სად და როგორ გაქრა 6 ტონა ავღანური ოპიუმი, რომელიც „კაგებეს“ მცხეთის სპეცტერმინალში იყო მოთავსებული
საბჭოთა კავშირის არსებობის ხანაში „კაგებეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხედროებს შორის დაპირისპირება ზოგჯერ უკიდურეს მასშტაბებს აღწევდა. ჩვენს დღევანდელ პუბლიკაციაში ერთ-ერთ ასეთ კონფლიქტზე გიამბობთ, რომელშიც ქართველებიც მონაწილეობდნენ...
მოულოდნელი აღმოჩენა
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, როდესაც ავღანეთის ომი იყო გახურებული, თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საიდუმლო სპეცოპერაციას ატარებდნენ...
სპეცოპერაციის მიზანი კი, მაისის იმ სასიამოვნო დღეს, ცნობილი და მოუხელთებელი კრიმინალის, 39 წლის რეციდივისტის, ომარ ჯაშის, მეტსახელად „ქიშოს“ დაკავება იყო. ოპერატიული მონაცემებით, ძებნილი „ქიშო“, აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრიდან უნდა შემოსულიყო საქართველოში და შავი ზღვისპირეთის გავლით, რუსეთში გადასულიყო. იმავე წყაროს ცნობით, „ქიშოს“ თან 120 ათასი მანეთი ჰქონდა და კბილებამდე იყო შეიარაღებული. „ქიშო“ დაუმორჩილებელი, თავზეხელაღებული ბოროტმოქმედი იყო, სისხლისღვრასაც არ მოერიდებოდა და მილიციის ოპერმუშაკები უკიდურესად ფრთხილობდნენ. ამიტომ, სადახლოზე შემოსული, შაქრით დატვირთული ტრაილერი, რომელშიც კბილებამდე შეიარაღებული „ქიშო“ იყო მოკალათებული, მილიციელებმა სოხუმამდე ჩააცილეს, ხოლო ტერმინალში კი „ქიშო“ აიყვანეს და განაიარაღეს... მილიციური სპეცოპერაცია დასრულებული იყო და „ქიშო“ თბილისში უნდა წამოეყვანათ, როდესაც ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა შაქრის ტომარა გაფატრა და შიგნით ოპიუმის პაკეტები აღმოაჩინა. ამიტომ, ქართველმა მილიციელმა ამ მოულოდნელი აღმოჩენის შესახებ თავის უფროსს, პოლკოვნიკ ანდრო ქავთარაძეს აცნობა. მილიციელებმა შაქრის ტრაილერი გაჩხრიკეს, ყველა ტომარა გაფატრეს და ტრაილერიდან 6 ტონა ოპიუმი ამოიღეს, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალური რაოდენობა იყო.
ტრაილერის ორი მძღოლი და ნარკოტიკები სასწრაფოდ თბილისისკენ გამოაქანეს, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და გამოძიება დაიწყო...
ჩეკისტური მახე
იმ პერიოდში მიღებული წესისამებრ, 6 ტონა ოპიუმის საქმე „უშიშროებას“ გადაეცა და დაკავებული მძღოლების დაკითხვამ ცხადყო, რომ ნარკოტიკები სამხედროებს ეკუთვნოდათ, ავღანეთიდან ტრანზიტით მოჰქონდათ და საბჭოთა კავშირში გასასაღებლად იყო განკუთვნილი.
საქმეს, „კაგებეს“ გამომძიებელი, ვანო გოქსაძე იძიებდა. 6 ტონა ოპიუმი კი „კაგებეს“ სპეცტერმინალში იყო განთავსებული, რომელიც მცხეთაში მდებარეობდა.
ჩამორთმეული ნარკოტიკების ამბავი მოსკოვს შეატყობინეს. ცენტრმა თბილისში სპეციალური საგამოძიებო ბრიგადა გამოგზავნა, რომელსაც ქართველ კოლეგებთან ერთად უნდა ჩაეტარებინათ მოკვლევა. თუმცა, ორივე დაპატიმრებული მძღოლი, რომლებიც ამ საქმის ერთადერთი მოწმეები იყვნენ, ციხეში დახოცილები აღმოაჩინეს... ვანო გოქსაძე კი საკუთარი სადარბაზოდან უცნობებმა გაიტაცეს, ბუნკერში მიათრიეს და სიკვდილით დაემუქრნენ, თუ იმ 6 ტონა ოპიუმის ადგილსამყოფელს არ გათქვამდა.
ვანო გოქსაძემ უცნობ გამტაცებლებს უთხრა, რომ ოპიუმი მცხეთაში, გარაჟად შენიღბულ ტერმინალში იყო მოთავსებული და „უშიშროების“ ორი ოცეული იცავდა. ამიტომ, ნარკოტიკების უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო.
– არხეინად იყავი, მეგობარო. ჩვენმა უწყებამ 60 წუთში სამხედრო გადატრიალება მოახდინა ავღანეთში და იმდენს მაინც მოვახერხებთ, მცხეთის ტილიანი ტერმინალიდან ჩვენი კუთვნილი საქონელი წამოვიღოთო.
უცნობის სიტყვებიდან გოქსაძე მიხვდა, რომ საქმე „გრუელებთან“ ჰქონდა. თუმცა, ხმა არ ამოუღია. სულ რაღაც 2 საათის მერე, მცხეთის ტერმინალს „გრუს“ სპეცრაზმი მიადგა, რომელსაც ელვისებური, ჩუმი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა და ოპიუმი გამოეხსნა. თუმცა ერთ წუთში ტერმინალთან მისულმა „გრუს“ სპეცქვედანაყოფმა სრული ფიასკო განიცადა. წინასწარ ჩასაფრებულმა ქართველმა „ჩეკისტებმა“ „გრუელები“ ალყაში მოაქციეს, იარაღი დააყრევინეს და 25 რჩეული რუსი ჯარისკაცი დააპატიმრეს...
ამ რეზონანსულ საქმეს რუსი გენერლის ანტონ პეტუხოვის კარიერა შეეწირა. 6 ტონა ოპიუმის ბედი კი დღემდე გაურკვეველია.