მერკელი ბერძნებს მოთმინებისკენ მოუწოდებს
საბერძნეთში არსებული კრიზისი ევროზონის მომავალთან დაკავშირებით სკეპტიციზმს ამძაფრებს, თუმცა, ევროპელი პოლიტიკოსები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, საბერძნეთის ევროპულ პერსპექტივას არაფერი ემუქრება. როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან – იორგოს პაპანდრეუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროს მოქმედების ზონიდან საბერძნეთის გასვლის საკითხი არც კი განიხილება. გერმანია ევროზონის ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა და, თუნდაც აქედან გამომდინარე, ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ ბერლინი პრობლემებში ჩაფლულ ათენს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენდა. მერკელი ბერძნებს მოთმინებისკენ მოუწოდებს პრობლემების გადასალახავად და შედეგის მისაღწევად. გერმანიის კანცლერის თქმით, ევროზონაში ათენის ყოფნა უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. დღესდღეობით საბერძნეთის ვალი 300 მილიარდ დოლარს აღწევს, საბიუჯეტო დეფიციტი კი – 12,7 პროცენტს. ამის გამო ევროს მოქმედების ზონაში ეს ქვეყანა ყველაზე პრობლემურად არის აღიარებული. საბერძნეთის მთავრობამ საგანგებო ზომები მიიღო – სამომხმარებლო გადასახადები გაზარდა და სახელმწიფო ხარჯები შეამცირა. ზოგიერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა საბერძნეთს უძრავი ქონების, საწარმოებისა და დაუსახლებელი კუნძულების გაყიდვაც კი შესთავაზა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად.