, ქალაქგანვითარების ჩარჩოებში უნდა მოექცეს ლისის ტბის ტერიტორიები, ასევე, დიდი დიღმის, თაბორის მთის ტერიტორია, სადაც აქამდე ხეხილსამაგრი მეურნეობა იყო გაშენებული, ჩვენ კი მოვამზადეთ მისი დაგეგმარების წინადადება. მერე მოსახლეობისა და დამკვეთების გადასაწყვეტი იქნება, თუ რა მიმართულებით განვითარდება ის ადგილი. იმედია, მივიღებთ ისეთივე კარგად დასახლებულ პუნქტს, როგორიც ონიაშვილის ქუჩაა, სადაც დაბალი განაშენიანებაა და ტერიტორია მოწესრიგებულია. ამჟამად კალაუბნისა და აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კიდევ, გვაქვს ავლაბრის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღსანიშნავია ის, რომ ამ უბნებში მცხოვრებ ხალხს გამოვუცვალეთ შიდა კომუნიკაციები, სახურავები, შევუკეთეთ ავარიული მინები. და, რაც მთავარია, ამოვიღეთ არქივი, რის მიხედვითაც სახლებს დაუბრუნდა ძველი იერსახე.
– საინტერესოა, მოხდა თუ არა ხსენებული ადგილების სეისმურად შესწავლა, და, საერთოდ, უსაფრთხოა იქ მშენებლობების დაწყება?
– ახლახან მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, თუ აქამდე საქართველო იმყოფებოდა 8-ბალიან სეისმურ ზონაში, ახლა, ამა წლის 1 იანვრის ბრძანებულებით, ახალაშენებული შენობები 9-ბალიან მიწისძვრაზე უნდა იყოს გათვლილი, ანუ, მაქსიმალურად მდგრადი უნდა იყოს. ამის მიუხედავად, ისმის კრიტიკა, რომ დღეს თბილისში უხარისხო მშენებლობები მიმდინარეობს, რაც, ნიშნავს იმას, რომ თავად მენაშენე აშენებს ამას უხარისხოდ და უკონტროლოდ. რა თქმა უნდა, კონტროლდება მშენებლობა ზედამხედველობის სამსახურის მიერ. უხარისხო არქიტექტურას რაც შეეხება, თითოეული პროექტი, რაც შემოდის, გადის ბევრ ბარიერს, რომ მან საბოლოო სახე მიიღოს, ზოგ პროექტს რამდენჯერმე უწევს გადაკეთება, იმისათვის, რომ გარკვეული სტანდარტები დააკმაყოფილოს და ქალაქის იერსახეს შეესაბამებოდეს. უკანონო მიშენება-დაშენებები დღეს აკრძალულია, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, თუ ეს დაშენება ხელს შეუწყობს ერთიანი იერსახის აღდგენას. სამწუხაროდ რომ მივიდეთ და დავანგრიოთ, ის მიშენებები, რაც აქვს შენობას, პირდაპირ სოციალურ პრობლემას ვაწყდებით, ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ საქმე მიდგა მიშენებაზე, ყველას მივაშენოთ, რომ შენობამ ერთიანი იერსახე მიიღოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, მდგრადი უნდა იყოს. რასაკვირველია, ეს არ ეხება „ხრუშჩოვკის“ ტიპის სახლებს, რომლებიც ამორტიზებულია და ექსპლუატაციის ვადა აქვთ გასული.
– ქალაქის განვითარების გეგმის სრულყოფა დიდწილად ფინანსებზეა დამოკიდებული და, სავარაუდოდ, უცხოელი ინვესტორების იმედად უნდა ვიყოთ?
– მინდა განვმარტო, რომ ჩვენ არ ვაშენებთ, უბრალოდ, ვაძლევთ მითითებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, უბრალოდ, განსაზღვრავს, როგორი ფუნქციის შენობები უნდა აშენდეს, იმას არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ააშენებს – ქართველი თუ უცხოელი ინვესტორი, ან კონკრეტული მესაკუთრე. თბილისის მერია ხსენებული მშენებლობების პოლიტიკას განსაზღვრავს, ჩვენ კი არქიტექტურის სამსახურს, იერსახეს გვითანხმებენ და ჩვენც მიმართულებას ვაძლევთ.
– განაშენიანების გეგმის მშენებლობა დაახლოებით როდისთვის დასრულდება?
– ჩვენი ახალი გენერალური გეგმა არასოდეს არ დასრულდება, ის არის მუდმივად განახლებადი პროექტი. მაგალითად, როცა დასრულდება დიღმის ტერიტორიის განვითარება, მერე სხვა ტერიტორიაზე გადავალთ. თავისთავად მნიშვნელოვანია ის, როცა ყოველთვის შეიძლება აინტერესებდეს ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარება. ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იქნება, უნებართვოდ არავინ დაიწყოს მშენებლობა, რადგან ამაზე არსებობს საჯარიმო სანქციები. დაწყებულია ქალაქისთვის ახალი იერსახის მიცემა – ამ გეგმის მიხედვით ჩვენ საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ. თუ როგორ არ უნდა გააშენო ქალაქი, ამის ნათელი მაგალითია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც, თვითონაც ხედავთ, როგორ მიჯრითაა აშენებული მრავალსართულიანი სახლები. ეს გაკეთდა ადრე მიღებული გაურკვეველი გენერალური გეგმის მიხედვით – როგორც უნდოდათ, ისე განალაგეს სართულები, ყოველგვარი ქალაქდაგეგმარებითი დასაბუთების გარეშე. უპრიანი იქნება, მოვიდნენ თბილისის მერიაში, არქიტექტურის სამსახურს მიმართონ ნებისმიერ საკითხზე და, მზად ვართ, მივაწოდოთ მათ ნებისმიერი ინფორმაცია.