კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საიდუმლო ორგანიზაციის წევრია ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი და რა მიზნით ხვდებოდა ის მიხაილ გორბაჩოვს 80-იანი წლების ბოლოს


გვარი, რომელიც მილიარდობით დოლართან და უდიდეს გავლენასთან ასოცირდება. როკფელერების საგვარეულოს ბიზნესის წარმართვის თითქმის სამსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს და ამ გვარის თითოეული წარმომადგენელი უდიდესი გავლენით და პატივისცემით სარგებლობდა და სარგებლობს ამერიკულ ბიზნეს და პოლიტელიტებში. სწორედ ასეთად ითვლება ლეგენდარული ჯონ როკფელერის შვილიშვილი, დევიდ როკფელერ-უფროსი, ცნობილი ამერიკელი ბანკირი და კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიარდერის შთამომავალი, რომელსაც „ფორბსის“ 2009 წლის მილიარდერების ყოველწლიურ რეიტინგში 2,2 მილიარდი დოლარით, გვარისთვის შეუფერებელი და მოკრძალებული, 305-ე პოზიცია უკავია.

დევიდი 1915 წლის 12 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა და იზრდებოდა მამის საკუთრებაში არსებულ, იმ პერიოდში ნიუ-იორკში ყველაზე დიდ კერძო საცხოვრებელ სახლში, როკფელერების ცხრასართულიან რეზიდენციაში. შენობა უნიკალურად მიიჩნეოდა, მე-7 სართულზე დევიდის დედას, ების, კერძო სამხატვრო გალერეა ჰქონდა მოწყობილი, სადაც თავმოყრილი იყო უამრავი განთქმული ფერმწერის ნაშრომი. სახლში ასევე ინახებოდა აღორძინების ეპოქის იშვიათი განძეული. მოგვიანებით, დევიდის მამამ ეს შენობა საჩუქრად გადასცა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს.

სასკოლო ასაკში დევიდი ლინკოლნის სახელობის სკოლაში დადიოდა, რომელიც 1916 წელს ბაბუის, ჯონ როკფელერის დაქვემდებარებაში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფინანსებით გაიხსნა. 1936 წელს დევიდმა წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის, ხელოვნების ფაკულტეტი, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, ასევე წარჩინებით – ეკონომიკური სკოლა ლონდონში. სხვათა შორის 1933 წელს დევიდი ბერლინში იმყოფებოდა და ახლოდან ეცნობოდა ფაშისტური გერმანიის ჩამოყალიბებას. რამდენიმე წლის შემდეგ მან დოქტორის ხარისხი მიიღო ჩიკაგოს უნივერსიტეტში. მისი სადისერტაციო თემის სახელწოდება „გამოუყენებელი რესურსები და ეკონომიკური დანაკარგები“ იყო. იმავე დროს მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკის მერის ფიორელო ლა გარდიას სამდივნოში. 1941-1942 წლებში დევიდი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტში მუშაობდა. 1942 წელს დევიდი რიგითად ჩაეწერა ამერიკულ არმიაში და მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის იგი უკვე კაპიტნის წოდებას ატარებდა. ომის პერიოდში, ფრანგული ენის ბრწყინვალედ მცოდნე როკფელერი ჩრდილოეთ აფრიკაში და საფრანგეთში, სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა.

ომის დასრულების შემდეგ დევიდი საოჯახო ბიზნესს დაუბრუნდა და თავის ძმებთან ერთად ინვესტირებას ახდენდა ნელსონის ლათინურ-ამერიკულ ორგანიზაციაში, რომელიც დაკავშირებული იყო „ძირითად საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციასთან“ (IBEG). 1947 წელს დევიდი „კარნეგის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოში მიიწვიეს ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. იგი აქტიურად იყო ჩართული მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით მომუშავე ფონდის მუშაობაში და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საერთაშორისო ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. მანამდე კი, 1946 წელს, დევიდ როკფელერი სათავეში ჩაუდგა „ჩეიზ ნეშონალ ბანკს“ – „როკფელერ ბანკს“, რომლის ყველაზე მსხვილი აქციონერი აქციების 1,7 პროცენტით გახდა.

დევიდ როკფელერი ცნობილია, როგორც გლობალიზაციის და ნეოკონსერვატიზმის უპირველესი იდეოლოგი და მხარდამჭერი. მამის გავლენით ის ადრეულ ასაკში გაეცნო ბილდერბერგის კლუბის საქმიანობას, სადაც მსოფლიოს გავლენიანი ადამიანები იყვნენ გაწევრიანებულნი. 1954 წლიდან კი იგი ინტენსიურად იღებს მონაწილეობას კლუბის მიერ მოწყობილ შეხვედრებში. საინტერესოა, რომ არსებობს ცნება, ნაციონალური ლიდერები ის ადამიანები ხდებიან, რომელთაც მხარს ბილდერბერგის კლუბის წევრები უჭერენ. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე, 1991 წელს, არკანზასის შტატის გუბერნატორი ბილ ქლინთონი შეხვედრებს მართავდა კლუბის წევრებთან და კერძოდ, დევიდ როკფელერთან. არსებობს ვერსია, რომ დევიდ როკფელერი და კლუბის სხვა წევრები „ილუმინატების“ საიდუმლო ორდენის წევრებიც არიან. სხვათა შორის, დევიდის უმცროს ძმას, ნელსონ როკფელერს ამერიკის 41-ე ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

გარდა ბილ ქლინთონისა, დევიდ როკფელერი სხვადასხვა წლებში შეხვედრია მრავალ მსოფლიო ლიდერს: ფიდელ კასტროს, დენსიაო პინს, ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადატს, ირანის უკანასკნელ შაჰს და რაც ყველაზე აღსანიშნავია, როკფელერი საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ლიდერებთანაც ახერხებდა შეხვედრებს. კერძოდ, 1964 წლის აგვისტოში, გადაყენებამდე 2 თვით ადრე, იგი ნიკიტა ხრუშჩოვს; 1973 წელს ალექსეი კოსიგინს და 80-იანი წლების ბოლოს მიხაილ გორბაჩოვს შეხვდა რამდენჯერმე. საინტერესოა, რომ გორბაჩოვთან შეხვედრების ოფიციალურ მიზეზად როკფელერის მიერ 75 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გაწევა დასახელდა იმისთვის, რომ გორბაჩოვს გლობალური ფონდი და ამერიკულ მოდელზე გაკეთებული საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გაეხსნა.

დევიდ როკფელერი ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. 2006 წელს გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დათვალა მის მიერ განხორციელებული შემოწირულობები და საკმაოდ სოლიდური თანხა – 900 მილიონი დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ აქ არ არის დათვლილი 2008 წელს როკფელერის მიერ, ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის, უპრეცედენტოდ დიდი შემოწირულობა – 100 მილიონი ამერიკული დოლარი. ქველმოქმედების გარდა, როკფელერი ძვირად ღირებული ფერმწერული ტილოების ყიდვა-გაყიდვითაც არის ცნობილი. ასე მაგალითად, 2007 წელს მან „სოთბის“ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა აბსტრაქციონისტის – მარკო როტკოს ტილო „ყვითელი ცენტრი“, რომელიც ექსპერტებმა 40 მილიონ დოლარად შეაფასეს. თავად მან კი სურათი 1960 წელს სულ რაღაც 10 ათას დოლარად შეიძინა ნიუ-იორკელი კერძო კოლექციონერისგან.

დევიდ როკფელერი დაქორწინებული იყო მარგარეტ „პეგი“ მარკგრაფზე, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა. მისი ექვსი შვილიდან კი ყველაზე გამორჩეული, უფროსი ქალიშვილი ები როკფელერია, რომელიც ახალგაზრდობაში მარქსიზმის იდეოლოგიის მხარდამჭერი და ფიდელ კასტროს თაყვანისმცემელი იყო. 70-იანი წლების დასაწყისში ები ფემინისტური ორგანიზაციის „ქალთა თავისუფლების“ ლიდერი და მთავარი იდეოლოგი გახლდათ. როკფელერების ამჟამინდელი რეზიდენცია ვესტჩესტერის საგრაფოში, ჰადსონ პაინსში მდებარეობს. სწორედ იქ ატარებს დროის უმეტეს ნაწილს 95 წლის მილიარდერი, რომელიც დღემდე აქტიურად არის ჩართული როკფელერების საგვარეულო ბიზნესში.


скачать dle 11.3