როგორ დაიკარგა ამერიკაში სამუშაოდ წასული უკრაინელი ბათუმში და ვინ ეძებს ბიძას ლუგანსკიდან საქართველოში
25 წლის ვადიმ მიხეილის ძე ტატჩინი ეძებს 43 წლის სერგეი ანატოლის ძე ტრაჩუკს.
ისტორია: ვეძებ ბიძაჩემს, 43 წლის სერგეი ანატოლის ძე ტრაჩუკს. ბოლოს მას 2001 წლის 27 დეკემბერს ვესაუბრეთ ტელეფონით. ცხრა წელია გასული მას შემდეგ, რაც მის შესახებ არაფერი გაგვიგია და არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მის მოძებნაში, მისი ოჯახი და ნათესაობა იმედს დღემდე არ კარგავენ.
– როგორ დაკარგეთ ნათესავებმა ერთმანეთი და ტერიტორიულად სად ეძებთ ბიძათქვენს? მოგვიყევით თქვენი ისტორია.
– სერგეი დედაჩემის ალალი ძმაა. მის გარდა დედას კიდევ ერთი და ჰყავს. სერიოჟა მათში ყველაზე უმცროსი იყო. ბიძაჩემი დაიბადა და გაიზარდა უკრაინაში, სადაც 2000 წლამდე მანდ ცხოვრობდა, შემდეგ კი, როდესაც სამსახურის შოვნა გაჭირდა, მან ახლობლისგან ისესხა დიდი თანხა და გადაწყვიტა, სამუშაოდ ამერიკაში წასულიყო. ეს ყველაფერი ერთ-ერთი ფირმის მომსახურებაში შედიოდა, ნათესაობა ცდილობდა, რომ მას როგორმე გადაეფიქრებინა უცხოეთში წასვლა, მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა. იმ ფირმას ჰქონდა თავისი კავშირები, რომლითაც ამერიკაში სამსახურის მოძებნის მიზნით მისულ ხალხს საქართველოდან უშვებდნენ და ბიძაჩემიც თავიდან სწორედ საქართველოში ჩავიდა, იქიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ იგი გაძარცვეს და უფულოდ დარჩა. იმ ფირმის წარმომადგენლები, თურმე, თაღლითები იყვნენ. ყოველგვარი მატერიალური საშუალების გარეშე დარჩენილი ბიძაჩემი იმედს მაინც არ კარგავდა, სახლში დაბრუნების შემდეგ ისევ გარისკა, ფული ისესხა წასასვლელად და ხელმეორედ ჩავიდა საქართველოში, საიდანაც ბოლოს 2001 წელს დაურეკა თავის ბიჭს და დაბადების დღე მიულოცა. გვითხრა, რომ მალე ჩამოსვლას აპირებს. მას შემდეგ ჩვენ არც მისი ადგილსამყოფელი ვიცით, არც სხვა რამე ხელმოსაკიდი ინფორმაცია გვაქვს. უკრაინაში მას ჰყავს ერთი ვაჟი, რომელიც ამჟამად უკვე 20 წლისაა და მეუღლე. ძალიან გვინდა, ბიძის პოვნაში დაგვეხმაროთ.
– ანუ, თქვენი დაკარგული ბიძა ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა. მისი ბოლო მისამართი თუ იცით, ჰყავდა თუ არა მას საქართველოში მეგობრები ან ნათესავები, ვისთანაც მას გაჩერება შეეძლო?
– მას საქართველოში არ ჰყავდა ნათესავები, მაგრამ, მეგობრები, ალბათ, შეიძინა, რადგან მეორედ სწორედ მათთან წავიდა. სამწუხაროდ, მათი არც სახელი, არც გვარი ჩვენ არ ვიცით. როდესაც ბიძამ ბოლოს დაგვირეკა, ჩვენ მისგან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ის ცხოვრობდა ბათუმში, იმ სახლის ტელეფონის ნომერიც კი დაგვიტოვა, მაგრამ, რამდენჯერაც დავრეკეთ, იმდენჯერ ვიღაც ქალმა გვიპასუხა, რომ ასეთი აქ არავინ ცხოვრობს და არც ვიცნობო. შეიძლება, ბათუმის მცხოვრებლებმა ამოიცნონ ფოტოთი ბიძაჩემი და დაგვიკავშირდნენ. ჩვენ მისი პოვნის იმედს არ ვკარგავთ. პირადად მე ბიძამ გამზარდა და მხოლოდ ის მიგებდა. ყველაზე რთულ, გარდატეხის პერიოდშიც კი, მხოლოდ ბიძასთან ვიხსნებოდი და ყველაფერზე ვსაუბრობდით ხოლმე. ძალიან მინდა, ის ვიპოვო.
– შეიძლება თუ არა, რომ ბიძათქვენს აქ ოჯახი შეექმნა და ის, უბრალოდ, თქვენ არ გიკავშირდებათ?
– არა მგონია, სერიოჟას ასე ერთი ხელის მოსმით ოჯახი და შვილი დაევიწყებინა. დღესასწაულებზე ხომ მაინც დაგვირეკავდა, ან, საქართველოდან ამერიკაშიც რომ ჩასულიყო, როგორც ის გეგმავდა, ვფიქრობ, მაინც დაგვირეკავდა იქიდან და გვეტყოდა თავის ამბავს. უკვე არც ვიცი, რა ვიფიქროთ.
– ცხრა წელია გასული მას შემდეგ, რაც ბიძათქვენს თქვენთან არც დაურეკავს და არც წერილი გამოუგზავნია. რას ფიქრობენ მისი ოჯახის წევრები სავარაუდოდ მაინც, რა შეიძლება იყოს მისი დაკარგვის მიზეზი?
– დანამდვილებით ვიცი, ბიძაჩემი არ იყო ისეთი კაცი, რომ რაიმე ბნელ საქმეში გარეულიყო ან ვინმე გადაჰკიდებოდა და შარში გახვეულიყო. სიმართლე გითხრათ, რაც არ უნდა გავიგოთ მის შესახებ, მაინც მოხარულები ვიქნებით, რადგან გაურკვევლობა ყველაზე მძიმეა. სიმართლე გითხრათ, ხშირად გვიფიქრია, სად ან როგორ შეიძლება იყოს იგი ამჟამად. დედაჩემი იმასაც კი ვარაუდობს, ხომ არ გალოთდა ან ხომ არ „გაბომჟდაო“. დანამდვილებით არც ის ვიცით, ვინ შეიძლება იყოს ის ქალი, რომელიც გვპასუხობს, რომ სერგეი აქ არ ცხოვრობსო.
ფიზიკურადაც და ხასიათითაც მე ბიძას ვგავარ. ძალიან მინდა მისი პოვნა. ყველას ძალიან გვენატრება და ვნერვიულობთ.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.