კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხელმძღვანელობდა გოგა რუხაია ციხიდან ხალხის გატაცებას


საპატიმროში მყოფ მსჯავრდებულებს შორის გოგა რუხაია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პატიმრად ითვლება. მისი „გმირობები“, ანუ საბრალდებო დასკვნა, მითს უფრო ჰგავს. ამბობენ, რომ მისი ციხიდან გამოსვლა უამრავ ადამიანს, ყველაზე მეტად კი ყოფილ პოლიციელებს არ უნდათ, რადგან მათ რუხაია ბიძაშვილის – მალხაზ რუხაიას მკვლელობაში დაადანაშაულეს და შურისძიების ეშინიათ – ეს იმიტომ, რომ მალხაზ რუხაია სწორედ გოგა რუხაიას ციხიდან დახსნას ემსხვერპლა.

გოგა რუხაია ციხეში პირველად 17 წლის ასაკში მოხვდა. სასამართლომ მას ჯერ 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა; მეორედ კი, როცა რუხაია 22 წლის ასაკში ყაჩაღობისთვის დაიჭირეს, 5 წლით აღეკვეთა თავისუფლება, მაგრამ, ამნისტიის წყალობით, მან ციხე 3 წელიწადში დატოვა. ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში ისევ მოხვდა ციხეში ხულიგნობისთვის, რისთვისაც 1 წელი მიუსაჯეს... მაგრამ ეს „წვრილმანი“ პატიმრობები სათვალავში ჩასაგდებიც არ არის, რადგან რუხაიას ნამდვილი განგსტერული ცხოვრება 29 წლის ასაკში იწყება. საქმე ისაა, რომ შემზარავი დანაშაულები მან სწორედ ციხეში დაგეგმა და ბიძაშვილისა და მეგობრების დახმარებით განახორციელა.

საქმის მასალებით ჩანს, რომ გათავისუფლებულ რუხაიას მშვიდად ცხოვრებაზე არც უფიქრია. გამოძიების მიხედვით, 8 სექტემბერს ყოფილი პატიმარი მეგობართან ერთად ნაცნობის სანახავად წავიდა. თუმცა, ვინაიდან ის სახლში არ დახვდა, მისთვის სრულიად უცნობ დავით ხარჩილავას, რომელიც მანქანით თავის გზაზე მიდიოდა უკან წამოყვანა სთხოვა. უცნობი დათანხმდა, რის შემდეგაც რუხაიამ და მისმა თანმხლებმა იარაღის მუქარით ჩააგდეს მანქანიდან და ავტომანქანა გასტაცეს. თუმცა, საბავშვო ბაღთან პოლიცია დახვდათ, რომელთაც ანიშნეს მანქანა გაეჩერებინათ, მაგრამ, პასუხად მათ პოლიციას სროლა აუტეხეს. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი რუხაიამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ღობეს შეეჯახა. მოკლედ, გათავისუფლებიდან ერთ თვეში, გოგა რუხაია ავტომანქანის გატაცებისთვის დააკავეს და მას სამთვიანი პატიმრობა, მის თანმხლებს კი პოლიციის ზედამხედველობა შეუფარდეს.

ვინაიდან რუხაიას მძიმე დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, პროკურატურამ მას საპროცესო გარიგება შესთავაზა – პატიმარს 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებდა, რაც რუხაიასთვის ხსნა კი იყო, მაგრამ პრობლემას ქმნიდა ერთი გარემოება – მას ფული არ ჰქონდა. არადა, ციხეს მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდა როცა თანხას გადაიხდიდა. ამიტომ მან „გენიალურ“ ხერხს მიმართა: ბიძაშვილს, მალხაზ რუხაიას, სთხოვა, თანხა ნებისმიერი გზით ეშოვა და ეს გზაც ასწავლა – მათთვის კარგად ნაცნობი პავლე ხარაიშვილის შვილი – პაკო გაეტაცებინათ. მათი გათვლებით, პავლე ხარაიშვილი, რომელსაც რუსეთში სერიოზული ბიზნესი ჰქონდა, 10 ათასს კი არა, ორჯერ და სამჯერ მეტსაც გადაიხდიდა. საქმეს აიოლებდა ის გარემოებაც, რომ რუხაიების ასევე კრიმინალი მეგობარი, გელა ქებაძე, პაკოს კარგად იცნობდა.

პავლე ხარაიშვილს ოჯახი საქართველოში ჰყავდა. მისი შვილი – პაკო კი ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში სწავლობდა. რუხაიას გეგმით, პაკო მძევლად შემდეგნაირად უნდა აეყვანათ: მოახდენდნენ ჩხუბის ინსცენირებას, რომელშიც მასაც ჩაითრევდნენ, საქმის გასარჩევად კი ნაქირავებ ბინაში წაიყვანდნენ და ასე მოიტაცებდნენ.

3 დეკემბერს, დღის საათებში, ქებაძემ მსხვერპლი, მალხაზ რუხაიას გააცნო და გაცნობის აღსანიშნავად რესტორანში დაპატიჟა. მოლაპარაკების თანახმად, სცენა გათამაშდა: ქუჩაში გამოსულ მოქეიფეებს შემთხვევით შეხვდა ბანდის ორი წევრი – ძმები გახელაძეები, რომლებმაც მალხაზ რუხაიას სიგარეტი სთხოვეს. გეგმის თანახმად, რადგან მას სიგარეტი არ ჰქონდა, ატყდა ცემა-ტყეპა. ბოლოს კი, „საქმის გასარჩევად“ ყველანი ნაქირავებ ბინაში წავიდნენ, სადაც რუხაიამ სტუდენტს უკვე უთხრა, რომ მოტაცებული იყო და მათთან დარჩებოდა მანამ, ვიდრე მამამისი მისი ბიძაშვილის ციხიდან გამოსახსნელ ფულს არ გადაიხდიდა და აიძულეს, მამის ტელეფონის ნომერი მიეცა. მოტაცებულმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მამამისის ნომერი გაიგეს, გაკოჭეს...

ამის შემდეგ, თავზეხელაღებულმა მალხაზ რუხაიამ გატაცებულის მამას დაურეკა და შვილის გამოსახსნელად არა 10 ათასი ლარი, არამედ 10 ათასი დოლარი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის მოკვლით დაემუქრა. დამაჯერებლობისათვის მას შვილიც დაალაპარაკა და მიზანმაც გაამართლა: ისე, რომ პავლე ხარაიშვილს პოლიციისთვის არ მიუმართავს, გამტაცებელთა ანგარიშზე 10 ათასი დოლარი გადარიცხა, რის შედეგად გოგა რუხაია საპროცესო გარიგებით ციხიდან 4-წლიანი პირობითი სასჯელით გათავისუფლდა. თუმცა, გათავისუფლებულს პირობითი სასჯელიც არაფრად ჩაუგდია. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 5 თებერვალს, დაუდგენელ პირებთან ერთად, პისტოლეტებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული დაესხა თავს გლდანში მცხოვრებ გაბედავების ოჯახს, რომელთა ცემისა და დაშინების შემდეგ ბინიდან 448 567 ლარის ღირებულების ნივთები – ბრილიანტისა და საფირონისთვლიანი ოქროულობა, 120-ათასლარიანი ბრინჯაოს ორი კანდელაბრი და ათასებად შეფასებული ცნობილი მხატვრის სურათები წაიღეს.

17 თებერვალს, ორ პირთან ერთად, რუხაია თავს დაესხა თემქაზე მცხოვრებ კილაძეების ოჯახს, საიდანაც 3 335 ლარის ღირებულების ნივთები და 800 ლარი წამოიღო. ის კი არა, სახლის პატრონს პერიოდულად ურეკავდა და დამატებით 5 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. მოკლედ, პირობით პატიმრობაში მყოფი რუხაია პოლიციამ 20 აპრილს ისევ დააკავა და მისი ბინიდან ავტომატები, პისტოლეტი და ხელყუმბარა ამოიღო. ცხადია, სასამართლომ მას ახალი სასჯელი შეუფარდა...

ციხეში რუხაიამ კვლავ გათავისუფლებაზე და ფულის შოვნაზე დაიწყო ფიქრი და თავის დაძვრენის მორიგი ხერხი კვლავ ბიძაშვილის დახმარებით მოიგონა: თავის დასაღწევად, გასატაცებელ ობიექტად ამჯერად თავისი თანასოფლელი არასრულწლოვანი ლევან კვაჭაძე აირჩია. როგორც ხარაიშვილის შემთხვევაში, ოჯახის უფროსი უცხოეთში მუშაობდა, საიდანაც ოჯახს ფულს უგზავნიდა. ამიტომ, 3 მაისს, მალხაზ რუხაიას ხელმძღვანელობით, დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე ბანდის წევრები კვაჭაძეების ოჯახს დაესხნენ თავს. ბინაში მისულებს ბავშვი არ დახვდათ, მაგრამ ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის, ბებია და ორი მეზობელი ქალიც კი, გაკოჭეს და ლევანს დაუწყეს ლოდინი. დაახლოებით ერთ საათში ბავშვიც მივიდა. მისვლისთანავე ისიც გაკოჭეს, მამამისის მანქანის საბარგულში ჩატენეს და გვერდით სოფელში, მიტოვებულ ბინაში მიიყვანეს. რაც შეეხება მანქანას, თავდამსხმელებმა ვენახებში მიატოვეს.

მალხაზ რუხაიას ამჯერად აღარ გაუმართლა: სანამ ის გატაცებულის მამას ევაჭრებოდა, რომ შვილის გათავისუფლების საფასურად გოგა რუხაიას საპყრობილიდან გათავისუფლებაში დახმარებოდა, რაზეც დაიყოლია კიდეც, მოხდა სასწაული: უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბავშვმა ხელ-ფეხი გაიხსნა, გაიპარა და იქვე ახლოს მცხოვრები ნათელაძეების ოჯახში მივიდა, რომლებმაც ბავშვი მშობლებს მიუყვანეს (ერთ-ერთი ვერსიით, მეთვალყურე, რომელიც ბავშვს სდარაჯობდა საყვარელთან წავიდა და სწორედ ამ დროს დააღწია ბავშვმა თავი ტყვეობას).

მარცხის გამო ბანდამ გული არ გაიტეხა, ამჯერად სხვა ობიექტი – რამინ შელია შეარჩიეს და გოგას ციხეში შეატყობინეს, რომელმაც არჩევანი მოუწონა. მეორე დღესვე, დაახლოებით 22 საათზე, მეტრო „ისანთან“, მალხაზ რუხაიამ ტაქსის მძღოლს, ვინმე ტოჩილაშვილს, გლდანში წაყვანა სთხოვა. მძღოლს არ ეცალა და მეგობარს – ნოდარ გულაშვილს უთხრა, შენ გაიყვანეო, გზად მალხაზ რუხაიამ მძღოლი „მაკაროვით“ შეაშინა, მანქანიდან გადმოსვა, საბარგულში ჩატენა და თავად, იქვე მომლოდინე ამფსონებთან ერთად, გასატაცებელი ობიექტის ბინას მიადგა. საგულისხმოა, რომ შელიას ნაცვლად კარი მისმა ძმამ გაუღო, რომელმაც უთხრა, რომ შინ მარტო იყო, მაგრამ, არც ის დაინდეს, მანქანაში ჩატენეს, აქეთ-იქიდან შემოუსხდნენ და ისიც ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს, რომლის „დაბინავების“ შემდეგ მანქანა მეტრო „სარაჯიშვილის“ ტერიტორიაზე მიატოვეს. საინტერესო დეტალი: საბარგულში მყოფმა ტაქსის მძღოლმა მეტროსთან მყოფი უცნობი ადამიანების დახმარებით შეძლო ჰაერზე ამოსვლა...

უცნაურია, მაგრამ გამტაცებლებმა მიზანს აქაც მიაღწიეს: გათავისუფლების სანაცვლოდ შელიებისგან ბევრი არა, მაგრამ 2 ათასი დოლარი მაინც მიიღეს...

ამ დანაშაულის შემდეგ, ციხეში მყოფი რუხაიას ბანდა ვინმე არჯევნიშვილების მიტოვებულ ბინას აფარებდა თავს და სწორედ აქ ჩატარდა სპეცოპერაცია. პოლიცია ალყაშემორტყმულებს დანებებასა და ფანჯრიდან იარაღის გადმოყრას ურჩევდა, მაგრამ მათ პასუხად პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. მოწმე პოლიციელის ჩვენებით, მალხაზ რუხაია და ბანდის მეორე წევრი სახლის აივანზე სროლა-სროლით გამოცვივდნენ. პოლიცია იძულებული გახდა საპასუხოდ თვითონაც ესროლა, რომლის შედეგადაც მალხაზ რუხაია ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება გახელაძეს, მან გაქცევა შეძლო, ხოლო ქუსლში დაჭრილი ქებაძე პოლიციამ აიყვანა და გოგა რუხაიას გვერდით მიუსვა...

რუხაიას სასამართლო პროცესი დიდი აჟიოტაჟით მიმდინარეობდა, რადგან პატიმარი პოლიციას ბიძაშვილის სიკვდილში ადანაშაულებდა. ირწმუნებოდა, რომ არც მას და არც მის მეგობრებს არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ იარაღი ჰქონდათ, მაგრამ მის დაყრასა და ჩაბარებას აპირებდნენო.

თუმცა, მოწმეთა დაკითხვებით და სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რუხაიას ყველა დანაშაული უტყუარად დადასტურდა, მაგრამ ბანდიტს აქაც გაუმართლა: იმის მიუხედავად, რომ პროკურორი 25 წელს ითხოვდა, სასამართლომ მას 17 წელი მიუსაჯა. მოკლედ, სასამართლომ რუხაია დაინდო, მაგრამ ამის შემდეგ მან დანაშაული კიდევ ჩაიდინა. საქმის მასალებით, ვინაიდან რუხაია დარწმუნდა, რომ აღარაფერი უშველიდა, საპყრობილიდან გაპარვა სცადა. სეირნობისას, მან მალულად აიღო არმატურა და საწოლის ქვეშ დამალა. ღამით კი, როდესაც მასთან საკანში მყოფ პატიმარს დაეძინა, ჯერ ტუალეტის თხრა დაიწყო, მაგრამ, ვინაიდან კედელი ბეტონის იყო, თავი მიანება და იატაკის თხრაზე გადავიდა. როგორც ირკვევა, დილის 7 საათამდე მან დიდი ორმოს გათხრაც მოახერხა, მაგრამ გაუგეს და მის 17 წელს კიდევ 2 წელი დაუმატეს...


скачать dle 11.3