როდის იწყება ორ ადამიანს შორის კონფლიქტი ენერგიის არასწორი გაცვლის გამო და აქვს თუ არა სულს ფიქრის უნარი
ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ ავადმყოფობა ან ჯადოს შედეგია, ან ზემოდან მოვლენილი სასჯელი. თუმცა, ისმება კითხვა: როგორ ავხსნათ ის ავადმყოფობები, რომლებითაც ბავშვები იტანჯებიან? როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, ავადმყოფობა სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავის ენერგიას არასწორად ხარჯავს. ასევე, მისივე თქმით, თითოეული ადამიანი გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია და ამის მეშვეობით გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ.
ნინო: 10 წლის ასაკში, ექიმებმა საშინელი სენის დიაგნოზი დამისვეს. ფაქტობრივად, ჩემი გადარჩენა შეუძლებელი იყო. სამი წლის განმავლობაში საშინლად ვიტანჯებოდი. შემდეგ თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან და დღეს ვიცი, რომ ჩემი ავადმყოფობის მიზეზი არასწორად დახარჯული ენერგია გახლდათ. კერძოდ, ადამიანები უზარმაზარ ენერგიას ვფლობთ, რომლის ხარჯვასაც, ძირითადად, ვერ ვახერხებთ. მოჭარბებულმა ენერგიამ თუ გამოსავალი ვერ ჰპოვა, ის ერთ ადგილას გროვდება და ბრძოლას იწყებს. მადლობა ღმერთს, ეს ბებიაჩემმა, დედაჩემის დედამ, კარგად იცოდა. დამაწყებინა ენერგიის სწორი ხარჯვა და ფეხზე წამომაყენა.
– როგორ უნდა მივხვდეთ, როდის ხდება ჩვენივე ენერგია საშიში და რა მეთოდით უნდა ვხარჯოთ ის სწორად?
– ბებიას აღმოსავლეთში ჰქონდა მიღებული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ხარჯოს ადამიანმა მოჭარბებული ბიოენერგეტიკა, რომ მან ზიანი არ მიაყენოს თავის პატრონს. მაგალითად, მე, როცა რკინის საგნებს ვეხებოდი, დენი მარტყამდა, ამ დროს ვიმუხტებოდი და ყველაფერი მტკიოდა. საკმარისი იყო, მაცივრის სახელურისთვის მომეკიდა ხელი, რომ იმ წუთას დენი დამარტყამდა. ამას ჩემი მშობლები ჩვეულებრივ მოვლენას მიაწერდნენ – სტატიკური დენიაო, ამბობდნენ. მოგვიანებით კი, როცა საყოველთაოდ ალაპარაკდნენ ადამიანის ბიოენერგეტიკაზე და გაჩნდა ცნება „ექსტრასენსული მონაცემები“, ბებიაჩემიც ჩამოვიდა საქართველოში და სწორედ მან შემიმოწმა ბიოველი. აღმოჩნდა, რომ ის ძალიან ჭარბად მქონდა. მანვე მასწავლა, როგორ დამეხარჯა ის სწორად. როგორც გითხარით, მაშინ მძიმე სენით ვიყავი დაავადებული და, თუკი რაიმე მეთოდი არსებობდა, ჩემი მშობლები არც ფულს და არც ძალას არ იშურებდნენ. მახსოვს, ბებიამ უთხრა, მენდეთ მე და ამ ბავშვს ვუმკურნალებო. მართალია, მოჭარბებულ ენერგიას ვიშორებდი, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ ქრებოდა. საერთოდ, ყველა დაავადება ბიოველის დაზიანებით იწყება, შემდეგ გადადის ასტრალურ სხეულზე, შედის ფიზიკურ სხეულში და ფიქსირდება, როგორც დაავადება. ასევე მოქმედებს ჯადო. ჯადო უარყოფითი ფსიქოენერგოინფორმაციაა, რომელიც აზიანებს ადამიანის ველს, შედის მასში და იქ იბუდებს. ენერგიის სწორი ხარჯვა კი სწორი ცხოვრების წესია.
– საუბრის დროს ახსენეთ, სამი კატეგორიის დაავადება არსებობსო. რას გულისხმობდით?
– წლების წინ ჩატარდა კვლევა, რომელშიც ცნობილი უცხოელი პარაფსიქოლოგები და მედიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. მათ არაერთი პაციენტი გამოიკვლიეს და მიღებული შედეგების შემდეგ, ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, ყველანაირი დაავადება სამ კატეგორიად დაყვეს, კერძოდ: შთაგონება „ზემოდან“, ანუ, როცა ადამიანი იღებს ზემოდან გამოგზავნილ სასჯელს, განსაცდელს, რომელმაც, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს უნდა აარიდოს მძიმე დანაშაული. ეს ის დაავადებაა, რომელსაც შთაგონებისთვის გვიგზავნიან „ზემოდან“. ჩვენს დროში ასეთი სახის დაავადებებით ხშირად „ინფიცირდებიან“ არა მხოლოდ დიდები, არამედ ბავშვები. თუ კარგად გავერკვევით, პირდაპირი გაგებით, ეს არც კი არის სასჯელი. ასეთი დაავადება არა მარტო გარშემომყოფთ აცილებს ხიფათს, არამედ თვითონ ადამიანსაც იცავს უარესისგან. ეს ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. მეორე კატეგორიაში შედის ისეთი დაავადებები, რომლებიც ჩვენი სულის თვისებების პროვოცირებას ახდენს. ეს არ არის მემკვიდრეობით მიღებული სნეულებები. ადამიანები, უბრალოდ, ამ ავადმყოფობებისკენ მიდრეკილებით იბადებიან. ხოლო ამით დაავადდებიან თუ არა, ეს დამოკიდებულია აღზრდაზე და შემდეგ იმაზე, თუ ცხოვრების როგორ წესს აირჩევენ ისინი. დაუკმაყოფილებელი სურვილი ყოველთვის აგზავნის ტვინში დამახინჯებულ, ავადმყოფურ სიგნალებს, რასაც ორგანიზმი განადგურებამდე მიჰყავს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შედეგი, გარკვეული სახით, ნევროზი იქნება, რომელიც შემდეგ დეპრესიითა და ფიზიოლოგიური დაავადებით მთავრდება; მესამე კატეგორიის დაავადების გამომწვევი კი, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ასთმა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ალერგია, ადამიანს „ორ სკამს შორის ჯდომის“ დროს უჩნდება. ამ დროს ერთ მხარესაა პრინციპები, რომელიც არცთუ ისე მტკიცეა და მეორე მხარეს – ამ პრინციპებისადმი წინააღმდეგობების გაწევის სურვილი, რომლის დაკმაყოფილებაც გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის.
– თუმცა, ნათქვამია, რომ მშობლების ცოდვათა გამო შვილები იტანჯებიან და აქ ნახსენები არ არის სიტყვა „დასჯა“. ამაზე რას იტყვით?
– ჭეშმარიტებას არ შეესაბამება პრიმიტიული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ, თუ მოზრდილი ადამიანი აშავებს, პასუხი შვილმა უნდა აგოს. ბევრჯერ თქმულა, რომ ჩვენი მშობლებისგან მემკვიდრეობით ვიღებთ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ თვისებებსაც, მათ შორის მიდრეკილებასაც ამა თუ იმ ვნებისკენ. შვილები იტანჯებიან არა მშობლების ცოდვის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათმა მშობლებმა ცოდვის ჩადენით დაიზიანეს სული და სხეული, შემდეგ კი არ მოინანიეს და ეს ფაქტი მათ შვილზე აისახა. სული უხილავი მაგნიტივით აკავშირებს ერთმანეთთან ჩვენი ორგანიზმის ატომებსა და მოლეკულებს, სტიმულს აძლევს ცილების სინთეზს ცოცხალ უჯრედებში, აძლევს მას სიცოცხლისუნარიანობის პროგრამას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლას და თვითრეგულირებას. სულისა და სხეულის ერთმანეთთან დაცილებისას ცილების სინთეზი უცბად წყდება. ენერგიას მოკლებული სხეული ცივდება და მისი ელემენტები, როგორც კი მაკავშირებელ ძალას კარგავს, „იშლება“ და სიკვდილით „ავადდება“. ამიტომ, საკუთარ სულში უნდა ვეძებოთ იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირს, მათ შორის ის დაავადებებიც, რომელთა მიმართაც გვაქვს მიდრეკილება.
– მართებულია თუ არა ის აზრი, რომ გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ ენერგიის ხარჯზე?
– ცნობილია, რომ თითოეული ჩვენგანი გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია. გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები, მათდაუნებურად, ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ მაშინაც კი, როცა სძინავთ ან ჩუმად არიან. ენერგიის გაცვლა მიმდინარეობს პერმანენტულად. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი გაცილებით მეტ ენერგიას იღებს და ნაკლებს გასცემს. თუ ქალი მამაკაცის მიმართ დადებითად არის განწყობილი და თავს კომფორტულად გრძნობს, მაშინ ენერგიების გაცვლა ნორმალურად მიმდინარეობს და „ვამპირის“ როლი არავის აკისრია. თუ რომელიმე მათგანს განწყობა არასასურველი აქვს, ესე იგი, მეორემ მეტი ენერგია „მიითვისა“. სხვისი ენერგია ეგრეთ წოდებული „დიეტური პროდუქტია“, ანუ ძალიან ადვილად ასათვისებელი. ენერგოვამპირებს ახასიათებთ აგრესიულობა, ფეთქებადი ხასიათი, ჟინიანობა, უხეშობა, ზეწოლა მოსაუბრეზე. ისინი ამით ყურადღების მიქცევას ცდილობენ. სკანდალების მოყვარული ადამიანი კი ყველაზე მეტ ენერგიას „შეიწოვს“.
– შეიძლება ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ ოჯახის დანგრევამდე მიგვიყვანოს?
– რასაკვირველია. მუდმივი ჩხუბისა და დავიდარაბის გამო ბევრი წყვილი იტანჯება. კონფლიქტის მიზეზი ბევრჯერ უმნიშვნელოა, მაგრამ მათ არ იციან ერთმანეთში ენერგიის გაცვლის სხვა მეთოდი. ნორმალური ადამიანი დადებით ენერგიას ასხივებს, აგრესიული კი ამას ვერ ახერხებს, რის გამოც იტანჯება. ენერგია მუდმივად უნდა გაედინებოდეს. შეკავების შემთხვევაში, ის აუცილებლად შეაწუხებს ადამიანს. როცა მამაკაცი მოიწყენს, იცოდეთ, რომ მას თქვენი ენერგია მოაკლდა. იგივე ითქმის ქალებზეც, მაგრამ მამაკაცი უფრო გამოხატავს ამას, ქალს კი შეუძლია, შეინიღბოს. სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია ვარჯიში, ასევე, იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც დადებითი ემოციებით გავსებენ. ხანდახან განმარტოებაც საჭიროა. ყოველივე ამის შემდეგ კი თქვენ ადვილად შეძლებთ, თავი დაიცვათ მეტოქის შემოტევისგან. სხვათა შორის, თუ გრძნობთ, რომ ენერგია მოგეძალათ და მის დახარჯვას ვერ ახერხებთ, სანამ ის დაავადებად გარდაიქმნება, თავს უნდა უშველოთ. ამ დროს კარგია დილით, ნამიან ბალახზე ფეხშიშველამ იაროთ დაახლოებით 10 წუთით მაინც.
ნონა დათეშიძე