კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად შეესწრო ნიკა წულუკიძე კახი კავსაძის „სტრიპტიზს“


ნიკა წულუკიძეს ძალიან გაუმართლა. რეპეტიციების დროს ის ბუმბერაზი ქართველი მსახიობების გვერდით იდგა და მათი ადამიანური მხარეების, მუშაობის პროცესის, ხუმრობებისა თუ დაღლილობის მომსწრე იყო. ნიკამ ერთ-ერთი ასეთი რეპეტიცია აღწერა თავის წიგნში, „მოხუცი ჯამბაზები“. მაგრამ, ყველა ისტორია, რომელიც მის მეხსიერებაშია, ერთ წიგნში, რა თქმა უნდა, ვერ ჩაეტია.


ნიკა წულუკიძე: თავიდანვე მივხვდი, რომ ჩემი სფერო, სადაც უნდა მეტრიალა, ეს თეატრი იყო. რასაკვირველია, ვისაც ასეთი წარმოდგენა აქვს თავის მომავალზე, ფიქრობს, რომ გახდება მსახიობი და იგუგუნებს სცენაზე, მაგრამ, მე დროულად მივხვდი, რომ მსახიობობა არ უნდა ამერჩია. თეატრი ეს ერთადერთი დარგია, რომელიც შემოქმედთან ერთად კვდება. რეჟისორი, მსახიობი რომ კვდება, გენიალური სპექტაკლებიც კვდება. თეატრის „შენახვის“ იდეა ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. ამიტომ, ძალიან რთულია, რეალურად აღწერო იმ ადამიანების შემოქმედება, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ არაფერს ტოვებენ. ამქვეყნიდან რომ მიდიან, თან მიჰყვებათ როლებიც. ეროსი მანჯგალაძე რომ გარდაიცვალა, აღარავის უნახავს მისი ოიდიპოსი, ზიმზიმოვი, აზდაკი... ამიტომ, თეატრის კრიტიკოსობა და თეატრმცოდნეობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. შთამომავლობას უნდა დაუტოვო ზუსტი შეფასება იმისა, თუ რა ხდება თეატრში. თეატრში საოცრად საინტერესო სამყაროა კულისები. ადამიანები, აბსოლუტურად არასტანდარტული რიტმით ცხოვრობენ. შუაღამემდე მუშაობენ, თეატრში ცხოვრობენ. როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემთვის ყველაზე საინტერესო უფროსი თაობის მსახიობებთან ურთიერთობა იყო. მათგან ადამიანი მეტს სწავლობს, რადგან უკვე გავლილი აქვთ როგორც შემოქმედებითი, ისე ცხოვრების გზა. კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, ზინა კვერენჩხილაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ქეთინო კიკნაძე და სხვა – მათთან ყოფნა უდიდესი ბედნიერებაა. მედეა ჩახავასთან მე პირადად მოვასწარი ურთიერთობა. მე ვიყავი იმ დღეს თეატრში, როდესაც მედეა ჩახავამ ბოლო სპექტაკლი, გარდაცვალებამდე თვე-ნახევრით ადრე, ითამაშა. დიდ სცენაზე კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობდა, მედეა ერთ-ერთ რიგში დაჯდა. ეტყობოდა, რომ უამრავი მოგონება შემოსწოლოდა. შორიდან ვიდექი და ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი. მართალი გითხრა, მაშინვე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ის საკუთარ თეატრს ემშვიდობებოდა. უცებ წამოდგა ფეხზე და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა პარტერი. როდესაც მცირე სცენისკენ ამავალ კიბეებს დავადექით, მითხრა, დასანანია, რეპეტიცია რომ მიდიოდა, თორემ სცენაზეც მინდოდა, ავსულიყავიო. შევაცილე საგრიმიოროში და პარტერში დავჯექი. დაიწყო სპექტაკლი, გამოვიდა სცენაზე და მაყურებელი მქუხარე ოვაციებით შეეგება ლეგენდარულ მსახიობს. იმ დღეს ისე ითამაშა, როგორც არასდროს, საოცარი ენერგიითა და მონდომებით. „პაკლონზე“ ცრემლები წამოსცვივდა, რაც აქამდე მისთვის არასდროს შემიმჩნევია. ფარდა დაიხურა თუ არა, მაშინვე შევედი კულისებში. კაცების საგრიმიოროში დამხვდა, ყველა ულოცავდა, მაგრამ რატომღაც სევდიანი თვალები ჰქონდა. კახი კავსაძემ უთხრა, მედიკო ყველას გადაგვიჯოკრეო. ქალბატონმა მედეამ ეს ფრაზა ვითომ ვერ გაიგო და თითქოს უმნიშვნელოდ, თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს ჩემი ბოლო სპექტაკლი იყო, დავიღალე, ძალიან დავიღალეო. ასეთი იყო მედეა ჩახავას ბოლო სპექტაკლი.

– ვიცი, რომ კულისებში და რეპეტიციებზე ბევრი მხიარული ამბის მომსწრეც ხარ.

– კი, ძალიან ბევრია ასეთი. კახი კავსაძე რა რანგის და რა დონის მსახიობია, ყველასთვის არის ცნობილი. მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ის, რომ ბატონ კახის სიშიშვლის კომპლექსი არ აქვს, შემოქმედებაში ვგულისხმობ. სცენაზე საცვლისამარა გამოდის, ჭრელა-ჭრულა, ფერად-ფერადი საცვლით. „მოხუცი ჯამბაზების“ დროს ზინა კვერენჩხილაძე და მედეა ჩახავა ეუბნებოდნენ, როგორ იხდი, როგორ არ გრცხვენიაო. ამაზე ბატონმა კახიმ, რას ჰქვია მრცხვენიაო, ავიდა სცენაზე, ჩაართვევინა მუსიკა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. სათითაოდ, ცეკვა-ცეკვით გაიხადა პერანგი, დაატრიალა და სცენიდან ისროლა კიდეც. სკამიც დადგა. სკამზე ფეხი შემოდო, პერანგის შეხსნა რომ დაიწყო, ქალბატონი ზინა გაგიჟდა და გადაირია. ისმოდა წივილ-კივილი. განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა, როდესაც ბატონი კახი საცვლებამდე მივიდა და იმასაც, რომ დაუწყო ქვევით დაქაჩვა, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდი. ასეთი ჟრიამული რეპეტიციებზე სულ იყო. ზინა კვერენჩხილაძე – ქართული სიტყვის ოსტატი. როგორ შეიძლებოდა მის თანდასწრებით რაიმე უხეში ან არაქართული სიტყვა გეხსენებინა. გურამ საღარაძე და კახი კავსაძე კი, თუ სადმე რამე სიტყვა იყო „ტყ“, „ჭყ“ და ასეთი მჟღერი ასოებით გაძეძგილი ყველაფერს ქალბატონი ზინას თანდასწრებით ამბობდნენ. ზინა წამოხტებოდა, გაიქცეოდა, ბატონი გურამი ჩაუკეტავდა სარეპეტიციოს კარს, გასაღებს გულის ჯიბეში ჩაიდებდა და ეუბნებოდა, თუ გასაღები გჭირდება, ჩაყავი ხელი და ამოიღეო. მთელი ამბები იყო. იცი როგორ მშურდა?! გეფიცებით ყველაფერს, ჩემი არც ერთი სამეგობრო წრე, „სასტავს“ რომ ვეძახით, ისე არ ერთობა და არ ატარებს დროს როგორც ეს ადამიანები. მათ შორის კი ოთხმოც წლამდე ან ოთხმოცს გადაშორებულიც იყვნენ. მსაყვედურობდნენ კიდეც მეგობრები, მთელი ერთი წლის განმავლობაში არავინ მინახავს, სულ რუსთაველის თეატრში ვიყავი. გასახსენებლად საოცარი პერიოდია. ერთხელ ქალბატონი მედეა მოვიდა. როგორ იყო იცით? თვითონ ყოველთვის ხაზს უსვამდა საკუთარ ასაკს, მაგრამ შენ თუ შეახსენებდი, არ მოსწონდა. კიბეზე თუ ადიოდა, ხელს ვერ მიაშველებდი. რა არის, დავბერდი? იტყოდა და კიბეზე აკუნტრუშდებოდა ხოლმე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ერთხელ ვუთხარი, ვასილევნა, თექვსმეტი წლის გოგოსავით გამოიყურებით-მეთქი და რაო? რომ მომიბრუნდა ძალიან ნაწყენი სახით, მივხვდი რაღაც ისე ვერ ვთქვი. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე შემომხედა და მითხრა, ეს „სავით“ – რას ნიშნავს? ზუსტადაც რომ თექვსმეტი წლის ვარ, აბა, რამდენია, რვას რომ რვა მიუმატოო. ოთხმოცდარვა წლის იყო მაშინ. ასეთი ამბები ხდებოდა „ჯამბაზებში“.

– ახალგაზრდა მსახიობების მუშაობის პროცესზეც მომიყევი.

– ჯერ ერთი, ძალიან მიხარია, რომ ყველა დიდ და საინტერესო თეატრში საუკეთესო ახალგაზრდა თაობა მოვიდა. თაობათა ცვლა ამ შემთხვევაში უმტკივნეულოდ მოხდა. მართალია, მაინც ამბობს ზოგიერთი, ეს რა თაობა მოვიდა, აფსუს, ჩვენი ბუმბერაზი მსახიობებიო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გავა დრო და როდესაც გოგა ბარბაქაძე, როლანდ ოქროპირიძე და ნიკა კუჭავა დაბერდებიან, იტყვიან, აი, ესენი იყვნენ მსახიობები, ახლა კი ვინ მოვიდაო. მინდა, ვთქვა, რომ ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავს. ცხოვრებაში ისინი მეტად თბილი და მეგობრულები არიან. გოგა ბარბაქაძესთან ვმეგობრობ და მიმაჩნია, რომ ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია. სხვათა შორის, ახლა მეორე პროფესიაც გამოუჩნდა – ნადირობა და თევზაობა. მამაჩემს უყვარს ძალიან ნადირობა, სულ წალკაშია. ახლა ცდილობენ – მამაჩემი იქიდან, გოგა აქედან, რომ შეკრან ჯგუფი. (იცინის) ხან გავიგებთ, გოგამ ტახი მოკლა, ხან ის მოკლა, ხან – ეს. ვეუბნები, დაანებე თავი მსახიობობას და არჩინე ოჯახი ნანადირევით-მეთქი. მონკავშირის თავმჯდომარეს ვეძახი. როგორც ჩანს, კარგად ეხერხება მიზანში სროლა.

უნიჭიერესები არიან მკითხველისთვის ცნობილი „დები ღლონტები“ – თათული და თამუნა. მათ ერთად პირველად ჩემს იგავ-არაკებზე დადგმულ სპექტაკლში ითამაშეს. ორი ტურა, ერთმანეთზე გადაბმული, დღე და ღამ ერთად იყვნენ ნათლია და მონათლული. ტურებს თამაშობდნენ ისე, რომ ვიფიქრე, გალიიდან ტურები გამოვლენ და ეტყვიან, თქვენ ჩაჯექითო.

საშინლად მახსოვს ჯაბა კილაძის დაბადების დღე, როდესაც ფასანაურში მის ბებიასთან წავედით. ისეთ ხინკალს აკეთებს ბებიამისი, შეიძლება, ცუდად გახდე. ჯაბას სახლი ტყეშია ჩადგმული, ულამაზესი ადგილია. საოცარი სუფრა გაშალა თამარა ბებომ, მივირთვი გენაცვალე და გავხდი ცუდად. დამემართა ცხელება თუ რაღაც უბედურება, ორმოცი გრადუსია, იწვის ყველაფერი. ჯაბას მოვყავარ თბილისში და ავტომობილში ფანჯარა არ ჩავაწევინე, მცივა-მეთქი. ისე ცუდად ვიყავი, კახა მიქიაშვილმა სუდარა გადამაფარა, ბუზები არ დაესიონო. მოკლედ, ჩამომიყვანეს, სახლში დავწექი. მეორე დღეს ჯაბას დაბადების დღეა და მარტყოფში მიდიან. დამირეკეს, კი ცუდად ხარ, მაგრამ ხომ არ წამოხვალო. რა თქმა უნდა, წავედი. ყველაზე სასაცილო რა იყო იცით?! შევედით მაღაზიაში და გამყიდველს გულზე აწერია – ოფელია. ვიფიქრე, ამ სოფელში ოფელია ვინ დაარქვა ქალს-მეთქი. უცებ, ერთ მეზობლის ქალზე მეუბნებიან, ამას იცი რა ჰქვია? ჰერტრუდაო. ვაიმე, ვიფიქრე, იქ ოფელია, აქ ჰერტრუდა, შექსპირი ხომ არ გაჩნდა მარტყოფში-მეთქი. კულმინაცია იყო ჯაბას მამამ მეზობელს რომ დაუძახა, ატეხა ყვირილი – ჰამლეტა, ჰამლეტაო. (იცინის) გაირკვა, რომ მარტყოფის წყაროებით, შექსპირი იქიდან არის წარმოშობით. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი გმირების სახელები რომ ძალიან პოპულარულია, ამას მივხვდი.


скачать dle 11.3