რატომ “დაეცა„ ნახევარი ლონდონი ნათია ბანძელაძის ჩემოდნის გახსნისას და როდის იწევს ის მამაკაცებზე საცემრად
ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ყოველთვის გამოირჩევა თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილით. რომ იტყვიან, ის „კურიერის“ ერთ-ერთი გამორჩეული კორესპონდენტია. მართალია, ეკრანზე ძალიან მკაცრი ჩანს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ის ძალიან თბილი და მხიარული ადამიანია. ნათიამ, თავისი პროფესიის წყალობით, უცხოეთის ბევრი ქვეყანა მოიარა და, შესაბამისად, ბევრი საინტერესო ამბავიც გადახდა თავს, რომელსაც ახლა დიდი სიამოვნებით და ხალისით იხსენებს.
ნათია ბანძელაძე: გამოუვალ სიტუაციაში ხშირად ჩავვარდნილვარ. საერთოდ, როცა უხერხულობა იქმნება ჩემ გარშემო, ვცდილობ, კომუნიკაბელურობა და იუმორი გამოვიყენო და ამ სიტუაციიდან გამოვძვრე. ერთხელ ლონდონში წავედი სამსახურებრივი მივლინებით. დაახლოებით ექვსი დღე ვიყავი იქ და ბარგი ბოლო დღეს ჩამოვიდა. ძალიან გავმწარდი, არადა, პირდაპირ ეთერში ეს ვერავინ შეამჩნია. ხან რომელი ჟურნალისტის ტანსაცმელი მეცვა და ხან – რომლის. თბილისიდან მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, შენ ვინ ყოფილხარ, სად ასწრებ ამ მაღაზიებში სიარულს და ნაირ-ნაირი ტანსაცმლის ყიდვას, კაცმა რომ გკითხოს სულ მუშაობო (იცინის). ისე გამიტკბა და ისე მოვირგე სხვისი ტანსაცმელი, ვხუმრობდი, აღარ მინდა ჩემი ბარგი-მეთქი. ბოლოს, მომიტანეს ჩემი გაძონძილი, საწყალი, გაგლეჯილი ჩემოდანი. რომ გავხსენი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი – მარხვას ვიცავდი და თბილისიდან წავიღე ლობიანის ღვეზელები. ისეთი სუნი ამოვარდა ჩემოდნის გახსნისას, ნახევარი ლონდონი „დაეცა“ (იცინის).
– ამბობენ, ნათიას თურქი მძღოლები ვერ იტანენო. კი მაგრამ, რა დაუშავე?
– მეჩქარებოდა. ტაქსი გავაჩერე და იქვე ახლოს ვთხოვე წაყვანა. მართალია, თურქეთში არ გავზრდილვარ, მაგრამ კარგი ორიენტაცია მაქვს და, თუ ერთხელ მოვხვდი სადმე, მერე ის ადგილი კარგად მამახსოვრდება. მოკლედ, ჩავჯექი ტაქსიში. მიუხვია, მოუხვია, იარა, იარა და, 45 დოლარი რომ დაწერა, მითხრა, მოვედითო. გადავირიე, ვუთხარი, რა 45 დოლარი, აქვე უნდა მიგეყვანე, შენ კი იმდენი იარე შემოვლითი გზით, სანამ „ოთუს ბირი“ არ დაწერა მრიცხველმა-მეთქი. მე ქართულად ვურჩევდი საქმეს, ის – თურქულად. ამეშალა ნერვები, ავუწიე ხმას. ვუხსნი, პრეზიდენტი, პრემიერი, დელეგაცია, ჟურნალისტი-მეთქი, ის კიდევ, „ფარა, ფარას“ გაიძახოდა. არც იმან დამითმო. ერთი კი გავიგე, მითხრა, პოლიციაში წაგიყვანო. აი, აქ ამასხა სისხლმა კისერში, ხელში წყლის ცარიელი ბოთლი მეჭირა და სულ კეფაში ვურტყი. ვიჭიდავეთ, მაგრამ რა ვიჭიდავეთ, ძლივს გაგვაშველეს.
– ესე იგი, კარგი დამრტყმელიც ყოფილხარ!
– კარგი დამრტყმელისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ფაქტია, თურქი ტაქსის მძღოლებისკენ კი ვიწევ საცემრად (იცინის).
– ის თუ არის მართალი, რომ ამბობენ, ნათიას გათხოვებაში ლენინს მიუძღვის დიდი როლიო?
– არ დამავიწყდება, გოგიჩა ორიგინალურად იქცეოდა, ჩემი ყურადღება რომ მიექცია: ჯერ სახურავიდან მიძღვნიდა ყვავილებს, მერე ერთად მოგვიწია წასვლა რუსეთში თეატრის ფესტივალზე. გავაღებდი სასტუმროს ნომრის კარებს და – დილას, შუადღეს და საღამოს არაჩვეულებრივი ვარდების თაიგულები მხვდებოდა. კი მიკვირდა, ნეტავ საიდან აქვს ამ კაცს ამდენი ფული, ასეთ განსაკუთრებულ „ბუკეტებს“ რომ მიძღვნის-მეთქი. არადა, ძალიან ძვირი ღირდა. ერთ დღესაც, ბანკეტზე დაგვპატიჟეს, გვიან გამოვედით ქალაქის ქუჩაში, გავიხედე, „დიდი ლენინის“ ძეგლი დგას და, იქვე, მის ფეხებთან, ზუსტად ისეთი ყვავილები აწყვია, გოგიჩა რომ მჩუქნიდა. თურმე, ბიჭები გადადიოდნენ, ლენინის ძეგლიდან იღებდნენ ყვავილებს და ჩემთან მოჰქონდათ. ასე რომ, ლენინს ჩემს გათხოვებაში დიდი როლი მიუძღვის და, ვხუმრობ ხოლმე, მე მაშინ „გოგიჩას კრუპსკაია“ ვიყავი-მეთქი (იცინის). ახლა ის დრო ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება და სულ მეცინება ხოლმე ამ წინა საუკუნის ამბების გახსენების დროს.
– ყოველთვის ორიგინალური ჩაცმის სტილით გამოირჩევი. შენი მეგობრები ამბობენ, პატარა ჩანთით მთელი გარდერობი თან დააქვსო. ამას როგორღა ახერხებ?
– სულ ვამბობ, ჩემი ტანსაცმელი ყოველთვის კნოპკაზე მაქვს-მეთქი. პატარა ჩანთაში ყოველთვის მიდევს ერთი პატარა დეტალი, რომელიც მთლიანად შემიცვლის ნებისმიერი ჩაცმულობის სტილს – ეს ჩემი პატარა ფოკუსია. კერძოდ, როცა პირდაპირი ჩართვა მაქვს და აჯაჯულ-დაჯაჯული, ანუ ჩემს სტილში მაცვია, ასე ხომ ვერ გამოვჩნდები ეკრანზე? ვხსნი ჩანთას, ვიღებ პატარა საყელოს, მოვიდებ კისერზე, შემოვიცვამ კოსტიუმს და – მორჩა. ეს, შეიძლება, მაისურზეც გაიკეთო და, როცა ეკრანზე ჩანხარ, ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს სოლიდურად ხარ ჩაცმული. გიჟდებიან ხოლმე ოპერატორები, წეღან სხვა რამე გეცვა და ახლა საიდან ხარ ასე გამოწყობილიო. მე კიდევ ვეუბნები, ეს ჩემი საიდუმლოა, ფოკუსი, სახელად „ტანსაცმელი კნოპკაზე“ (იცინის). ისეთი პროფესია მაქვს, ფოკუსები თუ არ ჩავატარე, მართლა გარდერობით ხომ არ ვივლი გადაღებებზე! სხვათა შორის, როცა ქუჩაში მცნობენ, მეუბნებიან, რა კარგი გოგო ყოფილხარ, ეკრანზე კი რა მკაცრი ჩანხარო.
– ბევრს მოგზაურობ. უცხო ქვეყანაში ბაყაყის მწვადი ან გველის ჩაშუშული არ დააგემოვნე?
– გველი დაგემოვნებული მაქვს, მაგრამ, აი, ჩემი ერთადერთი, ჯერჯერობით აუხდენელი ოცნებაა, ბაყაყის სუპი ვჭამო. რომ გამოაცხადეს, ქართული ბაყაყით მზადდება უკვე კერძებიო, ძალიან გამიხარდა, მაინც ეროვნულია და, ერთი სული მაქვს, როდის გავსინჯავ. ასე რომ, საფრანგეთში თუ ვერ დავაგემოვნე ბაყაყი, სამშობლოში მაინც შევჭამ. საერთოდ, უცხოეთში ჩასულს, მიყვარს უცხო კერძების გასინჯვა და უარს არასდროს ვამბობ. გერმანიაში გველის მარინადი რომ ვჭამე, არ ვიცოდი, რა იყო. კი ვიფიქრე, რა უცხო რამეა, რა გემრიელია, რა განსაკუთრებული-მეთქი. მოკლედ, მომეწონა და ვიკითხე, რა არის-მეთქი, რომ მითხრეს გველიო, უკვე გვიანი იყო (იცინის). თუმცა, ვერ მოგატყუებთ, კარგად შევირგე.
– ყოფილი მოცურავე ხარ. ვინმე თუ გადაგირჩენია დახრჩობას?
– მართალია, ყოფილი მოცურავე ვარ, სპორტის ოსტატი ხუთჭიდში და მეგობარიც მყავს გადარჩენილი დახრჩობას. რომ შევვარდი და ვწვდი თმაში, საწყალი როგორ გამოვათრიე ნაპირზე, აღარც კი მახსოვს. ზღვაზე რომ ვართ ხოლმე, გოგიჩა სულ მაფრთხილებს, ახლა თურქეთში ნუ გადახვალ ცურვა-ცურვით, შენი ძებნის თავი არ მაქვსო (იცინის).
– ქალ ტერორისტად რომ მოგნათლეს ალ ჯაზირაში, რა შეგამჩნიეს ასეთი?
– იქ ისეთები ჩავიდინე... მასალის „გადმოგორება“ მინდოდა ალ ჯაზირას ტელევიზიიდან. ვერაფრით ვერ გავაგებინე, რომ ჩვენი დრო იყო. ისეთი ამბები დავაწიეთ, მერე უთქვამთ, კიდევ თუ მოვა ის „ტერორისტკა“, აქ არ შემოუშვათო (იცინის). ბოლო ჩემი „გაფრენა“, როცა მართლა შეურაცხადი ვიყავი, იყო ეგვიპტეში, ტელევიზიაში. ვერაფერი გავაგებინე იქაურებს. ბოლოს, ისე გამოვედი წყობიდან, შეურაცხყოფაზე გადავედი და ვუყვიროდი: რამზესი ხარ, ნეფერტიტი ხარ, ერთუჯრედიანი ხარ-მეთქი. ტელევიზიაში რომ შედიხარ, რკინის გასასვლელები დგას, დაახლოებით ისეთი, ჩვენთან მეტროში რომ არის. გადავახტი ამ რკინის ჯებირებს, გამომეკიდა ეგვიპტელი დაცვის წევრი, მომქაჩა ქურთუკზე, გავიძრე სწრაფად და შერჩა ხელში, მეორე დაცვის წევრი ჩანთას დაექაჩა, იმასაც მივუგდე ჩანთა. ერთადერთი იმას ვფიქრობდი, კასეტა არ გამომგლიჯონ ხელიდან და რას დავეძებ ჩემს თავს-მეთქი. მოკლედ, ძლივს დამიჭირეს და გამომიყვანეს უკან. პოლიციაც კი გამოიძახეს. წარმოიდგინეთ, აქ რომ ვინმე არაბი გადაახტეს ჯებირს და ტელევიზიაში შეიჭრას... გიჟის სახე და თვალები მქონდა და გადამეკეტა გონება, მარტო იმაზე ვფიქრობდი, მასალა „გადმომეგორებინა“ საქართველოში. ასე რომ, არაბულ ქვეყნებში ჩემი სიტყვა თამამად მეთქმის და მათ თვალში ნამდვილი ტერორისტი ვარ (იცინის). იქ ნამდვილი, შეურაცხადი ქართველი ალ ქაიდა ვარ, შაჰიდის ქამრით.