იაპონელ პრინცესას თანაკლასელები დასცინიან
რვა წლის პრინცესა აიკო, იაპონიის ტახტის მემკვიდრის, კრონპრინც ნარუხიტოსა და პრინცესა მასაკოს ერთადერთი ქალიშვილი, უარს ამბობს დედაქალაქის პრესტიჟულ სკოლაში სიარულზე – მას თანაკლასელების დაცინვის ეშინია. ეს ჟურნალისტებს სასახლის გამგებელმა ისეი ნომურამ გაუმხილა, რომელსაც ადრე იაპონიის ელჩის პოსტი ეკავა რუსეთში. წინა კვირას მეორეკლასელი აიკო სკოლიდან ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა, შეშინებული და მუცლის ტკივილს უჩიოდა. მას შემდეგ სკოლაში აღარ წასულა. გაირკვა, რომ რამდენიმე ბიჭმა ის აბუჩად აიგდო.
სხვათა შორის, მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფა თანაკლასელების მიმართ იაპონიის სკოლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. თუმცა, გაკუსიუინის უნივერსიტეტის რექტორმა, რომლის უწყებაშიც სკოლა და საბავშვო ბაღი შედის, განაცხადა, რომ პრინცესა შემთხვევით შეაშინეს ბიჭებმა, რომლებიც უეცრად გამოცვივდნენ კლასიდან. მის მიმართ არავითარ აბუჩად აგდებას ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონიაო. მან იმედი გამოთქვა, რომ გოგონა მალე დაუბრუნდება სკოლას, რომელშიც ის ბაღიდან გადმოვიდა და რომელიც მას ასე უყვარს.
გაკუსიუინის უნივერსიტეტი 1877 წელს დაარსდა და იმპერატორისა და სასახლის არისტოკრატების შვილების აღზრდას ემსახურებოდა. ახლა კერძო სასწავლო დაწესებულებაა და როგორც იაპონიის სხვა უნივერსიტეტებთან, მასთანაც გახსნილია 12-წლიანი სწავლების სკოლა და საბავშვო ბაღი.
ჯერჯერობით არავის უთქვამს, როდის განაგრძობს გოგონა სწავლას, ისევე, როგორც არ გადაწყვეტილა ცვლილებების შეტანა კანონებში ტახტის მემკვიდრედ ქალის დამტკიცების შესახებ.