კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიჭედა იატაკის ლურსმნით ტაბურეტზე სათესლე ჯირკვალი დურუ ხურცილავამ


ცნობი დეტალები დურუ ხურცილავას ცხოვრებიდან

მეოცე საუკუნის სიკვდილმისჯილ პატიმართა ნუსხაში, სოხუმელ კრიმინალ ძმებს დურუ და ტარას ხურცილავებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. უმეტესად, დურუ ხურცილავაზე, წლების განმავლობაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი სტატია თუ მასალა გამოქვეყნებულა. თუმცა, რეალურად როგორ დააკავეს და როგორ ჩამოიყვანეს 14 მუხლით ბრალდებული დურუ თბილისში, ამის შესახებ შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს.

დურუ ხურცილავა წინასწარი დაკავების იზოლატორამდე 1973 წლის 7 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსმა ვახტანგ ოდიშვილმა მიიყვანა. ამის შესახებ არსებობს ისტორიული ჩანაწერები, რომელიც დურუ ხურცილავას ბუნდოვანი ცხოვრების ეპიზოდებს აცოცხლებს.

დურუ და მისი ძმები

უზენაესი სასამართლოს განაჩენით, დურუ ხურცილავა 1974 წლის 17 მაისს, 33 წლის ასაკში დახვრიტეს. იგივე ბედი გაიზიარა მისმა ძმამ ტარასმა, მაგრამ დურუს დახვრეტიდან 10 წლის შემდეგ. საგულისხმოა, რომ ორი ძმა მათი მესამე ძმის, ალიოშა ხურცილავას მკვლელზე შურისძიებისთვის გაასამართლეს. თუმცა, მათ ძმის მკვლელის სისხლი მაინც ვერ აიღეს, რადგან ნამდვილი მკვლელი უდანაშაულო ოგანეს მინასიანში აერიათ და ის მოკლეს.

ძმები ხურცილავები საბრალდებო სკამზე საკმაოდ ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. უფროსი ძმა ალიოშა 18 წლის, ტარასი – 16-ის, ხოლო დურუ 14 წლის ასაკში. მათგან ერთხელ ნასამართლევი მხოლოდ ალიოშა იყო. ტარასი – ხუთჯერ, ხოლო დურუ 11-ჯერ იყო ნასამართლევი.

სამ ძმას ერთი დაც ჰყავდათ. როგორც ირკვევა, უფროსი ძმა ალიოშა პირველი გავიდა დანაშაულებრივ „ასპარეზზე“ და კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა. თუმცა, სასჯელის მოხდის შემდეგ, მას საერთოდ აუღია ხელი ქურდულ ცხოვრებაზე და დაქორწინებულა.

თავად დურუ 1938 წელს თურმე ძალიან სუსტი და ავადმყოფი დაიბადა. დედაც მალე გარდაეცვალა და ძმების ანაბარა დარჩა.

ხურცილავების ოჯახი მართლაც რომ განსაკუთრებულად გამორჩეული ყოფილა. ძმების მამას, იასონს თურმე ეჭვი შეჰპარვია, რომ მისი უფროსი შვილი ალიოშა მილიციასთან იყო დაახლოებული. საფუძვლიანი იყო თუ არა მისი ეჭვი, უცნობია, მაგრამ მამას შუათანა შვილისთვის, ტარასისთვის ძმის მოკვლა უბრძანებია და ტარასს ძმისთვის ავტომატის ჯერი მართლაც დაუხლია. თუმცა, არც ერთი ტყვია სასიკვდილო არ იყო. ამიტომ, მამა დაჭრილ შვილს დანამომარჯვებული თავად გაეკიდა, მაგრამ მეზობლებმა ამის საშუალება აღარ მისცეს.

მომხდარის გამო მილიციამ ტარასი დააკავა და გულრიფშის სასამართლომ მას 10 წელი მიუსაჯა. მამის, იასონის პასუხისმგებლობა არავის გახსენებია. თუმცა, ამ ამბის შემდეგ იასონი მალე გარდაიცვალა და ოჯახის მეურვეობა სწორედ ალიოშამ აიღო თავის თავზე. მეტიც, მის გამო ციხეში მყოფ ძმას შეურიგდა და ყველაფერი გააკეთა, რომ ვადაზე ადრე გაეთავისუფლებინათ. ალიოშას არც დურუ დაუტოვებია უყურადღებოდ – ჯერ კიდევ ციხეში მყოფს თავისი სახლის გვერდით ნაკვეთი მიუზომა და ეზოში სახლი აუშენა, გათავისუფლებულს კი მუშაობაც დააწყებინა და დააოჯახა. თუმცა, როგორც ძალოვნები თავად დურუ ხურცილავას ნაამბობიდან იხსენებენ, დურუს „ბელორუსი“ მიუყენებია და მამამისის დარგული მსხლის ხეები ძირფესვიანად ამოუძირკვავს. მას მამისგან დანატოვარი ხეების ყურებაც კი აღიზიანებდა, რადგან მამას ოჯახის ტრაგედიის მთავარ მიზეზად მიიჩნევდა.

ალიოშას და დურუს ციხეში მყოფი მესამე ძმის, ტარასის მომავალზეც დაუწყიათ ზრუნვა – საკარმიდამო შემოუღობეს და სახლის მშენებლობის დაწყებასაც აპირებდნენ, მაგრამ არ დასცალდათ, რადგან ალიოშა და მისი გავლენით დურუც კრიმინალურ გარჩევაში იყვნენ ჩაბმულნი. ამის გამო ალიოშა ხურცილავა, 6 თვის ფეხმძიმე ცოლთან ერთად, მათივე სახლის ეზოსთან ჩაცხრილეს. რაც შეეხება დურუს, ამ გარჩევის გამო ხულიგნობაში დაადანაშაულეს და 1969 წლის 24 აგვისტოს 2 წლით დააპატიმრეს.

დურუ ხურცილავამ სასჯელის ნახევარი მოიხდა და გათავისუფლდა. ამასობაში ტარასიც გამოვიდა ციხიდან და ძმები თითქოს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მაგრამ, ორივე ძმაზე, როგორც განსაკუთრებულ დამნაშავეებზე, მილიციის მიერ ადმინისტრაციული ზედამხედველობა დაწესდა. თუმცა, გარდაცვლილი ძმის, ალიოშას ავტომანქანით ქალაქიდან მაინც გადიოდნენ. მართალია, მანქანის მართვა არ იცოდნენ, მაგრამ საჭესთან რომელიმე მეგობარს სვამდნენ. ამის მიუხედავად, ისინი პირნათლად ასრულებდნენ მილიციაში გამოცხადების დადგენილ წესს. თუმცა, საინტერესო მეთოდით – მილიციაში მისული ძმები ქუჩის სხვადასხვა მხარეს დგებოდნენ და მას შემდეგ შედიოდა შენობაში ერთ-ერთი მათგანი, როცა მეორე უკვე მილიციიდან მშვიდობით მობრუნდებოდა.

ძმები ალიოშას უპატრონოდ მიტოვებულ სახლში დაბინავდნენ. ბათუმში დისლოცირებული ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიდან კი როგორღაც 2 ავტომატი და 13 ხელყუმბარა მოიხელთეს და ძმის მკვლელზე შურისძიება დაგეგმეს. მიუხედავად იმისა, რომ ალიოშას და მისი ფეხმძიმე მეუღლის მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყოლია, ძმებმა თავად გამოთვალეს თუ ვინ უნდა ყოფილიყო მკვლელი.

ძმის მკვლელზე შურისძიება

ძმები ხურცილავების გათვლით, ალიოშას მკვლელი გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდადში, ოგანეს მინასიანის ბინაში იმალებოდა. მკვლელობა მათი ვერსიით, ვინმე ხორენ ჩემპნიანისა და ვლადიმერ ნერსენიანის მიერ იყო ჩადენილი და მათზე შურისძიება გადაწყვიტეს.

1970 წლის 24 ივლისს, დღის საათებში დურუს საკუთარ ეზოში ესროლეს, მაგრამ ტყვია მისი „პარაბელუმის” ტარს მოხვდა და დურუ მსუბუქად დაზიანდა. იმავე ღამეს, ძმები შურის საძიებლად წავიდნენ. გამთენიისას მინასიანის სახლს მიადგნენ და ავტომატის ჯერის გარდა, ძმებმა ხელყუმბარაც გამოიყენეს. მოკლედ, მინასიანის მკვლელობა გაუგებრობა იყო, რადგან მას ხურცილავებისთვის მართლაც არაფერი დაუშავებია. არადა, გარდაცვლილს ორი ავტომატიდან 37 ტყვია ჰქონდა ნასროლი...

მკვლელობა მალე გაიხსნა. საქმე ისაა, რომ ხურცილავებმა მანქანით ხბო გაიტანეს. ძმებს მოსახლეობასთან მოუვიდათ შელაპარაკება და პოლიციაში აღმოჩნდნენ. სამართალდამცველებმა მათი ავტომანქანა გაჩხრიკეს და ავტომატის ერთი ტყვია იპოვეს. ეს ტყვია კი მინასიანის სხეულიდან ამოღებულ ტყვიას დაემთხვა და ხურცილავების დაკავებაც გადაწყდა. დურუ პირველი მივიდა მილიციაში და პირველიც ის დააკავეს, შემდეგ კი – მისი ძმა, რომელიც დურუს გარეთ ელოდებოდა. ძმები თბილისში გადმოიყვანეს, მაგრამ, ვინაიდან გამოძიება დროში გაიწელა, ბრალდებულები თბილისიდან ფოთის იზოლატორში გადაიყვანეს. სექტემბერში კი დურუმ ციხიდან გაქცევა მოახერხა...

ტყე-ტყე სიარულის შემდეგ დურუ სამართალდამცველებს თავად ჩაჰბარდა.

სოხუმიდან თბილისში კი, იგი ორმა სამართალდამცველმა – ბესო ბალავაძემ და ვახტანგ ოდიშვილმა ჩამოიყვანეს, რომელთაც დურუსთან ერთად გზად უამრავი საინტერესო ისტორია გადახდათ.

ძებნილი დურუ ხურცილავას დაკავება

აბაშის მილიციის რაიგანყოფილების აგენტმა ქალმა მილიციას ცნობა მიაწოდა თითქოს დურუ თავს ფერმებში აფარებდა და ხშირად მასთანაც ათევდა ღამეს. ინფორმაციის შესამოწმებლად ოდიშვილი და ბალავაძე სამტრედიაში ჩავიდნენ. იქ კი მილიციის განყოფილების უფროსმა ძიგუამ მათ უთხრა, რომ სოხუმში მცხოვრები ნათესავის ინფორმაციით, დურუ აფხაზეთში იმყოფებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე თანამშრომელთან შეხვედრას ითხოვდა. ოდიშვილი-ბალავაძე სოხუმში ჩავიდნენ და ძიგუას შეხვდნენ. ძიგუა მათ დაჰპირდა, რომ თუ დურუს კიდევ ექნებოდა მილიციელთან შეხვედრის სურვილი, აუცილებლად შეახვედრებდა, მაგრამ მოლაპარაკებას პირი არ უჩანდა. დურუ კი ბევრს მოძრაობდა, სოხუმისა და გულრიფშის რაიონების სოფლებში და ელიტურ რესტორნებში მას ავტომატითა და ხელყუმბარებით ხელში აფიქსირებდნენ. ამიტომ, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული პოლკი ჩართო. ჯგუფები სოფლებში მიმავალ იმ ბილიკებთან და ცალკეულ ოჯახებში განლაგდა. ასეთმა მიდგომამ შედეგი გამოიღო. დურუ გაუჩინარდა. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მაშინ დურუ ღამის გასათევად ერთ-ერთ ნაცნობთან მიდიოდა და ბილიკზე მილიციის რაციის შრიალის ხმა შემოესმა. ამის გამო უკან გაბრუნდა, მაგრამ ხევში გადავარდა და მძიმე ტრავმებიც მიიღო. იმავე ღამით მან მაინც შეძლო სოფელ ლათში ასვლა.

6 მაისს, კვირა დღეს, დილით, დაახლოებით 11 საათზე, ოდიშვილსა და ბალავაძეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული კაცი გამოეცხადა. თავი მან სოფელ ლათის ზონის უბნის ინსპექტორად გააცნო, უთხრა, რომ მათთან დურუს დავალებით მივიდა და ბალავაძეს დურუსთან გაყოლა სთხოვა. სხვა გზა არ იყო, ბალავაძე ინსპექტორს ლათში გაჰყვა. ოდიშვილი კოლეგას მთელი დღე ელოდა, მაგრამ ის მხოლოდ საღამოს გამოვიდა რაციით კავშირზე და უთხრა, რომ დურუსთან ერთად მალე სოხუმში იქნებოდა.

სოხუმის მილიციაში დურუს ჩამოყვანის ამბავი სწრაფად გავრცელდა და კაბინეტში, სადაც დურუ შეიყვანეს, თითქმის ყველა თანამშრომელმა მოიყარა თავი. თუმცა, დურუსა და იქ მყოფთა შორის ჩხუბი ატყდა. დურუ კატეგორიულად მოითხოვდა სხვები ოთახიდან გასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა. ოდიშვილიც იძულებული გახდა, ყველა დაეთხოვა.

როგორც ირკვევა, ამ პერიოდში მაშინდელ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს პეტრე კოვალჩუკს დაურეკეს – დურუ ხურცილავაა აქ და თუ მისი ნახვა გინდა, შეგიძლია, სურვილი აისრულოო. კოვალჩუკი 15 წუთში გენერლის ფორმაში გამოწყობილი მივიდა. კოვალჩუკ-ხურცილავას შეხვედრა კი თურმე იმით გამოირჩეოდა, რომ დურუმ მას ძვირფასი დაშნა აჩუქა.

მოკლედ, ოდიშვილსა და ბალავაძეს დურუ ხურცილავა თბილისში უნდა ჩამოეყვანათ, მაგრამ დურუმ მათ პირობა წამოუყენა, ვიდრე წავიდოდნენ, მისი ცოლის ოჯახში სოფელ იაშტუხში ასულიყვენ. დურუს ცოლეულები – გვარად იმედაძეები მათ დანახვაზე ჯერ დაბნეულან, შემდეგ კი ძალიან გახარებიათ და სახელდახელოდ სუფრის გაშლა დაუწყიათ. იმედაძეებთან ამ დროს სოხუმის მილიციის განყოფილების უფროსიც მისულა. დურუს უთქვამს: „შემოვიდეს, ეგ კარგი კაციაო“. ხოლო როცა მილიციის უფროსს შეუმჩნევია, რომ დურუს შელახული ფეხსაცმელი ეცვა, ყველას თვალწინ გაუხდია ფეხზე, მისთვის ჩაუცმევია და მისი კი თავად ჩაუცვამს...

დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ იმედაძეების ბინიდან გეზი თბილისისკენ აიღეს, მაგრამ სენაკთან, ტყის მასივში დურუს თხოვნით შეჩერდნენ - თბილისში ჩასვლამდე დურუს დის მონახულებაც მოუნდა. მას ეს სურვილიც აუსრულეს და საბოლოოდ დაადგნენ თბილისის გზას. სწორედ გზაში უთქვამს დურუ ხურცილავას ძალოვნებისთვის, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს – პეტრე კოვალჩუკს ორჯერ შეხვდა, რომელმაც მას საათი აჩუქა. ამიტომ, მისთვის დაშნის ჩუქება, საათის ჩუქების საპასუხო ჟესტი იყოო...

დილის 6 საათზე ქუთაისში იყვნენ და მგზავრობით დაღლილებს თბილისში თვითმფრინავით გადაფრენა განუზრახავთ. ქუთაისის მილიციის სამმართველოს სამორიგეოდან, ოდიშვილი პირდაპირი ხაზით თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მორიგეს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ქუთაისის პირველივე რეისზე თბილისის აეროპორტში მანქანა დაეხვედრებინათ. თვითმფრინავი 10 საათზე მიფრინავდა, ანუ დილის 6-დან 10-მდე კარგა ხანს ლოდინი მოუწევდათ. ამის გამო გეგმები კვლავ შეცვალეს – თბილისში მანქანით წამოსვლა გადაწყვიტეს.

ქუთაისი-თერჯოლის გზაზე იმ დროისთვის ერთ-ერთი ცნობილი რესტორანი „გოდოგანი” იწყებდა მუშაობას და მგზავრებიც ამ რესტორნის დილის ხაშის პირველი კლიენტები აღმოჩნდნენ. სრულიად მოულოდნელად, დურუ სუფრიდან ადგა. ეგონათ, დურუ ფულის გადასახდელად მიდიოდა, მაგრამ მას ეს ფიქრადაც არ მოსვლია, მიმართულება ეზოს გასასვლელისკენ აიღო. ოდიშვილი და ბალავაძე კინაღამ ჭკუაზე გადასულან, მაგრამ დურუ დაბრუნებულა. გაირკვა, რომ იგი საპირფარეშოში ყოფილა...

დურუს წვერი ჰქონდა მოშვებული და უთხოვია, თბილისში გაუპარსავი არ ჩამიყვანოთ, საპარიკმახეროში შემიყვანეთო. ოდიშვილმა დურუ პარიკმახერამდე მიაცილა, თავად კი ცენტრალური შესასვლელისკენ გამობრუნდა. თან, ნერვიულობდა, დურუ კვლავ არ აორთქლებულიყო. ამასობაში კი, დურუც გამოსულა გაპარსული და გალამაზებული.

გორი არც კი ჰქონდათ დატოვებული, დურუს თავისი „მაკაროვი“ მოუთხოვია. წარმოუდგენელია, მაგრამ ისიც მისცეს. თუმცა, დიღმის მასივში შემოსვლისას იარაღი ბალავაძისთვის დაუბრუნებია და უთქვამს: „არ მეგონა, თუ თბილისში ცოცხალს ჩამომიყვანდითო“. თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროში დურუ ლიფტით მეოთხე სართულზე, კეთილაძის კაბინეტში აიყვანეს. რის შემდეგაც დურუ ¹1 იზოლატორში გადაიყვანეს. ეს იყო 1973 წლის 7 მაისი, მისი უკანასკნელი დაპატიმრება.

დახვრეტა

მინასიანის მკვლელობისთვის უზენაესმა სასამართლომ ძმები – დურუ და ტარას ხურცილავები ერთად გაასამართლა. სასამართლო პროცესზე არც ერთი ძმა თავს დამნაშავედ არ ცნობდა. პირიქით, სამართალდამცველებს ადანაშაულებდნენ, რომ ძმა და ფეხმძიმე რძალი მოუკლეს.

ერთი სიტყვით, დურუ და მისი ძმა, გამწარებულნი იყვნენ, რომ მისი ძმისა და რძლის მკვლელს მილიცია არ ეძებდა და სასამართლო პროცესზე ორივე ძმამ საბჭოთა მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

სასამართლო პროცესზე დურუ აცხადებდა: „ძმა და რძალი მომიკლეს, არც ვიცი სად არიან დასაფლავებული, მკვლელობა კი მე დამაბრალეს. 20 თვე ციხეში ვყავდი, ბოლოს გავგიჟდი, დეპუტატი ქალი საკანში შევათრიე და „ბრიტვა“ დავადე კისერზე, საქმე მალე დაამთავრეთ, თორემ ყელს გამოვჭრი-მეთქი. ციხიდან რომ გამოვედი, ცოლი მოვიყვანე, მაგრამ მასთან 5 თვე არ მიცხოვრია, მილიციამ არ მომცა ამის საშუალება. ციხის გარდა არაფერი მინახავს, შინ ჭიქა არ დამხვედრია და შარვალი არ მქონდა. სახლი ტყეს ჰგავდა და 300 ძირი მანდარინი დავრგე. ხალხმა იცის, როგორ ვშრომობდი, მაგრამ აფხაზ ბანდიტებს არ მოვწონდი, საჩხუბრად მიწვევდნენ. ტყეში ვიმალებოდი ქარსა და თოვლში და როცა ტყე შეიმოსა ამ დროს ჩაგბარდით, იმიტომ, რომ სიტყვა მომცეს სიმართლეს არ დაგიკარგავთო. ნათქვამია „მიბარებული მგელმა შეინახაო”. ციხეში ისეთ საკანში ვარ 5 რკინის კარი აქვს და ექვსკილოიანი ბოქლომი ადევს, მაგრამ ახლოს არ მივდივარ, წესიერად ვარ, თორემ აქედან კი არა, უშიშროების ციხიდან მოვახერხე გაქცევა და აქედან ვერ წავალ?”

მიუხედავად იმისა, რომ მოკლული მინასიანის შვილმა პროცესზე ხურცილავების დახვრეტა მოითხოვა, სამართალდამცველებმა დურუსთვის მიცემული პირობა შეასრულეს. მისი პირობა კი ასეთი იყო – სამართალდამცველებს ჩაბარდებოდა თუ 10 წელზე მეტს არ მისცემდნენ და სასჯელის მოსახდელად საქართველოში დატოვებდნენ. 1973 წლის 9 ივლისს, ორივე ძმას მართლაც 10-10 წელი მიუსაჯეს. სასჯელის მოსახდელად კი ციმბირში მხოლოდ ტარასი გაგზავნეს.

მოკლედ, პირობა შესრულდა, მაგრამ დურუ ხურცილავაზე დამატებითი გამოძიება იმ დანაშაულებზე დაიწყო, რომელიც მას ძებნილობის პერიოდში ჰქონდა ჩადენილი. მართალია, დურუ ხურცილავა ციხიდან გაქცევის პერიოდში რაიმე დანაშაულის ჩადენას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ გამოძიებამ ის მკვლელობებში, მკვლელობის მცდელობებსა და არასრულწლოვანის გაუპატიურებაშიც კი დაადანაშაულა, რისთვისაც 33 წლის დურუ ხურცილავას საბოლოოდ, დახვრეტა მიუსაჯეს.

10 წლის შემდეგ მისი ბედი ტარას ხურცილავამაც გაიზიარა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ტარასი კვლავ ამხილეს დანაშაულში და 1984 წლის 4 მაისს, 46 წლის ასაკში ისიც დახვრიტეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 11-ჯერ დაპატიმრებულ დურუ ხურცილავას 6 წელი ფსიქიატრიულში ჰქონდა გატარებული. მას ძალიან ძლიერი ფიზიკური მონაცემები და ყოველგვარი ტკივილის ატანის უნარი ჰქონდა. თვითმხილველთა გადმოცემით, დურუს შეეძლო საკუთარი ხელით დაესერა სხეულის რომელიმე ნაწილი, სისხლი მოეგროვებინა და სუფრის კოვზით დაელია.

ჭრილობებს კი მარილით იშუშებდა. ამის გამო დურუს ორივე მკლავი, მკერდი და თითქმის მთელი მუცელი დასერილი ჰქონდა.

ის კი არა, როდესაც დურუ პირველ იზოლატორში მიიყვანეს, დამჯდარ პოზაში იატაკის ლურსმნით „ტაბურეტზე“ სათესლე ჯირკვალი დაიჭედა და იქამდე არ მოიხსნა, სანამ მასთან მინისტრის მოადგილე არ მივიდა. ჭრილობები კი თურმე ნაცადი ხერხით – მარილით მოიშუშა...


скачать dle 11.3