რამ მიიყვანა ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი კერი მალიგანი დეპრესიამდე და რატომ არის უსიამოვნო მისი კივილის მოსმენა
„მე ვხედავ, რომ ჩემი თაობა წინდახედულად მოქმედებს, მაშინ როდესაც საჭიროა იყო გამაღიზიანებელი და თავზეხელაღებული. სხვანაირად უბრალოდ, მოწყენილობისგან მოკვდები“ – ეს ფრაზა 2010 წლის „ოსკარის“ პრემიის ნომინანტს და ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავს, ბრიტანელ კერი მალიგანს ეკუთვნის, რომელიც ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და იმედის მომცემ მსახიობად არის აღიარებული კინოკრიტიკოსების მიერ.
კერი ჰანნა მალიგანი 1985 წლის 28 მაისს დაიბადა ვესტმინსტერში, ლონდონში. მამა – წარმოშობით ლივერპულელი სტივენ მალიგანი ირლანდიიდან იყო გამოქცეული მეორე მსოფლიო ომამდე. როდესაც კერი სამი წლის იყო, მამამისს სასტუმროების ქსელ „ინტერკონტინენტალ ჰოტელზის“ ევროპული ფრთის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს. ამის გამო, მომავალი მსახიობი ოჯახთან ერთად, გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. რვა წლის განმავლობაში მალიგანების ოჯახი ევროპის კონტინენტზე ძირითადად სასტუმროების ყველაზე ძვირად ღირებულ ნომრებში სრულიად უსასყიდლოდ ცხოვრობდა. თავდაპირველი განათლება კერიმ, უფროს ძმა ოუენთან ერთად, დიუსელდორფში მიიღო, შემდეგ კი სწავლა სურეის საგრაფოში განაგრძო. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად თეატრის სცენაზე კერი ძმის დახმარებით მოხვდა. ოუენი სასკოლო თეატრში ხშირად თამაშობდა და ერთ-ერთი ასეთი სპექტაკლის დროს, პატარა კერიმ ისტერიკა მოაწყო. ითხოვდა ისიც მიეღოთ თეატრის დასში. „ჩემი ძმის სცენაზე ხილვის შემდეგ, მეც გამიჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი მსახიობი. მაგრამ, ასაკის სიმცირის გამო უარი მითხრეს სასკოლო თეატრის დასის წევრობაზე, მაშინ მივხვდი, რომ ხმამაღალი ისტერიკის მოწყობა ერთადერთი შანსი იყო და მე ეს გავაკეთე. დამიჯერეთ, ჩემი კივილის მოსმენა არცთუ სასიამოვნოა“, – იხსენებდა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კერი მალიგანი. სკოლის დამთავრების შემდეგ კერიმ სამ თეატრალურ კოლეჯში შეიტანა განცხადება, მაგრამ ისე მოხდა, სამივეგან უარი უთხრეს. კერის არანაირი პროფესიული განათლება არ გააჩნია. მშობლები დიდხანს ეხვეწებოდნენ, რედინგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაებარებინა, მაგრამ ამჟამად ის მთლიანად სამსახიობო კარიერაზეა გადართული. ამას წინათ ცნობილი გახდა, რომ კერის ბებია ალცჰეიმერის სნეულებით არის დაავადებული. ბებიის გულის მოსაგებად, კერი დაჰპირდა მშობლებს, რომ ახლო მომავალში უნივერსიტეტში ჩააბარებს, ოღონდ არა სამსახიობო ფაკულტეტზე, არამედ ფსიქოლოგიურზე. მსოფლიო აღიარებამდე მსახიობმა რთული გზა გაიარა. სკოლის დასრულების შემდეგ, კერი ბარმენად მუშაობდა პაბში, სადაც მას ყოველდღე აკითხავდა თაყვანისმცემელი წითელი „ფერარით“, რომელმაც ვერ მოახერხა მისი გულის მოგება. მეორე სამუშაო კერისთვის, კინოსტუდიაში კურიერად მუშაობა იყო, სადაც ის ყოველდღიურად ხედავდა ცნობილ მსახიობებს. მაგალითად, ალ პაჩინოს, რომელიც მისი ბავშვობის კერპია და რომელთან ერთადაც ყავის დალევაზე დღემდე ოცნებობს „ოსკარის“ ნომინანტი მსახიობი.
პირველი როლი დიდ კინოში კერიმ 20 წლის ასაკში ითამაშა. ეს იყო „ქედმაღლობა და ცრურწმენის“ ახალი ეკრანიზაცია, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ: ჰოლივუდის ვარსკვლავი კირა ნაითლი და განთქმული ვეტერანი მსახიობები – დონალდ საზერლენდი და ჯუდი დენჩი. კერიმ კიწი ბენეტის როლი განასახიერა. მისი ეკრანული დედის როლში, კი ბრიტანელი მსახიობი – ბრენდა ბლეტინი იყო დაკავებული, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც დედობას უწევდა დებიუტანტ მსახიობს. გადაღებებისგან თავისუფალ დროს ბრენდა თავის ეკრანულ შვილებთან – კერისთან და კირასთან ერთად ექსკურსიებზე დადიოდა. ერთ-ერთი ასეთი ექსკურსია ბრენდამ მათ ფერმაზე მოუწყო, სადაც ლამების მოშენება ხდება. სხვათა შორის კერის პირველ როლს კინოში დაემთხვა მისი ძმის ერაყში წასვლა ვოლონტიორად. ამას მთელი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა და კერი კი თითქმის დეპრესიამდე მიიყვანა. ოუენი ერაყის ყველაზე ცხელ წერტილებში იმყოფებოდა, მაგრამ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა. ამჟამად იგი საღსალამათია და ლონდონში ცხოვრობს.
„ქედმაღლობა და ცრურწმენის“ შემდეგ, კერიმ კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ რასაც ნამდვილი აღიარება ჰქვია მას მოუტანა დრამამ – „განათლება“. ფილმში 24 წლის მსახიობმა 16 წლის სკოლის მოსწავლის როლი შეასრულა, რომელიც მასზე გაცილებით ასაკოვან მამაკაცზეა შეყვარებული. ამ როლმა ახალგაზრდა მსახიობს „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარის“ ნომინაციები მოუტანა. რაც მთავარია, მისი პერსონით პლანეტის საუკეთესო რეჟისორები დაინტერესდნენ და ერთ-ერთი პირველი, ვინც კერი მალიგანი გადასაღებად მიიწვია, ლეგენდარული „დორზის“ და „ოცეულის“ რეჟისორი, ოლივერ სტოუნი იყო. მან „უოლ სთრით 2-ის“ გადასაღებ მოედანზე მოიწვია კერი, სადაც მისი პარტნიორები მაიკლ დუგლასი და ჰოლივუდის ახალი ვარსკვლავი – შაია ლაბეფი იყვნენ. ფილმი ეკრანებზე 2010 წლის ზაფხულში გამოვა. კერის ამ როლისთვის სპეციალურად, ამერიკული აქცენტით საუბრის შესწავლა დასჭირდა. სხვათა შორის ამ ფილმის გადაღებების დროს კერის და შაიას შორის რომანტიკულ ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი. დღეს უკვე თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია. აღსანიშნავია, რომ შაია ლაბეფმა კერისთან ურთიერთობა ამჯობინა, ჰოლივუდის სექსსიმბოლო, ბლოკბასტერ „ტრანსფორმერებში“ მის პარტნიორ მეგან ფოქსთან რომანს.
კერის გატაცებებიდან აღსანიშნავია თხილამურებით სრიალი. განგსტერული ბოევიკის „საზოგადოებისთვის საშიშების“ გადაღებების დროს, სადაც მისი პარტნიორები ჯონი დეპი და ქრისტიან ბეილი იყვნენ, კერი ახერხებდა და გადაღებებისგან თავისუფალ დროს 1-2 დღით ზამთრის კურორტებზე იპარებოდა. რაც შეეხება მის თეატრალურ ცხოვრებას, კერი ბავშვობიდან შეყვარებულია ანტონ ჩეხოვის შემოქმედებაზე. სულ ახლახან იგი მიიწვიეს „ძია ვანიაში“ სათამაშოდ, რომელიც მის საყვარელ სპექტაკლად ითვლება.