რომელი კერძით უნდა დაუმტკიცონ ერთგულება ცოლებმა ქმრებს, რით მოვამზადოთ სამარხვო ჩაქაფული, უნგრული „სოხაკა“ და თევზის „კუბიკურა“
გაზაფხული დადგა და ორგანიზმი ამ დროს სათანადოდ უნდა გამოკვებოთ. რადგან ახლა მარხვის დღეებია, შეგიძლიათ, იმ კერძებით გავინებივროთ თავი, რომლის რეცეპტებსაც სომელიე თეიმურაზ ბენიძე შემოგვთავაზებს. მისი თქმით, ამ დროს ორგანიზმის გადატვირთვა არ არის სასურველი. ადამიანმა მსუბუქი, სასარგებლო და ვიტამინებით სავსე საკვები უნდა მიირთვას. ჭამა-სმით ქართველები გამორჩეული ხალხი ვართ, გვიყვარს მრავალფეროვანი კერძები. ამიტომ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რეცეპტები და გააოცეთ გარშემო მყოფები თქვენი კულინარიული ფანტაზიებით.
თეიმურაზ ბენიძე: ქართული სამზარეულო მართლაც რომ ფენომენია. ამის თქმა ყოველთვის მეამაყება. თუმცა, არსებობს მსოფლიო კულინარიაში ისეთი კერძები, რომელთა მომზადება საკმაოდ მარტივიცაა, გემრიელიც და ორგანიზმისთვის სასარგებლოც. რადგან ახლა მარხვაა, მინდა, შემოგთავაზოთ ჩაქაფულის რეცეპტი. ბევრი იტყვის, ჩაქაფული მარხვის პერიოდში როგორ უნდა შემოგვთავაზოო, მაგრამ, ეს განსხვავებული, სამარხვო ჩაქაფულია, რომელსაც „კარტოფილის ჩაქაფული“ ჰქვია. უგემრიელესი კერძია, ძალიან მსუბუქი და ადვილად მოსამზადებელი. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 კილოგრამი კარტოფილი, 0,5 კილოგრამი მწვანე ლობიო ან სოკო, 150 გრამი ზეთი, 1 ჩაის ჭიქა ახალი ტყემალი (შეიძლება დაკონსერვებულიც). ასევე, 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, 4-5 კონა მწვანე ხახვი, 1 კონა ახალი ნიორი, 4-5 კონა ტარხუნა, 1 კონა წიწმატი, თითო კონა ქინძი, კამა, რეჰანი, ოხრახუში, მწვანე წიწაკა და მარილი – გემოვნებით. მომზადების წესი კი ასეთია: წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ახალი ნიორი (ფოჩიანად), მწვანე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა და წიწმატი. გათალეთ საშუალო ზომის კარტოფილი და გაჭერით ოთხად. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და ფენებად ჩაალაგეთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ წინასწარ დაჭრილი მწვანილი, შემდეგ – მწვანე ლობიო ან ქამა სოკო (შეგიძლიათ, დაკონსერვებულიც გამოიყენოთ). ბოლოს დაასხით ღვინო და წყალი, მაგრამ წყალი ისე, რომ ინგრედიენტებს დაახლოებით შუამდე უწიოს და შედგით ნელ ცეცხლზე. როცა კარტოფილი მოიხარშება, დააყარეთ ახალი ტყემალი და მარილი გემოვნებით. ადუღეთ კიდევ ხუთი წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გასინჯეთ და დარწმუნდებით, რომ უგემრიელესი საჭმელია. კარტოფილის ჩაქაფული ნამდვილად უცხო სამარხვო კერძია, რომლის მირთმევისას მისი სიმსუბუქე და საგაზაფხულო გემო დიდხანს გაგყვებათ, როგორც თქვენ, ისე თქვენს სტუმრებსაც. ასევე, ძალიან მარტივი და გემრიელი კერძია შემწვარი კარტოფილი ხახვითა და სოკოთი, რომელსაც „სოხაკა“ ჰქვია. უნგრეთში ის ძალიან უყვართ და ხშირადაც მიირთმევენ. მასალად საჭიროა: 1 კილოგრამი შემწვარი კარტოფილი, 100 გრამი შემწვარი ხახვი, 200 გრამი შემწვარი სოკო, 40 მილილიტრი ზეთი, 200 გრამი კიტრი ან პომიდორი, ოხრახუში, კამა და მარილი – გემოვნებით. მოკლედ, თავი ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, დაჭერით ნახევარმთვარეებად და შეწვით ზეთში შეყვითლებამდე. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი, მოხარშული სოკო, მოაყარეთ მარილი და ყველაფერი კარგად შეწვით. ცალკე შეწვით რგოლებად დაჭრილი კარტოფილი და გადმოიტანეთ ლამაზ სინზე, ზემოდან დაალაგეთ შემწვარი ხახვი სოკოთი, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან კამა. კარტოფილის თითოეულ ნაჭერს სათითაოდ შემოუწყვეთ გარშემო ზეთისხილი, გვერდებზე კი – მჟავე კიტრი ან პომიდორი, ოღონდ, დეკორატიულად დაჭრილი. „სოხაკა“ ულამაზესი კერძია და მისი მომზადებაც და მირთმევაც სასიამოვნო პროცესია.
– მსოფლიო კულინარიიდან რომელი კერძის მომზადებას გვირჩევთ, რომ სტუმრები ჩვენი ფანტაზიითა და ორიგინალურობით მოვხიბლოთ?
– ასეთი რეცეპტები უამრავია, მაგრამ, მე გირჩევთ, აფრიკულად მოამზადოთ კომბოსტო. თან, ეს კერძი ვიტამინებით არის მდიდარი და ძალიან სასარგებლოა. ამ კერძს აფრიკაში ხშირად ამზადებენ ცოლები ქმრებისთვის და, მათი აზრით, ამით თავიანთ ერთგულებას უმტკიცებენ. ასე რომ, აფრიკულად მომზადებულ კომბოსტოს კერძს, თამამად შეგვიძლია, „ერთგულების სიმბოლო“ ვუწოდოთ. ეს კერძიც სამარხვოა და მის მოსამზადებლად საჭიროა: 1 თავი კომბოსტო, 2 ცალი სტაფილო, 2 ცალი კარტოფილი, 1 თავი ხახვი და 2 ცალი ბულგარული წიწაკა. აიღეთ 1 თავი კომბოსტო და დაჭერით წვრილად, შემდეგ ჩაყარეთ ჯამში, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ ათი წუთით. მანამდე აიღეთ ორი ცალი საშუალო ზომის სტაფილო, ორი ცალი კარტოფილი, დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთთან ერთად ტაფაზე. კარგად რომ მოიშუშება, ზემოდან დააყარეთ წვრილად დაჭრილი ერთი თავი ხახვი და ორი ცალი ბულგარული წიწაკა და კარგად ამოურიეთ. მოთუშვის შემდეგ მოასხით ტომატი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და შემდეგ გადმოიღეთ ჯამში. კომბოსტო კარგად გაწურეთ და მოათავსეთ ტაფაზე. ცოტათი რომ შეიბრაწება, მთლიანად მოასხით ჯამში გადაღებული მასა, შემდეგ აურიეთ, ხუთი წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე და კერძიც მზად არის. შეგიძლიათ, ეს კერძი მორთოთ სალათის ფურცლებით. ამ კერძის მომზადებით საკუთარ ერთგულებასაც დაამტკიცებთ და კიდევ უფრო დაიპყრობთ რჩეულის გულს (იცინის).
– თევზით ხსნილ დღეებში რომელი კერძით გავინებივროთ თავი?
– თევზით ხსნილ პერიოდში, შეგიძლიათ, მოამზადოთ თევზის სალათა, რომელსაც „კუბიკურა“ ჰქვია: მოხარშეთ 3-4 მოზრდილი კარტოფილი, დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი; შემდეგ ფენად მოაყარეთ ორი-სამი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ წვრილად დააქუცმაცეთ შებოლილი თევზი და ისიც დააყარეთ ზემოდან. მოასხით სამარხვო მაიონეზი, მერე ისევ კარტოფილი და ასე შემდეგ. ბოლო ფენა უნდა იყოს წვრილად დაჭრილი კამა და ზემოდან მორთეთ ზეთისხილით, სალათის ფურცლებითა და მაიონეზისგან გაკეთებული ვარდებით, ანუ, სპეციალურ ტორტის მოსართავში ჩაასხით სამარხვო მაიონეზი და იმით „დასვით“ ვარდები. მგონი, უკვე წარმოიდგინეთ, როგორი ლამაზი იქნება „კუბიკურა“. ისეთია, თითქოს, „გეძახის“ – მოდი, გამსინჯე და დატკბი ჩემითო (იცინის). აქვე გეტყვით ტკბილი კექსის რეცეპტს, რომელსაც „ნაზი ღიმილი“ ჰქვია. შეგიძლიათ, სამსახურიდან დაღლილი რომ დაბრუნდებით, მაშინაც კი მოამზადოთ და შემდეგ მისი ნაზი გემოთი ისიამოვნოთ: 2 ჩაის ჭიქა გახეხილი ვაშლი, 1 ჩაის ჭიქა ზეთი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი სოდა, დანის წვერით – მარილი, ვანილი, 1 ლიმონის ცედრა, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული ცომის მასა ჩადეთ ლამაზ ყალიბში და გამოაცხვეთ საშუალო ზომის ცეცხლზე. გამზადებულ ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი. „ნაზი ღიმილის“ საღამოს ჩაისთან ერთად მირთმევა უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ.