რაში ეხმარება ცოცხი და ცაცხვის ყვავილები გასათხოვარ გოგონებს და რას აძლიერებს ოჯახში ლურჯი სანთლის ენერგეტიკა
ბევრმა ალბათ, არ იცის, რომ წელიწადის განმავლობაში არსებობს დღეები, როცა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი ბედი შეცვალოს. სხვათა შორის, ამ დღეებს უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნუნუ ამბობს, რომ ამ დღეებს ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მათი ჩვენ სასიკეთოდ გამოყენებაც საკმაოდ მარტივია. მისივე თქმით, თუ ელემენტარულ წესებს დაიცავთ, რომ იტყვიან, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
ნუნუ: ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი და მისი და ძალიან განათლებული, ასე ვთქვათ, ყოვლისმცოდნე ქალები იყვნენ. მათთან ხშირად მოდიოდნენ ჭკუის სასწავლებლად. ხალხურ მედიცინაში, პარაფსიქოლოგიაში, ეზოთერიკასა თუ ასტროლოგიურ საკითხებში კარგად ერკვეოდნენ. რომ წამოვიზარდე, ხშირად მეუბნებოდნენ, ჯიბით ან ჩანთით ცაცხვის ყვავილები, რკო ან წაბლი ატარე, ეს ავი თვალისგან დაგიცავს და ბედნიერებას მოგიტანსო. მაშინ მათი ნათქვამი სასაცილოდ არ მყოფნიდა, თუმცა ამას როგორ გამოვხატავდი? (იცინის). მეც თავს ვუხრიდი და ხან ერთს ვიდებდი ჩანთაში, ხან მეორეს... რომ მივიდოდი სახლში და მკითხავდნენ, როგორი დღე გქონდაო, მეც ვპასუხობდი, ჩანთით ცაცხვის ყვავილები და რკოები დამაქვს და როგორ შეიძლება ცუდად ჩაევლო დღეს-მეთქი. თან, ამის დასამტკიცებლად ვაჩვენებდი ხოლმე ამ მცენარეებს, რომ ნამდვილად მქონდა და არ ვიტყუებოდი. სხვათა შორის, მართლა ბედნიერი ვიყავი, ყველა ჯანმრთელად მყავდა, ჩაცმა მე არ მაკლდა, სმა-ჭამა და გავლა-გამოვლა. სკოლა რომ დავამთავრე, იმწელსვე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და დავხურე თუ არა პირველი კურსი, გამოცდები ჩავაბარე და გავიპარე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბავშვის შეძენის შემდეგ, ისე შეიცვალა ჩემი მეუღლე, თავბედს ვიწყევლიდი. თან არც მინდოდა ჩემი ოჯახის წევრებისთვის რაიმე მეგრძნობინებინა, გულში ვიხვევდი დარდს და ერთ დღესაც ძალიან ცუდად გავხდი. როცა დედასთან გადავედი სამკურნალოდ, მაშინ მოვუყევი ყველაფერი ჩემებს და კინაღამ გადაირივნენ. ბებიაჩემი და მისი და ავიშვიშდნენ, მერე დიდხანს ბჭობდნენ და მითხრეს, ჩვენ ისე დაგარიგებთ ჭკუას, ბედნიერება კვლავ დაიბრუნოო. მაშინაც გამეღიმა, მაგრამ, დამიჯერეთ, სულ ტყუილად.
– ასეთი რა გითხრეს?
– როგორც მათ ამიხსნეს, ჩვენს შორის სიყვარული კი არა, უბრალოდ მოხიბვლა და მოწონება იყო. ანუ, ჩვენ შევცდით, კარგადაც არ ვიცნობდით ერთმანეთს, როცა ოჯახი შევქმენით. ამის გამოსავალი კი სწორედ, ბებიებმა მირჩიეს. თურმე, ასეთ დროს ყველაზე კარგია 7 მაისის დღეს ჩატარებული პატარა რიტუალი. კერძოდ, სწორედ ამ დღეს დაველოდეთ და დილით ბებიამ ჩემს ოთახში შემოიტანა გამჭვირვალე ბროლის ვაზით წყალი, რომელშიც ჩაყარა ვარდისფერი ვარდის ფურცლები, შაქარი, ვაშლის ნაჭრები, ცაცხვის ყვავილები და კიდევ ჩადო ერთი კვერცხი. როგორც შემდეგ ამიხსნეს, ვაშლი და კვერცხი – მარადიულობის, შაქარი – ოჯახში სიტკბოსა და სიამტკბილობის, ვარდის ფურცლები – სიყვარულის, ხოლო ცაცხვის ყვავილები ბედნიერების სიმბოლო იყო. ამით სავსე ბროლის ვაზა ჩემს ოთახში 7-დან 13 რიცხვამდე უნდა მდგარიყო, ყოველ დილით ამ წყალში უნდა ჩამეყო ხელები, თვალები დამეხუჭა და მეფიქრა საკუთარ, სასურველ მომავალზე. შემდეგ, ამომეღო ხელები წყლიდან და სახეზე მომესვა. ასეც მოვიქეცი. ადრიანად ვდგებოდი და გულით მჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა – გავაგრძელებდი მეუღლესთან და შვილთან ერთად წყნარად და სიყვარულით ცხოვრებას, ოჯახურ თანაცხოვრებაში ჰარმონიას მივაღწევდი სამომავლოდ. 13 მაისს, დილით ბებია შემოვიდა და მითხრა, შვილო, მიხარია, რომ დამიჯერე. ახლა ამ ვაზიდან წყალი სამი დღე დილა-საღამოს ამოიღე ჭიქით, ისე რომ არაფერი ამოჰყვეს და ამ წყლით სახე დაიბანეო. ესეც შევასრულე. შემდეგ ეს წყალი და კვერცხი, ბებიაჩემმა გამდინარე წყალს შეურია, მასში ჩაწყობილი ვარდის ფურცლები და ცაცხვის ყვავილები პატარა ტომსიკაში ჩაყარა და ჩანთაში ჩამიდო. ვაშლის ნაჭრები კი შემაჭამა უზმოზე. ვერ წარმოიდგენთ ამ დღის შემდეგ, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დღესაც კი უბედნიერესი ქალი ვარ. წარმოიდგინეთ, ამ უბრალო და მარტივმა რიტუალმა როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ და ოჯახური იდილია დღემდე შემინარჩუნა. ასე რომ, თუ მსგავსი პრობლემები გაქვთ მეუღლესთან, შეგიძლიათ ამისთვის ბებიაჩემის წესი გამოიყენოთ. ჩემი ქალიშვილი ჩემზე მეტად იჯერებს მსგავს რამეებს. დიდი, ასფურცლიანი რვეული გვაქვს, სადაც ბებიის მსგავსი რჩევებია ჩაწერილი, მას ხშირად კითხულობს და ითვალისწინებს. მართალია, ჯერ მხოლოდ ოცი წლისაა, მაგრამ არც თაყვანისმცემლები აკლია, არც დაფასება და არც ყურადღება გარშემო მყოფებისგან. ძალიან კარგია, თუ გასათხოვარი გოგონა 5 ივლისს ჩაატარებს ცოცხის რიტუალს. ეს მის ბედზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
– ეს როგორღა კეთდება?
– ამასაც გასწავლით. თურმე 5 ივლისი ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა. ამ დღეს დიდია ალბათობა ადამიანმა სასურველი ბედი დაიბედო. გასათხოვარმა გოგონამ უნდა აიღოს ცოცხი დილის 8 საათზე, გარეცხოს გამდინარე წყალში. ოღონდ, გაითვალისწინეთ, ამ დროს საჭმელი არ უნდა გქონდეთ ნაჭამი და ცოცხიც ახალი უნდა იყოს. მასზე ჩამოჰკიდეთ პატარა ზარი, საქორწინო ბეჭედი და წითელი კოჭის ძაფი დაახვიეთ. ღამით ეს ცოცხი თქვენი საწოლის ქვეშ დადეთ, დილით კი გამოიღეთ და სახლის გამოგვა შემოსასვლელი კარიდან დაიწყეთ. თან გონებაში იმეორეთ, ისეთივე სპეტაკი და სუფთა იყოს ჩემი მომავალი სიყვარული, როგორიც ეს იატაკია. მოგვილი ნაგავი სახლის მარჯვენა კუთხეში დააგროვეთ, შემდეგ ქაღალდში გაახვიეთ და ისე გაიტანეთ გარეთ. ცოცხს მოხსენით საქორწინო ბეჭედი და ზარი, გაახვიეთ თეთრ ქაღალდში და ზემოდან ის წითელი ძაფი შემოახვიეთ, რომელიც დაგვის პროცესში ცოცხს ჰქონდა შემოხვეული. ეს ცოცხი თქვენი საწოლის ქვეშ შეინახეთ მანამდე, სანამ სასურველი ადამიანი არ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ხოლო, როცა, საბედო პირველად დააპირებს თქვენს ბინაში მოსვლას, სახლი ისევ ამ ცოცხით გამოგავეთ. დამიჯერეთ, ეს რიტუალი ძალიან მოქმედებს და ამართლებს. ბევრ ჩემს ნაცნობ გოგონას აპოვნინა სასურველი საბედო და ბედნიერი ოჯახებიც შექმნეს. ჩემი აზრით, ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას ცხოვრებაში. მიხარია, ქალის გაღიმებულ სახეს რომ ვხედავ ქუჩაში და ამიტომაც გაგანდეთ ბებიის რვეულიდან ეს რიტუალი. არადა, ხომ დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია და თუ ის წაგადგებათ, ამას რა ჯობია?
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, პრობლემის გადაჭრა ცხოვრებაში არცთუ ისე რთულია?
– რასაკვირველია. ჩვენს ცხოვრებაში შეგვიძლია თავადვე შევიტანოთ ცვლილებები და ამაში სხვა ვერ დაგვეხმარება. ბევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ყოველთვის სტრესთან და მტკივნეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული და თავს არიდებს რადიკალურ მოქმედებებს მის შესაცვლელად. არადა, როგორც გითხარით, საქმე გაცილებით მარტივადაა. მაგალითად, ინტერიერის შეცვლითაც კი შეგიძლიათ, შეცვალოთ ყველაფერი თქვენს გარშემო. ოჯახის დასაცავად, მთავარი ყურადღება უნდა მიაქციოთ სააბაზანო ოთახს. აუცილებლად დადგით იქ პატარა შანდალი, რომელშიც ყოველთვის იქნება ლურჯი სანთელი. მის ენერგეტიკას შეუძლია, დაგეხმაროთ ოჯახური პრობლემის მოგვარებაში. აქვე გეტყვით, რომ ცუდი ტენდენციაა სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახების გვერდიგვერდ განლაგება. ამას შესაძლოა, სერიოზული დისჰარმონია და პრობლემა მოჰყვეს ოჯახში. ის ასევე, ფინანსების შემოდინებას ბლოკავს და ჯანმრთელობისთვისაც ცუდია. ასე რომ, ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება და სანამ პრობლემა თავს იჩენს, მანამდე დაიწყოთ მოქმედება.