როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ავტომობილი მოულოდნელად არ დაიქოქა
ალბათ, ყველა მძღოლს ექნება გამოცდილი სიმწარე იმისა, როცა საღამოს, ჩვეულებრივ მდგომარეობაში სადგომზე დაყენებული ავტომობილი დილით არ დაიქოქა. მძღოლს ეს პანიკაში აგდებს და ფიქრობს, რაღაც კატასტროფა მოხდაო. ამას კიდევ თავის მიზეზები აქვს, რომელთა შესახებაც დღეს ვისაუბრებთ.
მევლუდ მელაძე: როცა ავტომობილი არ იქოქება ძირითადად ზამთარში ან ზამთრისგან მიყენებული ზიანის შედეგად ხდება. ყინვა და სიცივე ავტომობილს ბევრ პრობლემას უჩენს. ერთ-ერთი აკუმულატორის გაფუჭებაა. ვთქვათ, დილით ჩავჯექით ავტომობილში, გადავწიეთ გასაღები, ხელსაწყოების დაფა აინთო, წითელიც აინთო, მაგრამ ის არ იქოქება. თუ როგორ არ იქოქება მანქანა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიზეზის დადგენაში. პირველი – ოდნავ გაიბჟუტებს შუქები და თითქოს „შეიფრთხიალებს“, ძრავა ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს წკრიალებს, და მორჩა, მეტი რეაგირება არ აქვს, არ იქოქება; მეორე – როდესაც წითელი ანთია, გასაღებს ვწევთ და ამ დროს ერთს გაიტკაცუნებს, მაგრამ არ იქოქება. მესამე – გასაღები გადავწიეთ და წითელიც კი არ აინთო, მეოთხე – ძრავა იწყებს, ძალიან ნელა ტრიალს და არ იქოქება; მეხუთე – ძრავა ტრიალებს, მაგრამ მაინც არ იქოქება.
თუ პირველი შემთხვევაა, ანუ გადავწიეთ გასაღები, წითელი ოდნავ აინთო, მერე ჩაქრა, ავტომობილს თითქოს „შეაჟრიალა“, მაგრამ მაინც არ იქოქება, ამ შემთხვევაში ან აკუმულატორია საშინლად დასუსტებული ან რომელიმე „კლემაა“ მოშვებული. „კლემა“ აკუმულატორთან მიერთებული სადენებია, რომელმაც ეგრეთ წოდებული „აკისლენიე“ განიცადა და ავტომობილს საკმარისი დენი არ მიეწოდება.
– რა ვქნათ ამ დროს? აკუმულატორი შევცვალოთ?
– ზოგადად კი, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსავალი არსებობს. უპირველესად, „კლემა“ შევარხიოთ, უფრო მეტად მოვუჭიროთ. თუ დაინახავთ, რომ მჟავასგან გადათეთრებულია, შეგიძლიათ „კოკა-კოლაც“ კი დაასხათ. ის წუთში მოაცილებს მოკიდებულ მჟავას და გაასუფთავებს აკუმულატორის ზედაპირს. თუ მაინც არ დაიქოქა ეს ნიშნავს, რომ აკუმულატორი დასუსტდა. აკუმულატორის დასუსტება კი ძალიან ბევრ რამეს შეუძლია გამოიწვიოს. გადაამოწმეთ, ხომ არ დაგრჩათ ფარები ანთებული ან სალონში შუქი ჩართული. თუ აკუმულატორია დამჯდარი, მაშინ სხვისი დახმარება დაგჭირდებათ. სხვა ავტომობილიდან „პერემიჩკებით“ მოგიწევთ მისი დაქოქვა. ათი-თხუთმეტი წუთის დამუხტვის შემდეგ ავტომობილი უნდა დაიძრას, მაგრამ თუ მეორე დღესაც იგივე პრობლემა განმეორდა, მაშინ ახალი აკუმულატორი გექნებათ შესაძენი. რაც შეეხება მეორე მიზეზს, როდესაც წითელი აინთო, ავტომობილი, გატკაცუნდა, მაგრამ არ დაიქოქა, ამ შემთხვევაში გაფუჭებულია სტარტერის ღილაკი. დამქოქი ანუ სტარტერი ორი მოწყობილობისგან შედგება. ერთი სტარტერის ღილაკი, რომელიც ჩვენს მიერ გასაღების გადატრიალების შემთხვევაში მექანიკური ჩამრთველის პრინციპით იწყებს მუშაობას, თითქოს იწებებს რაღაც დეტალს და იწყებს ავტომობილის დაქოქვას. გატკაცუნება თუ გავიგეთ, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ის დეტალი მიიწება სტარტერის ღილაკმა. მიწებების დროს ორი სადენი უნდა გადაერთდეს, რათა ელექტროძრავას დენი მიეწოდოს, რომელიც შემდეგ, თავის მხრივ, დაქოქავს ჩვენს ძრავას. ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ მიწებება, მაგრამ სადენების ერთმანეთთან დაკავშირება – არა. ანუ, ეს უკვე არის სტარტერის, კონკრეტულად, ღილაკის ბრალი. შეიძლება ისიც, რომ სტარტერზე „ჯაგრისებია“ გამოსაცვლელი. ანუ, გატკაცუნდა, სადენებმა გაატარა, მაგრამ ნახშირის „ჯაგრისები“, რომელთაც უშუალოდ ძრავის შიგნით მიეწოდება დენი, ხშირად ცვდება და გამოსაცვლელია. პრობლემა სტარტერია, შეგიძლიათ, თამამად მიხვიდეთ ხელოსანთან და დრო არ დახარჯოთ დიაგნოსტირებასა და ხელოსნებთან სირბილში. კიდევ ერთი – შესაძლოა, ის მსხვილი სადენი, რომელიც აკუმულატორიდან სტარტერთან მიდის, დაზიანდა ან კარგად არ არის მიერთებული. ამიტომ ესეც გადაამოწმეთ. მესამე – როდესაც საერთოდ არ ინთება არც ერთი შუქი. ამ შემთხვევაშიც აკუმულატორის, „კლემების“ და სადენის პრობლემა შეიძლება იყოს, ან ის მცველია დამწვარი, რომელიც უზრუნველყოფს დენის მიწოდებას ხელსაწყოების დაფასთან. ასე რომ, ჯერ ისევ აკუმულატორი გადაამოწმეთ, იქნებ ის ისეა დამჯდარი, რომ წითლის ოდნავ ანთებასაც ვერ ახერხებს, შემდეგ კი შეამოწმეთ მცველები. ისე, რეალური მიზეზის დადგენა სხვანაირადაც შეგიძლიათ. ჩართეთ ავარიული, თუ არ ჩაირთო, დენი საერთოდ არ მიეწოდება ან ბოლომდეა დამჯდარი აკუმულატორი. თუ ჩაირთო და ხელსაწყოების დაფა არ ინთება, ეს ნიშნავს, რომ მცველია დამწვარი. დანარჩენი შემთხვევები მომდევნო ნომერში განვიხილოთ.