ისლანდიელები გარიგებაზე უარს ამბობენ
ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უარი თქვეს გარიგებაზე, რომლის თანახმადაც დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიას კომპენსაცია უნდა მიეღოთ იმ მრავალმილიარდიანი ზარალისთვის, რომელიც მათ ბანკ Icesave-ის გაკოტრებით იწვნიეს. ამ სახელმწიფოების ხელისუფლება 3,8 მილიარდი ევროს დაბრუნებას ცდილობს, რომელიც მათ 2008 წელს გაკოტრებული Icesave-ის მეანაბრეებს გადაუხადეს. ვალების გასტუმრებაზე რეფერენდუმში მონაწილე ისლანდიელთა 93 პროცენტმა განაცხადა უარი. რეფერენდუმის შედეგი ისლანდიის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და ევროპული ბანკებისგან ახალი კრედიტების აღების პროცესს გაართულებს. ქვეყნის პრემიერმა, იოჰანა სიგურდარდოტირმა, განაცხადა, რომ მთავრობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. როგორც ისლანდიელთა უმეტესობას მიაჩნია, დავალიანების გასტუმრება თუნდაც იმიტომ უნდა უარეყოთ, რომ ბანკირთა შეცდომების გამო გადასახადების გადამხდელები არ დაზარალებულიყვნენ. ისლანდიის მთავრობა რეფერენდუმის თავიდან აცილებას ცდილობდა. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიასთან მიმდინარე მოლაპარაკებები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.