ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მეზობელმა ჩემი შვილი დაიყოლია ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე. ისჯება თუ არა ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით?
პასუხი: ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების და მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. განმეორებით ჩადენილი ქმედება ისჯება სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე ქმედება არასრულწლოვანის მიმართ ისჯება ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კითხვა: ერთი თვის წინ გარდამეცვალა მეუღლე, რომელთანაც ვიმყოფებოდი რეგისტრირებულ ქორწინებაში. დამრჩა 4 მცირეწლოვანი შვილი. ვითვლები თუ არა მარტოხელა დედად? ეკუთვნით თუ არა ჩემს შვილებს პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო და რამდენი წლის ასაკამდე მიეცემათ მათ ის?
პასუხი: თქვენს შვილებს ეკუთვნით პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო და მიეცემათ ის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. პირადად თქვენ მარტოხელა დედად არ ჩაითვლებით, ვინაიდან, კანონის თანახმად, მარტოხელა დედებად ითვლებიან ის ქალები, რომლებიც ბავშვის მამასთან არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ცხოვრობდნენ მასთან ერთად ერთ ოჯახში.
კითხვა: სურვილი მაქვს, დავდო ცოლთან საქორწინო ხელშეკრულება. შეიძლება თუ არა ერთ-ერთ პუნქტად ჩაიწეროს, რომ განქორწინებისას წარმოშობილი დავის შემთხვევაში მივმართო კერძო არბიტრაჟს და არა საერთო სასამართლოს?
პასუხი: არა, რადგან საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს დავის შემთხვევაში სასამართლოში მიმართვის უფლება.
კითხვა: ბინის მესაკუთრემ, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მასთან დადო საცხოვრებელი ბინის იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით. მხარეებმა ჩათვალეს, რომ იპოთეკა უკვე წარმოიშვა. სწორია თუ არა ეს?
პასუხი: არ არის სწორი, რადგან კანონის თანახმად, იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად.
კითხვა: ჩემმა ერთმა მეგობარმა ჩემს მეზობელს მიჰყიდა საგვარეულო ბეჭედი, იმ პირობით, რომ გარკვეული დროის შემდეგ გამოისყიდდა. ხელშეკრულება გაფორმდა ოფიციალურად. მას შემდეგ გავიდა 6 წელიწადი. ჩემს მეგობარს უნდა ნივთის გამოსყიდვა, მაგრამ მეზობელი არ აძლევს. კანონიერია მისი ქმედება?
პასუხი: კანონიერია, ვინაიდან გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს. ამ ვადის გაგრძელება შეუძლებელია.
კითხვა: განქორწინებამდე ჩემს ცოლს საკუთრებაში ჰქონდა სახლი. განქორწინების შემდეგ მე მოვახდინე ამ სახლის გადაგეგმარება და გავაკეთე რემონტი. შემდეგ მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამად განქორწინებული ვარ. მაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვო ჩემი წილი?
პასუხი: გაქვთ, რადგან თუ მეუღლეთა ქონების ღირებულება ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად.
კითხვა: პარტნიორისგან აღებული გვაქვს გრძელვადიანი სესხი 5 წლის ვადით, 18 პროცენტი წლიური განაკვეთით. საწარმო ფინანსური სიძნელეების გამო, წარმოებამ ვერ შეძლო სესხის ვერც მთლიანად და ვერც ნაწილის დაფარვა აღნიშნულ ვადაში. შეიძლება თუ არა სესხის პროცენტის პატიება და ვადის გაგრძელება? რა გადასახადებით დავიბეგრებით?
პასუხი: სესხის პროცენტის პატიებაც და სესხის ვადის გაგრძელებაც დასაშვებია, თუ ამაზე არსებობს მსესხებლის წერილობითი თანხმობა. ნაპატიები სესხის პროცენტის თანხა თქვენთვის არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალია. ის ჩართული უნდა იყოს თქვენი საწარმოს წლიურ ერთობლივ შემოსავალში, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნით.
კითხვა: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პროგრამით ბინების გარდა, თუ არის გათვალისწინებული რაიმე სახის კომპენსაცია, იმის გამო, რომ ცენტრალური უბნებიდან შედარებით მეორეხარისხოვან უბნებში გადავალთ?
პასუხი: აღნიშნული პროგრამა ფულად კომპენსაციას არ ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში არ არის საუბარი მოსახლეობის გარეუბნებში გადაყვანაზე. დეველოპერები მშენებლობას თბილისის თითქმის ყველა უბანში აწარმოებენ, შესაბამისად, ბინების დიდი არჩევანია.
კითხვა: პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მიხედვით, რომელ სართულებზე გადაეცემა ბინები მოსახლეობას?
პასუხი: პროგრამის ფარგლებში სართულებთან დაკავშირებით არ არის გარკვეული შეზღუდვები. ეს არის დეველოპერის და მოქალაქის გადასაწყვეტი. სართული დამოკიდებული იქნება თქვენს ამჟამინდელ საცხოვრებელ ფართზე. გამომდინარე იქიდან, რომ დეველოპერმა უნდა შეძლოს, თქვენი საცხოვრებელი ბინის შესაბამისი ფართის შერჩევა სახლის რომელიმე სართულზე.
კითხვა: რომელი ასაკიდან შეუძლია არასრულწლოვანს საკუთარი უფლებები პირადად წარადგინოს სასამართლოში?
პასუხი: არასრულწლოვანს დამოუკიდებლად შეუძლია სასამართლოს მიმართოს 14 წლის ასაკიდან.
კითხვა: მაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვო შრომისუუნარო მეუღლის რჩენის მოვალეობისგან გათავისუფლება, თუ ის ალკოჰოლიკია?
პასუხი: გაქვთ. სასამართლოს შეუძლია, გაათავისუფლოს მეუღლე მეორე მეუღლის რჩენის მოვალეობისგან, თუ მისი შრომისუუნარობა გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელების მიღებით.
კითხვა: შეუძლია თუ არა ორგანიზაციას, საკუთარ თავზე აიღოს საწარმოს მუშაკთა კვების ხარჯები?
პასუხი: საწარმოს უფლება აქვს, უზრუნველყოს საწარმოს მუშაკები უფასო კვებით მის განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან. ამ მიზნით, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები ჩაითვლება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
თუ საწარმოში შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე მოსამსახურეებს მიეცემათ რძე ან სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების პროდუქტები, საწარმოს შეუძლია, გაწეული დანახარჯები აღიაროს ხარჯებად.
კითხვა: მეზობელმა იშვილა ბავშვი, მაგრამ მოვალეობის ცუდად შესრულების გამო შვილება გაუქმდა. ახლა მან გადაწყვიტა, სხვა ბავშვი იშვილოს. აქვს თუ არა მას ეს უფლება?
პასუხი: არ აქვს, რადგან მშვილებელი არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელსაც ადრე ჰყავდა ნაშვილები ბავშვი, მაგრამ შვილება გაუქმდა მის მიერ მშვილებლის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.
კითხვა: თერთმეტი თვის მუშაობის შემდეგ თანამშრომელმა მოითხოვა შვებულებაში გასვლა. ადმინისტრაციამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ის თავიდან 3-თვიანი საგამოცდო ვადით იყო მიღებული და მას კიდევ სამი თვე უნდა ემუშავა, რათა შვებულების უფლება მოეპოვებინა. სწორია თუ არა ადმინისტრაციის მოქმედება?
პასუხი: არ არის სწორი, რადგან არსებული კანონმდებლობით საგამოცდო ვადა ითვლება შრომის საერთო და უწყვეტ სტაჟში.