რას უსურვებს ზაზა იაკაშვილი ქალებს და რატომ ჰქონდათ მასზე გამოცხადებული კონკურსი გოგონებს
ზაზა იაკაშვილი: როცა სახლში რამე ფუჭდება, მაშინვე მობილიზებული ვხდები. ვცდილობ, სწრაფად შევაკეთო. იმიტომ, რომ ვიცი, ყველაფერი მაინც ჩემი გასაკეთებელია. რომ დავიბნე და გავღიზიანდე, პრობლემის მოგვარება დიდი ხნით გადაიდება, რაც კიდევ დამატებით პრობლემებს შემიქმნის. ასე რომ, რაც სახლში კაცის საკეთებელია და კაცს ევალება, ყველაფერს ვაკეთებ. თან მეხერხება კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არაფერი გამიფუჭებია და მეუბნებიან, კარგი ხელი გაქვსო.
– მაინც რისი გაკეთება შეგიძლიათ?
– პრინციპში, ყველაფრის. ტელეფონის დაზიანებულ აპარატსაც შევაკეთებ, საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც, რაღაც დონემდე. ონკანი თუ წვეთავს, შევაკეთებ ან გამოვცვლი. ბავშვობიდან ინტერესიანი ვარ და ეს თვისება დღემდე გამომყვა. სულ რაღაცას ვჩხირკედელაობდი, დავშლიდი-ავაწყობდი, მაინტერესებდა, როგორ იყო შიგნით მოწყობილი. სულ რაღაცას ვიგონებდი.
– თქვენ კარგი ხელსაწყოებიც გეყვარებათ...
– კი, მიყვარს და რაც მჭირდება ყველაფერი მაქვს. თუ რომელიმე ხელსაწყო მოძველდა, ან არ მქონია, საგანგებოდ წავსულვარ, მიყიდია და მომიტანია. „ელიავას“ ბაზრობასაც კარგად ვიცნობ. მაგრამ, ერთადერთი, რაც არ გამომდის და არც შემიძლია, ვაჭრობაა. თუ ფასს ისეთს მეუბნებიან, რომ მე არ მაწყობს, ან ვხვდები, რომ აშკარად ძალიან ძვირია, შემოვბრუნდები ჩუმად და მოვდივარ. ხვეწნა-მუდარა ჩემი საქმე არ არის. ისიც არ მომწონს, უკან რომ მოგაძახებენ, მოდი და ამდენად მოგცემო, არ ვბრუნდები, ხოლმე. იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი და იმდენი ენერგიაა სხვა, უფრო ღირებულ რამეზე დასახარჯი, ვაჭრობაში დროს ნამდვილად ვერ მოვაცდენ.
– საყიდლებზე წასულს, გჭირდებათ, თუ არა სია?
– აუცილებლად. ძალიან საჭირო რამეა. იმდენი რაღაც „მაქვს“ თავში, ყველაფერს ნამდვილად ვერ დავიმახსოვრებ. ამიტომ ვითხოვ, ჩამომიწერეთ, რომ ვიცოდე, რა მოვიტანო-მეთქი. „რამე მოიტანე“ – არ შემიძლია. მე შემიძლია, საკუთარი ინიციატივითაც ვიყიდო რაღაც, მაგრამ დედაჩემმა უკეთ იცის, რა არის კარგი ჩემი შვილებისთვის. პროდუქტის ნატურალურობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამიტომ მირჩევნია, გადაწყვეტილება, პროდუქტთან დაკავშირებით, იმან მიიღოს.
– თქვენს ტანსაცმელს როგორ ყიდულობთ, ადვილად?
– უჰ, არა! წასვლა და ჩემთვის რამის ყიდვა პრობლემაა. იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან მეზარება. თუ რაღაც მაშინვე არ მომეწონა, მერე უნდა ვიარო და ვარჩიო. რაც ხელში მომხვდება, იმას ნამდვილად არ ვიყიდი. არჩევის პროცესი კი არ მიყვარს. ამიტომ, უნდა დამაძალონ, რომ ჩემთვის ტანსაცმლის საყიდლად წავიდე.
– ახლა თქვენი განსაკუთრებული კულინარიული ნიჭის შესახებ ვისაუბროთ. რომელი კერძი გამოგდით კარგად?
– ტკბილეულის გარდა, ყველა. ყველაფერს კარგად ვამზადებ, ხორცეულსაც და მარცვლეულის კერძებსაც.
– რომელიმე მარცვლეულის კერძის მომზადება გვასწავლეთ.
– შემწვარი ბრინჯი ჩინურად. ვიღებთ სხვადასხვა სახის სუნელებს: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, წითელი და შავი პილპილი; აუცილებლად, ხახვი და ნიორი. ყველაფერს კარგად მოშუშავთ ზეთში. ცალკე შეწვავთ ნახევრადმოხარშულ ბრინჯს და ამ ყველაფერს ერთმანეთში გადაურევთ. მარილი გემოვნებით. ცოტა ხანი თავს კარგად დაახურავთ, რომ ერთმანეთს კარგად შეერიოს და მიირთმევთ ჩინურ სოიას სოუსთან ერთად. იყიდება სუპერმარკეტებში. ეს კერძი მარხვაში განსაკუთრებით გემრიელია. საერთოდ, სამარხვო კერძები უფრო ფაქიზი მოსამზადებელია, ამიტომ უფრო გემრიელიც გამოდის. მე ჩემი კულინარიული მეთოდები მაქვს. მაგალითად, თუ გვინდა, თევზი და ხორცი შეწვისას არ გამოშრეს, ჰაერღუმელში რომ მოათავსებთ ბადეზე, ქვემოდან წყლიანი ჯამი დაუდგით. წყალი აორთქლდება და პროდუქტს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს. კანზე კი ვუსვამ აჯიკას, ან ტომატის საწებელს, მარილით და პილპილით. მე არ მიყვარს ხორცის ძმარში ჩაბასტურმება. კარგავს თავის გემოს. ამიტომ ძმარი კეფირით, ან მაწვნით შევცვალე. ანუ, ყველაფერი ჩვეულებრივად სჭირდება, ოღონდ ძმრის ნაცვლად იყენებ მაწონს, ან კეფირს. სამი საათი მაინც უნდა გააჩეროთ მაცივარში. მთელი ღამით ჯობია, თუკი არის ამისი საშუალება. მერე ცოტას გადარეცხავთ და შეწვავთ. ხორცს არც დიდხანს რეცხვა უხდება. ამ შემთხვევაშიც კარგავს თავის მთავარ ღირსებებს. მაწონში ჩაბასტურმებული ხორცი განსაკუთრებით ნაზია და რბილი. მე მიყვარს ასეთი ექსპერიმენტები და ძირითადად ჩემს თავზე ვაკეთებ ხოლმე.
– თქვენ „პახმელიის“ წამალიც გეცოდინებათ?
– კი, ბატონო. ვიცი, თანაც არაერთი. საერთოდ ყველაფერს გამოძინება სჯობია. თუ არის ამისი საშუალება. უკრაინაში იღებენ მჟავე კიტრს, უსვამენ ზემოდან თაფლს და ამას მიირთმევენ. აზერბაიჯანში ლიმონის ნაჭერს მოაყრიან ყავას და ჭამენ. რუსეთში სვამენ ჭარხლის და სტაფილოს ერთმანეთში არეულ წვენს, მაგრამ მანამდე ორი-სამი კოვზი არაჟანი უნდა შეჭამო. მთლიანად წმენდს ორგანიზმს. სხვათა შორის, ამ რეცეპტს კომუნისტების დროს, ერთი ექიმი კრემლში სამკურნალოდ იყენებდა. (იცინის) მე გავაკეთე და მართლაც გაამართლა. თუმცა, მაინც ინდივიდუალურია. პელმენის წვნიანიც კარგია და ჩვენებურ, ქართულ „წამლებს“, ხაშს და ჩიხირთმასაც არაფერი სჯობს. თათარიახნიც კარგად შველის, ძალიან. მე ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ გახლავართ. ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ვარ და არა ხშირი გამოთრობის.
– შეგიძლიათ დააკეროთ ღილი?
– ღილის დაკერებაც შემიძლია, ჩემი ტანსაცმლის გარეცხვაც და დაუთოებაც. საკუთარი თავის მოვლა არ მიჭირს. მოსკოვში ვსწავლობდი, მენდელეევის ინსტიტუტში, მიკრობიოლოგიის ფაკულტეტზე და მარტო ვცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ჩემზე მოვლილი იქ არავინ დადიოდა.
– გოგონებს ალბათ კონკურსი ჰქონდათ თქვენზე გამოცხადებული. თან მოვლილი, თან ასეთი კულინარი.
– (იცინის) კი, ვერ უარვყოფ. იმასაც გეტყვით, რომ თუკი რამეს ვაკეთებ, ჩვენი მშვენიერი ქალბატონების საამებლად. ჩემს კულინარიულ შედევრებსაც მათ ვუძღვნი. ყველა ქალს ვუსურვებ, გვერდით აუცილებლად ჰყოლოდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც მის ცხოვრებას მშვენიერს გახდის და სიურპრიზებით გაანებივრებს.