ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-10(480)
ერთი ადამიანის თავისუფლება და, შესაძლოა, ბედნიერებაც, მთავრდება იქ, სადაც მეორე ადამიანის თავისუფლება და, შესაძლოა, ბედნიერებაც იწყება. უფრო გასაგები რომ იყოს, ასე ვიტყვი: მხოლოდ სულელს ჰგონია, რომ თავისუფალია და, თანაც, ბედნიერი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერი ვერასოდეს იქნები ან სისულელე უნდა ინატრო. არავითარ შემთხვევაში! სისულელე ბედნიერების პირდაპირპროპორციული არ არის, თუმცა, შეიძლება, სულელებს მაინც აქვთ პატარა უპირატესობა – მათთვის ცხოვრება შედარებით იოლია...
***
დათო ფეხაკრეფით შეიპარა ოთახში და ძალიან გაუკვირდა, როცა ლოგინში წამომჯდარი ცოლი დაინახა. ნათია ბალიშზე იდაყვით იყო დაყრდნობილი და თითქოს ელოდა, როდის შეაღებდა მისი ქმარი კარს.
– არ გძინავს? – დათო გვერდით მიუჯდა.
– სად გაუშალე?
– რა? – თვალები მიამიტურად დაახამხამა დათომ.
– სად გაუშალე-მეთქი ლოგინი ლევანს. ხომ აქ დარჩა?
– ჰო. ესე იგი, ყველაფერი გაიგონე?
– ვერ უარვყოფ. გავიგონე, იმიტომ რომ, გისმენდით. რა ვქნა, ძალიან მაინტერესებდა, რაზე ლაპარაკობდით. ხომ იცი, ფეხმძიმობამ ცნობისმოყვარე გამხადა.
დათოს გაეცინა და ცოლს ცხვირზე მოუსვა თითი.
– ფეხმძიმობა არაფერ შუაშია, ყოველთვის ცნობისმოყვარე იყავი, შე პატარა ჭორიკანავ, შენა. აბა, რა გაიგონე?
– ყველაფერი, – თვალები მოწკურა ნათიამ და მაშინვე დაამატა, – თითქმის ყველაფერი. ფუჰ, ვისკის სურნელს აფრქვევ. ბევრი დალიეთ?
– ლევანი სვამდა.
– ლევანი სვამდა და შენ – არა? კარგი, რა... ტუჩებშიც ხომ არ გკოცნიდა?
– კარგი, ცოტა მეც დავლიე... ნათი, დავიძინოთ, რა, დაღლილები ვართ...
– არ უნდა მიგეცა დარჩენის უფლება, – ნათიამ შუბლი შეიჭმუხნა.
– რას ამბობ, ნათი?! ხომ ვერ გავაგდებ? შემეცოდა. ძალიან ნერვიულობს. მე რომ მაგის ადგილას ვიყო, გავგიჟდებოდი.
– იმედი მაქვს, მის ადგილას შენ არასოდეს იქნები, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ნათიამ, – საცოდავი თინიკო!..
– ნათი, რად გინდა ასეთი ლაპარაკი, ხომ იცი, რომ მიყვარხარ?
– ასე რომ ჰკითხო, ლევანიც გეტყვის, თიკა მიყვარსო და დაამტკიცებს კიდეც ამას ეგ იდიოტი.
– ლევანი ჩემი მეგობარია, – არ ესიამოვნა დათოს ძმაკაცის ლანძღვა.
– მერე რა, თიკაც ჩემი მეგობარია. იცი, რას იზამს, თუ გაიგო რომ, ის კახპა შვილს მისი ქმრისგან ელოდება?
დათოს სახე შეეცვალა და ხმა გაიმკაცრა:
– შენ თიკას არაფერს ეტყვი, ძალიან გთხოვ! თუ გინდა, გაფრთხილებ. იცოდე, სერიოზულად გავბრაზდები, ძალიან სერიოზულად! მე კი არავითარი სურვილი არ მაქვს, გეჩხუბო.
– თუ არ გქონდა ამის სურვილი, მაშინ ის შენი ძმაკაცი აქ არ უნდა დაგეტოვებინა.
– მიდიოდა, მაგრამ ბოლო წუთში გადაიფიქრა.
– იმიტომ, რომ ლაჩარია!
– ნათი, კარგი, რა, გვეყოფა. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს და დავიძინოთ.
– რა თქმა უნდა, დაიძინებ. სინდისი სუფთა გაქვს და რატომ არ დაგეძინება. თიკაზე არ ფიქრობ? წარმოგიდგენია მაინც, რა დღეშია?
დათომ ამოიოხრა:
– კარგი, არ დავიძინებ, თუკი ამით თიკას რამე ეშველება. გამაგებინე, მე რა შუაში ვარ? ეს მათი ოჯახის საქმეა. თვითონ მოაგვარებენ ურთიერთობებს. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ.
– მაშინ, აქ არ უნდა მობრძანებულიყო. რადგან მოვიდა და დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ჩაგვრია. ამიტომ, მე ნუ მსაყვედურობ. დიდი შანსია, თიკამ ჩემგან დამოუკიდებლად გაიგოს ყველაფერი და მე უნდა დამბრალდეს? რატომ? ვცოფდები, როცა წარმოვიდგენ, რომ იმ ვაჟბატონს კაბინეტში მშვიდად სძინავს.
– რა იცი, რომ კაბინეტში შევიყვანე?
– აბა, სხვაგან სად წაიყვანდი, რა უნდა გელაპარაკო, ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ!
– როგორ არ ვიფიქრე, საყვარელო, მაგრამ, გარეთ ხომ არ გავაგდებდი? ჩემი ძმაკაცია, ნათი, ძმაკაცი... მეც გამიგე!
– საზიზღარი და უზნეო ვინმეა ეგ შენი ძმაკაცი, ვერ ვიტან! თანაც, რის გაკეთებას აპირებს – თავისი ნაბიჭვარი იმ შტერ ნიკუშას უნდა შეატენოს! არა, ის კი ყველაფრის ღირსია, მაგრამ მაინც საზიზღარი, უღირსი და უსირცხვილო კაცია ეგ შენი ლევანი! ძალიან მაინტერესებს, ნიკუშაზე რატომ არ შეგტკივა გული, ის არ არის შენი ძმაკაცი?
– ვინ გითხრა, რომ არ შემტკივა, საიდან მოიტანე?
– არ შეგტკივა, დიახ, არ შეგტკივა! ყველაფერში ლევანს ეთანხმები და სულ მისი მხარე გიჭირავს. არ შეგრცხვება მაინც, ლევანის ნაბუშარი ნიკუშას რომ დაუძახებს მამას და იმასაც გაუხარდება?
დათომ ამოიოხრა:
– აუ, რა შარში გავეხვიე. ნათია, არ გინდა, ერთი მარტივი ჭეშმარიტება გაიგო? – შენ არაფერ შუაში ხარ ამ ამბავთან, საერთოდ არაფერში. ძალიან გთხოვ, დამშვიდდი და საკუთარ შვილზე იფიქრე, ასე გაცილებით აჯობებს. მით უმეტეს, რომ მაგ საქმეში ჯერ კიდევ ბევრი რამეა გაურკვეველი. სრულიად შესაძლებელია, ნიკუშასგან იყოს ფეხმძიმედ, – დათომ ხელები აიქნია და ხმამაღლა გაიცინა.
– მერე ბრაზილიური სერიალების გაუკვირდებათ. არ გრცხვენიათ მაინც, ხან ერთი რომ წვებით მასთან და ხან – მეორე?
– აუ, გეხვეწები, მორჩი, რა! ჯერ ერთი, მე არ ვწოლილვარ მასთან; მეორეც – ბოზია ის გოგო, ბოზი და, რა გიკვირს?
– ჰმ, შენი ძმაკაცის ცოლი რომ გახდება, მერე იძახე, ბოზიაო, – ნიშნი მოუგო ნათიამ.
– რომლის ცოლი გახდება? – დაიბნა დათო.
– რა ვიცი მე, რომლის? ჯერ ხომ არ არის გარკვეული, ბავშვს ვისგან ელოდება? თანაც, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? თუ გირჩევნია, ნიკუშამ შეირთოს, მაინც უცოლოა და ნაკლები უბედურება იქნება.
– ძალიან გთხოვ, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ჯერ ლევანმა გამიბურღა ტვინი, ახლა კიდევ შენ მატკიებ თავს. თან, მეძინება და თავი დამანებე!
– კი, ბატონო, დაიძინე. მაგრამ, ვფიქრობ, თიკას უნდა ვუთხრათ, ლევანისგან დაფარულად, რა თქმა უნდა. ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუკი სხვისგან არ გაიგებს.
– გაგიჟდი? არც იფიქრო ამაზე. არა, არა და კიდევ ერთხელ არა! საერთოდ ნუ ჩავერევით!
– მე კი მგონია, რომ თიკას ნდობა უნდა მოვიპოვოთ. ნუ გავიწყდება, რომ არ არის ხელწამოსაკრავი ადამიანი. პირადად მე ძალიან მიყვარს.
– მეც მიყვარს, კარგი გოგოა, ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ შორს უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისგან, არ გვჭირდება ზედმეტი პრობლემები.
– უტვინოები ხართ კაცები და ყველანი იმას იმსახურებთ, რომ ბოზებმა შეგაბან. ლევანზე რომ ვფიქრობ, ვცოფდები. რაში სჭირდებოდა ის კახპა?
– სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ოღონდ, ახლა მომასვენე, კარგი?
– ხვალ თიკასთან მივალ, – გადაწყვეტით თქვა ნათიამ და ბალიში შეისწორა.
დათოს ელდა ეცა:
– ეე! ამდენი ტყუილად გელაპარაკე? არსად არ წახვალ, სახლში იქნები და იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი!
– ეს ბრძანებაა?
– როგორც გინდა, ისე გაიგე! შენ იცი, შემიძლია, ყველა შენი კაპრიზი სიტყვის შეუბრუნებლად შევასრულო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, უკან ვერ დავიხევ, იმიტომ, რომ ეს საქმე მეც მეხება.
– ნუ გეშინია, ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი. უბრალოდ, სიტუაციას დავზვერავ, გთხოვ, რა!.. ძალიან, ძალიან გთხოვ! ისე მაინტერესებს, ვკვდები!
– რა გაინტერესებს, რას ამბობ? ნათო, მოეშვი რა, ამ სისულელეებს. ძალიან გთხოვ, ეგრევე გაიშიფრები, დამიჯერე. თიკა შეიტყობს, რომ რაღაც „ისეთი“ იცი. მით უმეტეს, რომ ჯერ ლევანთანაც არ მოუგვარებია პრობლემა. ჩვენ ჩრდილში დავრჩეთ და ვნახოთ, რა მოხდება.
ნათიამ საყვედურით შეხედა ქმარს, მაგრამ არაფერი უთქვამს...
დილით სტუმარი ვერსად ნახა – ლევანი უთენია წასულიყო. კაბინეტში, ტყავის დივანზე, აკურატულად ეწყო დაკეცილი თეთრეული.
ნათიამ წყენით აიბზუა ტუჩი და ბრაზი ქმარზე გადმოანთხია:
– გააპარე, ხომ?
– აუუ, დილიდანვე იწყებ. ნათი, მოდი, ფულს მოგცემ, მაღაზიებში წადი, გაერთე და დაივიწყე, რა, სხვისი ოჯახის პრობლემები!
– რა გარანტია მაქვს, რომ შენც იმავეს არ გააკეთებ, თუკი მომენტი ჩაგივარდება?
– რას გავაკეთებ? ეე, ნათი როგორ არ მენდობი. რად მინდა სხვა ქალი, როცა შენ მყავხარ?
– ყველა კაცი ამას ამბობს, მაგრამ, საქმით საპირისპიროს ამტკიცებს. არც კი ვიცი, როცა სახლიდან გადიხარ, ვისთან მიდიხარ და, საერთოდ, რას აკეთებ.
დათომ ნაჩქარევად მოსვა ჩაი და ცოლს შემრიგებლურად გაუღიმა:
– საყვარელო, მე ახლა მივრბივარ და ვეცდები, მალე მოვიდე. აი, შენ ფული და, რაც მოგეწონება, იყიდე.
– ლევანთან მიდიხარ? – კართან დააწია ცოლმა.
დათომ გაურკვევლად აიქნია ხელი და კარი ხმაურით გაიხურა.
***
ლევანმა ჰოლი და სასტუმრო ოთახი მოათვალიერა. სახლში ისეთი სიჩუმე იყო, რომ, დაეჭვდა, ალბათ, თიკა სადღაც წავიდაო და საძინებელში შევიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. პერანგს რომ იკრავდა, ცოლი მაშინ დაინახა. თიკა ოთახის სიღრმეში, სავარძელში იჯდა და გულხელდაკრეფილი, გამომცდელ მზერას არ აშორებდა.
– თინი, რა კარგია, რომ სახლში ხარ, შენთან საქმე მქონდა.
– მეც მაქვს შენთან საქმე... – ქალი ადგა და ქმარს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ლევანი შეაშფოთა მისმა გამოხედვამ.
ლევანმა თავი უხერხულად იგრძნო. მოეჩვენა, რომ ცოლმა იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე თავად წარმოედგინა. თუმცა, არც ის იყო გამორიცხული, თინიკო მასზე იმის გამო გაბრაზდა, ღამე სახლში რომ არ გაათია. ლევანისთვის ბევრად მისაღები მეორე ვარიანტი იყო და გადაწყვიტა, ცოლი ზედმეტად არ გაეღიზიანებინა. ამიტომ, სანამ რამეს ჰკითხავდა, დაასწრო და მოგონილი სიმშვიდით ჩაილაპარაკა:
– დათოსთან ვიყავი. შევუარე, ნიკუშაზე რომ გველაპარაკა. ცოტა დავლიეთ და აღარ გამომიშვა.
თიკა ჩუმად იჯდა და ერთი ჟესტითაც არ გამოუხატავს არანაირი რეაქცია. მისმა ასეთმა სიმშვიდემ ლევანი გააღიზიანა და იფეთქა:
– რა არის, ბოლოს და ბოლოს, ასეთი რა დავაშავე? მეგობართან გავათიე ღამე, საყვარელთან ხომ არა. თუ არ მენდობი, შეგიძლია, ნათიას, ან, თავად დათოს ჰკითხო!
– მე არაფერი მიკითხავს, – მხრები ოდნავ ასწია ქალმა, – რატომ ჩხუბობ? არც არაფერი მაინტერესებს. შენი ნებაა, სად გაათევ ღამეს, მაგრამ, მეც მაქვს უფლება, გთხოვო, რომ აქედან წახვიდე. შენი ბინა რომ იყოს, არ დავიწყებდი ვაჭრობას და მე წავიდოდი. მაგრამ ბინა ჩემია. თანაც, ჩემს მდგომარეობაში საცხოვრებლის შეცვლაზე ვერ ვიფიქრებ.
ლევანმა მაშინვე ვერ გააცნობიერა ცოლის სიტყვები და, როცა მიხვდა, უარესად გადაირია.
– მაგდებ? სერიოზულად მაგდებ სახლიდან? კი მაგრამ, რატომ, რა დავაშავე?
– არ გაგდებ. უბრალოდ, გთხოვე. კარგი, მაშინ ისევ მე ავალ წყნეთში ჩვენებთან. ცოტა ხნით მაინც, სანამ შენ გადაწყვეტილებას მიიღებ.
– რა გადაწყვეტილებას, თიკა? – ხმა ჩაუწყდა კაცს.
– ჰო, გადაწყვეტილებას, თუ რა გჭირდება. უფრო სწორად, ვინ გჭირდება.
– რას ნიშნავს – ვინ მჭირდება? რად უნდა ამას გადაწყვეტილების მიღება? მე გადაწყვეტილება ექვსი წლის წინ მივიღე, როცა ცოლად შეგირთე. რა სისულელეებს მეკითხები, რა დაგემართა? ეს შენს ორსულობას უნდა დავაბრალო, თუ შენ თვითონ აღარაფერში გჭირდები? თიკა, მითხარი რა მოხდა? იმისთვის მსჯი, ფეხმძიმობის ამბავმა ცოტა რომ დამაბნია და სიხარული ისე ვერ გამოვხატე, შენ როგორც გინდოდა? დათომ მითხრა, რაღაც მსგავსი მასაც დაემართა, როცა პირველად გაიგო, რომ მამა უნდა გამხდარიყო. ესე იგი, მე არ ვარ გამონაკლისი. თიკა, შენ ხომ გჯერა, რომ მე ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი? სხვანაირად მე აქ აღარ დავბრუნდებოდი!
– მადლობა ხომ არ გადაგიხადო დაბრუნებისთვის? – ცივი ხმით ჩაილაპარაკა თიკამ.
– არა, რას ამბობ! მე წუხელვე მინდოდა მოსვლა, გეფიცები! მაგრამ, დათოს ამბავი ხომ იცი, თან, მართლა ძალიან ბევრი დავლიე.
– ბევრი დალიე, რომ შენს საქციელზე აღარ გეფიქრა? იცი, ნაკლებად მაინტერესებს, რატომ გაიქეცი და რატომ დაბრუნდი. მე მივხვდი, რომ არაფერში გჭირდები. არც ის ბავშვი გჭირდება, მე რომ გაგიჩენ. ეტყობა, შენს გეგმებში არ შედიოდა ჩემი ორსულობა. უბრალოდ, ხელს არ მიშლიდი. ალბათ ფიქრობდი, რომ ვერასოდეს დავორსულდებოდი.
– არა, თინი, არ არის ასე, ამას ნუ ამბობ. შენც მჭირდები და ბავშვიც.
ქალმა თავი გადააქნია:
– საშინელებაა, როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ადამიანი, რომელსაც აღმერთებდი, არარაობა ყოფილა.
– ამას ჩემზე ამბობ?
– შენზე და მამაჩემზე. მაგრამ, არა უშავს, მე ძლიერი ვარ, საკმაოდ ძლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემი თავმოყვარეობა ფეხქვეშ არ გაგათელვინო. ასე რომ, მიბრძანდი, უშენოდაც გავძლებ და ბავშვსაც გავზრდი!
ლევანი მიხვდა, რომ თინიკო არ თამაშობდა. მისი ხმა მტკიცედ ჟღერდა, ჯიუტად და, თითქოს ჯიბრით მისჩერებოდა და უკან დახევას არ აპირებდა.
კაცმა იგრძნო, საქმე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა, ადვილად ვერ მოულბობდა გულს და ვერც ორი სიტყვით გადაარწმუნებდა. უცებ ეჭვი იმაშიც შეეპარა, ხომ არ შემიყვარდაო, მაგრამ, ფიქრის დრო არ ჰქონდა. ფაქტი ის იყო, რომ სახლიდან წასვლა, ცოლთან დაშორება, მის გეგმებში არ შედიოდა.
– მე დედაჩემი არ ვარ, რომ მთელი ცხოვრება მეორეხარისხოვანი ქალის როლით დავკმაყოფილდე. ეს რომ შემძლებოდა, ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი და დავრჩებოდი მასთან. ამიტომ, მირჩევნია, წახვიდე.
– შენ მე გიყვარვარ, – ლევანი ცოლთან მივიდა და სცადა, მისთვის წელზე მოეხვია ხელი. ქალი გაუძალიანდა, მაგრამ კაცის ძლიერი ხელისგან თავის დახსნა ადვილი არ აღმოჩნდა.
– თინი, მე შენთან ყოფნა მინდა. ჩვენი შვილიც ძალიან მჭირდება, ოჯახი მჭირდება. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ. უნდა დამიჯერო და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგარწმუნო ჩემი სიტყვების სიმართლეში. არ მინდა, ვიჩხუბოთ. არ მინდა, ერთმანეთს ეჭვით ვუყურებდეთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ – თანამოაზრეები და თანამზრახველები.
თინიკოს ყოყმანი დაეტყო:
– ძალიან მინდა, შენი მჯეროდეს, მაგრამ, შენ იმ ნახატზე უფრო ბევრს ფიქრობ, ვიდრე ჩვენს შვილზე.
– ვფიქრობ იმ ნახატზე, არ უარვყოფ, რადგან, ისიც ჩვენი შვილისთვის მინდა, ჩვენი მომავლისთვის, მაგრამ, შენ ჩემი ისევ არ გჯერა.
– შენს არყოფნაში დედაჩემმა დარეკა. შენთან უნდოდა ლაპარაკი, – თიკა ქმრის მხარს შუბლით მიეყრდნო.
– დედაშენს უნდოდა ჩემთან ლაპარაკი? არ ჰკითხე, რატომ?
– არ მითხრა. ისეთი არაფერიაო, მაგრამ, მომეჩვენა, რომ ნერვიულობდა. ხომ იცი, როგორია, ვერაფერს შეატყობ, ვერ მიხვდები, რა უდევს გულში.
– მძღოლს გავუგზავნი, რომ ჩვენთან მოიყვანოს. მამაშენთან შეხვედრა არ მინდა, – ლევანმა მობილური აიღო.
– რატომღაც, მგონია, რომ სწორედ მამაჩემთან დაკავშირებით უნდა შენთან ლაპარაკი.
– რამე თქვა?
თინიკომ მხრები აიჩეჩა:
– არა, არაფერი უთქვამს. ისე, ინტუიცია მკარნახობს.
– დედაშენმა ძალიან ბევრი რაღაც იცის. მთავარია, ამ რაღაცეების ჩვენთვის გამხელა მოუნდეს. შენი ამბავი უთხარი?
– არა, ვეღარ მოვასწარი. ყურმილი დამიკიდა.
ლევანმა საათზე დაიხედა:
– ჯანდაბა, მე რომ სამინისტროში ვარ წასასვლელი? მოდი, დედაშენს დაურეკე, უთხარი, ტაქსი გამოიძახოს და ჩვენთან მოვიდეს. მე კი შევეცდები, დღის განმავლობაში დრო გამოვნახო და ცოტა ხნით მაინც შემოვირბინო.
– უარი რომ მითხრას?
– არ გეტყვის. უთხარი, რომ შენც გაქვს მასთან საქმე. კარგი?
თიკამ თავი დაუქნია. ლევანმა ლოყაზე აკოცა:
– კარგია, რომ აღარ მიბრაზდები, ძალიან კარგია. ახლა მეც დავმშვიდდი.
– ბოროტად სარგებლობ იმით, რომ მიყვარხარ, – ჩაილაპარაკა ქალმა.
– არა. უბრალოდ, ვცდილობ, რაღაც-რაღაცეები დავალაგო. მაგრამ, შემიძლია რაღაც გითხრა: ამ წუთში დარწმუნებული ვარ, რომ მარტო შენ გვერდით მინდა ყოფნა, რადგან თავს არსად ისე მშვიდად არ ვგრძნობ, როგორც შენთან, – ლევანმა ცოლს სახეში შეხედა და ქალმა იგრძნო, რომ კაცი ამჯერად სიმართლეს ამბობდა...
***
ჟანი მართალი გამოდგა – ნიკუშა ცხენებით მაშინვე მოიხიბლა. ლამის ყველა და ყველაფერი გადაავიწყდა, აღფრთოვანებული შესცქეროდა მათ ჯიშიან სხეულებს და თავის ემოციას ვერ მალავდა.
– ეს მთელი სიმდიდრეა!
– ჰო, – გაიცინა ჟანმა, – კარგი ცხენები ფუფუნებაა, მაგრამ ჩემთვის ფულს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე ამ მშვენიერ, კეთილშობილ ცხოველებს ეხება. დედაშენის ცხენი ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან ერთ შეშლილ ამერიკელს. შეხედე და მითხარი, გინახავს კიდევ სადმე ასეთი სილამაზე?
ნიკუშამ თავი გააქნია:
– მართლა საოცრებაა. მაგრამ, ელენე მასზე ჯდება? ძალიან ფიცხი ჩანს.
ჟანმა გაიცინა:
– დედაშენი კი არა, ჯერ მასზე ვერავინ დაჯდა. მე ვცადე, მაგრამ კისერი რომ მოაბრუნა და შემომხედა, მივხვდი, დამცინოდა. გესმის? ცხენი დამცინოდა. ისეა საკუთარ ძლიერებაში დარწმუნებული, რომ იცის, ვერ ვაჯობებ. ამიტომ ჩემს განზრახვაზე ხელი ავიღე. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ცოტა არ შემეჩვევა და მტრად აღარ მიმიღებს.
– შეიძლება, ახლოს მივიდე და მოვეფერო?
– რა თქმა უნდა. ძალიან გონიერია, ხვდება, რას ითხოვენ მისგან. მოფერებაზე უარს არ ამბობს, მაგრამ, შეჯდომა და გაჭენება – ნურას უკაცრავად. ველურია და ამაყი.
ნიკუშა ცხენს მიუახლოვდა და ყურებს შორის თითები ფრთხილად შეახო. ცხოველი არ განძრეულა, თავიც არ მოუტრიალებია, მაგრამ ორიოდე წამში გამაფრთხილებლად ჩაიფრუტუნა და წინა ფლოქვებით მიწა მოფხოჭნა.
– შეხედე, ხომ გითხარი, ძალიან გონიერია-მეთქი. იგრძნო, რაც გაიფიქრე და გაგაფრთხილა.
ნიკუშას გაეღიმა:
– რადგან ამას თქვენც მიხვდით, ხმამაღლა ფიქრი გამომსვლია.
– მაგან მიმახვედრა – ნესტოები დაბერა და კუნთები დაჭიმა. გადარეული ვინმეა. მე, რა თქმა უნდა, შემიძლია სპეციალისტი მოვიწვიო და გავახედნინო, მაგრამ, სულ შორის ვწევ ამ დღეს. თავადაც არ ვიცი, რატომ. ეტყობა, მასში სწორედ ეს დაუმორჩილებელი სული მხიბლავს. თან, ელენემაც მთხოვა, რადგან ცხენი მისია, გადაწყვეტილება მასთან შეუთანხმებლად არ მივიღო. არადა, სწორად არ ვიქცევი – ცხენს თავის შანსს ვაკარგვინებ. აქამდე იმდენი რბოლა უნდა ჰქონდეს მოგებული...
– სიამოვნებით გავაჭენებდი, – ნიკუშამ ცხენს ჯიშიან გავაზე გადაუსვა ხელი.
– არ გირჩევ. ნახე, ნესტოები როგორ დაბერა. გეუბნები, შენს ფიქრებსა და სურვილებს ხვდება-მეთქი. წამოდი, სხვა ცხენს მოგცემ და გავაჭენოთ.. მინდა, ჩვენი საგვარეულო ტბა გაჩვენო. თუ გინდა, ვითევზაოთ კიდეც.
– ელენეზე ვფიქრობ, მარტო დარჩა და არც დამირეკა.
ჟანს გაეცინა:
– მე მირეკავს, თანაც, საკმაოდ ხშირად. შენზეა დამოკიდებული შენ თუ ხარ მზად მასთან შესახვედრად, ჩამოვა.
ნიკუშამ არ უპასუხა. მზერა ისევ ცხენზე გადაიტანა. ცხოველი მშვიდად იდგა, აღარც ნესტოებს ბერავდა და აღარც ფლოქვებს სცემდა მიწაზე. მხოლოდ თავი დაიქნია რამდენჯერმე და ისეთი ხმა გამოსცა თითქოს ნიკუშას ნიშნს უგებდა, ხომ გაჯობეო.
როცა ნიკუშამ მამინაცვლისკენ გაიხედა, დაინახა, რომ ჟანი ვიღაც კაცს ელაპარაკებოდა, უფრო სწორად, საჯინიბოში მომუშავე ბიჭს, რომელსაც რაღაც უთხრა და იმანაც თავი დაუქნია.
– ჩვენი გასეირნება გადაიდო. გამომძიებელია პარიზიდან, სახლში მელოდება. შენ აქ დარჩები?
– არა, წამოვალ, თუკი შეიძლება, რომ თქვენს საუბარს დავესწრო.
– რატომ არ შეიძლება, წავიდეთ. რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს ნახატთან დაკავშირებით...
გამომძიებელი – მაღალი, ხმელ-ხმელი, ორმოცდაათ წელს მიტანებული მამაკაცი – დიდ აივანზე, ჩალის მოწნულ სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ჟანის დანახვაზე სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და ხელი მოწიწებით ჩამოართვა.
– მოხარული ვარ, გრაფ! მინდა, ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი გვარის მიმართ და ისიც გითხრათ, რომ სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რასაც თქვენს ოჯახთან დაკავშირებული საქმის გამოძიება მაკისრებს. არ მინდოდა, შემეწუხებინეთ, მაგრამ, არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც აუცილებლად უნდა დაგლაპარაკებოდით.
– არა, არა, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ამ ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები, როგორც ყველა. ამიტომ, სრული უფლება გაქვთ, მაშინ მომმართოთ კითხვით, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევთ და როცა საქმეს დასჭირდება.
გამომძიებელმა მადლიერი მზერით შეხედა ჟანს, რომელმაც სიცილი ძლივს შეიკავა. მერე ნიკუშას გახედა და ყოყმანი დაეტყო. ჟანი მიუხვდა.
– ნება მომეცით წარმოგიდგინოთ, ჩემი გერი. ჩემი მეუღლის, ელენეს ვაჟიშვილი პირველი ქორწინებიდან. ბუნებრივია, ის ჩემი ვაჟიშვილიც არის, ამიტომ, მასთან დასამალი არაფერი მაქვს. შეგიძლიათ, ყველაფერი ილაპარაკოთ. მით უმეტეს, რომ ის ნახატი ჩემი მეუღლის პირადი საკუთრებაა და არა ჩემი.
გამომძიებელმა თავი დააქნია:
– დიახ, ვიცი, თქვენმა მეუღლემ მითხრა. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ნახატის ჭეშმარტი ღირებულების შესახებ, გრაფინიასთვის მხოლოდ აქ, საფრანგეთში გახდა ცნობილი.
– დიახ, თანაც, სრულიად შემთხვევით. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც იმპრესიონისტების გულმხურვალე თაყვანისმცემელია და მათ შემოქმედებაზე გიჟდება, დაიჟინა, ნახატი სპეციალისტისთვის გვეჩვენებინა. ისეთი არგუმენტები წარმოგვიდგინა, რომ დავმორჩილდით, – ჟანი ამ ყველაფერს სიცილით ყვებოდა, მაგრამ გამომძიებლის მკაცრ სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხეულა ის აშკარად არ იყო მხიარულების გუნებაზე.
– ამ საქმეში რამდენიმე ძალიან საეჭვო დეტალია. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ბევრი შესაძლო ვარიანტი განვიხილე, მაგრამ, თუ იმ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ, რომლებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ, იძულებული ვიქნები, საერთოდ უარი ვთქვა და სხვას გადავაბარო.
– ო, არა, ჩვენ თქვენ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს და არც გვექნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე საერთოდ არ გაიხსნება.
გამომძიებელმა ეჭვით გადააქნია თავი:
– გრაფ, მე ვიცი, რომ არისტოკრატები ცოტათი ახირებული ხალხი ხართ, მაგრამ, ლაპარაკია ძალიან დიდ ფულზე. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება, არ იყოთ ამ საქმის გახსნით დაინტერესებული?
– თქვენ ვერ გამიგეთ. მე ვარ საქმის გახსნით დაინტერესებული, მინდოდა მეთქვა, ვართ დაინტერესებულები მეც და ჩემი მეუღლეც, მაგრამ, იმ ფაქტს, რომ ნახატი დაიკარგა, ტრაგედიად ვერ გადავაქცევთ.
გამომძიებელმა ნიკუშას გახედა:
– ეს ახალგაზრდა ფრანგულად ლაპარაკობს?
– მხოლოდ ესმის. შემიძლია, თარჯიმნის ფუნქცია შევასრულო. რა გაინტერესებთ?
– მე ვიცი, რომ ნახატი იმ დროს მოიპარეს, როცა თქვენ პარიზის ბინაში არ იმყოფებოდით.
– დიახ, არც პარიზის ბინაში და არც საფრანგეთში არ ვიმყოფებოდი. საქართველოში, ჩემს გერთან გახლდით სტუმრად და ერთად ჩამოვედით. ელენემ დამირეკა და შემატყობინა, რომ ნახატი გაქრა.
– გაქრა თუ მოიპარეს? – პასუხმა არ დააკმაყოფილა გამომძიებელი.
ჟანს გაეღიმა:
– გაქრა, მოიპარეს... რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ სურათი იყო, ახლა კი აღარ არის.
– გამოძიებისთვის აქვს მნიშვნელობა, გრაფ, თანაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ რომ უმნიშვნელო დეტალს ეძახით, შეიძლება სწორედ ის დეტალი გახდეს ძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, ნუ გაბრაზდებით, თუკი მოგეჩვენებათ, რომ თქვენს პასუხებს ძალიან ვუკირკიტებ. გუშინ თქვენს მეუღლეს ვესაუბრე და მანაც დამიდასტურა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ნახატის ღირებულებაზე და ის უბრალო ასლი ეგონა, სანამ თქვენი მეგობარი არ დაინტერესდა, მისი ორიგინალობით.
– დიახ. მეც ხომ იგივე გითხარით.
– ჰო, მაგრამ თქვენმა მეუღლემ არ დამისახელა იმ მეგობრის ვინაობა.
– და თქვენ ეს საეჭვოდ მოგეჩვენათ?
– ბუნებრივია.
– აჰ, თქვენ ხომ გამომძიებელი ხართ და დეტალები გაინტერესებთ. ჩემმა მეუღლემ იმიტომ არ გაგიმხილათ ჩემი მეგობრის ვინაობა, რომ საერთაშორისო სკანდალს მოერიდა. ის ჩემი მეგობარი, ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის ელჩია და, გარდა იმისა, რომ დიპლომატიური ხელშეუხებლობა აქვს, საკმაოდ გავლენიანი ფიგურაც არის პოლიტიკურ წრეებში. ბუნებრივია, რომ ჩემი მეუღლე მოერიდა მისთვის დისკომფორტის შექმნას.
– გამოძიებასთან თანამშრომლობა ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალია, – პირქუშად ჩაილაპარაკა გამომძიებელმა, – მით უმეტეს, როცა საქმეში ასეთი საეჭვო გარემოებებია.. . ჟანს ღიმილი გაუქრა და ერთბაშად დასერიოზულდა:
– თქვენ უკვე მეორედ ახსენეთ „საეჭვო გარემოებები“. იქნებ გვითხრათ, რაშია საქმე? მე და ჩემს მეუღლეს ხომ არ გვადანაშაულებთ ქურდობაში?
გამომძიებელს მაგრად მოკუმულ ტუჩებზე უცნაური გრიმასა გამოესახა. ნიკუშა მოიღუშა და მამინაცვალს გადახედა, რომელიც უკვე მტრულად უყურებდა გამომძიებელს...
***
ელენეს უსიამოვნო განცდა დარჩა გამომძიებელთან საუბრის შემდეგ, არც მისი გამოხედვა მოეწონა. ძალიან უცნაურად უყურებდა – ეჭვით და, რაღაცნაირი, დაუფარავი შურით. ქალი ვერ მიხვდა, რა უნდა ეგულისხმა ამ მზერაში. ბოლოს დაასკვნა, ეტყობა, ბუნებით არის ასეთიო და სცადა, თავისი მომხიბვლელობა გამოეყენებინა, მაგრამ გამომძიებელი აშკარად შეუვალი ჩანდა. ყველაფერზე უარი თქვა – ჩაიზეც, ყავაზეც და, შუბლშეკრული, მკაცრი ტონით უსვამდა საკმაოდ დამაფიქრებელ შეკითხვებს. როცა წავიდა, ქალს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს სპეციალურად მის რაღაცაში გამოსატეხად იყო მოსული. ამის გაცნობიერებამ შეაშფოთა. ჯერ ქმართან უნდოდა დაერეკა, მერე გადაწყვიტა, ცოტა დაეცადა. „ხვალ, თუკი ჟანი დღის განმავლობაში არ დამირეკავს და არ გამოჩნდება, ჩავალ მათთან“. ამ გადაწყვეტილებამ ცოტათი დაამშვიდა. მოახლეს ჩაის მომზადება სთხოვა და აივანზე, თავის საყვარელ მოწნულ სავარძელში ჩაჯდა. მოახლემ ჩაისთან ერთად ტელეფონიც მიუტანა.
– ჟანი რეკავს?
– არა, მადამ, ვიღაც ქალია, მაგრამ, გაურკვეველ ენაზე ლაპარაკობს. ვერაფერი გამაგებინა.
ელენემ ჯერ ფინჯანი გამოართვა, ყურმილის გამორთმევას კი აყოვნებდა.
– მადამ, არ უპასუხებთ?
– დიახ, მომეცი, – ელენე უკვე მიხვდა, რომ საქართველოდან ურეკავდა ვიღაც, მაგრამ, ქალი ვინ უნდა ყოფილიყო, ამან დააეჭვა. ამიტომ ხმა საგანგებოდ გაიმკაცრა:
– გისმენთ! დიახ, მე ელენე ვარ. ნიკუშა? არა, ნიკუშა ამჟამად აქ არ იმყოფება. დიახ, ნამდვილად პარიზში დარეკეთ... გოგონა, თქვენ ვინ ხართ? არა, ვერ მივხვდი, უნდა გიცნობდეთ? აჰა, ნიკუშას საცოლე... არა, არაფერი უთქვამს. იცით, ეს თქვენი საქმეა. მე ვერ ჩავერევი. რა თქმა უნდა, ვერც ვერაფერს დაგპირდებით... რა?! – ელენეს ხელი აუკანკალდა და ლამის ჩაი დაეღვარა, – გოგონა, გთხოვთ, უნდა გამიგოთ, ჩემი შვილის საქმეში ვერ ჩავერევი. ბუნებრივია, ვეტყვი... მისი პირადი ტელეფონი? არა, იქ სადაც ის იმყოფება, ტელეფონი არ არის. პირობას გაძლევთ, რომ დაველაპარაკები... ბილეთის ფული და ვიზა?! მე უნდა გამოგიგზავნოთ? საინტერესოა... რა თქვით, ბებია გავხდები? მერე?! გოგონი, ნუ იტირებთ და ნურც ინერვიულებთ. თქვენს მდგომარეობაში ნერვიულობა ზიანის მომტანია... არა, ნიკუშასთვის მე არაფერი მითქვამს და არაფერზე გვილაპარაკია... ნატალია, ძვირფასო, მე ნებისმიერ შემთხვევაში მესმის თქვენი, მაგრამ ჩემი შვილის მაგივრად გადაწყვეტილება როგორ მივიღო?! არაფერი... რა უნდა მქონდეს თქვენი საწინააღმდეგო? მე ნიკუშას არჩევანს ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემ და, თუკი მეტყვის, ფულსაც გამოგიგზავნით და ბილეთსაც. ხვალ, არა, არა... ხვალ შეიძლება, ვერ დაგვიკავშირდეთ. იცით, მომეცით თქვენი ტელეფონის ნომერი და ნიკუშა თვითონ დაგიკავშირდებათ....
ელენემ ყურმილი გათიშა და გაცივებული ჩაი მოსვა... „ნიკუშასა და ამ გოგოს შორის რაღაც კარგი არ უნდა ხდებოდეს. ცუდია, რომ გულახდილად ვერ ველაპარაკები. ვერც იმის უფლებას მივცემ საკუთარ თავს, იას დავურეკო და ვკითხო, რატომ დაშორდნენ ერთმანეთს ის და ნიკუშა. ბავშვი ბევრ რამეს შეცვლის... როგორ არ მინდა, ჩემმა შვილმაც ჩემი ბედი გაიზიაროს... მთელი ცხოვრება სიყვარულის უხილავ ფანტომს დავდევდი. მერე მივხვდი, რომ ის არ მიყვარდა, ვინც უნდა მყვარებოდა. თუმცა, ესეც არ არის იმხელა უბედურება იმასთან შედარებით, რაც საკუთარ თავს დავატეხე. მაგრამ, შეცდომებს ხომ ყველანი ვუშვებთ, უბრალოდ, ზოგიერთებს ერთ შეცდომაზე მთელი ცხოვრება აგებინებენ ხოლმე პასუხს. ამაშიც უნდა გაგიმართლოს. მე კი ბედმა ბოლომდე „გამწურა“. თუმცა, მისი უკმაყოფილო მაინც არ ვარ. ვერ ვიქნები, რადგან ნიკუშა მყავს და ახლა მის ბედნიერებაზე უნდა ვიფიქრო. არავის მოვატყუებინებ. საკმარისია, ამ გოგოს შევამჩნიო, რომ ჩემი შვილის გამოყენება უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, ნიკუშა რომ დავიცვა. ალბათ, ჰგონია, გულს ამიჩვილებს იმით, რომ ჩემს მომავალ ბებიობას ნათელ, გულის ამაჩუყებელ ფერებში დამიხატავს. არავითარ შემთხვევაში! ჯერ ჩემი შვილი მიყვარს და მხოლოდ ამის მერეა შვილიშვილი... თანაც, საკითხავია, საერთოდ არის თუ არა ფეხმძიმედ...
***
გრაფმა შეჭმუხნულ შუბლზე მოისვა ხელი. საუბარი უსიამოვნო მიმართულებას იღებდა. ნიკუშაც ნერვიულად სცემდა ბოლთას.
– როგორც მივხვდი, იმის სათქმელად ხართ აქ მოსული, რომ ნახატის გაქრობაში რაღაც წვლილი ჩემი ოჯახის წევრებს მიუძღვით.
გამომძიებელმა თავი გააქნია და სიგარეტის მოწევის ნებართვა ითხოვა. ჟანმა თანხმობის ნიშნად საფერფლე მიუჩოჩა.
– იცით, საქმე რაშია, გრაფ? თუ თქვენმა მეუღლემ არაფერი იცოდა ნახატის ჭეშმარიტ ღირებულებაზე და, დავუშვათ, ეს მართლაც ასეა, საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ თავისი ქვეყნიდან მხოლოდ ეს ნახატი წამოიღო და სხვა არაფერი?
ჟანს თვალები ჩაუმუქდა ბრაზით.
– მე არ მეჩვენება საეჭვოდ, რადგან ვიცი, რას ნიშნავს ეს ნახატი ჩემი მეუღლისთვის. ბატონო გამომძიებელო, თქვენ, შეიძლება არ იცით, მაგრამ ნივთებს, გარდა მათი ფასისა, სხვა ღირებულებაც აქვთ – არამატერიალური.
– ჰოო?! მაშინ, რატომ არის სულერთი, დაიბრუნებს თუ არა თავის საყვარელ რელიქვიას.
– ასეთი დასკვნა ელენესთან საუბრის შემდეგ გააკეთეთ? ბატონო გამომძიებელო, მე საკმაოდ მშვიდი ბუნების ადამიანი ვარ, მაგრამ, როცა საქმე ჩემი საყვარელი ადამიანების ღირსებას ეხება, საშინელება შემიძლია, ჩავიდინო.
– არა, არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა. სწორად გამიგეთ. ვალდებული ვარ, რაღაც-რაღაცეები ვივარაუდო. სხვანაირად, მართლა ვიქნები იძულებული, სხვას გადავაბარო ეს საქმე.
– ეს თქვენი გადასაწყვეტია. დიახ, მზად ვარ, ვითანამშრომლო თქვენთან, მაგრამ, უკვე გითხარით – მხოლოდ დასაშვებ ფარგლებში. ჩემი მეუღლე საკმარისზე მეტად განიცდის ამ ამბავს და თუ ეს თქვენ ვერ შენიშნეთ, თქვენი პრობლემაა.
– მომიტევეთ, გრაფ! მაშინ, სხვა საკითხით დავინტერესდები: ნახატი რატომ არ იყო დაზღვეული?
– ჯერ ერთი, ვერ მოვასწარით. მეორეც, ვერ ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა, ვინმეს მოეპარა. ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებდით. მართალია, როცა მისი ამბავი გახმაურდა, ბევრი გვირეკავდა და გამოთქვამდა ნახატის შეძენის სურვილს, მაგრამ ელენე ვერ ელეოდა.
– აუქციონიდანაც რამდენჯერმე მოგმართეს, ხომ მართალია?
– დიახ, სულ გვირეკავდნენ. ერთი კოლექციონერი ძალიან იყო დაინტერესებული.
– ვიცი. ჩვენ ის პიროვნება უკვე გადავამოწმეთ. მსგავს საქციელში შემჩნეული არ არის. ყველა ის კოლექციონერი, რომელიც მოპარულ ნახატებს ყიდულობს, მეტ-ნაკლებად ცნობილია ჩვენთვის. გრაფ, კიდევ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, ოღონდ, თუ შეიძლება, გულწრფელად: თქვენს მეუღლეს ბრმად ენდობით?
გაგრძელება შემდეგ ნომერში