როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
დათუსანი
ქართული გვარების ქმნადობა-ჩამოყალიბებაში, მათ რაოდენობათა 25 000-ზე მეტად გაზრდაში დიდია ღვაწლი ისეთი სახელებისა, როგორიცაა: გიორგი, დავითი, ზურაბი, ივანე, ლომინ, მიქელ და ასე შემდეგ. კონკრეტულ შემთხვევაში, გვარში დათუსანის ფუძედაა გამოყენებული მამაკაცის საკუთარი სახელი დავით. ეს სახელი წინაპრებს ძველი ებრაელებისგან უსესხებიათ. ყველა ნასესხები სახელი კი აუცილებლად რომელიმე მნიშვნელობის შემცველია. ისე კი, უცხოური სახელები უფრო მეტია ქართველებში, ვიდრე წმინდა ქართული. დავით – ებრაულად ნიშნავს სატრფიალოს, საყვარელს.
დავითიდან ბევრი გვარია ნაწარმოები და ისინი გაჩნდა არა უშუალოდ დავითის, არამედ მისი მოფერებით-კნინობითი ფორმებიდან. ასეთებად კი ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია: დავითაია, დავითელა, დათილა, დათუ, დათუკი, დათუსი, დათუჩა.
1840-იან წლებში, აღწერის მონაცემებით, ამბროლაურის რაიონის სოფელ ღვიარაში საბატონო გლეხებად მოიხსენიებიან დათუსანები.
დათუსანი, თუთისანი, დავითულიანი, გაბისიანი გაფორმებული სუფიქსების მიხედვით სვანური, ანუ სვანეთში გაჩენილი გვარებია. დასადგენი ის არის, როდიდანაა გაჩენილი ისინი სვანეთში და რა მიზეზმა განაპირობა მათი მიგრაცია საქართველოს სხვა კუთხეებში.
1995 წლის ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში 115 დათუსანი ცხოვრობს: ამბროლაურში – 42, თბილისში – 38, ქუთაისში – 35.
ყოჩაშვილი
გვარის ფუძეა ყოჩა, ყოჩი, ყოჩია. გვხვდება როგორც საკუთარ, ისე მეტსახელად.
ყოჩაშვილი კახეთში დამოუკიდებელი გვარია. იმავე კახეთში დამოუკიდებლადაა გაჩენილი გვარი ყოჩიაშვილი.
რუსების მიერ კამერალურ აღწერაში მოხვდნენ ყოჩიაშვილები, რომელთა ნაწილიც რუსული ფორმატით ოვით გამოიყენეს და ყოჩიევებად ჩაწერეს. ამ გზით არიან წარმოქმნილი ყოჩიევები.
ქართლში კი გვაქვს გვარი ყოჩიშვილი.
1995 წელს ვაუჩერი აიღო 678-მა ყოჩიაშვილმა. დედოფლისწყაროში – 373, თბილისში – 243, სიღნაღში – 62
212 ყოჩაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 187, თბილისში – 15, რუსთავში – 10.
18 ყოჩიევი: თბილისში – 7, ახმეტაში – 6, გურჯაანში – 5.
ღამბაშიძე
ძალიან რთული აღმოჩნდა გვარის ფუძის ამოხსნა, რთულფუძიანი ძირის – ღამბაშა ეტიმოლოგიის დადგენა.
პროფესორმა ალექსანდრე ღლონტმა გვართან დაკავშირებით ჩაწერა: საკუთარი სახელი ღამბაში, გვარში ღამბაშიძე. წინსართი ღამ გამოყენებულია ორად ორ გვარში: ღამბარაშვილი და ღამბაშიძე.
გვაქვს სამი სახელი ღამბაში, ღამბულათი და ღამება. ესენი კაცის სახელიცაა და ქალისაც. ღამ ძირითაა მხოლოდ ორად-ორი სიტყვა ღამე (ღამისა) თავის ნაირფეროვნებით, მაგალითად, ღამენათევი, ღამით და ღამურა. ვარაუდით, საქმე უნდა გვქონდეს უძველეს საგვარეულოსთან, რომელიც შედგენილია სახელისგან ღამე, ღამიანი, ღამისა და სამი სუფიქსის ღამება+შა, ში და ძე (ღამიაშვილი, ღამინაძე...).
საქართველოში 1 906 ღამბაშიძე ცხოვრობს: თბილისში – 519, ხარაგაულში – 241, გორში – 134. არიან დიმშიც, ზესტაფონის რაიონშიც და სხვაგანაც.
სავანელი
გვარის შექმნა-ჩამოყალიბებაში ფუძე (სახელი, მეტსახელი და სხვა) და სუფიქსი ძე, შვილი, ია და სხვა მონაწილეობს.
ქართულ გვართმცოდნეობაში სუფიქსთა შორის უძველესია ელი, ათი, ბა, ფხე და სხვა.
სხვათა შორის, სუფიქსი ელითაა ნაწარმოები ერთ-ერთი პირველი გვარი მეოთხე საუკუნეში გაჩენილი ქუენიფლეველ-ქვენიფლეველი (ქვენიფნევი) ტოპონიმია ქართლში. ქუენიფლეველ-ქვენიფლეველებიდან წარმომდგარია მოგვიანებით, მეექვსე საუკუნეში ბიბილურის (ბიბილურიძეების) ფეოდალური საგვარეულო.
სადაურობის მიხედვით ბევრი ქართული გვარ-სახელია შექმნილი, ზოგიერთი მათგანის პირვანდელი გვარი ცნობილია ისტორიისთვის, ზოგისა – არა.
გვარი სავანელი (სავანე სოფელია საჩხერის ტერიტორიაზე) სათავეს იღებს ფეოდალურ იმერეთში სამეფო გვარამდე ამაღლებულ აბაშიძეებიდან (აბაშიძეს სამეფო ტახტი ეკავა 1701-1707 წლებში).
სავანელი 901 წლიდან გაჩნდა აბაშიძეების გვარიდან.
საქართველოში 71 სავანელი ცხოვრობს: თბილისში – 61, საჩხერეში – 6, ჭიათურაში – 4.
ივანიშვილი
გვარის ფუძედაა გამოყენებული მამაკაცის საკუთარი სახელი ივანე. წინაპრებს ის უსესხებიათ ძველი ებრაულიდან, სადაც ივანე იგივეა, რაც „ღვთის წყალობა“, „ვისაც ღმერთი სწყალობს“. ამ სახელის საწყისი ფორმაა იოხანან (იეჰოხანან). სხვადასხვა სახეცვლილებით ის შესულია მსოფლიოს ბევრ ენაში. ქართულში ძველად გვხვდებოდა იოვანე და იოანე, აქედან მივიღეთ ივანე, მისი შემოკლებით კი – ვანო. ამ სახელისგან წარმოქმნილია რამდენიმე ქართული გვარი: ივანიშვილი, ივანგულისშვილი, ივანეიშვილი, ივანეშვილი, ივანიასძე, ივანიაძე, ივანისძე, ივანიძე, ივანკახიშვილი, ივანჯანისშვილი, ივანაშვილი, ჟვანია (ივანია) და სხვა.
სახელი იოხანან (იეჰოხანან) ებრაულიდან შევიდა სომხეთში, მათთან სახელი ითარგმნა ოჰანად, ოანეზა – ოჰანეზად, საქართველოში მცხოვრებ სომხებთანაც გაჩნდა ოჰანეზოვი-ოგანეზოვი, ოგანოვი, ოვაკიანი, ოვაკიმიანი, ოვაკიმოვი, ოვანესიანი, ოვანოვი, ოვსოიანოვი და მისთანები. ასეთმა აღრევამ ჩაითრია ქართველი მოსახლეობის ნაწილიც. ამ გაუგებრობის მსხვერპლი გახდნენ, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთიში – საჩხერის, ჩხარის და სხვა კუთხის ხალხის ნაწილნიც. მაგალითად, ასათიანი გახადეს ასტვაცატურიანი, ივანიშვილი – ოვანიანი, ოვანოვი; პაპიაშვილი – პაპისმედოვი, და ასე შემდეგ. ბევრმა ქართველმა დაიბრუნა მამაპაპური გვარ-სახელი.
საქართველოში 627 ივანიშვილი ცხოვრობს, თბილისში – 501, გარდაბანში – 65, ხაშურში – 61.
ნიკოლოზიშვილი
საკუთარი სახელიდან ნაწარმოებია ქართული გვარები: ნიკოლოზიშვილი, ნიკოლაძე, ნიკოლაიშვილი. ნიკოლოზიშვილი ეპონიმური გვარ-სახელია, რომელიც წარმოიშვა საკუთარი სახელიდან – ნიკოლოზ. ნიკოლოზ წინაპრებს ბერძნებიდან უსესხებიათ. ნიკოლოზ შედგება ორი სიტყვისგან: „ნიკე“, – „გამარჯვება“, და „ლაოს“ – „ხალხი“. ამათგან პირველი სიტყვა „ნიკე“ შედის ბერძნული ნაწარმოების არაერთი სახელის შემადგენლობაში, როგორიცაა, მაგალითად, ნიკანდრო („გამარჯვება ვაჟკაცისა“), ნიკანოსი („გამარჯვებათა მხილველი“), ნიკიტა („გამარჯვებული“), ნიკიფორე („ძლევამოსილი“), ნიკოდიმისა („გამარჯვება ხალხისა“), ნიკოსტრატე („გამარჯვება ლაშქრისა, არმიისა“). ამ სახელთაგან ქართულში ადრიდანვე დასტურდება და დღესაც ფართოდაა გავრცელებული ნიკოლოზ (ნიკოლაოზ, ნიკოლაოს), შემოკლებით – ნიკა, ნიკო, ნიკოლა. სომხებთან ეს სახელი ნიკოლაოზ, ნიკოგოსადაა აღქმულ-მიღებული.
ნიკოლაოზ ღვთის მსახურთა სახელი იყო.
ნიკოლოზიშვილი მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში მოიხსენიება. ნიკოლოზიშვილები თავად აბაშიძეთა შტო-ნაყარი გვარია.
საქართველოში 70 ნიკოლოზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 45, თელავში – 17, რუსთავში – 8.
ასაბაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასაბა.
ასაბაშვილი მოიხსენიება დიდ ენაგეთში 1873 წელს.
ასევე, გვხვდება გვარი რუსული გაფორმებით – ასაბოვი.
საქართველოში 659 ასაბაშვილი ცხოვრობს. ყვარელში – 484, თბილისში – 102, მარტვილში – 73. ცხოვრობენ სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით